Facebook Twitter

საქმე N 010142224702016955

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №1აგ-25 1 ივლისი, 2025 წელი

ა–ე მ., №1აგ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ა–ის საჩივარი ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეეგის 2006 წლის 10 აპრილის განაჩენით, მ. ა–ე (დაბადებული 19..) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 9 წლით. მ. ა–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2004 წლის 9 მარტიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 იანვრის განაჩენით, მ. ა–ის მიმართ ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 აპრილის განაჩენში: მ. ა–ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილი დანაშაულის ჩადენაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით. მ. ა–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2004 წლის 9 მარტიდან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 იანვრის განაჩენი მ. ა–ის მიმართ და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 მაისის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 აპრილის განაჩენი, მ. ა–ის მიმართ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დარჩა უცვლელი. მ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. მსჯავრდებულ მ. ა–ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2004 წლის 09 მარტიდან 2007 წლის 09 იანვრამდე და დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან – 2007 წლის 18 მაისიდან.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 სექტემბრის განაჩენით, მ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მ. ა–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 5 წელი, 10 თვე და 15 დღე და საბოლოოდ, მ. ა–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მ. ა–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 3 სექტემბრიდან, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2007 წლის 26 მარტიდან – 2007 წლის 18 მაისამდე – 1 თვე და 22 დღე.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 სექტემბრის განაჩენი მ. ა–ის მიმართ დარჩა უცვლელი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის განაჩენზე.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მ. ა–ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი 9 წელი და პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით განესაზღვრა 3 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მ. ა–ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის განაჩენით, მ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა სასჯელის მოუხდელი ნაწილი – უვადო თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, მ. ა–ეს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მ. ა–ეს სასჯელის საერთო ვადაში ჩაეთვალა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2007 წლის 3 სექტემბრიდან – 2018 წლის 5 აპრილის ჩათვლით პერიოდი, პატიმრობაში ყოფნის დრო – 2007 წლის 26 მარტიდან – 2007 წლის 18 მაისამდე – 1 თვე და 22 დღე და სასჯელის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან – 2018 წლის 5 აპრილიდან.

10. 2024 წლის 27 ნოემბერს, მსჯავრდებულმა მ. ა–ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 3 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, მსჯავრდებულ მ. ა–ის შუამდგომლობა, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

12. მსჯავრდებულმა მ. ა–ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება.

13. კასატორის პოზიციით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება წარმოადგენს ახლადაგმოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისა და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა წარმოდგენილი მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

4. 2019 წლის 20 სექტემბრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით (საქმე N2/4/1365 ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი და ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონის მე-2 მუხლი, რომლითაც 2007 წლის 4 ივლისის N5196 კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებზე არ ვრცელდებოდა აღნიშნული კანონით დადგენილი არაერთგზისი დანაშაულის დეფინიცია. საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ კანონმდებელი მიზნად ისახავდა არაერთგზისი დანაშაულის ცნების დახვეწას, უკეთ ფორმულირებას. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შეცვლილი რედაქცია უფრო სწორია და უკეთ პასუხობს საზოგადოების გამოწვევებს. კანონმდებლის მიერ ნორმის ცვლილება და ზოგიერთ შემთხვევაში, სასჯელის შემსუბუქება ნაკარნახევი იყო ცვლილებამდე არსებული შედარებით უფრო მკაცრი სასჯელის ზომის საჭიროების არარსებობით. სადავო ნორმა კრძალავს ისეთი კანონის უკუძალით გამოყენებას, რომელიც პასუხისმგებლობას ამსუბუქებს ცვლილებამდე არსებული სასჯელის ზომის გამოყენების საჭიროების არარსებობის გამო. სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისათვის, შესადარებელი პირები არიან არსებითად თანასწორი სუბიექტები და სადავო ნორმა იწვევს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების შეზღუდვას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებით განმტკიცებული უფლების შეზღუდვა.

5. საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სულისკვეთების, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმისა და მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონის შინაარსის გათვალისწინებით, არსებობს მ. ა–ის მიმართ გამოტანილი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საპროცესო და ფაქტობრივი საფუძველი.

6. თავდაპირველად საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ საკანონმდებლო რეგულაციებზე, რაც მ. ა–ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის დროს მოქმედებდა და ასევე იმ საკანონმდებლო რეალობაზე, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების მიღებით შეიქმნა. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია არაერთგზისი დანაშაულის ცნება. თავდაპირველად მოქმედი რედაქციის თანახმად, არაერთგზის დანაშაულად მიიჩნეოდა სისხლის სამართლის კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენა. სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით კი, შეიცვალა არაერთგზისი დანაშაულის ცნება და 2007 წლის 3 აგვისტოდან მოქმედი რედაქციის მიხედვით, არაერთგზის დანაშაულად განისაზღვრა წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამდენად, ცვლილების განხორციელების შემდეგ დანაშაულის არაერთგზისად კვალიფიცირებისათვის გაჩნდა დამატებითი კრიტერიუმი – არაერთგზისი დანაშაული დაუკავშირდა ნასამართლევი პირის მიერ იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და, შესაბამისად, შემცირდა იმ სუბიექტთა წრე, რომელთა ქმედებაც კვალიფიცირდებოდა არაერთგზის დანაშაულად და ამით მძიმდებოდა მათთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა. შესაბამისად, რიგი ქმედებები, რომლებიც საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თავდაპირველი რედაქციის თანახმად, არაერთგზის დანაშაულად მიიჩნეოდა ცვლილებების შემდეგ აღარ კვალიფიცირდება არაერთგზის დანაშაულად. თუმცა საგულისხმოა, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონის მე-2 მუხლით დადგინდა, რომ ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდებოდა ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირმა ბოლო ქმედება ჩაიდინა კანონის ამოქმედების შემდგომ. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონის მე-2 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობით კი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ არაერთგზისი დანაშაულის ცნების სადავო კანონით გათვალისწინებული ცვლილება იწვევს პირის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლას, რაც, ცალკეულ შემთხვევაში განაპირობებს პასუხისმგებლობის შემსუბუქებას.

7. საკასაციო პალატა ყურადღებას ამხვილებს, როგორც გადასასინჯი განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე იმ განაჩენზე, რომელიც საფუძვლად დაედო მ. ა–ის მიმართ განზრახ მკვლელობის არაერთგზისობით კვალიფიკაციას, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 აპრილის განაჩენით მ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (2004 წლის 9 მარტს ჩადენილი რ. ბ–ის განზრახ მკვლელობის ფაქტი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ა–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2004 წლის 9 მარტიდან. აღნიშნული განაჩენი გასაჩივრდა დაცვის მხარის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 იანვრის განაჩენით მ. ა–ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლზე და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

8. გადასასინჯი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის განაჩენით, (რითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 სექტემბრის განაჩენი) მ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2007 წლის 25 მარტს განხორციელებული ვ. მ–ის განზრახ მკვლელობის ფაქტი) და სასჯელის სახით განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების მიღებამდე, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მოქმედების პერიოდში, მ. ა–ის მიერ განხორციელებული ვ. მ–ის განზრახ მკვლელობა წარმოადგენდა არაერთგზის ჩადენილ დანაშაულს, რადგან მას აღნიშნული მკვლელობის ჩადენამდე უკვე ჰქონდა რ. ბ–ის განზრახ მკვლელობა ჩადენილი. მას შემდეგ, კი რაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლი, შეიქმნა პირობები კანონის უკუქცევით გამოსაყენებლად. შესაბამისად, იმისათვის რათა განზრახ მკვლელობა დაკვალიფიცირდეს არაერთგზის ჩადენილად აუცილებელია, რომ პირს ჩადენილი ჰქონდეს იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში). ამასთან, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ დანაშაულის ჩადენის დროა ის დრო, როდესაც მოქმედებდა ამსრულებელი ან თანამონაწილე ანდა უნდა ემოქმედა მას, ხოლო 2007 წლის 25 მარტს ვ. მ–ის განზრახ მკვლელობის ჩადენის დროს მ. ა–ე არ წარმოადგენდა მკვლელობისათვის ნასამართლევ პირს (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 იანვრის განაჩენით მ. ა–ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით) და მხოლოდ მოგვიანებით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 მაისის განაჩენით) შეიცვალა კვალიფიკაცია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება წარმოადგენს მ. ა–ის შუამდგომლობის (ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსახილველად დაშვების სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნული დასკვნა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ამორიცხა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი – „არაერთგზისობა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის და 2025 წლის 16 ივნისის განაჩენები.)

10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით, მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ა–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება;

3. მიეთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ განსახილველად დაუშვას მსჯავრდებულ მ. ა–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე