Facebook Twitter

საქმე # 020142224701940786

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №3აგ-25 ქ. თბილისი

გ. გ. 3აგ-25 18 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენით: გ. გ–ე (პ/ნ ............) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

1.1. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.2. საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.3. საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ. გ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით დანიშნულ სასჯელს, 3 წლით თავისუფლების აღკვეთას სრულად დაემატა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გ. გ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.6. გ. გ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა 2022 წლის 22 მარტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილი ნაწილი, 2020 წლის 23 ივნისიდან 2022 წლის 22 მარტის ჩათვლით.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით, მსჯავრდებულ გ. გ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენი გ. გ–ის მიმართ.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ–ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად.

4. 2024 წლის 9 ოქტომბერს გ. გ–ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენების გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. იმავდროულად, მსჯავრდებულმა მოითხოვა წერილობით ეცნობებინათ მოცემული შუამდგომლობის სააპელაციო სასამართლოში შესვლის თარიღი, შუამდგომლობის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობა, განხილვის თარიღი და განხილვაში მისი მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია.

4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის N......... წერილის (პასუხის) შემდეგ, 2024 წლის 13 ნოემბერს გ. გ–ემ საქართველოს სსსკ-ის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა საქმის განმხილველი სასამართლოს მთელი შემადგენლობის აცილება, შუამდგომლობის თბილისის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად გადაგზავნა, საქართველოს სსსკ-ის 65-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით გადაწყვეტილების მიღება და აღნიშნული შუამდგომლობის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაციის (განჩინების) მისთვის გადაგზავნა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენების გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განსახილველად.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ–ემ, რომელიც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმებას და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ პასუხობს 2024 წლის 7 ოქტომბრის N.......... შუამდგომლობას (რომელიც სააპელაციო სასამართლოში შევიდა 2024 წლის 9 ოქტომბერს). კასატორის მტკიცებით, გამოკვეთილია საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი და სააპელაციო სასამართლოს უნდა დაეშვა შუამდგომლობა განსახილველად. კასატორი ასევე უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა: მისი 2021 წლის 13 ნოემბრის N .......... შუამდგომლობა სასამართლოს აცილების შესახებ (მას შემდეგ რაც წერილობით ეცნობა შუამდგომლობის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობა, მან დააყენა სააპელაციო სასამართლოს მთელი შემადგენლობის აცილების შუამდგომლობა), 2024 წლის 11 დეკემბრის N.......... და 2024 წლის 16 დეკემბრის ........ საჩივრები. კასატორის მტკიცებით, საქმის განმხილველი სასამართლოს აცილების შესახებ მისი შუამდგომლობის არ განხილვით, დაირღვა მისი უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე.

7. მსჯავრდებულმა გ. გ–ემ 2024 წლის 24 დეკემბრის, განჩინების (№1/აგ-21-2024წ.) გასაჩივრების ორ კვირიანი ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა არაერთი წერილი/განცხადება.

8. 2025 წლის 9 ივლისს, გ. გ–ეს ეცნობა საკასაციო საჩივრის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობა.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი შუამდგომლობა, საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ი ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და იმპერატიულად ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში პირდაპირ და სახელდებით მითითებული რომელიმე ერთი ან რამოდენიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. სამართლებრივი სტაბილურობის და განსაზღვრულობის პრინციპიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლის/ების შემთხვევაში. კანონმდებლობა ამ ნაწილში სასამართლოს არ ანიჭებს უფლებას გადასინჯოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი რაიმე სხვა საფუძვლით, რომელიც პირდაპირ არ არის მითითებული საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისათვის.

2.1. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.

3. მსჯავრდებულ გ. გ–ის მტკიცებაზე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენებს საფუძვლად უდევს ბრალდების დადგენილება, რომელიც აკმაყოფილებს მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილი უკრძალავს მოსამართლეს, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდოს ვარაუდი, – საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორის აღნიშნული პრეტენზია/საჩივარი განხილული იყო, მათ შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ (იხ.: 2024 წლის 18 დეკემბრის 25აგ-24 განჩინება).

4. გ. გ–ის 2024 წლის 7 ოქტომბრის N........ შუამდგომლობასთან მიმართებით სასამართლო, კვლავაც აღნიშნავს, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში, შესაბამისი საპროცესო გადაწყვეტილების მისაღებად მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი ფასდება სამართალწარმოების შესაბამის ეტაპებზე პროცესის მწარმოებელი პირების მიერ. ამასთან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებაში (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ) სასამართლოებმა იმსჯელეს და სამართლებრივი კუთხით შეაფასეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც რელევანტურობის და დასაშვეობის, ასევე - უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით შესაბამისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნიეს გ. გ–ის მიერ მისთვის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა.

4.1. ამასთან, კასატორს არ წარმოუდგენია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც ცნობილი არ იყო სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში საქმის განხილვის დროს, ასევე არ უთითებს და საქმის მასალებითაც არ იკვეთება, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული სხვა რომელიმე საფუძვლის არსებობა.

5. სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული, დაუშვებელია საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლის არარსებობის პირობებში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა იმ საკითხის ხელახალი შეფასების მიზნით, რომელიც საქართველოს სსსკ-ის თანახმად, ფასდება შესაბამისად - საქმეზე არსებითი განხილვის დროს, სააპელაციო ან/და საკასაციო წარმოების ფარგლებში, მათ შორის - საქმეში არსებული მტკიცებულებების სარწმუნოობის ან/და საკმარისობის შემოწმება გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განჩინება N46აგ-19, II-10).

6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. გ–ე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 7 ოქტომბერს შესული შუამდგომლობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის მოთხოვნასთან ერთად ასევე ითხოვდა, რომ მისთვის წერილობით ეცნობებინათ მოცემული შუამდგომლობის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობა და შუამდგომლობის განხილვის თარიღი (საქმეში ასევე წარმოდგენილია გ. გ–ის არაერთი წერილი/განცხადება ანალოგიური მოთხოვნით), რაც ეცნობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის წერილით. 2024 წლის 13 ნოემბერს გ. გ–ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მთელი შემადგენლობის აცილებისა და საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის გადაცემის მოთხოვნით (იხ.: N....... შუამდგომლობა ტ. 1, ს.ფ. 240-257).

7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია მსჯავრდებულ გ. გ–ეს ეცნობა მისი საქმის განმხილველი სასამართლო შემადგენლობის შესახებ (იხ.: 2024 წლის 11 ნოემბრის წერილი ტ. 1. ს.ფ. 1651), თუმცა, მსჯავრდებულის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მის მიერ დაყენებულ აცილების შუამდგომლობაზე.

8. საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეს უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა. საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არსებობს პროცესის რომელიმე მონაწილის მიმართ ამ კოდექსით განსაზღვრული სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება და მას არ განუცხადებია თვითაცილება, მხარეებს უფლება აქვთ დააყენონ აცილების შუამდგომლობა. საქართველოს სსსკ-ი (მათ შორის, მუხლი 64) არეგულირებს აცილების შუამდგომლობის გადაწყვეტის წესს. სასამართლოს გ. გ–ის შუამდგომლობა საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობის აცილების შესახებ უნდა განეხილა განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შუამდგომლობის განხილვამდე.

9. საქმის მასალებიდან (საკასაციო საჩივრიდანაც), დგინდება, რომ სასამართლომ არ განიხილა გ. გ–ის 2024 წლის 13 ნოემბრის შუამდგომლობა საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობის აცილების შესახებ (N............), რითაც დაირღვა საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნები.

10. სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ მოცემული დარღვევის მიუხედავად, წარმოდგენილი საქმის მასალებით (მათ შორის არც საკასაციო საჩივრიდან) არ იკვეთება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

11. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ძალაში დატოვოს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ან გააუქმოს იგი და მიუთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა. შესაბამისად, განჩინების გაუქმების შესაძლებლობას საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლი ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა შუამდგომლობის დასაშვებობის საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

12. იმავდროულად, სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ი არ ზღუდავს მსჯავრდებულს, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობის (შესაბამისი მტკიცებულების მოპოვების) შემთხვევაში, კვლავაც მოითხოვოს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა.

13. გ. გ–ის პრეტენზიაზე, რომელიც მიემართებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი ახლად გამოვლენილი გარემოებათა გამო შუამდგომლობის განხილვის ვადას (2024 წლის 11 დეკემბრის საჩივარი/განცხადება N.........), სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. გ–ეს გასაჩივრებული განჩინებით განემარტა, რომ მისი შუამდგომლობა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა 2024 წლის 9 ოქტომბერს, რა დროისთვისაც გ. გ–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე გადაგზავნილი იყო საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც უზენაესი სასამართლოდან გადაგზავნილ იქნა 2024 წლის 23 დეკემბერს, რის შემდეგაც სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა გ. გ–ის 2024 წლის 9 ოქტომბრის შუამდგომლობის დასაშვებობაზე.

13.1. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2024 წლის 16 დეკემბრის N............ საჩივარი/განცხადებით გ. გ–ე ითხოვდა პასუხს 2024 წლის 7 ოქტომბრის შუამდგომლობაზე, 2024 წლის 13 ნოემბრისა და 2024 წლის 11 დეკემბრის საჩივარ/განცხადებებზე, რაც განხილულია წინამდებარე განჩინებაში (იხ.: პუნქტი 4-13).

14. სასამართლო ასევე კვლავაც განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ი 313-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრება დაიშვება აღნიშნული განჩინების გამოტანიდან 2 კვირის ვადაში. ვინაიდან, კანონმდებელი ამომწურავად და იმპერატიულად ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინების გასაჩივრების ვადას, – სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გ. გ–ის მიერ 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინების გასაჩივრების ორ კვირიანი ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე (წერილი/განცხადება).

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-300-ე და 313-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინება, მსჯავრდებულ გ. გ–ის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ, დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე