საქმე N 020142225702123350
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №11აგ-25 15 ივლისი, 2025 წელი
გ. გ., 11აგ-25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით: გ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (დაზარალებულ რ. კ-ს ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (დაზარალებულ მ. ჩ-ს მობილური ტელეფონის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (დაზარალებულ მ. ჩ-ს ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, გ. გ-ს, საბოლოოდ მიესაჯა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით შეიცვალა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი: გ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (დაზარალებულ რ. კ-ს ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (დაზარალებულ მ. ჩ-ს მობილური ტელეფონით მუქარის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (დაზარალებულ მ. ჩ-ს ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, გ. გ.ს, საბოლოოდ მიესაჯა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენზე.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენით გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364–ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364–ე მუხლის მე–2 ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილების მიხედვით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით შეფარდებულ სასჯელს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთას – სრულად დაემატა ბოლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და გ. გ-ს საბოლოოდ მიესაჯა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე.
7. 2025 წლის 2 თებერვალს მსჯავრდებულმა გ. გ.მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრისა და 2022 წლის 22 მარტის, ისევე, როგორც – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლისა და 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენების გადასინჯვა იმ მოტივით, რომ მის მიმართ არსებული ბრალდების შესახებ დადგენილებები ემყარება დასაბუთებულ ვარაუდებს და შეუძლებელია, საფუძვლად დასდებოდა გამამტყუნებელ განაჩენებს, რომლებიც უტყუარი სამხილებიდან უნდა გამომდინარეობდეს. ამავდროულად, მისი მსჯავრდება გამყარებულია უკანონო და დაუშვებელი მტკიცებულებებით, რომლებიც სათანადოდ არ შეუფასებიათ გადაწყვეტილებების მიმღებ სასამართლოებს.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. გ-მ, რომელიც ითხოვს, საკასაციო სასამართლომ გააუქმოს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და მიუთითოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს, დაუშვას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ პასუხობს შუამდგომლობაში წამოჭრილ საკითხებს და, შესაბამისად, დაუსაბუთებელია. საკითხის სირთულიდან გამომდინარე, ითხოვს განსახილელად საქმე დიდ პალატას გადაეცეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები, საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სამართლებრივად სწორად შეაფასა და 2025 წლის 13 თებერვლის განჩინებით მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის თაობაზე, ვინაიდან კასატორის მიერ შუამდგომლობაში მითითებული საფუძვლები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ, ახლად გამოვლენილ გარემოებებს, რომლებიც არ იყო ცნობილი გადაწყვეტილების გამოტანისას და შესაძლებელია, საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას. გ. გ-ს მსჯავრდების საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის – სამხილების რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის საკითხი, შეაფასა სამივე ინსტანციის სასამართლომ და მათი ხელმეორედ შეფასება სცილდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის შესახებ კასატორის მოთხოვნა არ არის სათანადოდ არგუმენტირებული, რამეთუ საჩივარში მითითებული საკითხები არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი
საქმე # 020142225702123350
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ
საქმე №11აგ-25 8 აგვისტო, 2025 წელი
გ. გ., 11აგ-25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2025 წლის 15 ივლისის განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის განჩინებაში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ, გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინების თარიღად ნაცვლად – 2025 წლის 13 თებერვლისა, მითითებულია – 2024 წლის 26 თებერვალი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს უფლება აქვს, ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით აღმოფხვრას გადაწყვეტილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობა, რაც არ გამოიწვევს მის გაუქმებას ან შეცვლას, კერძოდ, შეიტანოს სხვა დაზუსტება, რომელიც გავლენას არ მოახდენს სასამართლოს დასკვნაზე მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის ღონისძიების შესახებ.
3. შესაბამისად, განჩინებაში დაშვებული უზუტობა უნდა აღმოიფხვრას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2025 წლის 15 ივლისის განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა:
2. განჩინების შესავალ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინების თარიღად მიეთითოს – 2025 წლის 13 თებერვალი;
3. აღნიშნული განჩინება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის განჩინების განუყოფელ ნაწილს;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი