Facebook Twitter

საქმე # 330100122006515680

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №101აპ-25 ქ. თბილისი

შ. გ. 101აპ-25 25 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის, მსჯავრდებულ მ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ტ. კ–ისა და ა. გ–ის, მსჯავრდებულების ზ. ა–ისა და გ. შ–ისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. გ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

1.1. გ. შ–ს, - პ/ნ .........., - ბრალად ედებოდა:

1.1.1. დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

გ. შ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 9 სექტემბერს 19:55 საათიდან - 20:00 საათამდე დროის შუალედში, მ. ა–მა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ,,ტოიოტა პრიუს ცეს“ ფირმის ავტომობილით (სახელმწიფო ნომრით ........) ლ. გ–ე, ზ. ა–ე და გ. შ–ი მიიყვანა ყ–ს ქუჩა №..-ის მიმდებარედ, რა დროსაც ლ. გ–ემ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მოკვლის განზრახვით დაუდგენელი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლ. ლ–ეს და გულმკერდის მარჯვენა ნახევარში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ცეცხლნასროლი ჭრილობა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო გ. შ–ი, თუმცა ამის მიუხედავად აღნიშნული არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

1.1.2. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, კერძოდ ჯგუფურად – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

გ. შ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 9 სექტემბერს საღამოს საათებში, გ. შ–ი, გ. კ–ე, ზ. ა–ე და ლ. გ–ე დაედევნენ ლ. ლ–ეს, მას შემდეგ რაც ლ. გ–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის შემდეგ ლ. ლ–ეს გულმკერდის მარჯვენა ნახევარში მიყენებული ჰქონდა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა, დაეწივნენ მას და დაახლოებით 20:00 საათზე, თ–ი, ყვ–ს ქუჩა №...-ში მდებარე მაღაზია ,,ი–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. შ–მა, ლ. გ–ემ, ზ. ა–ემ და გ. კ–ემ ჯგუფურად, ხელებით, ფეხებით და ხელკეტების გამოყენებით მრავალჯერ დაარტყეს დაჭრილ ლ. ლ–ეს, რითაც ცხვირის, წვივის, თხემის არეში მიაყენეს მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

1.2. ზ. ა–ეს – .........., – ბრალად ედებოდა:

1.2.1. დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

ზ. ა–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 9 სექტემბერს 19:55 საათიდან - 20:00 საათამდე დროის შუალედში, მ. ა–მა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ,,ტოიოტა პრიუს ცეს“ ფირმის ავტომობილით (სახელმწიფო ნომრით ......) ლ. გ–ე, ზ. ა–ე და გ. შ–ი მიიყვანა ყ–ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ, რა დროსაც ლ. გ–ემ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მოკვლის განზრახვით დაუდგენელი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლ. ლ–ეს და გულმკერდის მარჯვენა ნახევარში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ცეცხლნასროლი ჭრილობა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ზ. ა–ე, თუმცა ამის მიუხედავად აღნიშნული არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

1.2.2. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, კერძოდ, ჯგუფურად - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

ზ. ა–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 9 სექტემბერს საღამოს საათებში, ზ. ა–ე, გ. კ–ე, გ. შ–ი და ლ. გ–ე დაედევნენ ლ. ლ–ეს, მას შემდეგ რაც ლ. გ–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის შემდეგ ლ. ლ–ეს გულმკერდის მარჯვენა ნახევარში მიყენებული ჰქონდა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა, დაეწივნენ მას და დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თ–ში, ყ–ს ქუჩა №...-ში მდებარე მაღაზია ,,ი–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. შ–მა, ლ. გ–ემ, ზ. ა–ემ და გ. კ–ემ ჯგუფურად, ხელებით, ფეხებით და ხელკეტების გამოყენებით მრავალჯერ დაარტყეს დაჭრილ ლ. ლ–ეს, რითაც ცხვირის, წვივის, თხემის არეში მიაყენეს მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

1.3. გ. კ–ეს – პ/ნ ..........., – ბრალად ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, კერძოდ, ჯგუფურად – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

გ. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 9 სექტემბერს საღამოს საათებში, გ. კ–ე, ზ. ა–ე, გ. შ–ი და ლ. გ–ე დაედევნენ ლ. ლ–ეს, მას შემდეგ რაც ლ. გ–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის შემდეგ ლ. ლ–ეს გულმკერდის მარჯვენა ნახევარში მიყენებული ჰქონდა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა, დაეწივნენ მას და დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თ–ში, ყ–ს ქუჩის №........-ში მდებარე მაღაზია ,,ი–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. შ–მა, ლ. გ–ემ, ზ. ა–ემ და გ. კ–ემ ჯგუფურად, ხელებით, ფეხებით და ხელკეტების გამოყენებით მრავალჯერ დაარტყეს დაჭრილ ლ. ლ–ეს, რითაც ცხვირის, წვივის, თხემის არეში მიაყენეს მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით;

1.4. მ. ა–ს – .........., – ბრალად ედებოდა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

მ. ა–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 9 სექტემბერს 19:55 საათიდან - 20:00 საათამდე დროის შუალედში, მ. ა–მა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ,,ტოიოტა პრიუს ცეს“ ფირმის ავტომობილით (სახელმწიფო ნომრით .............) ლ. გ–ე, ზ. ა–ე და გ. შ–ი მიიყვანა ყ–ს ქუჩის №...–ის მიმდებარედ, რა დროსაც ლ. გ–ემ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მოკვლის განზრახვით დაუდგენელი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლ. ლ–ეს და გულმკერდის მარჯვენა ნახევარში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ცეცხლნასროლი ჭრილობა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მ. ა–ი, თუმცა ამის მიუხედავად აღნიშნული არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 ივნისის განაჩენით:

2.1. გ. შ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

2.2. გ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 თებერვლის განაჩენით გ. შ–ისათვის დანიშნული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს №...2022 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით შეცვლილი სასჯელი - შინაპატიმრობა 2 წლის, 1 თვისა და 1 დღით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. შ–ს სასჯელად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.4. გ. შ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 14 ოქტომბრიდან;

2.5. ზ. ა–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

2.6. ზ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.7. ზ. ა–ეს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 14 ოქტომბრიდან;

2.8. მ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.9. მ. ა–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 14 ოქტომბრიდან;

2.10. გ. კ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

2.11. გ. კ–ე გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

2.12. გამართლებულ გ. კ–ეს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

3.1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ჩუბინიძემ მოითხოვა ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში, კერძოდ:

3.1.1. ზ. ა–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით და კანონიერი და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრა; ასევე, მისთვის საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

3.1.2. გ. შ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით და კანონიერი და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრა; ასევე, მისთვის საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

3.1.3. გ. კ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და კანონიერი და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრა;

3.1.4. მ. ა–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

3.2. მსჯავრდებულ გ. შ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ხ. ხ–ამ მოითხოვა გ. შ–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება;

3.3. მსჯავრდებულმა ზ. ა–ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. გ–მ მოითხოვეს ზ. ა–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება;

3.4. მსჯავრდებულ მ. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ა–ამ მოითხოვა მ. ა–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

4.1. გ. შ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

4.2. გ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და საბოლოოდ დაენიშნა – 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4.3. გ. შ–ს 1/6-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 თებერვლის განაჩენით დანიშნული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს №... 2022 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით შეცვლილი სასჯელი – შინაპატიმრობა 2 წლით, 1 თვით და 1 დღით და დაენიშნა შინაპატიმრობა - 1 წლის, 8 თვითა და 25 დღის ვადით;

4.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 თებერვლის განაჩენით დანიშნული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს №... 2022 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით შეცვლილი და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი შინაპატიმრობა - 1 წლის, 8 თვისა და 25 დღით და განაჩენთა ერთობლიობით, გ. შ–ს საბოლოო სასჯელად დაენიშნა – 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4.5. გ. შ–ს სასჯელი აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 14 ოქტომბრიდან;

4.6. ზ. ა–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

4.7. ზ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და საბოლოოდ დაენიშნა – 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4.8. ზ. ა–ეს სასჯელი აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 14 ოქტომბრიდან;

4.9. მ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4.10. მ. ა–ს სასჯელი აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 14 ოქტომბრიდან;

4.11. გ. კ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

4.12. გამართლებულ გ. კ–ეს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

5.1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნათია ჩუბინიძე ითხოვს ცვლილებას გასაჩივრებულ განაჩენში, კერძოდ:

5.1.1. ზ. ა–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მისთვის კანონიერი და რელევანტური სასჯელის განსაზღვრას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას;

5.1.2. გ. შ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და კანონიერი და რელევანტური სასჯელის განსაზღვრას, ხოლო საქარველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას;

5.1.3. გ. კ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას;

5.1.4. მ. ა–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას;

5.2. მსჯავრდებულ მ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატები ტ. კ–ე და ა. გ–ი ითხოვენ მ. ა–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენაში;

5.3. მსჯავრდებულები ზ. ა–ე და გ. შ–ი და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატი თ. გ–ე ითხოვენ მსჯავრდებულების მიმართ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის მინიმალური ხანგრძლივობით განსაზღვრას, ხოლო სხვა ნაწილში – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას;

5.4. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს გამართლებულ გ. კ–ის ადვოკატებმა ტ. კ–ემ და ა. გ–მა, რომლებიც ითხოვენ გ. კ–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

5.5. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს მსჯავრდებულებმა – ზ. ა–ემ, გ. შ–მა და მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. გ–ემ, რომლებიც ითხოვენ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ზ. ა–ისა და გ. შ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ასევე მათთვის საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, გ. კ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით და რელევანტური სასჯელის განსაზღვრას, მ. ა–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. დაცვის მხარე: ადვოკატები ტ. კ–ე და ა. გ–ი ითხოვენ მ. ა–ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, მსჯავრდებულები – ზ. ა–ე და გ. შ–ი და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატი თ. გ–ე ითხოვენ მსჯავრდებულებისათვის სასჯელის შემსუბუქებას – საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ხანგრძლივობის სასჯელის განსაზღვრას.

7.1. შესაბამისად, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ზ. ა–ისა და გ. შ–ის საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდება და არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის აღნიშნულ ნაწილში გადასინჯვის საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნას ზ. ა–ისა და გ. შ–ის საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების შესახებ და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ზ. ა–ისა და გ. შ–ის საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გამართლება განაპირობა.

9. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნას – გ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს გ. კ–ის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი. მხარეთა შორის დავის საგანია გ. კ–ე მონაწილეობდა თუ არა ლ. ლ–ის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად.

9.1. გ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის სამტკიცებლად წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ ლ. ლ–ის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით გამოქვეყნებული ჩვენება. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეთა ჩვენებები, ვიდეოჩანაწერები, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N........ დასკვნა) დასტურდება მხოლოდ გ. კ–ის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი და იმ მიმართულებით გაქცევა, სადაც გ. შ–ი, ლ. გ–ე და ზ. ა–ე ახორციელებდნენ ფიზიკურ ძალადობას ლ. ლ–ის მიმართ.

9.2. რაც შეეხება მოწმე თ. კ–ს ჩვენებას, რომელზეც აპელირებს კასატორი ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში, სასამართლო ითვალისწინებს მოწმის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას გაკეთებულ განმარტებებს, რომლის თანახმად, დაჭრილ ლ. ლ–ეს საერთო ჯამში გაეკიდა ოთხი ადამიანი (თავიდან სამი, მალევე მეოთხე), ეს ყველაფერი ხდებოდა წამებში, ამ დროს პარალელურად ესაუბრებოდა 112-ის ოპერატორს (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის სხდომის ოქმი 14:38:40-14:42:37), იმ ადგილას სადაც ლ. ლ–ეზე ფიზიკურად ძალადობდნენ არ იყო განათება და ჩანდა სილუეტები. ერთდროულად ვინ როგორ ურტყამდა, ვისი ხელი ვის მოხვდა და როგორ ზუსტად ვერ იტყვის, მაგრამ ხედავდა ცემის ფაქტს (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის სხდომის ოქმი 14:55:30-14:56:45), ლ. ლ–ეს რამდენი ადამიანის დარტყმული მოხვდა ამის თქმა არ შეუძლია (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის სხდომის ოქმი 15:00:56-15:02:15).

9.3. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს თავად გ. კ–ის განმარტებას (მიუთითა, რომ შემთხვევის დღეს ჩხუბის ფაქტი რომ დაინახა გადავიდა მანქანიდან და მივიდა გასაშველებლად) და დაზარალებულ ლ. ლ–ის მიერ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიცემულ ჩვენებას, სადაც დაზარალებული უთითებს, რომ „კ–ე რომ მოვიდა, უკვე კ–საც ეჭირა ხელკეტი და სავარაუდოდ კ–მ მოუქნია და კ–ს უთხრეს მე ნუ მირტყამ ბიჭოო, იმიტომ რომ ერთმანეთსაც ურტყამდნენ, ისეთი ქაოსური სიტუაცია იყო“ (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ოქტომბრის სხდომის ოქმი ტ.4, ს.ფ. 117), ასევე, გ. კ–ის დის – მ. კ–ის მიერ სსიპ 112-ში 2022 წლის 11 სექტემბერს (გ. კ–ეს ბრალად აქვს წარდგენილი 2022 წლის 9 სექტემბრის ფაქტი) განხორციელებულ N......... შეტყობინებას (მ კ–ე ითხოვს სასწრაფო დახმარების გამოცხადებას მისამართზე, რადგან რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩხუბი და გ. კ–ეს აქვს თავის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ვარაუდობს ტვინის შერყევას (იხ.: ტ.4, ს.ფ. 195)).

9.4. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გ ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

9.5. შესაბამისად, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება გ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

10. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს კასატორი დაცვის მხარის მსჯელობას მ. ა–ის უდანაშაულობის შესახებ.

11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნდა დაზარალებულ ლ. ლ–ის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიცემული ჩვენება და დაცვის მხარეს არ მიეცა მისი დაკითხვის შესაძლებლობა.

11.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ – მსჯავრდებულ გ. შ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ხ. ხ–ამ 2023 წლის 5 დეკემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დააყენა შუამდგომლობა დაზარალებულ ლ. ლ–ის დაკითხვის შესახებ, ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოში ვერ დაიკითხა დაზარალებული, რითიც დაირღვა დაცვის მხარის უფლება. ბრალდებულების ადვოკატებს არ მიეცათ საშუალება დაესვათ კითხვები, რომელიც მნიშვნელოვანი იყო. ამასთან, დაზარალებული თანახმა იყო ჩვენების მიცემაზე, რადგან განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარემ იცოდა მისი ადგილსამყოფელი, საქმის განხილვის ეტაპზე მას არავინ დაჰკავშირებია. ვინაიდან დაზარალებულისათვის საქმის განხილვის შესახებ (მისი ჩვენების გამოქვეყნების შესახებ) ინფორმაცია მანამდე არ იყო ცნობილი და ახლა გახდა ცნობილი, გამოვიდა კონტაქტზე. დაცვის მხარის შეფასებით, ბრალდებულებს არ მიეცათ შესაძლებლობა ერთი კითხვა მაინც დაესვათ დაზარალებულისათვის და შესაბამისად აუცილებელია მისი დაკითხვა სასამართლოში დისტანციურად (13:38:16 – 13:42:47).

11.1.1. დაცვის მხარემ სასამართლოს ასევე წარუდგინა დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადაც ლ. ლ–ე გამოთქვამდა სურვილსა და თანხმობას სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვაზე, ვინაიდან, სურდა ახალი და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება (იხ.: ტ.8, ს.ფ. 34)

11.1.2. ადვოკატ ხ. ხ–ას შუამდგომლობას დაეთანხმა ადვოკატი ტ. კ–ე, რომელმაც მიუთითა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისთვის სხდომაზე გახდა ცნობილი აღნიშნული შუამდგომლობის შესახებ ეთანხმება და ფიქრობს რომ უნდა დაკმაყოფილდეს (13:46:30 – 13:47:07)

11.1.3. ანალოგიურად, ადვოკატმა თ. გ–ემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობის დაკმაყოფილებას (13:47:09- 13:54:14).

11.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის საოქმო განჩინებით დაცვის მხარის შუამდგომლობა დაზარალებულ ლ. ლ–ის დაკითხვის შესახებ დაკმაყოფილდა.

11.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 სექტემბრის სასამართლოს სხდომაზე ადვოკატმა ხ. ხ–ამ მოხსნა შუამდგომლობა დაზარალებულ ლ. ლ–ის დაკითხვის შესახებ (16:19:02-19:19:20). სასამართლომ მოისმინა დაცვის მხარის სხვა ადვოკატების პოზიციებიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რა დროსაც ადვოკატმა ტ. კ–ემ განმარტა, რომ მისმა კოლეგამ დააყენა შუამდგომლობა დაზარალებულის დაკითხვის შესახებ და მასვე აქვს უფლება უარი თქვას ამ შუამდგომლობაზე, შესაბამისად, რა თქმა უნდა ეთანხმება (16:19:57 – 16:20:06), ანალოგიურად ადვოკატმა თ. გ–ემ მიუთითა, რომ მხარს უჭერდა აღნიშნულ პოზიციას და განმარტა, რომ მისი მხრიდან ამის ერთ ერთი საფუძველი იყო ის გარემოება, რომ კანონიერი პროცედურების გავლის შემდეგ დაზარალებულისგან სანოტარო წესით მიიღეს თანხმობა, ურთიერთპრეტენზიების არარსებობასთან დაკავშრებით. შესაბამისად, თვლიან რომ ამ ეტაპზე დაზარალებულის დაკითხვა საფუძველს მოკლებულია. აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმნენ მსჯავრდებულებიც (16:20:10-16:21:00). შესაბამისად, სასამართლომ დაზარალებული ლ. ლ–ე არ დაკითხა.

11.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ დაცვის მხარეს ჰქონდა დაზარალებულის დაკითხვის შესაძლებლობა, თუმცა დაცვის მხარემ, საკუთარი ინიციატივით, ნებაყოფლობით და გაცნობიერებულად უარი თქვა დაზარალებულის სასამართლო სხდომაზე დაკითხვაზე. ამდენად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის პოზიცია, რომ არ მიეცათ დაზარალებულის დაკითხვის შესაძლებლობა, რადგან აღნიშნულზე უარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას თავად განაცხადეს.

12. არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი არც ზ. ა–ისა და გ. შ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის განსაზღვრული სასჯელების კანონიერების ნაწილში, კერძოდ:

12.1. საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

12.2. სასამართლო ზ. ა–ისა და გ. შ–ისათვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისთვის სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს ქმედების განხორციელების ხერხს, ადგილს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს. ასევე გ. შ–ის პიროვნებასა და წარსულს (ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის), უფრო მსუბუქი სასჯელით კერძო/სპეციალური პრევენციის და რესოციალიზაციის მიზნების მიღწევადობას. გასაჩივრებული განაჩენით ზ. ა–ისა და გ. შ–ისათვის დანიშნული სასჯელის ზომა (ზ. ა–ის შემთხვევაში მინიმალურთან მიახლოებული ვადით, ხოლო გ. შ–ის შემთხვევაში მინიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთა (რეციდივის გათვალისწინებით)) შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

13. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნას გ. შ–ის, ზ. ა–ისა და მ. ა–ის მიმართ სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულებისათვის სასჯელის გამკაცრება.

14 . „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

15. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017)).

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის განაჩენში ნამსჯელია გ. შ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების საკითხზე.

17. ზ. ა–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებისას სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეამცირა 1/6-ით და განუსაზღვრა 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ნაცვლად 2 წლისა და 11 თვისა.

17.1. აღნიშნულის მიუხედავად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების სისწორე ბრალდების მხარეს სადავოდ არ გაუხდია, საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაასწოროს დაშვებული შეცდომა.

18. მ. ა–ისათვის საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრულ სასჯელთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ N.. ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის გ. გ–ის 2025 წლის 13 იანვრის წერილის თანახმად, მ. ა–ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით პირობით ვადამდე ადრე – 10 თვითა და 8 დღით.

18.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირმა ჩაიდინა ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლებით განსაზღვრული დანაშაულის შეუტყობინებლობა). მოცემულ შემთხვევაში მ. ა–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შეუტყობინებლობა, რომელზეც მითითებულია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტში. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.

19. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის, მსჯავრდებულ მ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ტ. კ–ისა და ა. გ–ის, მსჯავრდებულების – ზ. ა–ისა და გ. შ–ის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. გ–ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი