საქმე # 330100123007671699
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №280აპ-25 ქ. თბილისი
შ. კ. 280აპ-25 29 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილსის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 იანვრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: კ. შ–ს, – პირადი ნომერი: ........., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2021 წლის 21 ივნისს, 30 დღით, მსხვერპლის – დ. გ–ის – დაცვის მიზნით გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, კ. შ–ოს აეკრძალა დ. გ–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის საშუალებით. 2021 წლის 8 ივლისს, 10:06 საათსა და 20:32 საათზე კ. შ–მ კუთვნილი ნომრიდან – 5.......... – დაურეკა დ. გ–ს მობილური ტელეფონის ნომერზე – 5.......... ხოლო 2021 წლის 8 ივლისს საღამოს საათებში შეხვდა მას თ–ში, ტ–ს ქუჩაზე მდებარე კაფე „ბ–ში“ და, თითოეულ შემთხვევაში, დაამყარა დ. გ–თან კომუნიკაცია.
1.1.1. აღნიშნული ქმედებით კ. შ–მ ჩაიდინა – შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენით კ. შ–ო ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
2.1. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, კ. შ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა. აპელანტმა მოითხოვა კ. შ–ოს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა. კასატორი ითხოვს კ. შ–ს საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობას.
6. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებული კ. შ–ოს დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენაში.
7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული.
8. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მტკიცებით, საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით დაცული სფერო ეხება ნებისმიერ პირს, რომლის დაცვის მიზნითაც გამოცემულია შემაკავებელი ორდერი. იმავდროულად, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა ოჯახის წევრების, პარტნიორების დაცვის მიზნით. პროკურორი აღნიშნული პოზიციის დასასაბუთებლად და კ. შ–ს დამნაშავედ ცნობისათვის უთითებს – ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, „ოჯახში ძალადობა“, მათ შორის, გულისხმობს – ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
9.1. საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით კრიმინალიზებულია, მათ შორის, შემაკავებელი ორდერით ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა;
9.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით;
9.3. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, – ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამავე კანონის მე-4 მუხლის მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ქალი ან ოჯახის წევრი, რომლის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ძალადობით, ეკონომიკური ძალადობით, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია;
9.4. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) მე-3 მუხლის თანახმად, მოცემული კონვენციის მიზნებისთვის: „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა;
9.5. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება, მათ შორის, სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ასევე – ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის თანახმად, მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს, მათ შორის: საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონით ან საქართველოს კანონით არის გათვალისწინებული; ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისა და დაცვის პირობები და წესი, იურიდიული პასუხისმგებლობისა და იძულების ზომის გამოყენების საკითხები.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით კრიმინალიზებულია, მათ შორის, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ხოლო „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და საქართელოს სსკ-ი ოჯახში ძალადობას, განსხვავებით „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციისა (სტამბოლის კონვენცია), განმარტავს ვიწროდ, – არ აწესებს პასუხისმგებლობას პარტნიორებს შორის ძალადობისათვის, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას კ. შ–ს მსჯავრდების შესახებ.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par. 175, ECtHR, 14/05/2020). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011)
12. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
13. მოცემულ შემთხვევაში, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილსის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 იანვრის განაჩენზე, კ. შ–ს მიმართ, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე