გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ\244-01 14 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. წიქვაძე
მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 5 აპრილს დ. ნ-ელმა ნ. მ-ძის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მატერიალური ზიანის _ 1 ლარის და მორალური ზიანის _ 100000 აშშ დოლარის _ ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ. მ-ძეს მატერიალური ზიანის მიყენებისავთის გადასახდელად დაეკისრა 1 ლარი, ხოლო მორალური ზიანის მიყენებისავთის _ 20000 აშშ დოლარის შესაბამისი თანხა ლარებში.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო დეპარტამენტის საკონტროლო მეთოდური ქვეგანყოფილების გამომძიებელმა ნ. მ-ძემ 1999 წლის 11 იანვარს ნოღაიდელი უკანონოდ ცნო ეჭვმიტანილად, დააკავა, საქართველოს სსკ 96-ე მუხლის მეორე ნაწილის 1-5 პუნქტების შესაბამისად მისცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, მაგრამ ნ. მ-ძემ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოში, სადაც მას შეუფარდეს 3 თვის ვადით წინასწარი პატიმრობა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 17 თებერვლის განაჩენით დ. ნ-ელი მსჯავრდებული იქნა სსკ 252-ე მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის ზომად შეეფარდა 5 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საბოლოოდ მითითებული განაჩენი გაუქმდა და დ. ნ-ელის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.
დადგინდა, რომ დ. ნ-ელი დაკავებული იყო უკანონოდ; ბრალდება წაუყენეს უსაფუძვლოდ; უკანონოდ გაასამართლეს და შეუზღუდეს თავისუფლება.
2000 წლის 19 ივლისს ნ. მ-ძემ სააპელაციო საჩივრით მიმართა აჭარის ა\რ უმაღლეს სასამართლოს.
აჭარის უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 31 ივლისის განჩინებით ნ. მ-ძის სააპელაციო სარჩელი უმოძრაოდ დარჩა სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და ამ ხარვეზის შესავსებად მიეცა 10 დღე.
2000 წლის 11 აგვისტოს, იმის გამო, რომ აპელანტმა არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, სააპელაციო საჩივარი დარჩა უმოძრაოდ.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-ძემ და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გარეშე განხილვა იმ მოტივით, რომ ამ საქმეში მოპასუხე თვითონ კი არა, არამედ სახელმწიფო უნდა ყოფილიყო.
2000 წლის 18 აგვისტოს აჭარის ა\რ უმაღლესმა სასამართლომ კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო და საქმე გადმოგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, იმ მოტივით, რომ აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებები სააპელაციო საჩივრის მიღებაზე უარის თქმის შესახებ, საპროცესო ნორმების დარღვევით იყო შედგენილი, გააუქმა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განხილვის მიზნით საქმე დაუბრუნა იმავე სასამართლოს.
აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მოტივად მიუთითა, რომ აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან განაწილვადებას კი არ მოითხოვდა, არამედ თვლიდა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა საერთოდ არ ეკუთვნოდა.
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 25 დეკემბრის განჩინებაზე ნ. მ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა კერძო საჩივრის განხილვის აცილება და ბაჟის გადაუხდელად მის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრის განხილვა.
აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 4 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი შემდგომი განხილვის მიზნით გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ნ. მ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს მხარე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია მხარეს გადაუვადოს ან გაუწილვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა.
ორივე შემთხვევაში სასამართლოს ზემოთ მითითებული მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება შეუძლია თავისი ინიციატივით, მხარის შუამდგომლობის გარეშეც.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რადგან ნ. მ-ძე თავის საჩივრებში არაერთგზის (თუმც არასწორი მოტივაციით) მოითხოვდა ბაჟის გადახდის გარეშე მისი სააპელაციო საჩივრის განხილვას, ასეთი მოთხოვნა მან 2001 წლის 3 იანვრის კერძო საჩივარშიც დააფიქსირა, აჭარის ა\რH უმაღლესი სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა მოპასუხის კერძო საჩივარში ზემოთ მითითებული გარემოების ირგვლივ, ანუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე, 48-ე მუხლების საფუძველზე ემსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, გადავადების ან განაწილვადების შესახებ.
აჭარის ა\რ უმაღლეს სასამართლოს არ უმსჯელია სახ. ბაჟის გადახდისაგან ნ. მ-ძის გათავისუფლების, გადახდის გადავადების ან განაწილვადების შესაძლებლობის შესახებ და 2000 წლის 25 დეკემბერს, როცა განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი, მოტივად მიუთითა, რომ გადახდილი არ იყო სახ. ბაჟი და არც აპელანტს არ მოუთხოვია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის გარემოებების და აპელანტის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით (რასაც პირველი ინსტანციის სასამართლომაც გაუსვა ხაზი და ამის გამო მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა თანხების ანაზღაურების ნაწილში), სავსებით შესაძლებელია, რომ მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაევადოს სააპელაციო საჩივრის განხილვამდე.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ზემოთ მითითებული საკითხების გადაწყვეტის გარეშე არ უნდა მიეღო 2000 წლის 25 დეკემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების და 2001 წლის 4 იანვრის განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 48-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს ამ საქმეზე აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 25 დეკემბრის და 2001 წლის 4 იანვრის განჩინება.
ნ. მ-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი ბაჟის გადახდა გადაედოს მის მიერ ამ საქმეზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის განხილვამდე და საქმე სააპელაციო საჩივრის განსახილველად გადაეგზავნოს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.