გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/262-01 6 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
დავის საგანი: დასახიჩრებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ხაშურის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სს “ტ.-1” გ. კ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა დასახიჩრებით მიყენებული ზიანის 77,52 ლარის ყოველთვიურად გადახდა. მოპასუხე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 თვის განმავლობაში იხდიდა დაკისრებულ თანხას, ხოლო შემდეგ შეწყვიტა თანხების გადახდა.
გ. კ-შვილმა 2000 წლის 6 ივლისს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს “ტ.-1” მიმართ და მოითხოვა მემანქანის ხელფასების ცვლილებების გათვალისწინებით დავალიანების 5276 ლარის ერთდროულად, ხოლო 2000 წლის ივლისიდან კი ყოველთვიურად 236,26 ლარის გადასახდელად დაკისრება მოპასუხისავთის.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ორგანიზაციაში ყოველწლიურად ხელფასის გადაანგარიშების ცნობები. ასევე მიუთითებდა, რომ შემოსავლების არ არსებობის გამო ორგანიზაციას გაზრდილი ხელფასის გადახდა არ შეუძლია.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. კ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს “ტ.-1” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროულად 1637 ლარის და 2000 წლის 1 ივლისიდან ყოველთვიურად 236,26 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე.
ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ორივე მხარემ. სს “ტ.-1” სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დარჩა განუხილველი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 14 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა ამ საქმეზე ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მხარეთა მორიგების საფუძველზე შეწყდა საქმის წარმოება. ამავე განჩინებით დამტკიცდა მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით: გ. კ-შვილის წარმომადგენელი ლ. ლ-ძე უარს განაცხადებდა სააპელაციო საჩივარზე და მოითხოვდა ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას თუ მოწინააღმდეგე მხარე 2001 წლის იანვრის ბოლომდე გადაუხდიდა გადაწყვეტილებით დაკისრებულ 1637 ლარს, ასევე 2001 წლის იანვრის ბოლომდე გადაუხდიდა 2000 წლის 17 აგვისტოდან 14 ნოემბრამდე დარჩენილ თანხას 230 ლარს და ყოველთვიურად 100 ლარს. ასეთ პირობებში გ. კ-შვილს არ ექნებოდა პრეტენზიები ხელფასის ცვალებადობასთან. თავის მხრივ სს “ტ.-1” ვალდებულება იკისრა გ. კ-შვილის სასარგებლოდ გადაეხადა ზემოაღნიშნული თანხები 2001 წლის იანვრის ბოლომდე და 2000 წლის 14 ნოემბრიდან ყოველთვიურად 100 ლარი.
სასამართლოს ამ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. კ-შვილმა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მისი მეუღლე აიძულეს ხელი მოეწერა მორიგების აქტზე. ასევე, მიუთითებს, რომ მორიგების უფლებამოსილება არ მიუცია მეუღლისათვის.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 15 იანვრის განჩინებით გ. კ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ გ. კ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გ. კ-შვილის მიერ 2000 წლის 13 ნოემბერს გაცემული მინდობილობით ირკვევა, რომ გ. კ-შვილი ლ. ლ-ძეს აძლევს უფლებას აწარმოოს მისი სამაოქალაქო საქმე ყველა სასამართლო ორგანოებში, შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, რაც კანონით მინიჭებული აქვს მოსარჩელეს, მოპასუხეს, მესამე პირს და დაზარალებულს. აძლევს უფლებას ასევე, დაამთავროს საქმე მორიგებით, სცნოს ან უარყოს მთლიანად ან ნაწილობრივ სასარჩელო მოთხოვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მის მეუღლეს ლ. ლ-ძეს არ ჰქონდა უფლება საქმე დაემთავრებინა მორიგებით.
საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლომ შეაშინა მისი წარმომადგენელი და აიძულა ხელი მოეწერა მორიგების აქტზე, დაშინება და იძულება გამოიხატა იმაში, რომ სასამართლომ მის მეუღლეს უთხრა, რომ თუ ხელს არ მოაწერდა მორიგების აქტზე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს ეტყოდნენ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მხარეებს შესთავაზა საქმის მორიგებით დამთავრება, რისთვისაც მხარეებმა მოითხოვეს დრო მოსალაპარაკებლად. სასამართლომ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა. მხარეები შეთანხმდნენ მორიგების პირობებზე, შეადგინეს მორიგების აქტი, ხელი მოაწერეს და წარუდგინეს სასამართლოს, რის შემდეგაც სასამართლომ მხარეებს განუმარტა მათი უფლებები და დაამტკიცა მორიგების აქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მხრიდან, გ. კ-შვილის წარმომადგენლის შეშინება და იძულება არ დასტურდება.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ გ. კ-შვილის საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა საფუძვლად არ უდევს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
გ. კ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 14 ნოემბრის განჩინება ამ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.