გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/272-01 27 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. გ-იას სარჩელი და მოპასუხეს სს “მ.” (ამჟამად სს “ს.”) დაეკისრა მ. გ-იას მიერ შესყიდული ავტომანქანის “ვაზ-2109” მოსარჩელისათვის გადაცემა ან მისი ღირებულების 704000 მანეთის გადახდა. მოსარჩელე მ. გ-ია საცხოვრებლად გადავიდა რუსეთში და აღნიშნული გადწყვეტილება არ აღსრულებულა.
1999 წლის ივლისში მ. გ-იას სახელით სასამართლოს განცხადებით მიმართა ტ. თ-შვილმა და მოითხოვა საპროცესო ვადის აღდგენა. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. გ-იას განცხადება და აღდგენილ იქნა 1992 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების ვადა. ამ გადაწვეტილების საფუძველზე 1999 წლის 26 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო სამსახურმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ აცნობა სს “ს.” და გააფრთხილა, რომ ნებაყოფლობით ნ. გ-იასათვის გადაეცა ავტომანქანა “ვაზ-2109” ან გადაეხადა მისი ღირებულება ინფლაციის გათვალისწინებით, რაც შეადგენდა 38 950 ლარს.
სს “ს.” წარმომადგენლებმა განცხადებით მიმართეს პროკურატურას. ისნის რაიონის საგამოძიებო განყოფილების მიერ დადგენილ იქნა, რომ ტ. თ-შვილი არ იყო უფლებამოსილი სასამართლოში წარმოედგინა მ. გ-ია. მან გამოიყენა ყალბი რწმუნების დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნულის გამო ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 10 იანვრის განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 1999 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება 1992 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების ვადის აღდგენის შესახებ.
2000 წლის 12 იანვარს სასამართლოს განცხადებით მიმართა მ. გ-იას მეუღლემ _ ა. გ-იამ და მოითხოვა საპროცესო ვადის აღდგენა.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. გ-იას განცხადება და აღდგენილ იქნა სამგორის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების ვადა.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოში შექმნილი არასტაბილური ვითარების გამო მოპოვებული ქონების მიუღებლად, განმცხადებელი იძულებული შეიქმნა დროებით საცხოვრებლად წასულიყო რუსეთში და კანონის არცოდნის გამო გაუშვა მაშინ მოქმედი სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა _ სამი წელი. სასამართლომ მიუთითა ასევე, რომ სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის გამოყენება არ იქნება გამართლებული, რადგან სასამართლოს მიერ თავისი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო შეიძლება შეილახოს მოქალაქის კანონიერი უფლება. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლი და მიუთითა, რომ აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ხანდაზმულობის ათწლიან ვადას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ 1997 წლის 25 ნოემბრამდე მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ხანდაზმულობის მეტად შემჭიდროებულ სამწლიან ვადას ითვალისწინებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საპატიოდ მიიჩნია მ. გ-იას მიერ გაშვებული ხანდაზმულობის ვადა.
ამ გადაწყვეტილების შესახებ სს “ს.” ცნობილი გახდა ისევ სააღსრულებო სამსახურის მეშვეობით. რის შემდეგაც სს “ს.” გენერალურმა დირექტორმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 3 ნოემბრის განჩინებით სს “ს.” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი და მიუთითა, რომ სს “ს.” ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების პროცესუალურ მხარეს არ წარმოადგენდა და მას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არა აქვს.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება სს “ს.” და სასამართლოს მიერ არ არის დასაბუთებული თუ რატომ არ წარმოადგენს იგი პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული საფუძვლით კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის 2000 წლის 3 ნოემბრის განჩინების გაუქმება.
სააპელაციო პალატამ 2001 წლის 12 იანვრის განჩინებით არ დააკმაყოფილა სს “ს.” კერძო საჩივარი და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა განმარტებები და თვლის, რომ სს “ს.” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 3 ნოემბრის განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით. იგი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სამოქალაქო საქმეთა წარმოების ძირითად პრინციპებს, ისე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცალკეულ ნორმებს.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ საქმე განხილული იქნა უდავო წარმოების წესით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის გამოყენებით გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე წყდება არსებითად, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილების ფორმით. ამავე კოდექსის 284-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით აღდგენილ იქნა 1992 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების ვადა. ე.ი. საქმე არსებითად გადაწყდა 1992 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რომლის მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა სს “მ.” (ამჟამად სს “ს.”). აქედან გამომდინარე 2000 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება უნდა ჩაითვალოს ისეთ დადგენილებად, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, ე.ი. ის უნდა ჩამოყალიბდეს განჩინების ფორმით.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლთან ერთად უნდა გამოეყენებინა 284-ე მუხლის I ნაწილი და შეეფასებინა, რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა მიეღო თუ განჩინება. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მკვეთრად გამიჯნავს, თუ რა შემთხვევაში უნდა იქნეს მიღებული განჩინება და რა შემთხვევაში გადაწყვეტილება.
ქვემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების სააპელაციო წესით გასაჩივრების დასაშვებობის საკითხი არ უნდა გადაწყდეს ფორმალური ნიშნით, გადაწყვეტილების სახით ჩამოყალიბდა იგი, თუ განჩინების. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია თვით დადგენილების შინაარსი, რა ზეგავლენას ახდენს იგი პირთა კანონით დაცულ ინტერესებზე და უფლებებზე და რამდენად იქნა დაცული ასეთი დადგენილების მიღებისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს განჩინებისა და გადაწყვეტილების მიღების პირობებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება. მოცემულ შემთხვევაში, რაიონული სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ გადაწყვეტილა და თავისი შინაარსით წარმოადგენს განჩინებას, უშუალოდ ეხება სს “ს.” და საპროცესო კოდექსის 2671-ე მუხლი ითვალისწინებს ასეთ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის 2000 წლის 3 ნოემბრის და 2001 წლის 12 იანვრის განჩინებები მიღებულია კანონის დარღვევით, იგი უნდა გაუქმდეს და სს “ს.” საჩივარი ჩაითვალოს დასაშვებად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სააქციო საზოგადოება “ს.” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 3 ნოემბრის და 2001 წლის 12 იანვრის განჩინებები ამ საქმეზე გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.