Facebook Twitter

საქმე N 330100124008753665

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №272აპ-25 30 ივლისი, 2025 წელი

პ-ი ი., №272აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა ლათიბაშვილისა და მსჯავრდებულ ი. პ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის კ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. პ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში: საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2024 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ....... მიმდებარედ გაჩერებულ ,,ტოიოტა პრიუსი“-ს ფირმის ავტომობილში (სახელმწიფო ნომერი - ..........), ი. პ–ი თავს დაესხა ა–ას მისი ხელჩანთისა და მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, კერძოდ, წაართვა 25 ლარად ღირებული ხელჩანთა მასში მოთავსებული 600 ლარით, 280 ლარად ღირებული ,,რედმი ა20“-ს ფირმის მობილური ტელეფონით და თანნაქონი ჩაქუჩი რამდენჯერმე ჩაარტყა ა–ას სახის არეში. მას შემდეგ, რაც ი. პ–ი გადავიდა ავტომანქანიდან, ა–ამ შეძლო ავტომობილიდან გადასვლა და გაქცევა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ი. პ–მა ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით; მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგით:

2024 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ....... მიმდებარედ გაჩერებულ ,,ტოიოტა პრიუსი“-ს ფირმის ავტომობილში (სახელმწიფო ნომერი - .....), ი. პ–მა ა–ას ხელიდან გამოგლიჯა და მიისაკუთრა მისივე კუთვნილი ხელჩანთა, მასში მოთავსებული ,,რედმი ა20“ ფირმის მობილური ტელეფონით და 50 ლარით.

2024 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ....... მიმდებარედ გაჩერებულ ,,ტოიოტა პრიუსი“-ს ფირმის ავტომობილში (სახელმწიფო ნომერი - .....), ი. პ–მა ა–ას ხელიდან გამოგლიჯა და მიისაკუთრა მისივე კუთვნილი ხელჩანთა მასში მოთავსებული ,,რედმი ა20“ ფირმის მობილური ტელეფონით და 50 ლარით. ა–ას კუთვნილი ნივთებისა და ფულადი თანხის მისაკუთრების შემდეგ, განხორციელებული ძარცვის დაფარვისა და დაშინების მიზნით, რათა სამართალდამცავ ორგანოებში არ განეცხადებინა მომხდარის შესახებ, ი. პ–მა თანნაქონი ჩაქუჩი რამდენჯერმე ჩაარტყა ა–ას სახისა და თავის არეში, რამაც მისი ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აგვისტოს განაჩენით:

ი. პ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

ი. პ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აგვისტოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა ლათიბაშვილმა, რომელმაც მოითხოვა ი. პ–ის ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობა.

2.4. განაჩენი, ასევე გაასაჩივრა დაცვის მხარემ – მსჯავრდებულ ი. პ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ–იამ და მოითხოვა ი. პ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის განაჩენით, ბრალდების და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აგვისტოს განაჩენში ი. პ–ის მიმართ, შევიდა ცვლილება.

ი. პ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველ ნაწილსა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

ი. პ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ი. პ–ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული რეალური სასჯელისაგან.

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის და მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წელი და 11 თვე.

3.2. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა ლათიბაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ი. პ–ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. განაჩენი, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. პ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ–იამ, რომელმაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა ი. პ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაცია.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. დაცვის მხარის პოზიციით, ი. პ–ი უნდა გამართლდეს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის და მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რადგან ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ი. პ–ის მიერ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენას. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, დაზარალებულ ა–ას ჩვენება, რომელიც წინააღმდეგობრივი და არასანდოა. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი და ი. პ–ის ამოცნობის ოქმი ყალბია. ამასთან, არ დადგენილა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის ის ფაქტი, თუ ვინ მიიყვანა კლინიკაში დაზარალებული. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია, ი. პ–ის მიერ ა–ასთვის მხოლოდ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენების ფაქტი.

4.2. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ი. პ–ის ქმედებას, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურდა მის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმა, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით. ბრალდების მხარის პოზიციით სახეზეა ყაჩაღობის შემადგენელი ყველა ელემენტი: თავდასხმა, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით (ჩაქუჩის სახის და თავის არეში ჩარტყმა), სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი (ა–ას ჩანთის და მასში მოთავსებული ნივთების წართმევა და მათი დაბრუნების მოთხოვნაზე უარი). მისაკუთრების მიზანი გულისხმობს მფლობელობას, სარგებლობას და განკარგვას, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია განკარგვის უფლება. დაუფლებითი დანაშაულის ამსრულებლის მიზანია მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთი განკარგოს, როგორც საკუთარი და შესაბამისად, დაუფლება მისაკუთრების მიზნით დამთავრებულია მაშინ, როდესაც დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა ფლობდეს და განკარგოს სხვისი ქონება, როგორც საკუთარი; ნივთის ფიზიკურად დაუფლება არ ნიშნავს მისაკუთრების მიზნის პრაქტიკულ რეალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, კი ი. პ–ი საბოლოოდ არ დაეუფლებია ა–ას კუთვნილ ნივთებს, რის გამოც ძალადობა გამოიყენა მისი წინააღმდეგობის დათრგუნვის მიზნით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.2. საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შემდეგ საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ი. პ–მა ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგით:

5.3. 2024 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ....... მიმდებარედ გაჩერებულ ,,ტოიოტა პრიუსი“-ს ფირმის ავტომობილში (სახელმწიფო ნომერი - .....), ი. პ–მა ა–ას ხელიდან გამოგლიჯა და მიისაკუთრა მისივე კუთვნილი ხელჩანთა, მასში მოთავსებული ,,რედმი ა20“ ფირმის მობილური ტელეფონით და 600 ლარით.

5.4. 2024 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ....... მიმდებარედ გაჩერებულ ,,ტოიოტა პრიუსი“-ს ფირმის ავტომობილში (სახელმწიფო ნომერი - .....), ი. პ–მა ა–ას ხელიდან გამოგლიჯა და მიისაკუთრა მისივე კუთვნილი ხელჩანთა მასში მოთავსებული ,,რედმი ა20“ ფირმის მობილური ტელეფონით და 600 ლარით. ა–ას კუთვნილი ნივთებისა და ფულადი თანხის მისაკუთრების შემდეგ, განხორციელებული ძარცვის დაფარვისა და დაშინების მიზნით, რათა ა–ას სამართალდამცავ ორგანოებში არ განეცხადებინა მომხდარის შესახებ, ი. პ–მა თანნაქონი ჩაქუჩი რამდენჯერმე ჩაარტყა მას სახისა და თავის არეში, რამაც მისი ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

5.5. სასამართლო ფაქტების დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით – საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში და მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში: საქართველოს სსსკ-ის) მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი).

5.6. სასამართლო თავდაპირველად განმარტავს, რომ დანაშაულებრივი ქმედების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია და ფაქტების სწორად დადგენა სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა, თუმცა ამ საკითხზე მსჯელობისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს ბრალდების უცვლელობის პრინციპი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისთვის წინასწარ განჭვრეტადია, როდესაც ქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია (დე სალვადორ ტორესი ესპანეთის წინააღმდეგ (De Salvador Torres v. Spain), განაცხადი no. 21525/93, ადამიანის უფლებათა ევროპული 49 სასამართლოს 1996 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 33; იუჰა ნუუტინენი ფინეთის წინააღმდეგ (Juha Nuutinen v. Finland), განაცხადი no. 45830/99, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

5.7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ი. პ–ს ბრალი დაედო ყაჩაღობაში (თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით), რაც მაკვალიფიცირებელ ნიშნად არ ითვალისწინებს მნიშვნელოვან ზიანს. აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალდების შესახებ დადგენილებაში დეტალურადაა მითითებული დაზარალებულისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის შესახებ, რისი გათვალისწინებითაც ქმედების ძარცვით კვალიფიკაციისას საჭიროა მაკვალიფიცირებელი ნიშნის (მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანი) მითითება, რაც შეფასების გარეშე ვერ დარჩება, რადგან ბრალდების შემადგენლ ორგანულ ელემენტს წარმოადგენს.

5.8. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნას, რომ „საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“, აგრეთვე – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ „კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც ბოჭავს მოსამართლეს არ გამოიყენოს და უგულებელყოს ფუნდამენტური და იმპერატიული კონსტიტუციური პრინციპები იმ მიზეზით, რომ მხარეები არ აპელირებენ მათზე, გამორიცხავს სამართლიანი სასამართლო განხილვისა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს“ „შეჯიბრებითობის პრინციპი ... არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მოსამართლეს თავისთავადი ვალდებულებისგან, ითვალისწინებდეს და სწორად იყენებდეს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს იმისგან დამოუკიდებლად, მხარე რამდენად ჯეროვნად ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას და მიუთითებს თუ არა მოსამართლეს სამართლის სათანადო წესების და პრინციპების გამოყენების აუცილებლობაზე; „შესაძლოა არსებობდეს რიგი საკითხებისა, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ საკუთარი ინიციატივით და მხარეთა მოთხოვნის მიუხედავად უნდა შეამოწმოს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება).

5.9. ამდენად, საკასაციო პალატა იმსჯელებს, როგორც დადგენილ კვალიფიკაციაზე, ასევე დაცვის და ბრალდების მხარეების საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლებზე.

5.10. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია, რომ დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები არის ურთიერთგამომრიცხავი, რის გამოც, ისინი არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში, პალატას არ გააჩნია საფუძველი საეჭვოდ მიიჩნიოს მათი ჩვენებები, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა. ამასთან, შესაძლოა დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც მათი ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველი გახდებოდა. მათ მიერ მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არსებითად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. საგულისხმოა, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებიდან სასამართლოში ჩვენებების მიცემამდე გავიდა რამდენიმე თვე, რის გამოც, სრულიად შესაძლებელია მათ არ ახსოვდეთ გარკვეული დეტალები.

5.11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ი. პ–ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში გამართლების შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: დაზარალებულ ა–ას, მოწმეების: ვ–ის, ო-ის ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, თ....... მდებარე შპს ,,მ.....“-დან გამოთხოვლი, ადმინისტრაციულ შენობაზე დამონტაჟებული გარე პერიმეტრის საკონტროლო ვიდეოკამერის ჩანაწერების დათვალიერების ოქმით, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N......... ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №.......... დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

5.12. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ ა–ას ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მან დაწვრილებით, დეტალურად და დამაჯერებლად გადმოსცა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, საქმეში არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც სასამართლოს დაზარალებულის მიკერძოებასა და დაინტერესებაში დაარწმუნებდა. გარდა ამისა, მისი ჩვენება სრულად თანხვდება მოწმეთა ჩვენებებსა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

5.13. ა–ას ჩვენებით დადგენილია, რომ ექვსი წელია ცხოვრობს ს–ში და სექსმუშაკია. 2024 წლის 5 იანვარს, იმყოფებოდა თ..... რაიონში. გვიან ღამით, უკვე 6 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, გაუჩერა თეთრი ფერის ავტომანქანამ, რომელსაც მართავდა დაახლოებით 50-55 წლის სათვალიანი, მელოტი მამაკაცი. აღნიშნულ მამაკაცს შეუთანხმდა 50 ლარის სანაცვლოდ სქესობრივი ურთიერთობის დამყარებაზე და ჩაუჯდა უკანა სავარძელზე. მამაკაცმა ავტომანქანა იქვე ახლოს გააჩერა, ე.წ. ახალ ავტოსამრეცხაოსთან, გადავიდა უკანა სავარძელზე და დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. სქესობრივი კავშირის დამყარების შემდეგ, ავტომანქანის მძღოლმა მას წაართვა თანნაქონი მობილური ტელეფონი და ჩანთა, რომელშიც ედო 600 ლარი. მისივე განმარტებით, ხელჩანთაში გადახდილი ჰქონდა 25 ლარი, ხოლო მობილური ტელეფონი შეძენილი ჰქონდა დაახლოებით 3 თვის წინ 280 ლარად. ტელეფონისა და ჩანთის წართმევის შემდეგ დაზარალებული ეჯაჯგურებოდა მამაკაცს, სთხოვდა კუთვნილი ნივთების დაბრუნებას, რაზედაც უარი მიიღო. ამის შემდეგ, ავტომანქანის მძღოლმა მას უთხრა, რომ მომხდარის შესახებ პოლიციისათვის არ განეცხადებინა, რასაც შიშის გამო დაეთანხმა. მიუხედავად ამისა, მამაკაცმა მისი სავარძლის გვერდით არსებული სივრციდან ამოიღო მცირე ზომის ჩაქუჩი, რომელიც 4-5 ან მეტჯერ დაარტყა თავის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ტკივილი და წამოუვიდა სისხლი. სისხლის მოსაწმენდად, ავტომანქანის მძღოლი გადავიდა ავტომანქანიდან და აპირებდა საბარგულიდან წყლის ამოღებას, რა დროსაც დაზარალებულმა იხელთა დრო, გადმოვიდა ავტომანქანიდან და გაიქცა. მას ფეხით გამოეკიდა ი. პ–ი, რომელიც რუსულად უყვიროდა, რომ პოლიციაში არ განეცხადებინა მომხდარი ფაქტი. იგი ცდილობდა გამვლელი ავტომანქანების გაჩერებას, თუმცა მძღოლები არ აჩერებდნენ. საბოლოოდ, გაუჩერა ერთმა ტაქსმა, რომელმაც იგი უფასოდ მიიყვანა საავადმყოფოში, სადაც გაუწიეს სათანადო დახმარება. საავადმყოფოდან წამოსვლის შემდეგ მივიდა პოლიციაში, სადაც თარჯიმნისა და გარეშე პირის დახმარებით დაწერა განცხადება, მის მიმართ განხორციელებული დანაშაულის შესახებ. მისი მონაწილეობით ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები.

5.14. დაზარალებულ ა–ას მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამყარებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, ა–ამ მიუთითა თ.......- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ადგილზე და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ადგილას, 2024 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, ჩაუჯდა თეთრი ფერის ,,ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანაში (სახ. ნომერი - ......) მისთვის უცნობ მამაკაცს. ამ ადგილზე განთავსებულია შენობა, რომელიც აღჭურვილია გარე პერიმეტრის საკონტროლო ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობით. ამის შემდეგ, ა–ამ მიუთითა დგილას გადასცა ავტომანქანის მძღოლს ჩანთა, მასში მოთავსებული თანხითა და ტელეფონით, რის შემდეგაც ამ მამაკაცმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ჩაარტყა მეტალის მცირე ზომის ჩაქუჩი თავის არეში.

5.15. საგამოძიებო ექსპერიმენტში მითითებული გარემოებები ასევე დასტურდება თ-....ს მდებარე შპს ,,მ...“-დან გამოთხოვლი, ადმინისტრაციულ შენობაზე დამონტაჟებული გარე პერიმეტრის საკონტროლო ვიდეოკამერის ჩანაწერების დათვალიერების ოქმით. კერძოდ, 01-06-2024 01:04:04 საათზე, კადრში ჩნდება ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც ტანთ აცვია ღია ფერის ქურთუკი, თავზე ახურავს ღია ფერის ქუდი, აცია მუქი ფერის შარვალი და ფეხზე აცვია ღია ფერის ფეხსაცმელი. აღნიშნულ პიროვნება ა–ას განმარტებით, გახლავთ თავად. 01-06-2024 01:04:25 საათზე, ვიდეოკამერის კადრში ჩნდება მოთეთრო ფერის ,,ტოიოტა პრიუსის“ მარკა/მოდელის ავტომანქანა, რომელიც ჩერდება და ა–ა ჯდება ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარიდან უკანა სავარძლის მარჯვენა მხარეს, ხურავს კარებს და ავტომანქანა მიემართება თ-ს მიმართულებით.

5.16. 2024 წლის 6 იანვარს, დათვალიერებული იქნა ,,ტოიოტა პრიუსის“ ავტომანქანა და დადგინდა, რომ ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარების გარე გამღებ სახელურს აღენიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები; ასევე კარების გამღები სახელურის ზედაპირზე აღინიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები; ანალოგიური ლაქები აღინიშნებოდა უკანა მარჯვენა კარის საფარის ზედაპირზე. ავტომანქანის უკანა სავარძლის შალითა იყო არეულ მდგომარეობაში. უკანა სავარძლის შალითას აღენიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები.

5.17. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №....... დასკვნით დადგენილია, რომ პაკეტში, წარწერით: ...ანაწმენდები (უკანა მარცხენა კარის გარე სახელურიდან, ...უკანა მარცხენა კარის შიდა სახელურიდან, ...საჭის ცენტრალური პანელიდან, ...საჭის რკალიდან და ...სიჩქარის გადამრთველის სახელურის ზედაპირიდან) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ი. პ–ს. პაკეტში, წარწერით: ...მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა–ას. პაკეტებში, წარწერებით: ...ავტომანქანის უკანა სავარძლის დასაჯდომის შალითა, მოწითალო ფერის ლაქებით ამოღებული ავტომანქანის უკანა სავარძლის დასაჯდომის ზედაპირიდან და ...ავტომანქანის უკანა სავარძლის საზურგის შალითა, ამოღებული ავტომანქანის უკანა სავარძლის საზურგის ზედაპირიდან მოთავსებულ შალითებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა–ას. პაკეტში წარწერით: ...მოყვითალო ფერის სვიტერი, რომელიც ეკუთვნის ა–ას, მოთავსებულ სვიტერზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. გენეტიკური პროფილი და ამავე სვიტერზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა–ას.

5.18. შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურის 2024 წლის 8 თებერვლის N.... ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N..... საქმეზე, 2024 წლის 6 იანვარს, ქ. თ....... მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანა ,,ტოიოტა პრიუსი“-დან (სახ. ნომრით .....) ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის და იდენტურია ბრალდებულ ი. პ–ისაგან (დაბადებული .... წელს, პ/ნ. .......) და დაზარალებულ ა–ასაგან (დაბადებული .... წელს, პასპორტის ნომერი ......) აღებული სუნის ნიმუშების.

5.19. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2024 წლის 8 იანვარს, ა–ამ ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო N1 ფოტოზე გამოსახული პირი და განაცხადა, რომ 2024 წლის 6 იანვარს სწორედ აღნიშნულმა პირმა, გასტაცა მისივე კუთვნილი ხელჩანთა, მობილური ტელეფონი და ფული, ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

5.20. სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 5 თებერვლის N...... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი შ.პ.ს. „ჯ-“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N.......ის და ამავე კლინიკის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ჩანაწერების მიხედვით, ა–ა აღნიშნულ კლინიკაში მოუთავსებიათ 06.01.2024წ. 03:25სთ-ზე. მას დაუდგინდა დიაგნოზი: სკალპის ღია ჭრილობა, ლოყისა და საფეთქელ-ქვედა ყბის არის ღია ჭრილობა. აღნიშნული დოკუმენტაციის მიხედვით, პაციენტს აღენიშნებოდა სისხლმდენი ჭრილობები შუბლისა და მარცხნივ ყვრიმალის არეში. 08.01.2024წ-ს, ა–ას პირადი შემოწმებისას, სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთის, ნაჭდევების, უსწორო კიდეებიანი ზედაპირული ჭრილობებისა და ქირურგიულად დამუშავებული – გაკერილი ჭრილობების სახით. დაზიანებები სისხლნაჟღენთის, ნაჭდევებისა და უსწორო კიდეებიანი ჭრილობების სახით – განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები გაკერილი-ქირურგიულად დამუშავებული ჭრილობების სახით იზოლირებულად აღებული მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციებში ჭრილობების მორფოლოგიური სურათი აღწერილი არ არის, ხოლო პირადი შემოწმებისას ჭრილობები არის ქირურგიულად დამუშავებული – გაკერილი. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ 06.01.2024 წ. თარიღს.

5.21. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, დაზარალებულ ა–ას მიერ აღწერილი ი. პ–ის მიერ განხორციელებული ქმედებები, რაც საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთად საკმარისია დასკვნისათვის, რომ ი. პ–მა ჩაიდინა ჯანმრთლებისა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.

5.22. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს პროკურორის მითითებას, რომ მსჯავრდებულმა ი. პ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ვინაიდან საქმის განხილვის შედეგად არ გამოიკვეთა ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირების სავალდებულო ნიშანი - თავდასხმა, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით.

5.23. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია თავდასხმისა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა, რომელიც, თავის მხრივ, ჩადენილი უნდა იყოს სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ყაჩაღობის დროს პირი თავდასხმის გამოყენებით ზემოქმედებს დაზარალებულზე, რათა სხვის მოძრავ ნივთს დაეუფლოს. რაც შეეხება ძარცვას, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია დანაშაულის აშკარად, სხვა პირთათვის ხილულად ჩადენა და მას თავდასხმის ელემენტი არ გააჩნია.

5.24. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაზარალებულზე თავდასხმა წინ უძღოდეს ნივთის დაუფლების მომენტს. იმ პირობებში, კი როდესაც ი. პ–ის მიერ დაზარალებულის კუთვნილი ტელეფონის, ხელჩანთისა და ფულის დაუფლება მოხდა აშკარად, ხელიდან წართმევის გზით, რასაც წინ არ უსწრებდა ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირების მოთხოვნა – საფუძველსმოკლებულია.

5.25. სახელმწიფო ბრალდებლის პოზიცია, რომ მართალია ი. პ–ი დაუფლებული იყო აიგუნ მამედოვას ნივთებს, თუმცა არ ჰქონდა მისი განკარვის შესაძლებლობა არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან თავად დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა წაართვა ჩანთა და არ დაუბრუნა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ისინი იმყოფებოდნენ მსჯავრებულის მფლობელობაში არსებულ მანქანაში. რაც შეეხება დაზარალებულის ნივთების დაუფლების შემდეგ ი. პ–ის მიერ განხორცილებულ ქმედებას – აღნიშნული მიმართული იყო დაზარალებულის ნების დათრგუნვისკენ, რათა მას არ მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, რაც სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N......... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მხედველობაში მიღებით წარმოადგენს – სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას.

5.26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დასჯადია ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დაზარალებულის განმარტებით, ი. პ–ი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და მიისაკუთრა მისი კუთვნილი ხელჩანთა, მასში მოთავსებული ,,რედმი ა20“ ფირმის მობილური ტელეფონით და 600 ლარით. საკასაციო პალატის შეფასებით, აიგუნ მამედოვას ჩვენება არის დამაჯერებელი და თანმიმდევრული. მან სასამართლო სხდომაზე როგორც თავისუფალი თხრობისას, ისე მხარეთა შეკითხვებზე ერთმნიშვნელოვნად მიუთითა, ი. პ–ის მიერ დაუფლებული ნივთების თაობაზე, რაც სრულად შეესაბამება, გამოძიების დროს მის განმარტებებს.

5.27. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის განაჩენში და ი. პ–ის ქმედება უნდა დაკვალიფიცრდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით – ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

6. სასჯელის დასაბუთება:

6.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

6.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

6.3. საკასაციო სასამართლო აფასებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, პირად და ეკონომიკურ პირობებს და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ ი. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

6.4. ამასთან, ვინაიდან ი. პ–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.

6.5. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

6.6. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა დაზარალებულ ა–ასთან კონსულტაციის ოქმი – ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების შესახებ, რომლის თანახმად, დაზარალებული თანახმაა მსჯავრდებულ ი. პ–ის მიმართ გავრცელდეს ზემოაღნიშნული გათვალისწინებული შეღავათები.

6.7. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ არ ეთანხმება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ი. პ–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ და მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამნისტიის აქტით დამნაშავე შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ხოლო მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. ვინაიდან, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის ამოქმედების მომენტისათვის ი. პ–ი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე იყო მსჯავრდებული, ზემოაღნიშნული ნორმის იმპერატიული ხასიათიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას ი. პ–ი უნდა გაეთავისუფლებინა სასჯელისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეემცირებინა ან შეეცვალა უფრო მსუბუქი სასჯელით, ამნისტიის შესახებ კანონის ფარგლებში.

6.8. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით გამოძიების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია ამნისტიის აქტი. კერძოდ, გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყდეს თუ გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, რაც გამოძიების ეტაპზე პროკურორის დისკრეციაა.

6.9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი ამნისტიის აქტის საფუძველზე დამნაშავის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისა და მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლების ანდა მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირების ან უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საფუძვლები და ეტაპები.

6.10. შესაბამისად, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, დაზარალებულის პოზიციის მხედველობაში მიღებით, ი. პ–ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან.

6.11. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

6.12. შესაბამისად, ი. პ–ს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, ამავე კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა ლათიბაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ ი. პ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის კ–იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. ი. პ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;

ი. პ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 178-ე მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ი. პ–ი გათავისუფლდეს ამ მუხლით დანიშნული სასჯელისაგან;

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 11 თვით;

5. ი. პ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 12 იანვრიდან;

6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ი. პ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;

7. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

დაზარალებულ ა–ასაგან ამოღებული ტანსაცმელი – დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

,,ტოიოტა პრიუსი“-ს მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით – .......) და ავტომანქანიდან ამოღებული სავარძლის შალითები – დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

ი. პ–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: პასპორტი, მონეტები, საფულე, მასში მოთავსებული 50 ლარიანი კუპიურა, ბარათები, პირადობის მოწმობა, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, ბანკის ქვითრები, ფურცლები, ტელეფონის სილიკონის ჩასადები, სიმ ბარათი და ,,ჰუავეი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი – დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული: მიკრონაწილაკები, სუნის ნიმუშები, მოწითალო ფერის ლაქები, ბიოლოგიური ნიმუშები; ა–ასაგან აღებული: სუნისა და ნერწყვის ნიმუშები; ი. პ–ისაგან აღებული: სუნისა და ნერწყვის ნიმუშები – განადგურდეს;

დისკები და ავტომანქანის იჯარის ხელშეკრულება – შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;

9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე