საქმე N 330100124008460589
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №263აპ-25 28 ივლისი, 2025 წელი
დ-ი გ., №263აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 იანვრის განაჩენზე, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძისა და მსჯავრდებულ გ. დ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, რ. მ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. დ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერის ნიშნით სეუწყნარებლობის მოტივით), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით), საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება), საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის) და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 8 ნოემბერს, ღამის საათებში, ქალაქ თ–ში, გ–ს მე-.. მიკრორაიონი, კორპუსი N.., ბინა N..-ში, გ. დ–მა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, ავლენდა მესაკუთრულ დამოკიდებულებას, უკრძალავდა კონკრეტული ქმედების განხორციელებას, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალია, ს. ლ–ე სცემა, კერძოდ, მოქაჩა თმაში, დივანზე დააგდო და ორჯერ გაარტყა ხელი სახეში, რის შემდეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2023 წლის 8 ნოემბერს, ღამის საათებში, ქალაქ თ–ში, გ–ს მე-.. მიკრორაიონი, კორპუსი N.., ბინა N..-ში, გ. დ–მა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ ავლენდა მესაკუთრულ დამოკიდებულებას, უკრძალავდა კონკრეტული ქმედების განხორციელებას, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალია, ს. ლ–ის მიმართ, დანის გამოყენებით, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა განახორციელა, კერძოდ, უთხრა, რომ მუცელს, ყელს გამოსჭრიდა და მოკლავდა, რის შემდეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2023 წლია 8 ნოემბერს, ღამის საათებში, ქალაქ თ–ში, გ–ს მე-.. მიკრორაიონი, კორპუსი N.., ბინა N..-ში, გ. დ–მა განახორციელა ს. ლ–ის ფსიქოლოგიური იძულება, კერძოდ, წაუყენა მოთხოვნა, რომ თუ კონკრეტული ოდენობის თანხას არ გადაუხდიდა, ს. ლ–ის კუთვნილ ,,აიფონის“ ფირმის მობილურ ტელეფონს უკან არ დაუბრუნებდა.
1.5. 2023 წლია 8 ნოემბერს, ღამის საათებში, ქალაქ თ–ში, გ–ს მე-.. მიკრორაიონი, კორპუსი N.., ბინა N..-ში, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის ნასამართლევი გ. დ–ი აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ს. ლ–ის კუთვნილ ,,აიფონის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიადგა 800 ლარის, მნიშვნელოვანი ზიანი.
1.6. 2023 წლის 21 ნოემბერს, დღის საათებში, გ–ს რაიონის სოფელ მ–ში, განზრახ დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი გ. დ–ი ატარებდა ცივ იარაღს – დანას, რაც ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ბრალადწარდგენილი ქმედებების გ. დ–ის მიერ ჩადენის ფაქტი, თუმცა ცემისა და მუქარის ეპიზოდებში წარდგენილი ბრალდებებიდან ამოერიცხა ქმედების ჩადენა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ივნისის განაჩენით: გ. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. დ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რ. მ–მა, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 იანვრის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ივნისის განაჩენში.
გ. დ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდებით.
გ. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 1/6-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 1/6-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 1/6-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 1/6-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 4 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3.2. 2025 წლის 10 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. დ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რ. მ–მა, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.3. 2025 წლის 27 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით, ასევე გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ანა ცუცქირიძემ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ. დ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდებით და შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორის, დაცვის მხარის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ვერ აკმაყოფილებს კანონიერების, დასაბუთებულობისა და სამართლიანობის სტანდარტს. ბრალდების მხარემ გ. დ–ის მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების დასადასტურებლად წარმოადგინა დაზარალებულ ს. ლ–ის ჩვენება. ბრალდების მხარემ, ასევე დაკითხა დაზარალებულის არასრულწლოვანი (8 წლის) შვილი ა. გ–ა, რომლის ჩვენებაც სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა, ვინაიდან გარდა იმისა, რომ მისი ჩვენება ურთიერთსაწინააღმდეგოა, ასაკიდან გამომდინარე შეუძლებელია მისი გაფრთხილება ცრუ დასმენაზე სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის თაობაზე, შესაბამისად, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია ვერ შეფასდება სანდოდ და უტყუარად. რაც შეეხება, ს. ლ–ის ..... გვერდიდან ამოღებულ ინფორმაციას, რომელიც, თითქოსდა ასახავს გ. დ–სა და ს. ლ–ის მიმოწერას, ვერ დადგინდა, რომ ნამდვილად გ. დ–ი სწერდა მას. ასევე, გ. დ–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ გ– და ს– ერთმანეთის ტელეფონებით სარგებლობდნენ და სრულად შესაძლებელია ს–ს გ–ს ანგარიშიდან თავის ..... ანგარიშზე მიეწერა ის, რაც ბრალდების მხარემ წარმოგვიდგინა და რომლის ავთენტურობაც ვერ დადასტურდა. საგულისხმოა, მსჯავრდებულის მეგობრის, გ– გ–ის, ჩვენება, რომელიც ზუსტად იმ პერიოდში იმყოფებოდა დაზარალებულთან, რა დროსაც ბრალდების მხარე ედავება ძარცვის ჩადენას.
4.2. კასატორის, ბრალდების მხარის პოზიციით, სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ. დ–ის მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენას. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სამართალდამცავ ორგანოებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, გ. დ–ის მიერ შესაძლო ცივი იარაღის ტარების თაობაზე. პირადი ჩხრეკის შუამდგომლობაში, ასევე, განჩინებაში პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, არსადაა დაკონკრეტებული, მოლოდინი, რომ პირადი ჩხრეკის შედეგად დანა იქნებოდა ამოღებული. პირადი ჩხრეკის მთავარი მიზანი მობილური ტელეფონის ამოღება იყო, თუმცა, საქართველოს სსსკ-ის 120-ე მუხლის თანახმად, ასევე ამოღებულ უნდა იქნეს ინფორმაციის შემცველი ყველა სხვა ობიექტი, რომელსაც შესაძლოა მტკიცებულების მნიშვნელობა ჰქონდეს ამ საქმისათვის ან რომელიც აშკარად მიუთითებს სხვა დანაშაულზე. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა ამოღებული, ცივი იარაღი. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მასში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ყველა შემთხვევაში, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ვერ მოხდეს ჩხრეკის ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარება. მოცემულ შემთხვევაში, გაცემული იყო განჩინება პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ და დღის წესრიგში არ დამდგარა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სხვა ნეიტრალური მტკიცებულებებით გამყარების საჭიროება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩვრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო საჩივრების თანახმად: ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მცდარი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, როდესაც გ. დ–ი გაამართლა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდებით, ხოლო დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ ეყრდნობა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო მხარეთა საკასაციო საჩივრების ფარგლებში იმსჯელებს და შეაფასებს რამდენად არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი.
5.3. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, საპროცესო ნორმათა დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა, ასევე დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება გ. დ–ის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახულ ფაქტებთან და სამართლებრივად სწორად დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კი: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.7. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე, სულ მცირე, 6 დღით ადრე იყო საგამოძიებო ორგანოსთვის ცნობილი გ. დ–ის მიმართ პირადი ჩხრეკის თაობაზე სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვის შესახებ, სამართალდამცავები ვალდებულნი იყვნენ, შემთხვევის ადგილზე გასულიყვნენ შესაბამისი რაოდენობით და უზრუნველეყოთ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარება. სამართალდამცავთა ვალდებულებას წარმოადგენს მოიპოვონ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სანდოობის უზრუნველმყოფი მტკიცებულებები, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს. სხვა მოცემულობაა, თუ საგამოძიებო მოქმედება წარიმართებოდა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე. საგულისხმოა, რომ ჩხრეკის ჩამტარებელმა პირებმა ვერ მიუთითეს ხელისშემშლელი ობიექტური გარემოება. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ პირადი ჩხრეკა ჩატარდა მშვიდ ვითარებაში წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ამდენად, საკასაციო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ობიექტურად არსებობდა შესაძლებლობა, ბრალდების მხარეს გაემყარებინა თავისი პოზიცია და გამოერიცხა ეჭვები, რაზეც დაცვის მხარე მიუთითებს.
5.8. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. დ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
5.9. საკასაციო პალატა, ასევე არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მსჯავრდების ნაწილში უკანონოა და არ ეფუძნება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. ასევე, დაცვის მხარის მითითებას, რომ დაზარალებულ ს. ლ–ისა და არასრულწლოვანი მოწმის – ა. გ–ას ჩვენებები არ აკმაყოფილებს სანდოობის კრიტერიუმს, სააპელაციო სასამართლომ კი არასწორად შეაფასა მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტები და გადაწყვეტილება დააფუძნა მოწმეთა არასარწმუნო ჩვენებებსა და მტკიცებულებებს.
5.10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ. დ–ის მიმართ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენის ფაქტები დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გამოკვლეულ, ურთიერთანხვდენილ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ს. ლ–ის, არასრულწლოვანი მოწმის – ა. გ–ას ჩვენებებით, ასევე ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით.
5.11. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: ა) თითოეული მტკიცებულება, მათ შორის, მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; ბ) თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; გ) რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; დ) როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ.: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის N397აპ-14 განაჩენი).
5.12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სწორად შეაფასა და მართებულად მიიჩნია, რომ დაზარალებულ ს. ლ–ისა და ა. გ–ას ჩვენებები აკმაყოფილებდა უტყუარობის სტანდარტს და შეესაბამებოდა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
5.13. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენება არ შეიცავს არსებითი ხასიათის ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ განმარტებებს, ამასთან, თანხვდენილია საქმეში წარმოდგენილ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებთან, რომლებშიც ასახულია მსჯავრდებულსა და ს. ლ–ეს შორის არსებული მიმოწერა. მათი შინაარსი კი, აბსოლიტურ თანხვედრაშია დაზარალებულის მიერ განმარტებულ გარემოებებთან.
5.14. საკასაციო პალატა აფასებს დაზარალებულის ჩვენებას და აღნიშნავს, რომ ძირითადი საკითხი და წინააღმდეგობა, რომელზეც დაცვის მხარე ამახვილებს ყურადღებას, არის ის, თუ რატომ არ გაიზიარა სასამართლომ დაცვის მხარის მოწმის გ– გ–ისა და თავად მსჯავრდებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. საკასაციო სასამართლო ამ შემთხვევაში მიუთითებს, რომ ს. ლ–ის და ა. გ–ას მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ასევე, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებში ასახული მიმოწერის შინაარსობრივი ანალიზის შედეგად, რომელიც თანხვდენილია, დაცვის მხარის მოწმისა და მსჯავრდებულის მიერ მიცემული ჩვენებები დაზარალებულ ს. ლ–ის მიერ განმარტებული გარემოებების საწინააღმდეგოდ, კონკურენტუნარიანი ვერ იქნება და საფუძვლად ვერ დაედება გამამართლებელ განაჩენს. რაც შეეხება, ანდრო გაგუას არასრულწლოვანებას და აღნიშნულის გამო, ჩვენების მიცემამდე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე გაუფრთხილებლობას – აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასებისას ერთგვარ კრიტერიუმს შესაძლოა წარმოადგენდეს ისეთი მნიშვნელოვანი გარანტია, როგორიცაა მოწმის გაფრთხილება მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, თუმცა შეფასებისა და ანალიზის გარეშე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი პირის ჩვენების იმთავითვე არასანდოდ გამოცხადება, სამართლებრივად არასწორია. ამასთან, განსაკუთრებული საფრთხის მატარებელია, ვინაიდან ერთგვარად ჩვენების მიცემის შესაძლებლობას უკარგავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ პირებს.
5.15. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მათში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მათში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა, გონივრულ ეჭვს მიღმა, მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული.
5.16. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.18. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნენ ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძისა და მსჯავრდებულ გ. დ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. მ–ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე