საქმე N 330100124010036952
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №446აპ-25 30 ივლისი, 2025 წელი
ი–ი ს., №446აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ს. ი–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 15 აპრილს, დაახლოებით 23:25 საათზე, თ–ში, უ–ს ქუჩაზე, მ–ს ქუჩის მიმართულებით მოძრაობდა მერსედესის მარკის ავტომობილი, სარეგისტრაციო ნომრით ........, რომელსაც მართავდა თ–ს რესპუბლიკის მოქალაქე, ს. ი–ი. მიუხედავად იმისა, რომ გზაჯვარედინზე იდგა საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“ და მოძრაობა „მარჯვნივ“ მიმთითებელი ნიშანი, მან განახორციელა მარცხნივ მოხვევის მანევრი, დაახლოებით 15 კმ/სთ სიჩქარით, ამასთან, ყურადღება გადაიტანა მისგან ხელმარჯვნივ, რა დროსაც ქვეითთა გადასასვლელ ბილიკზე შეეჯახა ქვეითს, ზ. პ–ს. ქვეითი საავტომობილო გზას კვეთდა ატომობილის მოძრაობის მიმართულების მიხედვით მარცხნიდან მარჯვნივ, სწრაფი სვლით. აღნიშნულით ს. ი–იმ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. ს. ი–ის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის შედეგად ზ. პ–მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 დეკემბრის განაჩენით, ს. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ს. ი–ის დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 4 თვე. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და 10 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – მარინე ლომიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ს. ი–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
2.3. განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ი–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. კ–მა და მოითხოვა ს. ი–ისათვის სასჯელის სახედ ჯარიმის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განაჩენით ბრალდების და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2025 წლის 31 მარტს, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – მარინე ლომიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ს. ი–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ს. ი–ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, ის ფაქტი, რომ დაზარალებულს არ აქვს ანაზღაურებული ზიანი და მას განუსაზღვრა მსუბუქი სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა ს. ი–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულმა უდავო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 43-ე და 53-ე, მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ს. ი–ის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს.
5.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაეთვალა პირობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. ამდენად, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, პირობითი მსჯავრის არაეფექტიანობის შესახებ არგუმენტი საფუძველს მოკლებულია.
5.6. რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას ზიანის აუნაზღაურებლობის შესახებ აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება არის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის N223აპ-21 გადაწყვეტილება). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებაში კი განმარტებულია, რომ: ,,ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელ გარემოებად. ამასთან, ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ზიანის აუნაზღაურებლობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად და შესაბამისად, ვერ იქნება გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის დროს როგორც დამამძიმებელი გარემოება“. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ზემოაღნიშნულ განმარტებებს და მიაჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტი არ შეიძლება მოაზრებული იქნეს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.
5.7. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე