საქმე # 010142225702166918
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №13აგ-25 1 აგვისტო, 2025 წელი
ჯ-ი ა, 13აგ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 აგვისტოს განაჩენით:
1.1. ა. ჯ-ი, - დაბადებული … წლის …. იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 3 ივლისის ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 7 ივლისის ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 7 ივლისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 3 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ა. ჯ-ს შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ა. ჯ-ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა (სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის) განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 158 საათით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ჯ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. 2025 წლის 4 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ა. ჯ-მა, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ არსებული გადაწყვეტილების გადასინჯვა. აპელანტი უთითებდა, რომ მას ჰყავდა კერძო ადვოკატი, რომელიც იცავდა მის ინტერესებს. მან გაასაჩივრა აღნიშნული საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა არ მოხდა განხილვა, იმ პერიოდში თავად იმყოფებოდა ხონის შესაბამის დაწესებულებაში, დამცველმა მას მოთხოვა თანხა, რაც აღარ ჰქონდა და დარჩა ისე. ამჟამად გამოკვეთილია ახალი გარემოება, რათა გაირკვეს ვინ არის დამნაშავე, მან უკანონოდ მოიხადა სასჯელი, ვინაიდან დაზარალებული მას აბრალებდა დანაშაულს, რომელიც არ ჩაუდენია.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ჯ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
5. კასატორი - მსჯავრდებული ა. ჯ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის არგუმენტები, გააანალიზა კასატორის მოსაზრებები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საჩივარში მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით განსაზღვრულ, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის რომელიმე საფუძველს/წინაპირობას.
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ა. ჯ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვას, რომლის მიხედვითაც, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად. მსჯავრდებული საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ იგი არის უდანაშაულო.
3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ა. ჯ-ს არ წარმოუდგენია რაიმე ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც გადასასინჯი განაჩენის დადგენის დროს ცნობილი არ იყო და ამავდროულად, დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის რომელიმე წინაპირობას.
4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ა. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ის მიერ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 აგვისტოს განაჩენი გასაჩივრდა კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში; თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2020 წლის 19 ნოემბერს მსჯავრდებულ ა. ჯ-ის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი გადაეგზავნა თავად მსჯავრდებულსაც. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია მსჯავრდებულის პოზიცია, რომ სააპელაციო საჩივარი არ განხილულა.
5. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N… დასკვნის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დანიშნული სასჯელი ა. ჯ-ს უნდა მოეხადა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიულ სტაციონალური დახმარების შესაბამის სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებაში აკად. ბ. ნ-ის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხ-ი-ქ-ი), არა ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონალური დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც 2020 წლის 17 დეკემბრიდან, სასჯელის მოხდა ა. ჯ-ის მიმართ გაგრძელდა პენიტენციურ დაწესებულებაში, საერთო წესით. მსჯავრდებული ა. ჯ-ი გამოჯანმრთელდა და N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანილ იქნა 2020 წლის 17 დეკემბერს, როდესაც ჯერ კიდევ დარჩენილი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენის გასაჩივრების ვადა, რაც არ მომხდარა მის მიერ. მას ასევე არ მიუმართავს სასამართლოსათვის საკასაციო წესით განაჩენის გასაჩივრებისათვის გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე.
6. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორ ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ მიესადაგება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ რომელიმე საფუძველს და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ა. ჯ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე