¹ბს-301-286(კ-06) 7 ნოემბერი, 2006წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე)
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ნ. ჯ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 26 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ჯ-ამ მოპასუხე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის 2004 წლის 2 ივნისის ¹24/კ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მოსარჩელე 1991 წლიდან მუშაობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1998 წლიდან იყო სამმართველოს ..... თანამდებობაზე. 2004 წლის 2 ივნისს, შვებულებაში ყოფნის დროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის ბრძანებით გათავისუფლდა სამსახურიდან. მოსარჩელემ ზემოაღნიშნული ბრძანება ჩაიბარა 2004 წლის ივლისის ბოლოს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად გათავისუფლებული სამი თანამშრომელი აღადგინეს სამუშაოზე, ხოლო მან სამუშაოზე აღდგენაზე უარი მიიღო იმ მოტივით, რომ ხშირად აცდენდა სამსახურს. მოსარჩელის მოსაზრებით, სამუშაოდან მისი გათავისუფლებისას დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტი, ვინაიდან გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტში არ იყო მითითებული ის ორგანო, რომელშიც შეიძლებოდა აქტის გასაჩივრება, ამ ორგანოს მისამართი და საჩივრის (ან სარჩელის) წარდგენის ვადა. ასევე დარღვეული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის «დ» ქვეპუნქტის მოთხოვნა, რამდენადაც ბრძანება არ იყო დასაბუთებული. სადავო ბრძანებას საფუძვლად ედო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 25 მარტის ¹03, 2004 წლის 16 ივნისის ¹16, 2004 წლის 2 ივლისის ¹24 და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალურ სამმართველოს უფროსის 2004 წლის 29 მარტის ¹16/კ ბრძანებები, თუმცა აღნიშნული სამართლებრივი აქტები ითვალისწინებდა კონკურსის გამოცხადებამდე მოსარჩელის დატოვებას თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად, ახალი დებულების დამტკიცების შემდეგ კი მოხდებოდა მისი დანიშვნა კონკურსის წესით, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია (ს.ფ. 3-5).
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს 2004 წლის 2 ივლისის ¹24/კ ბრძანება, ნ. ჯ-ა აღდგენილ იქნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ..... თანამდებობაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალურ სამმართველოს დაეკისრა მოსარჩელისათვის ერთი წლის იძულებითი განაცდურის _ 468 ლარის ანაზღაურება.
რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 25 მარტის ¹03 ბრძანებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2004 წლის 23 თებერვლის ¹02 ბრძანებით გათვალისწინებული წინასწარი სავალდებულო გაფრთხილების ვადების გასვლასთან დაკავშირებით, ასევე სამინისტროს ლივიდაციისა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და ფუნქციათა გადანაწილების ღონისძიებათა დასრულებამდე, სამინისტროსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოსამსახურეები უნდა დანიშნულიყვნენ მოვალეობის შემსრულებლებად მათ მიერ დაკავებული თანამდებობების მიხედვით, დროებით, სამინისტროსა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებების დამტკიცებამდე. ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დაწესებულებების დამტკიცებული დებულებებით გათვალისწინებულ თანამდებობებზე მოხელეთა თანამდებობებზე მიღება საჯარო მოხელეების კონკურსის წესით დანიშვნამდე მოხდებოდა დროებით, კონკურსის გამოცხადებამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, ნ. ჯ-ა სამუშაოდან გათავისუფლდა ზემოაღნიშნული ბრძანების მოთხოვნათა დარღვევით. მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ფაქტობრივად დაშვებული იყო 2004 წლის 2 ივლისს, მექანიკური შეცდომის შედეგად დათარიღებული იყო 2004 წლის 2 ივნისით. სასამართლოს მოსაზრებით, ნ. ჯ-ას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ ჰქონდა გაშვებული, რადგან დადგენილი იყო, რომ სადავო ბრძანება მან მიიღო 2004 წლის ივლისის ბოლოს, რაც გაასაჩივრა სამინისტროში. სამინისტროდან პასუხი მიიღო 2004 წლის 26 სექტემბერს, ხოლო სასამართლოში სარჩელი შეიტანა 2004 წლის 26 ოქტომბერს, ე.ი. კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ერთი თვის ხელფასი 39 ლარს შეადგენდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მას უნდა ანაზღაურებოდა ერთი წლის იძულებითი განაცდური ხელფასი 468 ლარის ოდენობით (ს.ფ. 72-75).
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, შემდეგი მოტივებით:
აპელანტის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ჯ-ას სამუშაოდან გათავისუფლების დროს ადმინისტრაციის მიერ დაირღვა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2004 წლის 25 მარტის ¹03, 2004 წლის 23 თებერვლის ¹2 და რეგიონალური სამმართველოს 2004 წლის 2 ივლისის ¹24 ბრძანებათა მოთხოვნები, მაგრამ სასამართლოს ეს მითითება ზოგადი ხასიათის იყო და კონკრეტულად არ მიუთითებდა, თუ რაში გამოიხატებოდა ეს დარღვევა. მოსარჩელის სამუშადან გათავისუფლება მოხდა სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ეცნობა ნ. ჯ-ას 2004 წლის 29 მარტს, ე.ი გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე. აღნიშნული დასტურდებოდა მისივე ხელმოწერით. ბრძანების მიღების შემდეგ მოსარჩელეს განემარტა მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების შესახებ. ნ. ჯ-ას ამ განმარტებისა და ბრძანების მიღებიდან ერთი თვის ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსთვის, რის გამოც სარჩელი ხანდაზმული იყო (ს.ფ. 81-83).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება, ნ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ჯ-ა მუშაობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს .... თანამდებობაზე. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის 2004 წლის 29 მარტის ¹16/კ ბრძანებით, სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა ამავე სამმართველოს .... მოვალეობის შემსრულებლად დროებით, სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულებამდე და სამინისტროს დებულების დამტკიცებამდე. ამ ბრძანების გამოცემამდე (რომელსაც საფუძვლად დაედო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 25 მარტის ¹03 ბრძანება), ნ. ჯ-ა სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ წერილობით იქნა გაფრთხილებული 2004 წლის 24 თებერვალს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის საფუძველზე. 2004 წლის 2 ივლისს რეგიონალური სამმართველოს მიერ მიღებულ იქნა ¹24/კ ბრძანება ნ. ჯ-ას .... მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისა და ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცებასთან დაკავშირებით (ს.ფ. 10). საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ლიკვიდაციასა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცებას ადასტურებდა საქმეში არსებული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 23 თებერვლის ¹02, 2004 წლის 25 მარტის ¹03, 2004 წლის 16 ივნისის ¹16, 2004 წლის 2 ივლისის ¹24 ბრძანებები და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის ¹50 დადგენილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან დაწესებულების ლიკვიდაციის გამო. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ლიკვიდირებული დაწესებულების ადგილზე შექმნილ უწყებაში მოხელის თანამდებობაზე აღდგენას, რადგან ეს ფაქტობრივად ნიშნავდა ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ახალ დაწესებულებაში. აქედან გამომდინარე, არ არსებობდა სადავო ბრძანების უკანონოდ ცნობის საფუძველი. შესაბამისად, ვერ დაკმაყოფილდებოდა მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, რადგან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მხოლოდ გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობა წარმოადგენდა სამუშაოზე აღდგენის საფუძველს (ს.ფ. 112-116).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რაც გულისხმობს სასამართლოს უფლებამოსილებას, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. სასამართლო სხდომაზე კასატორის გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო განპირობებული, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი იყო აპელანტის წარმომადგენელ მ. ჭ-ას წერილი, რომლითაც იგი საპატიო მიზეზით ითხოვდა 2006 წლის 20 თებერვლის სასამართლო სხდომის გადადებას. აღნიშნული შუამდგომლობის თაობაზე ცნობილი იყო ნ. ჯ-ვის, ამიტომაც არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. ამასთან, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილი არ იყო საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე, რისი უფლებამოსილებაც სასამართლოს მინიჭებული ჰქონდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 4-19-ე მუხლების თანახმად.
კასატორის განმარტებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო ლიკვიდირებული არ ყოფილა, მას არც ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და საქმიანობის საგანი შეუცვლია.
კასატორის მოსაზრებით, დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისათვის უნდა დამდგარიყო შემდეგი სამართლებრივი პირობა: დამტკიცებულიყო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და მისი მოპასუხე სამმართველოს დებულებები. საქართველოს მთავრობამ სამინისტროს დებულება დაამტკიცა 2004 წლის 12 ივლისს ¹50 დადგენილებით, სამმართველოს დებულება კი დამტკიცდა 2005 წლის 10 მარტის ¹30 ბრძანებით. აქედან გამომდინარე, კასატორის გათავისუფლება დაუშვებელი იყო 2005 წლის 10 მარტამდე. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 25 მარტის ¹03 ბრძანების მე-4 პუნქტი ითვალისწინებდა კასატორის დროებით დანიშვნას კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსის გამოცხადებამდე. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს 2004 წლის 29 მარტის ¹16/კ ბრძანების საფუძველი იყო მინისტრის 2004 წლის 25 მარტის ¹30 ბრძანება, უნდა გამოცხადებულიყო და ჩატარებულიყო კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსი, რაც სამინისტროს არ განუხორციელებია.
კასატორის მითითებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოში განხორციელდა რეორგანიზაცია, რომელსაც შედეგად არ მოჰყოლია შტატების შემცირება, თანამდებობა, რომელზეც იგი მუშაობდა, დღემდე არსებობდა. გარდა ამისა, სადავო ბრძანება არ შეესაბამებოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-54-ე მუხლებს და ამავე კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად არსებობდა მისი ბათილობის საფუძველი. ამასთან, აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად ედო ისეთი აქტები, რომლებიც არ ითვალისწინებდა კასატორის სამსახურიდან გათავისუფლებას (ს.ფ. 123-129).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სწორად არ არის გამოკვლეული საქმის გარემოებები, არასწორად არის შეფარდებული კანონის ნორმა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქმეზე დადგენილია:
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 25 მარტის ¹03 ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, სამინისტროს ლიკვიდაციასა და მისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, სამინისტროს ლიკვიდაციისა და საქვეუწყებო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და ფუნქციათა გადანაწილების ღონისძიებათა დასრულებამდე, სამინისტროსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოსამსახურეები დაინიშნენ მოვალეობის შემსრულებლებად მათ მიერ დაკავებული თანამდებობების მიხედვით, დროებით, სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებების დამტკიცებამდე. ამავე ბრძანების მე-4 პუნქტით განისაზღვრა, რომ სამინისტროსა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების დამტკიცებული დებულებებით გათვალისწინებულ თანამდებობებზე მოხელეთა მიღება (დანიშვნა) საჯარო მოხელეების კონკურსის წესით დანიშვნამდე მოხდებოდა დროებით, კონკურსის გამოცხადებამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს 2004 წლის 29 მარტის ¹16/კ ბრძანებით ნ. ჯ-ა გათავისუფლდა სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან და დაინიშნა ამავე სამმართველოს მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად დროებით, სალიკვიდაციო-სარეორგანიზაციო ღონისძიებების დასრულებამდე და სამინისტროს დებულების დამტკიცებამდე;
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 14 ივნისის ¹16 ბრძანებით სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მუშაკებს გაუგრძელდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადა რეგიონალური სამმართველოების საშტატო ნუსხის დამტკიცებამდე;
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ¹24 ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხა;
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს 2004 წლის 2 ივნისის ¹24/კ ბრძანებით ნ. ჯ-ა გათავისუფლდა მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს საშტატო ნუსხის დამტკიცებასთან დაკავშირებით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ნ. ჯ-ა სადავოდ ხდის მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების თაობაზე სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს 2004 წლის 2 ივნისის ¹24/კ ბრძანებას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტი გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას, რამდენადაც მოსარჩელე გათავისუფლებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ლიკვიდაციის გამო.
გათავისუფლების მომენტისათვის მოსარჩელე ნ. ჯ-ა წარმოადგენდა არა ლიკვიდირებული გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეს, არამედ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის თანამშრომელს _ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელს. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 25 მარტის ¹03 ბრძანების თანახმად, რომელიც მოსარჩელის გათავისუფლების ბრძანების ერთ-ერთი საფუძველია, სამინისტროს ახლად დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებულ თანამდებობებზე მოხელეთა დანიშვნას საჯარო მოხელეების კონკურსის წესით დანიშვნამდე ითვალისწინებდა დროებით, კონკურსის გამოცხადებამდე, «კანონმდებლობით დადგენილი წესით» (მე-4 პუნქტი).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ჯ-ას გათავისუფლების შესახებ ბრძანება შეფასებულ უნდა იქნეს მისი უშუალო საფუძვლის _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 25 მარტის ¹03 ბრძანებასთან ერთობლიობაში. ერთი მხრივ, 2004 წლის 25 მარტის ¹03 აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტი სამინისტროს მოსამსახურეთა მოვალეობის შემსრულებლად ყოფნის ვადას განსაზღვრავს ახალი დებულების დამტკიცებამდე, მიუხედავად იმისა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი საჯარო მოხელის მოვალეობის შემსრულებელი სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით _ კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე. მეორე მხრივ, ამავე ბრძანების მე-4 პუნქტი ახლად დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებულ თანამდებობებზე მოხელეთა მიღებას ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დროებით, მოხელეთა კონკურსის წესით დანიშვნამდე. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 14 ივნისის ¹16 ბრძანებამ, რომელმაც სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მუშაკებს გაუგრძელა სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადა რეგიონალური სამმართველოების საშტატო ნუსხის დამტკიცებამდე, შეცვალა ზემოაღნიშნული 2004 წლის 25 მარტის ¹03 ბრძანების მხოლოდ მე-2 პუნქტის პირობა, ამავე ბრძანების მე-4 პუნქტის დათქმის უცვლელად დატოვების პირობებში. იმავდროულად, მართალია, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს 2004 წლის 29 მარტის ¹16/კ ბრძანებით ნ. ჯ-ა ამავე სამმართველოს მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა დროებით, სალიკვიდაციო-სარეორგანიზაციო ღონისძიებების დასრულებამდე და სამინისტროს დებულების დამტკიცებამდე, მაგრამ აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრული მოვალეობის შემსრულებლად ყოფნის ვადის პირობა ასევე შეფასებას ექვემდებარებოდა ამავე ბრძანების საფუძვლის _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 25 მარტის ¹03 ბრძანების ზემოაღნიშნული მე-4 პუნქტის დანაწესთან ერთობლიობაში. აღნიშნული კი ნიშნავდა იმას, რომ ნ. ჯ-ას შემდგომი შრომითი მოწყობის საკითხი სამინისტროს ახალი დებულებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის პირობებში გადაწყვეტას ექვემდებარებოდა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კანონმდებლობით დადგენილი წესი საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე მოცემულია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონში. აღნიშნული კანონი დაწესებულების ახალი საშტატო განრიგის დამტკიცებას არ განიხილავს მოხელეთა, მათ შორის, მოხელის მოვალეობის შემსრულებელთა სამუშაოდან უპირობოდ გათავისუფლებისა და აღნიშნული საშტატო ერთეულების ამ დაწესებულებაში ადრე დასაქმებულ მოხელეთა მხედველობაში მიღების გარეშე დაკომპლექტების საფუძვლად.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო დაწესებულების ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე მოხელეთა დანიშვნა ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთგამომდინარე პროცესია ამავე დაწესებულებაში ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცებამდე დასაქმებულ მოხელეთა გათავისუფლებასთან, რამდენადაც ახალ საშტატო ერთეულზე თანამშრომელი ისე ვერ დაინიშნება, თუკი არ გათავისუფლდა ძველ საშტატო ერთეულზე დასაქმებული თანამშრომელი.
მოცემულ შემთხვევაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხის ცვლილება განაპირობებდა აღნიშნული დაწესებულებების შიდასტრუქტურულ რეორგანიზაციას და ასეთ შემთხვევაში მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საკითხი გადაწყვეტას ექვემდებარებოდა მხოლოდ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-97-ე მუხლებით დადგენილი წესით, ამავე კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის პირობებში.
«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამავე კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. თავის მხრივ, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლი (სადავო ბრძანების გამოცემის დროისათვის მოქმედი რედაქცია), რომელიც არეგულირებდა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების შემთხვევაში, ასევე არ გულისხმობდა დაწესებულების შტატების შემცირების დროს ადმინისტრაციისათვის მოხელის სამუშაოდან უპირობოდ გათავისუფლების შესაძლებლობის მინიჭებას. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლისა და ძველი შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, შტატების შემცირებისას დაწესებულებას ევალებოდა დარჩენილ საშტატო თანამდებობებზე დასატოვებელ პირთა წრის განსაზღვრა, ანუ უპირატესი დარჩენის საკითხის გამორკვევა აღნიშნულ 36-ე მუხლში განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამასთანავე, თუკი არ არსებობდა იმავე საშტატო ერთეულზე მოხელის დასაქმების შესაძლებლობა, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის 421-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების მოთხოვნიდან გამომდინარე, მოხელის დათხოვნა მაინც დაუშვებელი იყო, თუკი არ გამოირიცხებოდა იმავე დაწესებულებაში მისი შემდგომი დასაქმების შესაძლებლობა და მოხელე თანახმა იყო სხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე. ამდენად, ადმინისტრაცია ვალდებული იყო, შეეთავაზებინა მოხელისათვის შესაბამისი თანამდებობა, რომლის შესაძლებლობაც დაწესებულებას გააჩნდა, მოხელეთა უპირატესი დარჩენის საკითხის გათვალისწინებით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პირობების დაცვის შემდეგ გამოვლინდებოდა, რომ დაწესებულებაში არ არსებობდა შესაბამისი ვაკანსია ან მოხელეს არ ჰქონდა შემოთავაზებული თანამდებობის დაკავების სურვილი, შესაძლებელი იყო მისი გათავისუფლება. დაწესებულების რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების შემთხვევაში ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი გამოცემას ექვემდებარებოდა ადმინისტრაციის მიერ ზემოაღნიშნული აუცილებელი პროცედურის დაცვის გზით, რომლის უგულებელყოფა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის არსებით დარღვევას წარმოადგენდა და ამდენად, გამოცემული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს განეკუთვნებოდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე დაწესებულების ახალი საშტატო ერთეულების დაკომპლექტების საკითხის გადაწყვეტა, პირველ რიგში, უნდა განხორციელებულიყო ამ დაწესებულებაში ადრე დასაქმებულ მოხელეთა ფარგლებში, რაც სადავო შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ დაცული არ ყოფილა.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება გამოცემულია 2004 წლის 2 ივნისს, მაშინ როდესაც სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხა დამტკიცდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ¹24 ბრძანებით. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოსარჩელის გათავისუფლების ბრძანების 2004 წლის 2 ივლისს გამოცემის თაობაზე, რამდენადაც საქმეში არ არსებობს აღნიშნული თარიღით გამოცემული ბრძანება ან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით 2004 წლის 2 ივნისის ბრძანებაში შეცდომის გასწორების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 2004 წლის 2 ივნისს კი, როდესაც მოსარჩელე გათავისუფლდა, მოპასუხე ორგანიზაციის ახალი საშტატო ნუსხა ჯერ არ იყო დამტკიცებული და დაუშვებელი იყო აღნიშნული საშტატო ნუსხის დამტკიცების მოტივით მისი გათავისუფლება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას სააპელაციო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის დარღვევის თაობაზე. კანონის აღნიშნული ნორმა სასამართლოს უფლებას ანიჭებს, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. საქმეში წარმოდგენილია კასატორის წარმომადგენლის წერილი, რომლითაც იგი შუამდგომლობს საქმის განხილვის გადადებას იმ მოტივით, რომ სასამართლო სხდომის დღეს მონაწილეობს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დანიშნული ერთ-ერთი საქმის განხილვაში. აღნიშნულ შუამდგომლობას თან არ ერთვის სასამართლო უწყება, რაც დაადასტურებდა წარმომადგენლის აღნიშნული განცხადების რეალურობას. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის გამოუცხადებლობა ვერ ჩაითვლებოდა საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მის დაუსწრებლად გამოეტანა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შეუძლებელია საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის შესაძლებლობის საკითხი. როგორც კასატორი მიუთითებს, მისი თანამდებობა უცვლელად შენარჩუნდა ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცების შემდეგაც და კონკურსი აღნიშნულ თანამდებობაზე ჯერ არ ჩატარებულა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ გამოურკვევია.
საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, იყო თუ არა ნ. ჯ-ას თანამდებობა კონკურსის წესით დასაკავებელი საჯარო მოხელის თანამდებობა, შესაძლებელი იყო თუ არა ახალი საშტატო განრიგის დამტკიცების შემდგომ სამმართველოს ახალ საშტატო ერთეულებზე მოსარჩელის დასაქმება მოვალეობის შემსრულებლად, თუკი ეს შესაძლებელი იყო, ჩატარებულია თუ არა აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსი და შესაძლებელია თუ არა მოსარჩელის მიერ მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დღეის მდგომარეობით დაკავება. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის საკითხი, იმის გათვალისწინებით, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დაეკისრა მხოლოდ ერთი წლის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რაც მას სადავოდ არ გაუხდია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.