Facebook Twitter

საქმე # 330100122006052282

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №231აპ-25 ქ. თბილისი

მ-ი რ, 231აპ-25 1 აგვისტო, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. რ. მ-ს, - დაბადებულს .. წლის…. მაისს, - ბრალად ედება თავისთვის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, რამაც სხვისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანის მიყენება გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის; შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა რ. მ-მა, 2022 წლის 2 ივნისს, 13:33 საათიდან 14:58 საათამდე პერიოდში, ინტერნეტბანკის საშუალებით, უნებართვოდ შეაღწია მეუღლის - თ. კ-ის სახელზე გახსნილ სს „ს-ს“ საბანკო GE.... ანგარიშზე, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მეუღლის კუთვნილ 4290 ლარს, კერძოდ, 4240 ლარი გადარიცხა ნ. ბ-ის ანგარიშზე GE..., ხოლო 50 ლარი - ლ. ლ-ს ანგარიშზე GE.... რ. მ-ის აღნიშნული ქმედების შედეგად, თ. კ-ს მიადგა 4290 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

· 2022 წლის 25 მაისს, რ. მ-ის მიმართ გამოიწერა №... შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც მსხვერპლთან - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე თ. კ-ან, მის სახლსა და ადგილსამყოფელთან ერთი თვით აეკრძალა მიახლოება. მიუხედავად აღნიშნულისა, რ. მ-მა დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, 2022 წლის 31 მაისს მივიდა თ. კ-ის საცხოვრებელ სახლში, ქ. თ-ში, გ. კ-თა ქუჩის N...-ში მდებარე ბინა N...-ში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენით:

2.1. რ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. რ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 6000 ლარი და საბოლოოდ, რ. მ-ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. მსჯავრდებული რ. მ-ი დააკავეს 2025 წლის 31 იანვარს.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ რ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ს-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განაჩენის გაუქმება და რ. მ-ის გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით, პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ ინდივიდუალურად შეაფასა ყველა მტკიცებულება და მართებულად მიიჩნია, რომ რ. მ-ის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ უტყუარად დადასტურებულია 2022 წლის 25 მაისის შემაკავებელი ორდერით, რომლის მიხედვით, მოძალადე რ. მ-ს 30 დღით აეკრძალა მსხვერპლთან - თ. კ-ან და იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობდა. შემაკავებელი ორდერი ხელმოწერითაა დადასტურებული რ. მ-სა და თ. კ-ის მიერ. შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი უტყუარად დადასტურებულია ასევე შემდეგი მტკიცებულებებით:

7. დაზარალებულმა თ. კ-მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით არ მიეცა ახლო ნათესავის (მეუღლის) მამხილებელი ჩვენება.

8. მოწმე ჯ. კ-მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ დაზარალებული თ. კ-ი არის მისი შვილი. რ. მ-ი არის მისი სიძე. 2022 წლის 25 მაისს, იმყოფებოდა საკუთარ სახლში და რ. მ-ან ერთად მიიღო ალკოჰოლური სასმელი. რ-ან მოუხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რ-მა დაამტვრია სახლის ფანჯრები. გაერიდა მას და წავიდა სახლიდან. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რ. მ-ის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. საპატრულო პოლიცია ვინ გამოიძახა, დანამდვილებით არ იცის. 2022 წლის 31 მაისს, შინ დაბრუნებულს, სახლში დახვდა რ. მ-ი. რ. მ-ი მთელი ღამის განმავლობაში დარჩა სახლში. მეორე დღეს წავიდა სახლიდან. თ. კ-მა უთხრა, რომ რ. მ-ი წავიდა სოფელში და წაიღო მისი ტელეფონი.

9. მართლწესრიგის ოფიცერმა, მოწმე გ. ჩ-ამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2022 წლის 27 მაისს, მონიტორინგის მიზნით დაეწერა რ. მ-ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი. ერთ-ერთი შემოწმების დროს მსხვერპლმა თ. კ-მა განუცხადა, რომ 2022 წლის 31 მაისს, რ. მ-მა დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები. მივიდა საცხოვრებელ მისამართზე, სადაც დარჩა ღამის განმავლობაში. რ. მ-მა წასვლისას წაიღო დაზარალებულის ტელეფონი.

10. პატრულ-ინსპექტორმა, მოწმე თ. ჯ-მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2022 წლის 25 მაისს, ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე ჯ. მ-ნ ერთად გავიდა ქ. თ-ში, გ. კ-თა ქუჩაზე. ადგილზე მისვლისას დახვდათ რ. მ-ი და თ. კ-ი. თ. კ-მა განმარტა, რომ მეუღლე რ. მ-ს ჰქონდა ეპილეფსიური შეტევა და ამიტომ გადიოდა სახლიდან ხმაური. იატაკზე იყო სისხლის წვეთების კვალი. მამაკაცი იყო ალკოჰოლური სასმლით მთვრალი. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, თუმცა მამაკაცს დახმარება არ დასჭირდა. ქალბატონმა მასთან გასაუბრებისას უარყო ძალადობის ფაქტი. საუბრისას დაზარალებული შეშინებული იყო. სახეზე აღენიშნებოდა დაზიანება, რაზედაც განმარტა, რომ რამდენიმე დღით ადრე აბაზანაში წაქცევისას მიიღო. აშკარა იყო ჩხუბის კვალი. საინფორმაციო ბაზაში იყო დაფიქსირებული, რომ ადრეც იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერი რ. მ-ს მიმართ. შეფასდა, რომ იყო ძალადობის ფაქტი და გამოიცა შემაკავებელი ორდერი.

11. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას პატრულ-ინსპექტორმა, მოწმე ჯ. მ-მ.

12. ამ ყოველივეზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების უტყუარი და საკმარისი ერთობლიობით დასტურდება რ. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც იგი კანონიერად და სამართლიანად არის მსჯავრდებული.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს (რომლის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია) და ამავე მუხლის მე-5 პუნქტს (რომლის თანახმად, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის 381​1-ე მუხლით, ან იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

14. სასამართლო მიუთითებს, რომ საჩივრის განხილვის თარიღისათვის სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულ თ. კ-ის თანხმობა „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების შესახებ. შესაბამისად, არ არსებობს „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.

15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე