Facebook Twitter

საქმე # 330100124008469335

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №342აპ-25 ქ. თბილისი

ა. მ. 342აპ-25 31 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ა-ს, – პირადი ნომერი: ...., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

1.1. ბ. თ-ს დაფუძნებული ჰქონდა კომპანიები: შპს „ა.“ (რომლის თავდაპირველი სახელწოდება იყო შპს „ბ-ს დ.“), შპს „ს.-დ. კომპანია ა.“, შპს „ა. დ-ი“, შპს „ა. თ-ი“ და შპს „ა. ს.“, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა თბილისში, სხვადასხვა მისამართზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და მოქალაქეებზე ბინების რეალიზაცია. ბ. თ-მ თ-ში მდებარე ოფისებში მოქალაქეებთან გააფორმა ბინის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც, უნდა აეშენებინა საცხოვრებელი კორპუსები და მყიდველებისათვის საკუთრებაში დაერეგისტრირებინა ბინები. დაზარალებულებთან შეთანხმების მიუხედავად, ბ. თ-მ საჯარო რეესტრში არ დაარეგისტრირა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები და აღნიშნული გზით, ერთსა და იმავე მისამართზე ასაშენებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა ერთდროულად რამდენიმე მოქალაქეზე და გაასხვისა იმაზე მეტი ფართი, ვიდრე მის კომპანიებს საკუთრებაში გააჩნდა. მას შემდეგ, რაც ბ. თ-მ მისი კომპანიების სახელით გაყიდა იმაზე მეტი უძრავი ქონება ვიდრე რეალურად კომპანიებს გააჩნდა, ამასთან უძრავი ქონების შემძენ პირებს გაუჩნდათ შეძენილი ქონების მიღებისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნა და დაიწყეს შესაბამისი პროცესი, ბ. თ-მ განიზრახა მეტი ფინანსური სარგებლის მიღება. აღნიშნული მიზნით დაუკავშირდა მ. ა-ს, რომელიც წლების მანძილზე ფიქტიურად დასაქმებული ჰყავდა შპს “ს. კ. ა-ში“ ინვესტიციების მენეჯერად. ბ. თ-მ და მ. ა-მა განიზრახეს, მოტყუებით დაუფლებოდნენ დაზარალებულებზე გადასაცემ ფართს. კერძოდ: დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბ. თ-მ და მ. ა.-მა, 2019 წლის 16 დეკემბერს, შეადგინეს უძრავი ქონების ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბ. თ-მ მ. ა-ს თითქოსდა მიჰყიდა – თ-ში, ბ-ს ქუჩა N..; ს-ს ქუჩა N..; ს-ს ქუჩა N..-ში (ს.კ. ....) ოთხი ბინა – 90 კვ.მ; 174.5 კვ.მ; 85 კვ.მ; 120 კვ.მ. ასევე, – ექვსი ავტოსადგომი, თითოეული – 15 კვ.მ. ფართის. საერთო ჯამში, ნასყიდობის ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა – 307 750 აშშ დოლარი. ხელშეკრულებაში მიუთითეს, თითქოსდა მ. ა-ს გადახდილი ჰქონდა 2017-2018 წლებში, მაშინ, როდესაც მ. ა-ს არც აღნიშნული თანხის დამადასტურებელი შემოსავალი გააჩნდა და არც – კომპანიაში თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი. ხელშეკრულების საფუძველზე, ბ. თ-მ და მ. ა.მა, თაღლითური მოლაპარაკების თანახმად, დაზარალებულების მიერ შეძენილი უძრავი ქონებები დაარეგისტრირეს მ. ა-ს საკუთრებად, კერძოდ: ბ. თ-ს მითითებით, მ. ა.მა შეძლო და თ-ში, ს--ს ქუჩის N..-ში საკუთრებაში დაირეგისტრირა 469.5 კვადრატული მეტრი უძრავი ქონება (ოთხი ბინა). აღნიშნული ქმედებით, ბ. თ. და მ. ა. თაღლითურად, მოტყუებით დაეუფლნენ თ-ში, ს-ს ქუჩის N..-ში უძრავი ქონების შემძენ პირთა კუთვნილ დიდი ოდენობით – 307 750 აშშ დოლარის – ღირებულების ქონებას.

1.1.1. აღნიშნული ქმედებით მ. ა-მ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 ივნისის განაჩენით მ. ა. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

2.1. მ. ა. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

2.2. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, მ. ა-ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – თამარ იაკობიძემ. აპელანტმა მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მ. ა-ს დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრ, სასჯელის განსაზღვრა.

3.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მ. ა-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ი. ხ-მა და მოითხოვა პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა/გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თამარ იაკობიძემ. კასატორი ითხოვს მ. ა-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

5.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მ. ა-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ი. ბ-მა, რომელიც ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას/გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37,41, ECtHR, 20/03/2009).

7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი ითხოვს გამართლებული მ. ა-ს დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში, ხოლო დაცვის მხარე – შესაგებლით – პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას ან გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

7.1. ამდენად, დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ჩაიდინა თუ არა გამართლებულმა მ. ა-მა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

9. ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მ. ა-ს გამართლება განაპირობა.

10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში. არ არის საკმარისი მხოლოდ მატერიალური სარგებლის მიღება, აუცილებელია დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და დანაშაულის სპეციალური ხერხით – დაზარალებულის მოტყუებით/ნდობის ბოროტად გამოყენებით – ჩადენა. მოტყუება, გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით (მაგალითად, წინასწარი შეცნობით ცრუ მონაცემების შეტყობინება ან იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვა, რომლის შეტყობინება სავალდებულო იყო დაზარალებულისათვის)...“ ,,ქმედების სსკ-ის 180-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის აუცილებელია რეალობის დამახინჯებულად მიწოდების მტკიცება“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის №698აპ-19, 2023 წლის 16 მაისის №37აპ-23 განაჩენები).

11. მოცემულ შემთხვევაში, სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპებზე პროცესის მწარმოებელი სუბიექტებისთვის მ. ა-ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს შორის წინააღმდეგობის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის (§12.1) გათვალისწინებით, გამართლებულის ჩვენების გარკვეული დეტალები ქმნიდეს ჩვენების სარწმუნოობასთან დაკავშირებით ეჭვს, თუმცა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება მ. ა-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ:

12. დაზარალებულებმა: ლ. თ-მ, ლ. ვ-მ, ა. ც-მ, თ. ლ-მ, ნ. ყ-მ, გ. დ-მ, პ.ა ც-მა, ა. ს-მ, ი. ა-მა, ს. შ-ს წარმომადგენელმა – მ. მ-მა დაადასტურეს, რომ ბინის შეძენის თაობაზე, როგორც მოლაპარაკებები, ისე – ამავე საკითხთან დაკავშირებული ურთიერთობები არ უწარმოებიათ მ. ა-თან, იგივე დაადასტურეს მოწმეებმა – ი. ჩ-მა და გ. ს-მა (კომპანიის ფინანსური მენეჯერი), რომლებიც კომპანიისგან ბინების შესყიდვით იყვნენ დაინტერესებულნი. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაზარალებულებთან დადებული ყველა ხელშეკრულება, გაფორმებულია დაზარალებულებსა და შპს ,,ს. -დ. კ. ა-ს“ დირექტორ ბ. თ-ს შორის და არც ერთ მათგანში არ ფიგურირებს მ. ა.. დაზარალებულები ადასტურებენ, რომ მ. ა-ც დაზარალებული იყო და რამდენჯერმე უნახავთ კომპანიის ოფისში. მ. ა-ს მიმართ ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქმის მასალებიდან ცნობილი გახდა, რომ რეალურად ბინის ფართების უკმარისობა იყო და ვერ კმაყოფილდებოდნენ ბინის შემძენები, მ. ა-ს კი იმ მომენტისათვის, ანუ 2019 წელს, დიდი ფართები ჰქონდა დარეგისტრირებული. ბინის ფართების არასაკმარისი რაოდენობა გამოწვეული იყო იმით, რომ ბ. თ-მ წინარე ხელშკრულებები არ დაარეგისტრირა რეესტრში, რითაც შესაძლებელი გახდა ერთი და იმავე ბინის რამდენჯერმე გაყიდვა, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია ფართებს შორის გადაფარვა.

12.1. იმ პირობებში, როდესაც ერთის მხრივ, მ. ა-ს საბანკო ანგარიშებზე გზავნილების სახით ჩარიცხული თანხები (2023 წლის 10 ნოემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2013 წლიდან 2018 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდში მ. ა-ს მიერ მიღებული შემოსავლები, მისი გასავლების გათვალისწინებით (გზავნილების თანხას + დეკლარირებული შემოსავალი (ხელფასი) + ბანკის ჩარიცხვები + უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები და გამოკლებული თანხების გასავალი და საბანკო ანგარიშზე შეტანილი ზემოხსენებული თანხები) შეადგენს: 125 407 აშშ დოლარს, 110 600 ევროს, 65 211 ლარს; 2023 წლის 23 ოქტომბრის თემატური რევიზიის აქტისა და რევიზორ ო. ც-ს ჩვენების თანახმად, მ. ა-ს მიღებული აქვს შემდეგი გზავნილები: 2013 წელს – 13 950 აშშ დოლარი და 49 450 ევრო, 2014 წელს – 9 300 აშშ დოლარი, 14 000 ევრო, 2017 წელს – 38 500 ევრო, 2018 წელს –109 390 ევრო. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ბანკებში გადმორიცხულ თანხებს, რევიზიისთვის გამოძიებას არ მიუწოდებია) არასაკმარისია და არ ემთხვევა უძრავი ქონების შესაძენად საჭირო თანხას (2019 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანთა ნასყიდობის ჯამური ფასია – 307 750 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. მხარეები აცხადებენ, რომ გამყიდველს ნასყიდობის ფასი ავანსად სრულად გადაუხადა წინამდებარე ხელშეკრულების დადებამდე. სანოტარო აქტი დადასტურებულია გამყიდველის შპს „ს. -დ. კ. ა-ს“ დირექტორის (ბ. თ.), მყიდველისა (მ. ა.) და ნოტარიუსის (ო. ზ.) ხელმოწერებით)), არ არსებობს შეძენის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, ხოლო, მეორეს მხრივ, არცერთი დაზარალებული მ. ა-ზე არ უთითებს, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე; თავად კომპანია უდასტურებს მ. ა-ს უძრავი ქონების შეძენის ფაქტს და სასამართლო წესით აღიარებს მის მიმართ ვალს, – საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება მ. ა-ს მიერ ბრალადშერაცხილი ქმედების ჩადენა და სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

12.2. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაზიარებული იქნება პროკურორის პოზიცია – მ. ა-ს კომპანიაში ფიქტიური დასაქმებისა და მასზე ხელფასის ფიქტიურად გაცემის ფაქტი – აღნიშნული ვერ ადასტურებს, მ. ა-ს მხრიდან დაზარალებულების კუთვნილი ქონების (თანხების) მოტყუებით დაუფლებას.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას მ. ა-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მტკიცებითი სტანდარტით ვერ დასტურდება მ. ა-ს მიერ ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. მათ შორის, ვერ დასტურდება, რომ: მ. ა-მ მოიპოვა რომელიმე დაზარალებულის ნდობა და ისინი უშუალოდ მ. ა-მ შეიყვანა შეცდომაში ან/და მ. ა-სა და შპს „ს. -დ. კ. ა-ს“ დირექტორ ბ. თ-ს შორის 2019 წლის 16 დეკემბერს დადებული გარიგება მიზნად ისახავდა დაზარალებულთა კუთვნილი უძრავი ქონების დაუფლებას.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

15. იმავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება არ ზღუდავს მხარეებს, ქონებრივი დავის შემთხვევაში, იდავონ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

16. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par .34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017).

17. მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი