Facebook Twitter

საქმე # 330100120003837686

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №306აპ-25 ქ. თბილისი

ლ-ა ბ, 306აპ-25 1 აგვისტო, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2020 წლის 16 დეკემბრის განაჩენით:

1.1. ბ. ლ-ა, - დაბადებული .. წლის ... თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ლ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 18 მარტიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ლ-ამ ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ადევნება, ესე იგი პირადად არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული და სხვა საშუალებით, მათ შორის პირადად ხშირი შეხვედრები, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ; განზრახ მკვლელობა; პოლიციელებზე თავდასხმა, მათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

· დაახლოებით 5 წლის წინ ბ. ლ-ამ გაიცნო არასრულწლოვანი ნ. გ-ძე, რა დროსაც მათ ჩამოუყალიბდათ სასიყვარულო ურთიერთობა. მათი გაცნობიდან დაახლოებით 6 თვეში ბ. ლ-ა ნ. გ-ის მიმართ გახდა ეჭვიანი და აგრესიული, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ნ. გ-ეს უშლიდა სხვებთან მეგობრობას იმ მოტივით, რომ იგი იყო მისი საკუთრება და ყველაფერში უნდა დამორჩილებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა მოკვლით. წლების მანძილზე ბ. ლ-ა არასრულწლოვან ნ. გ-ს სისტემატურად ემუქრებოდა, რომ თუ კი იგი დააპირებდა მასთან დაშორებას, სახეზე შეასხამდა მჟავას და დაამახინჯებდა, რის გამოც არასრულწლოვანი ნ. გ-ძე განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, გაუჩნდა შიში იმისა, რომ ბ. ლ-ა მას რამეს დაუშავებდა, რამაც საერთო ჯამში შეცვალა მისი ცხოვრების სტილი.

· ზ. ფ-სა და ბ. ლ-ას, მის შეყვარებულ ნ. გ-ან დაკავშირებით დაეძაბათ ურთიერთობა, რის გამოც ბ. ლ-ამ ეჭვიანობის ნიადაგზე განიზრახა ზ. ფ-ის განზრახ მკვლელობა. ბ. ლ-ამ, თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2020 წლის 17 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, ზ. ფ-ი გაიხმო თავის საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე თ-ში, ვ-ის 3, მე-.. მიკრორაიონი, ...-ე კორპუსი, ბინა №...-დან, ...-ე და ..-ე კორპუსებს შორის არსებულ მიტოვებულ ავტოფარეხებთან, სადაც ბ. ლ-ამ ხელთ არსებული დანით, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ზ. ფ-ს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ბ. ლ-ა დარწმუნდა, რომ განზრახვა მოიყვანა სისრულეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ზ. ფ-ი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

· ზ. ფ-ის განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის №... საქმეზე, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საჭირო გახდა ბ. ლ-ას გამოკითხვა. აღნიშნულის გამო, 2020 წლის 18 მარტს, დაახლოებით 00 საათსა და 10 წუთზე, თ-ში, ვ-ის 3, მე-... მიკრორაიონი, ყოფილი სააღმზრდელო დაწესებულება „ლ-ნი“, ბინა №...ში მდებარე ბ. ლ-ას საცხოვრებელ სახლში, მას საქართველოს შსს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა - გ. მ-მა, ო. გ-მა და გ. ქ-მა წარუდგინეს უწყება და განუმარტეს გამოკითხვაზე შესაბამის პოლიციის განყოფილებაში გამოცხადების აუცილებლობის შესახებ. ბ. ლ-ამ უწყების ჩაბარებასა და შესაბამისად, ხელის მოწერაზე, უარი განაცხადა, თუმცა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით გამოცხადებაზე დათანხმდა და პოლიციის სამსახურებრივი ავტომანქანა „ტოიოტა პრადო“, სახ.№..., ზემოაღნიშნულ პოლიციელებთან ერთად გაემართნენ საქართველოს შსს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობისაკენ. გზაში, ავტომანქანით მოძრაობისას, თ-ის ქუჩაზე, ბ. ლ-ა პოლიციის თანამშრომლების მიმართ გახდა აგრესიული, დაუწყო მათ გინება, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და ამავდროულად პოლიციის თანამშრომლებს - გ. მ-სა და გ. ქ-ს თავს თაესხა, რა დროსაც მათ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებმა ბ. ლ-ა ბრალდებულის სახით ადგილზევე დააკავეს საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განაჩენით:

3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 16 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ბ. ლ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ბ-ამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ბ. ლ-ას გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის არგუმენტებს, რომელთა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ბ. ლ-ას მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან.

7. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ – ნ. გ-ისა და მოწმეების - ქ. გ-ის, ი. თ-ს, ი. ბ-ის, ს. ჯ-ის, გ. ჟ-ის, კ. ჩ-ის, მ. ბ-ის ჩვენებებზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. ჟ-ის გამოკითხვის ოქმზე, 2020 წლის 18 მარტის გამოთხოვის ოქმზე, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმზე, 2020 წლის 20 მარტის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმზე, შპს „...-ს“ 101-ე ფილიალში გარე და შიდა პერიმეტრებზე დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის N..., ტრასოლოგიური ექსპერტიზის N..., ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N..., სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N..., ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N...., სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნებზე, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N...., ფონოსკოპიური ექსპერტიზის N..., ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N...., ქიმიური ექსპერტიზის N...., ტრასოლოგიური ექსპერტიზის N..., დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N.... და კომპიუტერული ექსპერტიზის N... დასკვნებზე და მიუთითებს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ერთმანეთს სრულად ავსებენ, ნათლად წარმოაჩენენ ბ. ლ-ას მიერ ზ. ფ-ის განზრახ მკვლელობას, ასევე ნ. გ-ს მიმართ ადევნებას, ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტებით.

8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნ. გ-ის, ი. ბ-ისა და ს. ჯ-ის ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად დადგინდა ბ. ლ-ასა და ზ. ფ-ს შორის არებული უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა, რისი მიზეზიც იყო ზ-სა და ნ. გ-ეს შორის მიმოწერა. ზემოხსენებული მოწმეების მიერ მითითებული გარემოებები დადასტურებულია ისეთი ობიექტური მკიცებულებებით, როგორიცაა ბ. ლ-ასა და ზ. ფ-ს შორის არსებული მიმოწერები და შემდეგ დაზარალებულის მიერ ს. ჯ-ის გაგზავნილი ე.წ. სქრინები, რომლებითაც დასტურდება ბ. ლ-ას მხრიდან ზ. ფ-ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და მუქარა. ასევე ზემოხსენებული მტკიცებულებებით არის დადგენილი ის ფაქტი, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე სწორედ ბ. ლ-ან შესახვედრად წავიდა ზ. ფ-ი. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N... დასკვნით კი დადგენილია, რომ ბ. ლ-ას ქურთუკზე არსებულ მოწითალო-მოყავისფრო ლაქებში აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომლის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ზ. ფ-ს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ბრალდების ამ ნაწილში, სამართლის ნორმების სრული დაცვით შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, სწორად დაადგინა ფაქტები და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.

9. ამასთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან დანაზე ბ. ლ-ს გენეტიკური პროფილი არ აღმოჩნდა, აღნიშნული არ გამორიცხავს მისი მხრიდან მკვლელობის ჩადენას და მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც შემთხვევის ადგილიდან ამოღებული შავტარიანი დასაკეცი დანის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ზ. ფ-ს (ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N... დასკვნა), ხოლო ნ. გ-ისა და ი. ბ-ის ჩვენებებით დადგინდა, როგორც დანის ბ. ლ-მი კუთვნილება, ასევე დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის მკვლელობამდე დაპირისპირების არსებობა და ის გარემოებაც, რომ ბ. ლ-ა მოკვლით ემუქრებოდა ზ. ფ-ს; ასევე ის ფაქტი, რომ მკვლელობის დღეს და დროს ზ. ფ-ს მხოლოდ ბ. ლ-ან ჰქონდა შეხვედრა, ხოლო ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ბ. ლ-ა მკვლელობის დღეს ნამდვილად იყო შემთხვევის ადგილზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №1189აპ-24 განჩინება).

10. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ. ლ-ას საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდების შესახებ და მიუთითებს, რომ დაზარალებულ ნ. გ-ის, ასევე მოწმეების - ქ. გ-ის, მ. ბ-ის, ი. თ-ას ჩვენებები და გ. კ-ოს გამოკითხვის ოქმი, ასევე ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი ქმნიან ლოგიკურ ჯაჭვს დასკვნისათვის, რომ ბ. ლ-ა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით არასრულწლოვან ნ. გ-ან ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, რაც მას ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებდა ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნიდა, ხოლო ის ფაქტი, რომ სწორედ ბ. ლ-ას ქმედებამ გამოიწვია ნ. გ-ში ემოციური სტრესი და ფსიქოლოგიური ტანჯვა, დადასტურებულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნით, რომლის თანახმად, ნ. გ-ძე ბ. ლ-ს მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედებების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოხსენებული უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ანალიზით დადასტურებულია როგორც ფაქტები, ასევე მატერიალური სამართლის ნორმის თითოეული ელემენტი, რაც ქმნის დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას - სახეზეა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

11. რაც შეეხება ბ. ლ-ას საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი მუხლით მსჯავრდებას, მის მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია დაზარალებულების - გ. მ-სა და გ. ქ-ის, მოწმეების - ო. გ-ის, ლ. კ-ის, ლ. ბ-ის ჩვენებებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N..., სამედიცინო ექსპერტიზის N... და N... დასკვნებით, 2020 წლის 11 ივნისის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით.

12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული დაცვის მხარის მითითება, რომ თითქოს პოლიციის თანამშრომლებმა თავად მიიყენეს თვითდაზიანებები, რადგან აღნიშნული არ გამომდინარებს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. სასამართლოში დაკითხული დაზარალებულების - გ. ქ-ის და გ. მ-ის ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, ო. გ-ის სამსახურებრივი ავტომანქანით ბ. ლ-ა მიჰყავდათ პოლიციის განყოფილებაში, რა დროსაც იგი მოულოდნელად გახდა აგრესიული, პოლიციელებს დაუწყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, აგინებდა, უწოდებდა „ძაღლებს“ და გ. ქ-სა და გ. მ-ს ურტყამდა ხელებს სახესა და ტანზე. კერძოდ, ბ. ლ-ამ გ. ქ-ს სახეში - ცხვირში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც წამოუვიდა სისხლი და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ხოლო გ. მ-ს თავისა და მარჯვენა მხრის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ასევე დაუზიანა სამსახურებრივი ქურთუკი. დაზარალებულების ჩვენებები გამყარებული თვითმხილველი მოწმე - ო. გ-ის ჩვენებით, ასევე მოწმეების - ლ. ბ-ისა და ლ. კ-ის ჩვენებებით. მართალია, ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრენი თუმცა, მათ დაინახეს პოლიციის შენობაში შემოყვანისას და შემდეგ განყოფილების ხელმძღვანელის ოთხში ბ. ლ-ას აგრესიული ქცევა, ხოლო ლ. კ-მ მიუთითა, რომ იმ დროს როდესაც, გ. მ-სა და გ. ქ-ს კიბეებზე ამოჰყავდათ მოქალაქე, მათ უკან მოჰყვებოდათ ო. გ-ი. გ. ქ-ს, კი ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი. ტრასოლოგიური ექსპერტიზის N.. დასკვნით დადგინდა, რომ გ. მ-ან ამოღებულ სამსახურებრივ ქურთუკს (მარჯვენა სახელოზე) აღენიშნება მექანიკური (შესაძლო ფიზიკური) ზემოქმედების შედეგად, რღვევით (მცირე მონაკვეთებზე ქსოვილის ხევის ნიშნებით) განვითარებული დაზიანება. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N... დასკვნით კი დგინდება, რომ ბ. ლ-ან ამოღებულ ტანსაცმელზე - ჯინსის შარვალზე, სვიტერსა და წყვილ ფეხსაცმელზე აღმოჩნდა გ. ქ-ის სისხლი. სამედიცინო ექსპერტიზის N... და N.. დასკვნებით კი დადგინდა, რომ განხორციელებული თავდასხმისა და ძალადობის შედეგად გ. ქ-მა და გ. მ-მა ნამდვილად მიიღეს დაზიანებები, ხოლო 2020 წლის 11 ივნისის, ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, გ. ქ-ის სისხლი აღმოჩნდა ო. გ-ის სამსახურებრივ ავტომანქანაში.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს საქმეში წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებების (გამოკითხვის ოქმების) სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები კი არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება მოწმეთა ჩვენებების (გამოკითხვის ოქმების), ასევე წერილობითი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

14. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების - თ. კ-ის, გ. წ-ის, ჯ. ც-სა და კ. ლ-ას განმარტებები კონკურენტუნარიანი ვერ იქნება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.

15. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა დაეკითხა ექსპერტები - ე. ჩ-ი და ზ. გ-ი, ასევე მოწმე გ. გ-ი, რადგან ისინი დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა ბარლდების მხარემ, რითაც დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად კი, მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. ამდენად, სწორედ მხარე მოიპოვებს მტკიცებულებებს და განსაზღვრავს რა არის მნიშვნელოვანი მისი პოზიციის დასადასტურებლად. მტკიცებულებათა მოპოვება მთლიანად მხარეზეა დამოკიდებული. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა სასამართლოში წარედგინა მტკიცებულებები, რასაც მისი პოზიციის დასადასტურებლად მიიჩნევდა საჭიროდ.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში წარმოედგინა და გამოეკვლია თავისი მტკიცებულებები, ასევე თანაბარ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის. ამასთან, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ არსებით გარემოებებს, რაც სასამართლოებმა ყურადღების გარეშე დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.

18. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ლ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე