საქმე # 330802225011694163
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№100I-25 ქ. თბილისი
ფ/ფ ჰ-ი ა-ი, 100I-25 1 აგვისტო, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ფ/ფ (F, F) ჰ-ი (H) ა-ის (A-y) ინტერესების დამცველი ადვოკატების – ა. ხ-ისა და მ. თ-ჰი ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 18 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფ/ფ ჰ-ი ა-ის მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:2024 წლის 31 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს შ-ის სამეფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ფ. ა-ი.
2025 წლის 3 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ფ. ა-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2025 წლის 17 იანვარს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა ფ. ა-ის ექსტრადიციის თაობაზე შ-ის სამეფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი მასალა.
2025 წლის 6 თებერვალს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა შ-ის სამეფოს კომპეტენტური ორგანოს დამატებითი შუამდგომლობა ფ. ა-ის ექსტრადიციის თაობაზე და შესაბამისი მასალა.
2025 წლის 27 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ფ. ა-ის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე, 2025 წლის 30 ივნისამდე.
2025 წლის 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ფ. ა-ის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე, 2025 წლის 30 სექტემბრამდე.
ფ/ფ ჰ-ი ა-ის მიმართ შ-ის სამეფოში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:ფ. ა-ის ექსტრადიცია მოითხოვება მის მიმართ 2023 წლის 6 ოქტომბერს დასავლეთ შ-ის სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელის 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდის მიზნით, რაც მას განესაზღვრა შ-ის სამეფოს 2014:307 კანონით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი სახსრების ლეგალიზების სასჯელის შესახებ, მე-3 მუხლის 1-ელი ნაწილის 1-ელი ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (ფულადი სახსრების ლეგალიზება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში).
2024 წლის 13 თებერვალს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში შ-ის უზენაესი სასამართლოს დადგენილების საფუძველზე.
2024 წლის 29 ნოემბერს ფ. ა-ის მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა.
ფ. ა-ის ექსტრადიცია ასევე მოითხოვება მის მიმართ სისხლის სამართლის პროცედურების განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც მითითებულია: გეტერბორგის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებაში ფ. ა-ის დაკავების თაობაზე და ისჯება შვედეთის სამეფოს 1971:69 საგადასახადო სამართალდარღვევათა აქტის მე-2 და მე-4 მუხლებით (საგადასახადო სამართალდარღვევა დამამძიმებელ გარემოებებში); შვედეთის სამეფოს 2014:307 კანონით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი სახსრების ლეგალიზების სასჯელის შესახებ, მე-3 მუხლის 1-ელი ნაწილის 1-ელი ქვეპუნქტით, მე-4 მუხლითა და მე-5 მუხლის 1-ელი ნაწილით (ფულის გათეთრება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში); შვედეთის სამეფოს 2014:307 კანონით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი სახსრების ლეგალიზების სასჯელის შესახებ მე-7 მუხლით (ბიზნესთან დაკავშირებული ფულის გათეთრება დამამძიმებელ გარემოებებში).
2024 წლის 11 დეკემბრიდან ფ. ა-ი იძებნება ინტერპოლის არხებით.
ფაქტები:3.1. შ-ის სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაშიც ფ. ა-ი მსჯავრდებულია, გამოიხატა შემდეგით:
2019 წლის 27 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე, ქალაქ გ-ში და მის შემოგარენში, ფ. ჰ-ი ა-ი, როგორც შ-ში რეგისტრირებული კომპანიის – ,,N..“-ის წარმომადგენელი, განზრახ მოქმედებდა დანაშაულებრივი წარმოშობის ფულადი სახსრების ლეგალიზაციის მიზნით და განახორციელა 538,138 ევროს ოდენობის ფულადი სახსრების მიღება და შემდგომი განკარგვა. 2019 წლის 27 აგვისტოს კომპანია ,,N..B“-მ მიიღო 538 138 ევრო, რაც ფორმალურად გაფორმებული იყო, როგორც ,,S-d“-ისგან მიღებული თანხა ნავთობპროდუქტების შეძენისთვის. მომდევნო დღეს, 28 აგვისტოს, ა-მა განახორციელა ოთხი გადარიცხვა: 265 602 ევრო, 52 280 ევრო, 80 720 ევრო და 134 535 ევრო სხვადასხვა ანგარიშებზე ჰ-ში, უ-სა და თ-ში. 27 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე პერიოდში დამატებით გადარიცხა, დაახლოებით, 5 077 ევრო და თანხის ნაწილი გაანაღდა ან/და პირად ანგარიშზე გადაიტანა. ამასთან, დადგინდა, რომ კომპანიას არ გააჩნდა არც პროდუქცია, არც ლოგისტიკა და არც – შესაბამისი ოპერაციული ბაზა. კომპანიის ზომისა და კომერციული პასიურობის გათვალისწინებით, ასეთი მასშტაბის თანხების მოძრაობა აშკარად შეუთავსებელია რეალურ ბიზნესსაქმიანობასთან. აღნიშნული ქმედებები აშკარად მიზნად ისახავდა დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხების დამალვასა და ლეგალიზაციას. ფ. ჰ-ი ა-ის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული დოკუმენტაცია, მათ შორის, უფლებათა გადაცემის ხელშეკრულებები და ფინანსური დოკუმენტები რეალური საქმიანი ოპერაციების არარსებობის ფონზე, შეფასდა, როგორც ხელოვნურად შექმნილი. მათი მიზანი იყო დანაშაულებრივი ქმედებების შენიღბვა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, დგინდება, რომ ფ. ჰ-ი ა-ი ფლობდა და განკარგავდა ფულად სახსრებს, რომლებიც მიღებული იყო თაღლითობის ან სხვა დანაშაულებრივი გზით და მისი ქმედებები მიმართული იყო აღნიშნული სახსრების წარმომავლობის დაფარვისკენ.
3.2. შ-ის სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაშიც ფ. ა-ი ბრალდებულია, გამოიხატა შემდეგით:
2020 წლის 19 თებერვლიდან 2021 წლის 10 თებერვლამდე, ქალაქ გ-სა და სხვა ადგილებში შ-ის ტერიტორიაზე, ფ. ჰ-ი ა-ი, როგორც ,,I-B“-ის (556518-5930) საბჭოს წევრი და ფაქტობრივი ხელმძღვანელი, განზრახ მოქმედებდა ისე, რომ შ-ის საგადასახადო ორგანოსათვის წარედგინა ყალბი მონაცემები კომპანიაზე დაკისრებული გადასახადების შესახებ. ა-ი უშუალოდ იყო პასუხისმგებელი ,,Interco“-ს საგადასახადო აღრიცხვასა და დეკლარაციებზე. 2020 წლის 13 მარტს დაწყებული საგადასახადო აუდიტის დროს გაირკვა, რომ მან 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის დეკემბრამდე, ხუთ დეკლარაციაში სისტემატურად გაზარდა გადახდილი დღგ-ის მოცულობა, რის შედეგადაც ხელოვნურად შექმნა ცრუ საგადასახადო პოზიცია. არასწორი ინფორმაცია შეეხებოდა შემდეგ საანგარიშო პერიოდებს: 2019 წლის ოქტომბერი-დეკემბერი (12 653 658 კრონა), 2020 წლის იანვარი-მარტი (31 151 657 კრონა), 2020 წლის აპრილი-ივნისი (19 001 592 კრონა), 2020 წლის ივლისი-სექტემბერი (78 695 475 კრონა) და 2020 წლის ოქტომბერი-დეკემბერი (43 152 804 კრონა). ჯამურად მან არასწორად გაზარდა გადასახადის მოცულობა 183 284 507 შვედური კრონით. აღნიშნული დეკლარაციები წარდგენილი იყო: 2020 წლის 19 თებერვალს, 2020 წლის 11 მაისს, 2020 წლის 17 აგვისტოს, 2020 წლის 11 ნოემბერსა და 2021 წლის 10 თებერვალს. ამ ქმედებებმა შექმნა მაღალი საფრთხე იმისა, რომ გადასახადები, რომლებიც შეეხებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, არასწორად ყოფილიყო გადახდილი ან საერთოდ არ შესულიყო ბიუჯეტში. ა-ის ქმედებები ჩადენილია ყალბი მონაცემების სისტემატური გამოყენებით, მიზანმიმართულად და მაღალ საფრთხეს ქმნიდა, როგორც საგადასახადო სისტემისადმი, ისე – ფინანსური კეთილსინდისიერებისადმი.
2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ქალაქ გ-სა და სხვა ადგილებში შ-ის ტერიტორიაზე, ფ. ჰ-ი ა-ი, როგორც ,,I-B“-ის საბჭოს წევრი და ფაქტობრივი ხელმძღვანელი, მონაწილეობდა ორგანიზებულ სქემაში, რომელიც მიზნად ისახავდა ფულის გათეთრებასა და დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხების კანონიერ ბრუნვაში ჩაშვებას. მისი მონაწილეობით ,,I-..o“ ქმნიდა ცრუ წარმოდგენას, თითქოს, კომპანია ლეგალური ელექტრონიკით ვაჭრობდა მაშინ, როდესაც ეს სქემა ემსახურებოდა დღგ-ს თაღლითობას. ამ პერიოდში ა-იმ ,,I-o“-ს საბანკო ანგარიშზე მიიღო ჯამურად, დაახლოებით, 939 000 000 შვედური კრონა (57 მილიონი კრონა 2019 წლის ოქტომბერ-დეკემბერსა და 882 მილიონი კრონა 2020 წლის იანვარ-დეკემბერში), ხოლო ანგარიშებიდან განახორციელა 877 000 000 კრონას ტრანზაქციები (49 მილიონი 2019 წელსა და 828 მილიონი 2020 წელს). მან პირადად, ან მესამე პირების დახმარებით, მოაწყო ასობით გადახდა, რომელიც დაკავშირებული იყო უკანონოდ მოპოვებული შემოსავლის შენახვასა და მის დისტრიბუციასთან. ფულის მოძრაობა ხელს უწყობდა დანაშაულებრივი სქემის დაფარვას და უგულებელყოფდა კანონით დადგენილ ფინანსურ წესებს. ა-ი სრულად აცნობიერებდა იმ გარემოებას, რომ თანხები მიღებული იყო თაღლითური გზით. ტრანზაქციების რაოდენობა, მათი სისტემატური ხასიათი და ორგანიზებულობა ამ დანაშაულს განსაკუთრებულ საფრთხის შემცველად აქცევდა ფინანსური სისტემისთვის.
2020 წლის 30 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის პერიოდში, ქალაქ გ-ში, მ-სა და სხვა ადგილებში შ-ის მასშტაბით, ფ. ჰ-ი ა-ი, როგორც ,,I-B“-ის, ,,S-B“-ისა და ,,F-B“-ის პასუხისმგებელი წარმომადგენელი, აგრძელებდა ფულის გათეთრების სქემას და აფართოვებდა მას დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხების სხვადასხვა კომპანიას შორის გადარიცხვით და უძრავ ქონებაში შემდგომი რეინვესტირებით. 2020 წლის 13 მაისიდან 22 დეკემბრამდე ,,I-o“-ს საბანკო ანგარიშიდან ,,C-al“-ის ანგარიშზე გადაირიცხა 29 054 990 შვედური კრონა. იმავე პერიოდში ,,C-al“-იდან ,,I-o“-ში უკან დაბრუნდა მხოლოდ 16 325 819 კრონა. ,,I-o“-ს საბანკო ანგარიშიდან ,,C-al“-ის ანგარიშზე გადარიცხულმა ნეტო თანხამ შეადგინა 12 729 171 კრონა. 2021 წლის 8 აპრილიდან 31 დეკემბრამდე ,,C-al“-იდან ,,I-co“-ში დამატებით გაიგზავნა 3 699 660 კრონა. გარდა ამისა, 2020 წლის 30 იანვრიდან 12 ნოემბრამდე პერიოდში ,,I-o“-დან ,,Style-ში“ გადაირიცხა 5 738 776 კრონა, საიდანაც მალევე 5 310 000 კრონა გადაირიცხა ,,Style“-იდან ,,C-al“-ში. საბოლოოდ, ,,I-o“-დან ,,C-al“-ში გადარიცხული ნეტო თანხა შეადგენდა 14 339 511 კრონას. აღნიშნული თანხები ა-მა გამოიყენა უძრავი ქონების შესაძენად და გასარემონტებლად. ამ ოპერაციებით ა-ი მიზნად ისახავდა დანაშაულებრივი წარმომავლობის ფულის ლეგალიზაციას ისეთი გარიგებებით, რომლებიც ერთი შეხედვით, წარმოადგენდა ჩვეულებრივ ბიზნეს ინვესტიციებს. ის აცნობიერებდა, რომ თანხები უკავშირდებოდა დღგ-ს თაღლითობის სქემიდან მიღებულ შემოსავალს და ფულს ათეთრებდა მიზანმიმართულად, სისტემატურად და ორგანიზებულად.
3.3. აღსანიშნავია, რომ ფაქტობრივი გარემოებების ნაწილში პროკურატურის შუამდგომლობას სქოლიოს სახით, თან ერთვის უცხოური ვალუტის ოდენობა ქართულ ლარში.
2025 წლის 15 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა – ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა ფ/ფ ჰ-ი ა-ის შ-ის სამეფოში ექსტრადიციის შუამდგომლობის დასაშვებად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 18 ივლისის განჩინებით:საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დასაშვებად იქნა ცნობილი ფ. ა-ის ექსტრადიცია შ-ის სამეფოში მის მიმართ 2023 წლის 6 ოქტომბერს დასავლეთ შვედეთის სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელის 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდის მიზნით, რაც მას განესაზღვრა შვედეთის სამეფოს 2014:307 კანონით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი სახსრების ლეგალიზების სასჯელის შესახებ, მე-3 მუხლის 1-ელი ნაწილის 1-ელი ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (ფულადი სახსრების ლეგალიზება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში).
დასაშვებად იქნა ცნობილი ფ. ა-ის ექსტრადიცია შ-ის სამეფოში, რათა მის მიმართ განხორციელდეს სისხლის სამართლის პროცედურები იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რაც მითითებულია გეტერბორგის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებაში ფ. ა-ის დაკავების თაობაზე და ისჯება შ-ის სამეფოს 1971:69 საგადასახადო სამართალდარღვევათა აქტის მე-2 და მე-4 მუხლებით (საგადასახადო სამართალდარღვევა დამამძიმებელ გარემოებებში); შვედეთის სამეფოს 2014:307 კანონით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი სახსრების ლეგალიზების სასჯელის შესახებ, მე-3 მუხლის 1-ელი ნაწილის 1-ელი ქვეპუნქტით, მე-4 მუხლითა და მე-5 მუხლის 1-ელი ნაწილით (ფულის გათეთრება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში); შვედეთის სამეფოს 2014:307 კანონით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი სახსრების ლეგალიზების სასჯელის შესახებ, მე-7 მუხლით (ბიზნესთან დაკავშირებული ფულის გათეთრება დამამძიმებელ გარემოებებში).
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ფ. ა-ის – ადვოკატები – ა. ხ-ი და მ. თ-ჰი ა-ე – საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 18 ივლისის განჩინების გაუქმებასა და ექსტრადიციის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას;6.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, ფ. ა-ის ბრალადშერაცხილი ქმედებების ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას ცალსახაა, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს ორმაგი დასჯადობის პრინციპს. პროკურატურას არ წარმოუდგენია დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, თუ რამდენი ლარია შ-ის სამეფოდან გადმოგზავნილ დოკუმენტაციაში მითითებული დამალული გადასახადი. ბოლო პერიოდში შვედეთის სამეფო სისხლისსამართლებრივად დევნის ირანული წარმომავლობის პირებს, შემდგომში მათი ი-ში გასამართლებული პირების გაცვლის მიზნით.
7. ადვოკატების საკასაციო საჩივარზე, 2025 წლის 1-ელ აგვისტოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა ფ. ა-ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 18 ივლისის განჩინების უცვლელად დატოვება.
7.1. პოზიციის მიხედვით, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის თანახმად, ექსტრადიციის საფუძვლად მითითებული დანაშაულები არ აკმაყოფილებს ორმაგი დასჯადობის პრინციპს და ფ. ა-ი პოლიტიკური ნიშნით იდევნება შ-ის სამეფოს ხელისუფლების ორგანოების მიერ; თუმცა, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შ-ში პოლიტიკური დევნის არსებობას ან ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებების დარღვევის რისკს. ქართულ ლარსა და შვედურ კრონას შორის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსი სისტემატურად ქვეყნდება და განახლდება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://nbg.gov.ge/monetary-policy/currency. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომი. დაცვის მხარეს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის სხდომაზე, რაც გააბათილებდა პრეიუდიციულად დადგენილ ფაქტს, შუამდგომლობაში მითითებულ კონვერტაციას. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტი, რომ დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ით დადგენილ ფულადი თანხის ოდენობას დაუსაბუთებელია და უსაფუძვლო. ამასთან, არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ შ-ის სამეფოში ექსტრადიციის შემთხვევაში ფ. ა-ის მიმართ განხორციელდება დევნა, იგი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის რისკი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ადვოკატების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. შ-ის სამეფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ფ. ა-ი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს 2024 წლის 31 დეკემბერს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე – საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა, ფ. ა-ის შ-ის სამეფოში ექსტრადიციის შესახებ, განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.
5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:
5.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რათა დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება:
1) მოცემული დანაშაული, როგორც საქართველოს, ისე – შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით, იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით, სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება შეიძლება, განხორციელდეს აგრეთვე, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შეეხება რამდენიმე დანაშაულს, რომლებიც ისჯება როგორც საქართველოს, ისე – შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით და რომელთაგან ზოგიერთი ვერ აკმაყოფილებს სასჯელის ზომის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ან სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას.
5.2. ექსტრადიციის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ დამკვიდრებული – ,,in abstracto“ ორმაგი დასჯადობის პრინციპი, გულისხმობს იმას, რომ ორმაგი დასჯადობის არსებობისათვის არ არის სავალდებულო ექსტრადიციის განმახორციელებელი და მომთხოვნი სახელმწიფოების სამართლით განსაზღვრული დანაშაულის ყველა ელემენტი იდენტური იყოს, არამედ სადავო ქმედება, ცალკე აღებული, უნდა ისჯებოდეს ექსტრადიციის განმახორციელებელი სახელმწიფოს კანონმდებლობით.
5.3. დასჯადობა შ-ის სამეფოს კანონმდებლობით – პროკურატურის წარმოდგენილი შუამდგომლობის: მე-17 პუნქტში აღწერილი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია შვედეთის სამეფოს შვედეთის სამეფოს 2014:307 კანონით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი სახსრების ლეგალიზების სასჯელის შესახებ, მე-3 მუხლის 1-ელი ნაწილის 1-ელი ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი ნაწილით (ფულადი სახსრების ლეგალიზება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე. ამავე შუამდგომლობის მე-18 პუნქტში აღწერილი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია შვედეთის სამეფოს 1971:69 საგადასახადო სამართალდარღვევათა აქტის მე-2 და მე-4 მუხლებით (საგადასახადო სამართალდარღვევა დამამძიმებელ გარემოებებში) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე. ამავე შუამდგომლობის მე-19 პუნქტში აღწერილი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია შვედეთის სამეფოს 2014:307 კანონით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი სახსრების ლეგალიზების სასჯელის შესახებ მე-3 მუხლის 1-ელი ნაწილის 1-ელი ქვეპუნქტით, მე-4 მუხლით და მე-5 მუხლის 1-ელი ნაწილით (ფულის გათეთრება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე; ასევე შვედეთის სამეფოს 2014:307 კანონით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი სახსრების ლეგალიზების სასჯელის შესახებ მე-7 მუხლით (ბიზნესთან დაკავშირებული ფულის გათეთრება დამამძიმებელ გარემოებებში) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე. ამავე შუამდგომლობის მე-20 პუნქტში აღწერილი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია შვედეთის სამეფოს 2014:307 კანონით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი სახსრების ლეგალიზების სასჯელის შესახებ, მე-3 მუხლის 1-ელი ნაწილის 1-ელი ქვეპუნქტით, მე-4 მუხლითა და მე-5 მუხლის 1-ელი ნაწილით (ფულის გათეთრება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე. ასევე შვედეთის სამეფოს 2014:307 კანონით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი სახსრების ლეგალიზების სასჯელის შესახებ მე-7 მუხლით (ბიზნესთან დაკავშირებული ფულის გათეთრება დამამძიმებელ გარემოებებში) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე.
5.4. დასჯადობა საქართველოს კანონმდებლობით – პროკურატურის წარმოდგენილი შუამდგომლობის მე-17 პუნქტში აღწერილი დანაშაულებრივი ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12 წლამდე. ამავე შუამდგომლობის მე-18 პუნქტში აღწერილი დანაშაულებრივი ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დაისჯებოდა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გადასახადისთვის თავის არიდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით), რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8 წლამდე. ამავე შუამდგომლობის მე-19 პუნქტში აღწერილი დანაშაულებრივი ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დაისჯებოდა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12 წლამდე. ამავე შუამდგომლობის მე-20 პუნქტში აღწერილი დანაშაულებრივი ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დაისჯებოდა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12 წლამდე და საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გადასახადისთვის თავის არიდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით), რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8 წლამდე.
5.5. ამრიგად, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაშიც ფ. ა-ი ბრალდებული და მსჯავრდებულია შ-ს სამეფოში, დანაშაულად ითვლება და ისჯება, როგორც საქართველოს, ისე შ-ის სამეფოს კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში, მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც გააბათილებდა პროკურატურის შუამდგომლობაში მითითებულ კონვერტაციას.
6. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:
6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6.2. წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება (26/06/2025), სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პასუხი), რომ ფ. ა-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ.
6.3. ფ. ა-ი შ-ის სამეფოსა და ი-ის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეა.
7. სამართლიანი სასამართლოს უფლება:
7.1. ფ. ა-ის შ-ის სამეფოში ექსტრადიციის შემთხვევაში, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის რისკი:
შ-ის სამეფოს შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების ანალიზი ცხადყოფს, რომ ფ. ა-ის საქმეში არ იკვეთება რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცესუალური დარღვევა, რაც წარმოშობდა ვარაუდს, რომ შ-ის სამეფოში მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება ან ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე.
8. ხანდაზმულობის ვადა:
8.1. შ-ის სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, განსახილველი ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისთვის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.
8.2. რაც შეეხება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადას, პროკურატურის შუამდგომლობის მე-17 პუნქტში აღწერილი დანაშაულებრივი ქმედება, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 15 წელში. ფ. ა-ის მიმართ გამოტანილი დასავლეთ შვედეთის სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 13 თებერვალს. შესაბამისად, აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის ხანდაზმულობის ვადა ამოწურული არ არის როგორც შ-ის სამეფოს, ასევე საქართველოს კანონმდებლობით. ამავე შუამდგომლობის მე-18-20 პუნქტებში აღწერილი დანაშაულებრივი ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დაისჯებოდა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 30 წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. დანაშაულები, რომელთა ჩადენაშიც ბრალდებულია ფ. ა-ი, სავარაუდოდ, ჩადენილია 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში. შესაბამისად, როგორც შ-ის სამეფოს, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული.
9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:
9.1. სტატუსი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფ. ა-ი არ არის საერთაშორისო დაცვის მქონე პირი.
9.2. ამნისტია:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.“
ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი კუმულაციურად მოითხოვს ორი წინაპირობის (საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულის ამნისტირება და მასზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება) არსებობას, რაც განსახილველ საქმეში არ არის დაცული, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია იურისდიქცია ზემოხსენებულ, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.
9.3. შეწყალება:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“
წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.
10. პრინციპი – ,,Non bis in idem“:
10.1. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
10.2. ფ. ა-ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში, არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და ,,Non bis in idem“ პრინციპი.
11. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:
11.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი.
11.2. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსებისშემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასთან.“
11.3. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში, ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
11.4. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K. v. Russia, ECtHR, no 69235/11, §66, 23/05/2011).
11.5. განსახილველი საქმის საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება, საფუძვლიანად მიუთითებდეს, რომ ფ. ა-ის შ-ის სამეფოში ექსტრადიციის შემთხვევაში, იგი დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება, ან რომ მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება, ან რომ მისი რომელიმე უფლების დარღვევის რეალური საფრთხე იარსებებს. ადვოკატები უფლებათა დარღვევის პოზიციას აყალიბებენ მხოლოდ ზოგადი სახის ფორმულირებით, რომ შვედეთი ირანული წარმომავლობის პირებს საერთაშორისო სამართლის ნორმათა უგულებელყოფით სისხლისსამართლებრივად დევნის, შემდგომში მათი ტყვედ გაცვლისათვის გამოყენების მიზნით. მსგავსი, ზოგადი სახის ფორმულირება არ არის საკმარისი უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის, ფ. ა-ის მიმართ უფლებათა დარღვევის რეალური საფრთხის მტკიცების კონტექსტში.
12. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:
12.1. რაც შეეხება განსახილველი ექსტრადიციის შესაბამისობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევებში იქცეს.
12.2. ამასთან, საგამონაკლისო გარემოებამ ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს (იხ. საქმე: „კინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (“King v. The United Kingdom”), N9742/07, 26/01/2010, §29).
12.3. დანაშაულის კატეგორიის, სიმრავლისა და მათი ხასიათის გათვალისწინებით, ფ. ა-ის ექსტრადიცია არ ქმნის დამაბრკოლებელ გარემოებას, კონვენციის მე-8 მუხლის ჭრილში. აღნიშნულის შესახებ აგრეთვე იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლომ, რასაც საკასაციო პალატა აგრეთვე ეთანხმება და იზიარებს.
13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 18 ივლისის განჩინება კანონიერია, რის გამოც, მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ფ/ფ (F,F) ჰ-ი (H) ა-ის (A-y) ინტერესების დამცველი ადვოკატების – ა. ხ-ისა და მ. თ-ჰი ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 18 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე