საქმე # 330141225011596526
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№981-25 1 აგვისტო, 2025 წელი
ნ-ი ე, 981-25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
სხდომის მდივან კონსტანტინე თოდრიას,
პროკურორ სოსო ხუციშვილის,
მსჯავრდებულ ე. ნ-ის,
ადვოკატ დარიკო თორდიას, –
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ე. ნ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 იანვრის განაჩენით:
ე. ნ-ი, დაბადებული .. წლის ... აგვისტოს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „დ“, „ვ“ „თ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა – უვადო თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავებიდან – 2005 წლის 16 აპრილიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მაისის განაჩენით:
მსჯავრდებულ ე. ნ-ის ადვოკატ ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 იანვრის განაჩენი შეიცვალა:
ე. ნ-ს მოეხსნა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია);
ე. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „დ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – უვადო თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავებიდან – 2005 წლის 16 აპრილიდან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით:
მსჯავრდებულ ე. ნ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მაისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით:
მსჯავრდებულ ე. ნ-ის მიმართ არ იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ე. ნ-ის შუამდგომლობა, მის მიმართ დანიშნული სასჯელის – უვადო თავისუფლების აღკვეთის – შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ე. ნ-ის შუამდგომლობა მის მიმართ დანიშნული სასჯელის – უვადო თავისუფლების აღკვეთის – შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ე. ნ-ის შუამდგომლობა მის მიმართ დანიშნული სასჯელის – უვადო თავისუფლების აღკვეთის – შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
8. საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 2 მაისის განკარგულებით, ე. ნ-ი შეწყალებულია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 იანვრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მაისის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „დ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების თარიღად მიეთითა – 2044 წლის 2 მაისი.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ე. ნ-ის შუამდგომლობა, მის მიმართ დანიშნული სასჯელის – უვადო თავისუფლების აღკვეთის – შინაპატიმრობით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ე. ნ-ის ადვოკატის, თ. ა-ის, სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 8 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ე. ნ-ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, დაუშვებლად იქნა ცნობილი.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 6 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ე. ნ-ის შუამდგომლობა მის მიმართ დანიშნული სასჯელის – უვადო თავისუფლების აღკვეთის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ე. ნ-ის ადვოკატის – ა. კ-ის – საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 6 მაისის განჩინების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ივლისის განჩინებით:
მსჯავრდებულ ე. ნ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი;
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ე. ნ-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 2 მაისის №02/05/04 განკარგულებით სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღი – 2044 წლის 2 მაისი და მსჯავრდებული ე. ნ-ი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან უნდა გათავისუფლდეს – 2039 წლის 2 მაისს.
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ივლისის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ე. ნ-მა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა. ე. ნ-ის მოსაზრებით, მხოლოდ შეწყალების შემდგომ არსებულ პერიოდზე ამნისტიის გავრცელება, მანამდე არსებული პერიოდის უგულებელყოფით, სცდება ამავე ამნისტიის კანონის მიზნებსა და პათოსს. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ე. ნ-ის მთლიანი პატიმრობის პერიოდით, რაც მისი მითითებით, შეადგენს 39 წელსა და 16 დღეს.
16. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა ე. ნ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. თ-ამ, მხარი დაუჭირეს საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება; ამავე სხდომაზე პროკურორმა სოსო ხუციშვილმა მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის საჩივარს და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ივლისის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
2. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, ე. ნ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მაისის განაჩენით მისჯილი აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
3. 2024 წლის 2 მაისს, ე. ნ-ი საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა განკარგულებით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 მაისის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „დ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების თარიღად განუსაზღვრა – 2044 წლის 2 მაისი.
4. აღნიშნულის შემდეგ, კერძოდ, 2025 წლის 4 ივნისს, მსჯავრდებულმა მიმართა პირველი ინსტანციის სასამართლოს და მის მიმართ დანიშნულ სასჯელზე მოითხოვა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული შეღავათის გავრცელება.
5. პირველი ინსტანციის სასამართლომ ე. ნ-ს ¼-ით შეუმცირა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 2 მაისის განკარგულებით სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღი – 2044 წლის 2 მაისი (კერძოდ, პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულების თარიღიდან დარჩენილი მოსახდელი სასჯელი 20 წელი) და მსჯავრდებულ ე. ნ-ს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების ვადად განუსაზღვრა – 2039 წლის 2 მაისი.
6. პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს N81-23 გადაწყვეტილებით დადგენილი პრაქტიკით; კერძოდ, მოცემული განჩინების მიხედვით, უვადო სასჯელი, რომელიც თავისი არსით დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთის განუსაზღვრელი დროით მოხდასთან, პრეზიდენტის მიერ განკარგულების გამოცემის დროიდან იღებს პროგნოზირებულ სახეს და მის საფუძველზე, მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა, ფაქტობრივად, იცვლება და განსხვავდება იმ ვითარებისაგან, როდესაც მისთვის ცნობილი არ იყო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების კონკრეტული თარიღი. ამ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ათვლის საწყისად მიიჩნევს სწორედ პრეზიდენტის განკარგულების მიღების დღეს, ვინაიდან ამ დროიდან სასჯელის დასასრული უკვე განჭვრეტადი გახდა.
7. ე. ნ-ი მიუთითებს, რომ მხოლოდ შეწყალების შემდგომ არსებულ პერიოდზე ამნისტიის გავრცელება, მანამდე არსებული პერიოდის უგულებელყოფით, სცდება ამავე ამნისტიის კანონის მიზნებსა და პათოსს. აღნიშნულის საპასუხოდ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსგავსი მსჯელობა არ გამომდინარეობს საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, ვინაიდან მოცემული ნორმის შინაარსის თანახმად, შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.
8. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელი ე. ნ-ის მიმართ პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე არ შეცვლილა, არამედ განისაზღვრა მხოლოდ მისი მოხდისგან გათავისუფლების კონკრეტული თარიღი – 2044 წლის 2 მაისი. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ განკარგულების გამოცემიდან (02/05/2024), გათავისუფლების თარიღამდე (02/05/2044) არსებული პერიოდი მართებულად შეამცირა ¼-ით და განსაზღვრა 2039 წლის 2 მაისით.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ე. ნ-ის საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, გასაჩივრებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ივლისის განჩინება კანონიერია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ე. ნ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე;
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი;
ნ. სანდოძე