საქმე # 190100124010284747
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №383აპ-25 ქ. თბილისი
გ. გ. 383აპ-25 1 აგვისტო, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 მარტის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჟანა ერემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. გ-მა, – პირადი ნომერი ...., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2024 წლის 18 აგვისტოდან – 2024 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით დროის პერიოდში, გ. გ., მობილური ტელეფონის და სოციალური ქსელის გამოყენებით, უკავშირდებოდა მის ყოფილ მეგობარ ქალს, გ. ჰ-ს. ასევე, ნახულობდა ქალაქ გ-ში, გადაადგილების დროს. უკანასკნელად, 2024 წლის 14 სექტემბერს, შერიგების მიზნით, მისი კუთვნილი „chevrolet-ის“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომერი: ....), მიაკითხა ქალაქ გ-ში, ა-ს ქუჩაზე მდებარე თ. „გ-“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შემდგომაც, ამავე დღეს, მობილური ტელეფონის ნომერზე გაუგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინებები. ზემოაღნიშნული ქმედებებით, გ. გ-მა არ შეასრულა მის მიმართ 2024 წლის 18 აგვისტოს გამოცემული №..შემაკავებელი ორდერით დაკისრებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რომელთა თანახმად, მას 30 დღის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან, გ. ჰ-ვთან მიახლოება, ასევე მასთან ნებისმიერი სახით, მათ შორის ტელეფონისა და სოციალური ქსელის გამოყენებით კომუნიკაცია.
1.1.1. აღნიშნული ქმედებით გ. გ-მა ჩაიდინა – შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენით გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2 500 ლარი;
2.1. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილს თანახმად, გ. გ-ს პატიმრობაში ყოფნის დროის (2024 წლის 15 სექტემბრიდან 2024 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა ჯარიმა – 2 000 ლარი.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ჟანა ერემაშვილმა. აპელანტმა მოითხოვა სასჯელის დამძიმება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 მარტის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჟანა ერემაშვილმა. კასატორი ითხოვს მსჯავრდებულ გ. გ.ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ.
8. შესაბამისად, დავის საგანი არ არის მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის კანონიერება.
9. საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
10. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ: მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა 2024 წლის 12 ნოემბრის ნოტარიული წესით დამოწმებული დაზარალებულ გ. ჰ-ს განცხადება, რომლის თანახმად, მას მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ პრეტენზია არ აქვს და არც მომავალში ექნება (ტ. N2; ს.ფ. 13) და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან ერთ-ერთი, კერძოდ – ჯარიმა – 2500 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის დროის (2024 წლის 15 სექტემბრიდან 2024 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა ჯარიმა – 2 000 ლარი.
11. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ სანქციას.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – ჯარიმა – განსაზღვრა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მით უფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
12.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებს არ შეესაბამება კასატორის მტკიცება დაზარალებულის მხრიდან პრეტენზიის არსებობის შესახებ. იმავდროულად, კასატორის მითითება გ. გ-ს პიროვნულ მახასიათებლებზე დაუსაბუთებელია (კასატორი არ უთითებს რას გულისხმობს), ხოლო ზიანის არ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სასამართლო კვლევაც აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის/სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 7 ივნისის №1019აპ-09 განჩინება; 2014 წლის 26 დეკემბრის №390აპ-14 განაჩენი; 2022 წლის 2 მაისის №295აპ-22 და 2022 წლის 17 მაისის №354აპ-22 განჩინებები). „დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით“ (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის №51აპ-19 , 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21 განჩინებები).
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად.
13.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
13.2. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული რომელიმე წინაპირობის არსებობა, რის გამოც, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
14. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).
15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 მარტის განაჩენზე, გ. გ-ს მიმართ, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჟანა ერემაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე