გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/417-01 1 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, ბ. კობერიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამათლოს 2000 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს “.. ..-ის” სასარჩელო მოთხოვნა: მოპასუხე ი. ქ-ური, მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად, გამოსახლებულ იქნა ქ. თბილისში, ... მდებარე ბინიდან. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე 2000 წლის 21 დეკემბერს სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხე ი. ქ-ურმა, რომლითაც ითხოვდა გადაწყვეტილების გაუქმებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 10 იანვრის განჩინებით ი. ქ-ურის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ი. ქ-ურმა გაუშვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა. სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. ქ-ურმა. კერძო საჩივარი კანონით დადგენილი წესის თანახმად, განიხილა განჩინების გამომტანმა, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ და 2001 წლის 16 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა უზენაეს სასამართლოში.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის მოთხოვნები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო პალატის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოცემულ საქმეზე 2000 წლის 1 ნოემბერს, გამოვიდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო გასაჩივრების ვადა არის ერთი თვე და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ ი. ქ-ურმა მოტივირებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2000 წლის 20 ნოემბერს, ამრიგად, ერთთვიანი ვადის ათვლა უნდა მოხდეს 2000 წლის 20 ნოემბრიდან. ქ-ურმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2000 წლის 21 დეკემბერს ე.ი. გადააცილა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადას ერთი დღით. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მას საკასაციო ერთთვიანი ვადა არ გაუშვია, რადგან სამოქალაქო საპროცესო ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის შემდეგი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. პალატას მიაჩნია, რომ მართალია, საპროცესო ვადა იწყება კალენდარული თარიღის მომდევნო დღიდან, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც აპელანტს გაშვებული აქვს გასაჩივრების ერთთვიანი ვადა. კალენდარული თარიღის მომდევნო დღიდან ათვლის შემთხვევაშიც საკასაციო ერთთვიანი ვადა (30 დღე) გადის 2000 წლის 20 დეკემბერს, საკასაციო საჩივარი კი შეტანილია 21 დეკემბერს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ქ-ურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 10 იანვრის და 16 მარტის განჩინებები.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.