Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/424-01 1 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

შ. შ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს “კვისკო დიპლომატ მოტორსის” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 248 000 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება. განცხადების მოთხოვნის საფუძლად შ. შ-ძე მიუთითებდა იმ გარემოებას, რომ მოპასუხე საზოგადოების დირექტორს, პარტნიორებთან შეთანხმებით განსაზღვრული აქვს საზოგადოების ქონების რეალიზაცია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 21 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა შ. შ-ძის განცხადება და მოპასუხე შპს “კვისკო დიპლომატ მოტორსის” საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას დაედო ყადაღა. ყადაღა დაედო ასევე, მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებას მის ბალანსზე რიცხული ინვენტარისა და ტექნიკური აღჭურვილობის სახით.

სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი და მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

მოპასუხემ კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა 2001 წლის 21 თებერვლის განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სასამართლოს მიერ გატარებულმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ საქმიან კონტაქტებსა და რეპუტაციას. საჩივრის ავტორის მოსაზრებით სასამართლოს უნდა მოეთხოვა მეორე მხარისათვის ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა ფულადი თანხით, ფასიანი ქაღალდების ან ქონების დადებით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 21 მარტის განჩინებით შპს “კვისკო დიპლომატ მოტორსის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მოწინააღმდეგე მხარის განმარტება და თვლის, რომ შპს “კვისკო დიპლომატ მოტორსის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. მოცემული მუხლის შინაარსის მიხედვით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გატარების მიზანია დაიცვას დავის საგანი, კერძოდ, არ დაუშვას მოვალის მიერ დავის საგნის განკარგვის შესაძლებლობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო. მოცემული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ისეთი ღონისძიება უნდა შეარჩიოს, რომლითაც ზიანი არ მიადგება მოპასუხეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 21 თებერვლის განჩინებით, ყადაღა დაედო შპს “კვისკო დიპლომატ მოტორსის” საკუთრებაში არსებულ უძრავ მოძრავ ქონებას, მის ბალანსზე რიცხული საოფისე ინვენტარისა და ტექნიკური აღჭურვილობის სახით.

პალატა თვლის, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სიძნელეებს არ შეუქმნის მოპასუხის საწარმოს შემდგომი საქმიანობას და კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ საფრთხე შეექმნება მათ საქმიან კონტაქტებსა და რეპუტაციას, ვერ გახდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე უარის თქმის საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სასამართლოს მიერ სწორად იქნა შერჩეული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად _ ქონებაზე ყადაღის დადება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “კვისკო დიპლომატ მოტორსის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 21 თებერვლის და 21 მარტის განჩინებები ამ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.