საქმე # 060100124010096950
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №469აპ-25 ქ. თბილისი
ც. ს. , 469აპ-25 1 გვისტო, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძისა და მსჯავრდებულ ს. ც-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ს. ც-ს, – პირადი ნომერი ..., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2024 წლის 30 ივლისს, შსს ხ-ს რაიონულ სამმართველოში გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ს. ც-ს 30 დღით აეკრძალა ოჯახის წევრის – დედის – დ. ნ-ს საცხოვრებელ სახლთან, მასთან და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც დ. ნ. იმყოფება, ასევე აეკრძალა დ. ნ-თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, ს. ც. 2024 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხ-ს მ-ს სოფელ გ. ჯ-ში მივიდა დ. ნ-თან სახლში, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
1.1.1. აღნიშნული ქმედებით ს. ც-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.2. 2024 წლის 30 ივლისს, შსს ხ-ს რაიონულ სამმართველოში გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ს. ც-ს 30 დღით აეკრძალა ოჯახის წევრის – დედის – დ. ნ-ს საცხოვრებელ სახლთან, მასთან და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც დ. ნ. იმყოფება, ასევე აეკრძალა დ. ნ-თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. აღნიშნულის გამო განაწყენებული ს. ც., 2024 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ. ჯ-ში მივიდა დ. ნ-თან სახლში, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაარღვია რა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, ამავე დროს იგი დედას – დ. ნ-ს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, აგინებდა და უყვიროდა რომ თუ არ წავიდოდა ამავე სახლიდან, მოკლავდა დანით. დ. ნ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების სფუძვლიანი შიში.
1.2.1. აღნიშნული ქმედებით ს. ც-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით;
2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 დეკემბრის განაჩენით:
2.1. ს. ც. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
2.2. ს. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 თვით;
2.3. ს. ც-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის დრო და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 7 აგვისტოდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მამუკა ნადირაძემ. აპელანტმა მოითხოვა ს. ც-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; ასევე, რეციდივის გათვალისწინებით, – საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახით 1 წლით თავისუფლების აღკვეთის, ხოლო სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, აღნიშნული მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალურ ვადასთან მიახლოვებული სასჯელის განსაზღვრა.
3.1. მსჯავრდებულმა ს. ც-მ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 დეკემბრის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება:
4.1. ს. ც. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
4.2. ს. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
4.3. ს. ც-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 7 აგვისტოდან.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
5.1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი მამუკა ნადირაძე ითხოვს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილის გარდა ს. ც-ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას და რეციდივის გათვალისწინებით – 1 წელსა და 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
5.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც-ს აღუდგა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენის გასაჩივრების ვადა.
5.2.1. მსჯავრდებული ს. ც. ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას და ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლს, ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს ს. ც-ს დამნაშავედ ცნობას, მათ შორის, ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით – დანაშაულის ჩადენაში და რეციდივის გათვალისწინებით – 1 წელსა და 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, ხოლო მსჯავრდებული ითხოვს – სასჯელის შემსუბუქებას – 9 თვემდე (როგორც ეს განსაზღვრული ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით).
7.1. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი არ არის ს. ც-ს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება (იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომელმაც, შესაძლოა, საეჭვო გახადოს ს. ც-ს მსჯავრდება, შესაბამისად, სასამართლო არ იმსჯელებს განაჩენის ამ ნაწილზე) და დავის საგანია აღნიშნული დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელის კანონიერება, ასევე – ჩაიდინა თუ არა ს. ც-მ აბრალადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული – დანაშაული (რომლის ჩადენაშიც უდანაშაულოდ არის ცნობილი გასაჩივრებული განაჩენით).
8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ს. ც.ს, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დამნაშავედ ცნობისათვის და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ სამტრედიის რაიონული სასამართლოს განაჩენი, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ს. ც-ს წარდგენილ ბრალდებაში გამართლება განაპირობა.
9. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია, ს. ც-ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისათვის.
10.1. იმ პირობებში, როდესაც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა – დ. ნ-მ (მსჯავრდებულის დედა) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (შვილის) – ს. ც-ს – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა არცერთი დამოუკიდებელი, პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება, – საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ს. ც-ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისათავის.
10.2. არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების – მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ, ორივე შემთხვევაში, ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21).
10.3. იმავდროულად, მართალია, შეტყობინება უთითებს ს. ც-ზე, როგორც დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყარო არის მხოლოდ ერთი პირი – დაზარალებული, რომლის დაკითხვის და შესაბამისად – მტკიცებულებაში ასახული ინფორმაციის სარწმუნოობისა და ინფორმაციის მიმწოდებლის სანდოობის გამოკვლევის შესაძლებლობა არსებითი განხილვის ფარგლებში დაცვის მხარეს (დაზარალებულებმა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით) არ მიეცა (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №1098აპ-24, 1099აპ-24).
10.4. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კვალიფიკაცია მოითხოვს – საფუძვლიანი შიშის გამოწვევის შეგრძნებას. დაზარალებულის მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის ფარგლებში ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, შეტყობინებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და მოწმეთა ჩვენებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება მითითებული დანაშაულების აუცილებელი კომპონენტი – დაზარალებულის მიერ შიშის განცდა, არც ობიექტური და არც სუბიექტური ტესტით.
11. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (შვილის) – ს. ც-ს – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; ს. ც-მათავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში; დაცვის მხარეს არსებით სასამართლო სხდომაზე არ ჰქონდა დაზარალებულის დაკითხვის და მის მიერ შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის შემოწმების/შედავების შესაძლებლობა, მათ შორის, დაზარალებულის მიერ შიშის განცდასთან დაკავშირებით, მხოლოდ ადგილზე მისული პოლიციელების ჩვენებები, რომ მსჯავრდებული განაგრძობდა მუქარის შემცველი სიტყვების ყვირილს, არ არის საკმარისი ამ ნაწილში ს. ც-ს დამნაშავედ ცნობისათვის და მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ს. ც-ს სასარგებლოდ.
12. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ს. ც-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
13. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
14. რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების ნაწილში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
14.1. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას;
14.2. საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის ჩადენითვისაც მსჯავრდებულია ს. ც., სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან –უამისოდ;
14.3. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენს, რომ ვინაიდან ს. ც-მ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 30 ივლისს, რა დროსაც მას განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ ჰქონია, ს. ც-ს ჩადენილი დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვრა რეციდივის დანაწესის გათვალისწინებით, რაც საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებისას შეადგენს – თავისუფლების აღკვეთას 1 წლით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მსჯავრდებულის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
15. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par. 175, ECtHR, 14/05/2020).
16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძისა და მსჯავრდებულ ს. ც-ს საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე