გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-474 20 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. გიგიშვილი
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “.. ..-მა” განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სააქციო საზოგადოება “ა-ისათვის” მის მიერ წარმოებული მზა პროდუქციის რეალიზაციის აკრძალვა. განმცხადებელი თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა, რომ მხარეებს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, განმცხადებლის მიერ მიწოდებული მასალით სს “ა-ი” აწარმოებს პროდუქციას და გადასცემს განმცხადებელს, რისთვისაც იღებს გასამრჯელოს. მიმდინარე წლის გეგმიური რემონტის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო სს “ა-ი” პროდუქციას არ აწარმოებდა. მათთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წლის 24 მარტს სს “ა-მა” დაიწყო პროდუქციის წარმოება და მისი რეალიზაცია. ხელშეკრულების თანახმად, ამონიუმის გვარჯილის მთელი მოცულობა და ციანმარილები, თვეში 500 ტონის ოდენობით ეკუთვნის განმცხადებელს, რადგან პროდუქცია მზადდება მათი მასალისაგან. განმცხადებელი ასევე მიუთითებდა, რომ სს “ა-ის” დავალიანება აღემატება 40 000 000 ლარს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 29 მარტის განჩინებით შპს “.. ..-ის” განცხადება დაკმაყოფილდა, სს “ა-ს” აეკრძალა მის მიერ წარმოებული მზა პროდუქციის რეალიზაცია.
სასამართლომ განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა, რომ მხარეებს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, სს “ა-ის” მიერ წარმოებული პროდუქცია ხდება მოსარჩელის საკუთრება. მოსარჩელეს განზრახული აქვს სარჩელის აღძვრა სს “ა-ის” მიმართ, წარმოებული პროდუქციის შპს “.. ..-სათვის” გადაცემის მოთხოვნით. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პროდუქციის რეალიზაციის გამო შესაძლოა გართულდეს ან შეუძლებელი გახდეს მისი აღსრულება.
სს “ა-მა” კერძო საჩივრით მიმართა საოლქო სასამართლოს, სადაც მიუთითებდა, რომ სს “ა-ი” არა მხოლოდ “.. ..-ის” მიერ მოწოდებული ნედლეულით ამზადებს პროდუქციას, არამედ პროდუქციას ამზადებს საკუთარი სახსრებითაც. საგაზაფხულო სეზონის დადგომასთან დაკავშირებით შეიქმნა უმწვავესი მდგომარეობა სოფლის მეურნეობაში, რისთვისაც სს “ა-მა” გააფორმა ხელშეკრულება სს “ს-თან” ბუნებრივი აირის მოწოდების თაობაზე. სს “ა-ს” აღუდგინეს ასევე ელექტროენერგიის მიწოდება, რათა დაეკმაყოფილებინა პირველადი მოთხოვნილებები სასუქებზე აღმოსავლეთ საქართველოში სახნავ-სათესი სამუშაოების ჩასატარებლად. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, ასევე, რომ პროდუქციის რეალიზაციის აკრძალვით სს “ა-ს” მიადგება გამოუსწორებელი ზიანი. კერძოდ, ვერ გადაიხდის ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, ბიუჯეტის და ხელფასის დავალიანებებს. ამას დაემატება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. ქვეყნის სოფლის მეურნეობა ვერ მიიღებს პროდუქციის საწარმოებლად აუცილებელ ნედლეულს და საბოლოოდ საწარმო შეწყვეტს ფუნქციონირებას. ამდენად, საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სს “ა-ს” შეიძლება მიადგეს ათეულ მილიონობით ლარის ზარალი. აღნიშნულის გამო, სს “ა-მა” მოითხოვა საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2001 წლის 29 მარტის განჩინების გაუქმება, ამასთან, მათ მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში მოითხოვა მოსარჩელის მიერ მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა.
თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ 2001 წლის 13 აპრილის განჩინებით სს “ა-ის” კერძო საჩივარი დაუშვებლობის და დაუსაბუთებლობის გამო არ დააკმაყოფილა და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ სს “ა-ის” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს პირს, რომელიც მიმართავს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად დაშვებული ღონისძიებები გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებათა შედეგად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის შემთხვევაში კანონი იცავს მოპასუხის ინტერესებსაც. კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხეს არ უნდა მიადგეს ზიანი და თუ მიადგება, სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში იგი უნდა აუნაზღაურდეს.
განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლად საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პროდუქციის რეალიზაციის გამო, შესაძლოა გადაწყვეტილების აღსრულება გართულდეს ან შეუძლებელი გახდეს. ამასთან არ გაითვალისწინა სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში სს “ა-ისათვის” მოსალოდნელი ზიანი.
პალატას მიაჩნია, რომ საფუძველს მოკლებული არ არის კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებულმა უზრუნველყოფის ღონისძიებამ შესაძლოა სს “ა-ს” მიაყენოს აუნაზღაურებელი ზიანი. საქმის განხილვა შეიძლება გაგრძელდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის აკრძალვით სს “ა-ი” ვერ გადაიხდის გადასახადებს, რის გამოც შეიძლება წარმოებამ შეწყვიტოს მუშაობა. გასათვალისწინებელია, ასევე, რომ სს “ა-ს” დადებული აქვს ხელშეკრულებები სხვა საწარმოებთან და ვალდებულებების შეუსრულებლობით გაიზრდება მისი დავალიანებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო. მოცემული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ისეთი ღონისძიება უნდა შეარჩიოს, რომლითაც ზიანი არ მიადგება მოპასუხეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის განჩინებები უნდა გაუქმდეს და შპს “.. ..-ს” უარი ეთქვას განცხადების დაკმაყოფილებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 411-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სააქციო საზოგადოება “ა-ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 29 მარტის, ასევე 13 აპრილის განჩინებები და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “.. ..-ის” წარმომადგენლის ვ. კ-შვილის განცხადების მოთხოვნა – სააქციო საზოგადოება “ა-ისათვის” მის მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის აკრძალვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს. 2001 წლის 29 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისათვის მიღებული ყველა ღონისძიება გაუქმდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.