Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე #192აპ-25. თბილისი

გ. პ., 192აპ-25. 24 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მ. ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ შორენა მგალობლიშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით პ. გ-ი, - ნასამართლობის არმქონე, დაუსწრებლად ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლითა და 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით (1994 წელს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების უფლება.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, პ. გ-ს ბრალად დაედო: მკვლელობა შურისძიების მოტივით, საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 104-ე მუხლში აღნიშნული დამამძიმებელი გარემოებების გარეშე; სათანადო ნებართვის გარეშე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· გამოძიებისათვის დაუდგენელ დროსა და გარემოებებში პ. გ-მა უნებართვოდ შეიძინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ინახავდა ატარებდა უკანონოდ.

· 1994 წლის 19 ივნისს გ-ის რაიონის სოფელ მ-ში იყო რელიგიური დღესასწაული „უ-ა“. პ. გ-მა დალია ალკოჰოლური სასმელი და დათვრა, რის შემდეგაც, ღამით, 24:00 საათზე, თავის თანასოფლელებთან: ნ. რ-ის ძე ჩ-სა და მ. გ-ის ძე მ-თან – ერთად მ---ის საავტომობილო გზით ბრუნდებოდა თავის საცხოვრებელ სახლში. გზაში მ. მ-ს სიგარეტის მოწევა მოუნდა, მაგრამ სიგარეტი არცერთს არ ჰქონდა. მათ დაინახეს წინ მიმავალი, მათთვის უცნობი ოთხი მამაკაცი, რომლებიც სიგარეტს ეწეოდნენ. მან დაუძახა უცხოებს, გაჩერებულიყვნენ, რათა მათთვის სიგარეტი მოეწევინებინათ, რაზეც უცნობებმა უპასუხეს, რომ სიგარეტი ჰქონდათ, მისულიყვნენ და მისცემდნენ. სამივე მათგანი მივიდა მათთვის უცნობ მამაკაცებთან, რომლებიც აღმოჩნდნენ გ-ის რ-ის სოფელ ზ-ში მცხოვრებნი: შ. უ-ის ძე ბ-ი, უ. ვ-ის ძე ბ-ი, ა. ვ-ის ძე ბ-ი და ე. ნ-ის ძე ტ-ე. შ.ბ-მა სიგარეტი გაუწოდა მათთან მისულ ვაჟებს, რომლებმაც არ გამოართვეს, ხოლო პ. გ-მა მათ დაუყვირა, „თქვენ ვის უთხარით, დროზე მოდითო“. ამ სიტყვების შემდეგ მან გაიხატა ტანზე და თავი დაარტყა უ. ბ-ს, რომელიც უკან გადავარდა და ძირს დაეცა. შემდეგ ზემოდან დააჯდა ამ უკანასკნელს და დაუწყო მუშტებით ცემა. უ. ბ-ს მიეხმარა ე. ტ-ე, რომელმაც გვერდით გადააგდო პ. გ-ი და მუშტი დაარტყა. ჩხუბში ჩაერივნენ შ.ბ-ი, მ. მ-ი და ნ. ჩ-ი. ჩხუბის დროს მ. მ-ი გადაჭრილი თოფით მოკვლით ემუქრებოდა ე. ტ-ეს, რა დროსაც ე. ტ-ემ შეძლო მ. მ-ისათვის გადაჭრილი თოფის წართმევა, რის შემდეგაც იგი, მ. მ-ი და ნ. ჩ-ი დაუსხლტნენ მოჩხუბრებს და გაიქცნენ. განაწყენებული პ. გ-ი შევიდა თავის საცხოვრებელ სახლში და გამოიტანა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ინახავდა და ატარებდა უკანონოდ, დაედევნა ურან, ა- და შ.ბ-ებს, დაეწია მათ, რამდენჯერმე გაისროლა ავტომატიდან, რის შემდეგაც ავტომატი ჩაარტყა ა- და უ. ბ-ებს, ხოლო შემდეგ, შურისძიების მოტივით, განიზრახა შ.ბ-ის მკვლელობა. განზრახვის შესასრულებლად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაჭრა შ. უ-ის ძე ბ-ი, რომელიც მიღებული დაზიანებით მეორე დღეს გარდაიცვალა გ-ის საავადმყოფოში, ხოლო პ. გ-ი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი შორენა მგალობლიშვილი ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, პ. გ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 105-ე მუხლით (1994 წელს მოქმედი რედაქცია) და ამ მუხლების სანქციების ფარგლებში მაქსიმალური სასჯელების განსაზღვრას.

4. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს:

ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

5. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პ. გ-ის უდანაშაულობის შესახებ და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად არ დადასტურდა პ. გ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხილი, საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლითა და 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით (1994 წელს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა. ფაქტის შემსწრე მოწმეებიდან ვერც ერთმა პირდაპირ ვერ მიუთითა იმ პირზე, რომელმაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. უ. ბ-ის, ა. ბ-ის, ე. ტ-ის, ნ. ჩ-ის, ვ. ვ-ისა და რ. ხ-ის ჩვენებები პ. გ-ის მიერ შ.ბ-ის მკვლელობასთან დაკავშირებით მხოლოდ ვარაუდია. მოწმეთაგან არცერთი არ იცნობდა პირს, რომელმაც ისროლა ავტომატი და მხოლოდ საქმის გამოძიების ეტაპზე გახდა მათთვის ცნობილი, რომ პ. გ-ი იყო ის პიროვნება, რომელსაც ავტომატი ეჭირა.

7. მოწმე ნ. ჩ-მა სასამართლოს განუმარტა, რომ ვინ ესროლა შ.ბ-ს და მოკლა, არ იცის; შემთხვევისას იყო არასრულწლოვანი; პოლიციაში მის დაკითხვას არც ადვოკატი ესწრებოდა, არც – კანონიერი წარმომადგენელი, პოლიციელებმა კი დააშინეს, რომ შენობასთან შეგროვილი ხალხი მის მოსაკლავად იყო მისული და, თუ არ დაწერდა, რასაც ეტყოდნენ, გარეთ გაიყვანდნენ; მოწმეს შეეშინდა და პოლიციელების მიერ მოტანილ ფუცლებზე ხელი მოაწერა; ვინაიდან იცოდა, რომ ჩვენების შეცვლისთვის დაიჭერდნენ, 1994 წელს მიცემული ჩვენება დაადასტურა 2009 წელს მასთან მისულ გამომძიებელთანაც.

8. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა, შ.ბ-ის მიმართ იარაღი გაისროლეს გაუფრთხილებლობით, მკვლელობის განზრახვით თუ ქმედების ჩამდენი პირი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. არ არის ამოღებული დანაშაულის იარაღი, რომელიც დაადასტურებდა როგორც განზრახ მკვლელობის, ისე – სათანადო ნებართვის გარეშე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე სრულყოფილად არ ჩატარებულა გამოძიება, არ არის დაკითხული ფაქტის შემსწრე მოწმე მ. მ-ი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არათუ პირდაპირ, ირიბადაც კი არ მიუთითებს პ. გ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლითა და 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით (1994 წელს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაზე.

9. ასეთ მოცემულობაში, თანახმად საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი – „In dubio pro reo“ –ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ვერ გადალახა (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №14აპ-15, №1399აპ-08).

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ შორენა მგალობლიშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს 1998 წლის რედაქციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ შორენა მგალობლიშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე