Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/495 25 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “.. ..-ის” წარმომადგენელმა ვ. კ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს “ა-ის” მიმართ და მოითხოვა ვალის დაბრუნება. მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა სააქციო საზოგადოება “ა-ისათვის” მის მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის აკრძალვა. მოსარჩელე თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა, რომ 1999 წლის 14 აპრილს მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს ჩაურიცხა 810.051 აშშ დოლარი. რუსთავის სასამართლოს 2001 წლის 21 მარტის განჩინებით სააქციო საზოგადოება “ა-ის” ქონების დაცვის მიზნით დანიშნულია გაკოტრების დროებითი მმართველი. მოპასუხის ადმინისტრაციას აკრძალული აქვს აქტიური სამეურნეო ქმედებების განხორციელება გაკოტრების დროებითი მმართველის თანხმობის გარეშე. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არის უამრავი საქმე, სააქციო საზოგადოება “ა-ის” მიმართ. საწარმოს უძრავ-მოძრავ ქონებას ადევს მრავალჯერადი ყადაღა, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სააქციო საზოგადოება “ა-ისათვის” მის მიერ წარმოებული მზა პროდუქციის რეალიზაციის აკრძალვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 29 მარტის განჩინებით შპს “.. ..-ის “ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, სს “ა-ს” აეკრძალა მის მიერ წარმოებული მზა პროდუქციის რეალიზაცია.

სასამართლომ განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა, რომ მოპასუხის მიმართ არსებობს მრავალრიცხოვანი იძულებითი აღსრულების საქმეები, მოპასუხის მიმართ ასევე გახსნილია გაკოტრების საქმის წარმოება და დანიშნულია დროებითი მმართველი, რის გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობამ შეიძლება გააძნელოს ან შეუძლებელი გახადოს გადაწყვეტილების აღსრულება შპს “.. ..-ის” სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში.

სს “ა-მა” უსაფუძვლოდ და უკანონოდ მიიჩნია სარჩელის უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიერ გატარებული ღონისძიება, რის გამოც კერძო საჩივრით მიმართა საოლქო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 29 მარტის განჩინების გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2001 წლის 20 აპრილის განჩინებით სს “ა-ის” კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ სს “ა-ის” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებთა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

მოცემული მუხლის შინაარსის მიხედვით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გატარების მიზანია დაიცვას დავის საგანი, კერძოდ, არ დაუშვას მოვალის მიერ დავის საგნის განკარგვის შესაძლებლობა.

მოსარჩელემ განცხადებაში მიუთითა, რომ გაკოტრების მასის დაცვის მიზნით სასამართლოს მიერ დანიშნულია დროებითი მმართველი, სს “ა-ის” ადმინისტრაციას აეკრძალა რაიმე ქმედებების განხორციელება დროებითი მმართველის თანხმობის გარეშე. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები სასამართლომ მიიჩნია ისეთ გარემოებებად, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობამ შეიძლება გააძნელოს ან შეუძლებელი გახადოს გადაწყვეტილების აღსრულება.

პალატა თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება გახდეს უზრუნველყოფის ღონისძიებათა გატარების საფუძველი, რადგან სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გაკოტრების მასის დაცვის მიზნით დანიშნულია დროებითი მმართველი და სს “ა-ის” ადმინისტრაციას აკრძალული აქვს გაკოტრების მასის განკარგვის უფლება დროებითი მმართველის თანხმობის გარეშე. ამდენად, მოპასუხეს თავისი ქონების განკარგვის შესაძლებლობა არ გააჩნია. პალატას განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლად, ასევე, არ მიაჩნია ის გარემოება, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არის მრავალი იძულებით აღსასრულებელი საქმე, რადგან “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მეშვიდე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, გაკოტრების განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებით დროებით შეჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება, ხოლო იძულებითი აღსრულების სხვა ღონისძიებების განხორციელება არ დაიშვება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს პირს, რომელიც მიმართავს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად დაშვებული ღონისძიებები გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებათა შედეგად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის შემთხვევაში კანონი იცავს მოპასუხის ინტერესებსაც, კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხეს არ უნდა მიადგეს ზიანი და თუ მიადგება, სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში იგი უნდა აუნაზღაურდეს.

განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლად საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლოა გადაწყვეტილების აღსრულება გართულდეს ან შეუძლებელი გახდეს. ამასთან არ გაითვალისწინა სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში ს.ს. “ა-ისათვის” მოსალოდნელი ზიანი.

საოლქო სასამართლოს კოლეგია განჩინებაში მიუთითებს, რომ ს.ს. “ა-ის” მიმართ გახსნილია გაკოტრების საქმის წარმოება, თუმცა საქმის მასალებით ირკვევა, რომ ს.ს. “ა-ის” მიმართ გაკოტრების შესახებ განცხადება მიღებულია სასამართლოს წარმოებაში და დანიშნულია დროებითი მმართველი.

“გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოვალის ფინანსური სიძნელეების დაძლევა და მოვალის საწარმოს ლიკვიდაციით ან რეაბილიტაციით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამავე კანონის მეშვიდე მუხლის თანახმად, სასამართლომ უნდა დაადგინოს შეიძლება თუ არა შედეგიანად გაგრძელდეს მოვალის საქმიანობა, უნდა იზრუნოს, რომ მოვალის ქონება არ შემცირდეს, რისთვისაც შეიძლება დაინიშნოს დროებითი მმართველი.

ამავე კანონის 251 მუხლის თანახმად, რეაბილიტაცია წარმოადგენს ეკონომიკური, ფინანსური და სხვა ღონისძიებების ერთობლიობას, რომელიც მიზნად ისახავს მოვალის ფინანსური სიძნელეების დაძლევას, მისი საწარმოს ლიკვიდურობის აღდგენას და ლიკვიდაციის თავიდან აცილებას.

მოცემული მუხლებიდან გამომდინარე გაკოტრების საქმის სასამართლომ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა საწარმოს ლიკვიდაციის თავიდან აცილებისათვის და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის.

პალატა თვლის, საოლქო სასამართლოს მიერ გამოყენებულმა უზრუნველყოფის ღონისძიებამ შესაძლოა გაკოტრების საქმეთა სასამართლოს არ მისცეს შესაძლებლობა საწარმოს სიძნელეების დაძლევისა და საწარმოს ლიკვიდაციის თავიდან აცილებისათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო. Mმოცემული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ისეთი ღონისძიება უნდა შეარჩიოს, რომლითაც ზიანი არ მიადგება მოპასუხეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის განჩინებები უნდა გაუქმდეს და შ.პ.ს. “.. ..-ს” უარი ეთქვას განცხადების დაკმაყოფილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 408-ე, 411-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სააქციო საზოგადოება “ა-ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 29 მარტის და 20 აპრილის განჩინებები და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “.. ..-ის” წარმომადგენლის ვ. კ-ის განცხადების მოთხოვნა – სააქციო საზოგადოება “ა-ისათვის” მის მიერ წარმოებული პროდუქციის აკრძალვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს. 2001 წლის 29 მარტს გაცემული საღსრულებო ფურცლის აღსრულებისათვის მიღებული ყველა ღონისძიება გაუქმდეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.