Facebook Twitter

საქმე # 820100121004524259

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№236აპ-25 ქ. თბილისი

ჩ. გ., 236აპ-25 25 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ჩ-ს, – დაბადებულს ..., – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2021 წლის 19 მარტს, დაახლოებით, 14:00 საათზე, ... ბინაში, გ. ჩ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას – შ. ჩ-ს სახეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია მისი ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება.

2. გ. ჩ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 აგვისტოს განაჩენით გ. ჩ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – რამაზ შანიძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით – ვადიანი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – რამაზ შანიძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გ. ჩიბურდანიძის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით – ვადიანი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, რამეთუ ბრალდების მხარემ წარმოადგინა გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი მტკიცებულებების ერთობლიობა – მოწმეების: შ. ჩ-ს, მ. ბ-ს, ა. ჩ-ს, ხ. ჩ-ს, გ. დ-ს, დ. ი-სა და დ. ა-ს ჩვენებები/გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, გ. ჩ-ს დაკავების ოქმი, შ. ჩ-ს სამედიცინო დოკუმენტაცია და ექსპერტიზის დასკვნა და სხვა სამხილები. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა მისი ოჯახის წევრის მამხილებელი ჩვენება, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით იქმნება საკმარისი საფუძველი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და, შესაბამისად, გ. ჩ. წარდგენილ ბრალდებაში დაუსაბუთებლად გაამართლა, რამეთუ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადგინდა გ. ჩიბურდანიძის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულმა შორენა ჩიბურდანიძემ სასამართლოს არ მისცა ჩვენება თავისი ძმის წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას მიწოდებული ინფორმაცია დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; სხვა მტკიცებულებებიდან კი, რომლებზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში: მოწმეების – მ. ბ-ს, ა. ჩ-სა და ხ. ჩ-ს მიერ, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, გ. ჩ-სათვის შერაცხილ კონკრეტულ ოჯახურ დანაშაულთან მიმართებით, არის ირიბი, ხოლო მოწმეების – დ. ი-ს, დ. ა-სა და გ. დ-ს მონათხრობი, ისევე, როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი – არაფრისმთქმელი, შესაბამისად, მისი ბრალეულობის უტყუარად დასადასტურებლად ვერ გამოდგება; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზარალებულ შ. ჩ-ს ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, ხოლო დაზარალებულის შეტყობინება და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოცემული შემაკავებელი ორდერი ვერ ქმნიან მტკიცებულებათა უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გ. ჩ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი სამხილებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაადასტურა გ. ჩ-0სათვის წარდგენილი ბრალდება.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი