Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№253აპ-25 თბილისი

ქ-ა ა., 253აპ-25 24 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ქ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ნ-ისა და გ. ბ-ის – საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენით ა. ქ-ა, დ-–-, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით – განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით, 21:00 საათზე ქ. რ--–ი, გ-- საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ. გ-ასა და ბ---- ბ-ს შორის კამათისას, ბ. ბ-ს მხარი დაუჭირა მეგობარმა – ა. ქ-ამ, ხოლო ზ. გ-ას – მისმა ახლობელმა, ა. გ. ზ-მ, რა დროსაც ა. ქ-ამ მოკვლის განზრახვით ორჯერ დაარტყა დანა ა. გ. ზ-ს, რითაც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები გულმკერდისა და მუცლის ღრუს ნაკვეთი ჭრილობების სახით, თუმცა, ა. ქ-ასაგან დამოუკიდებელი მიზეზით, გაწეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ ა. გ. ზ- გადარჩა მიყენებული დაზიანებების შედეგად სიკვდილს.

2. აღნიშნული ქმედებისათვის ა. ქ-ას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ა. ქ-ას, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 16 თებერვლიდან.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატებმა – გ. ნ-მა და გ. ბ-ემ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენის შეცვლა და ა. ქ-ას ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან 19,117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორები – ადვოკატები: გ. ნ-ი და გ. ბ-ე – საკასაციო საჩივრით ითხოვენ ა. ქ-ას ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას; საქმის დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემას, ასევე – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი საკმარისი დამაჯერებლობითა და გულმოდგინებით არის შესწავლილი და პასუხგაცემული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში.

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზების დასკვნები, ვიდეოჩანაწერები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალები – გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ა. ქ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ ა. ქ-ამ ა. გ. ზ-ს ჭრილობები მიაყენა მოკვლის განზრახვით, რასაც ადასტურებს როგორც ჭრილობების ლოკალიზაცია, ისე – ფაქტის შემსწრე მოწმეების ჩვენებები. კერძოდ:

4. 2023 წლის 15 თებერვალს რ--–ი, გ------ კორპუსის ეზოში ზ. გ-ასა და ბ. ბ-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ცალსახადაა დადასტურებელი თავად ამ მოწმეების, ასევე – მოწმეების: ნ. მ-ისა და ზ. გ-ას – ჩვენებებით. დადგენილია, რომ ზ. გ-ასა და ბ. ბ-ს შორის დაწყებულ კონფლიქტში ჩაერთნენ ა. ქ-ა და ა. გ. ზ-. მოწმეების – ნ. მ-ის, ზ. გ-ასა და ზ. გ-ას – ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ზ. გ-ა განარიდეს შემთხვევის ადგილიდან, თუმცა კონფლიქტი ამით არ ამოიწურა. როგორც მოწმე ზ. გ-ას ჩვენებით დადგინდა, ის და ა. გ. ზ- ჩასხდნენ ა. გ. ზ-ს კუთვნილ ავტომანქანაში და აპირებდნენ შემთხვევის ადგილის დატოვებას, რა დროსაც ბ. ბ-ი უკან დაედევნა ავტომანქანას და ურტყამდა ავტომანქანის უკანა ნაწილს. სწორედ ამ მომენტიდან ა. გ. ზ- გადმოვიდა ავტომანქანიდან და თანნაქონი მკვრივ-ბლაგვი საგნით ბ. ბ-ს თავის არეში მიაყენა დაზიანება (სამედიცინო ექსპერტიზის 2023 წლის 20 თებერვლის №-- დასკვნით, ბ. ბ-ს გარეგანი დათვალიერებით მარცხენა შუბლ-საფეთქლის მიდამოში აღენიშნება დაჟეჟილი ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით). მოწმეების – ნ. მ-ისა და ზ. გ-ას – ჩვენებები ა. გ. ზ-ს მიერ ბ. ბ-ისათვის დაზიანების მიყენების ნაწილში თანხვდენილია და არ ვლინდება არსებითი წინააღმდეგობები. ამასთან, ორივე მოწმე ერთმნიშვნელოვნად და ნათლად აღწერს ბ. ბ-ისათვის დაზიანების მიყენების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, რაც უშუალოდ დანაშაულის შემადგენლობისათვის არის მნიშვნელოვანი, კერძოდ: მოწმეების ჩვენებებით ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც ბ. ბ-ს დაზიანება მიაყენა ა. გ. ზ-მ, ა. ქ-ა გაემართა მისკენ. მოწმეებმა: ზ. გ-ამ და ნ. მ-მა – დაინახეს ა. გ. ზ-სთან მიახლოვებული ა. ქ-ა, რომელსაც ხელში ეჭირა დანა და დანიანი ხელი მოიქნია ა. გ. ზ-ს მიმართულებით, დანის მოქნევის შემდეგ კი, მოწმეთა განმარტებით, ა. ქ-ამ დატოვა შემთხვევის ადგილი, ხოლო ა. გ. ზ-, რომელიც ტანთცმული ქურთუკის შიდა მხარეს იკიდებდა ხელს, ზ. გ-ასთან ერთად ჩაჯდა თავის ავტომანქანაში და მათ დატოვეს შემთხვევის ადგილი. მოწმე ზ. გ-ამ მოგვიანებით, უკვე ავტომანქანაში ჩაჯდომის შემდეგ, შეიტყო, რომ ა. გ. ზ- იყო დაჭრილი, რის გამოც, იგი მიიყვანა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში. დაცვის მხარის მოწმე ბ. ბ-მა დაადასტურა, რომ ა. გ. ზ-ს ე.წ. „ბიტის“ თავში ჩარტყმის მერე გონება დაკარგა, თუმცა, უკვე გამოფხიზლებული, ის ა. ქ-ამ წაიყვანა შემთხვევის ადგილიდან. მოწმე ბ. ბ-მა ასევე დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა მოწმე ნ. მ-იც. ამდენად, ა. ქ-ას, ზ. გ-ას, ნ. მ-ის შემთხვევის ადგილზე ყოფნა დადასტურებულია არა მხოლოდ ბრალდების მოწმეების, არამედ – დაცვის მხარის მოწმის ჩვენებითაც. თვითმხილველი მოწმეების: ნ. მ-ისა და ზ. გ-ას – ინციდენტისას იქ ყოფნა დასტურდება ა. გ. ზ-ს პალატაში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული აუდიოჩანაწერითაც, რომელშიც თავად ა. გ. ზ- აცხადებს, რომ ჩაჯდა მანქანაში, მაგრამ მანქანას დაუწყო წიხლების რტყმევა, გადმოხტა მანქანიდან და ბ---- (ბ. ბ-ი) მიდიოდა მისკენ, ბ----ს თავში ჩაარტყა და შემდეგ დანა დაარტყეს; დანა რატომ დაარტყეს, არ იცის; ასევე საუბრობს, რომ ნ. მ-ი და ზ. გ-აც იქ იყვნენ. შესაბამისად, დაცვის მხარის არგუმენტები, რომ მოწმეების – ზ. გ-ასა და ნ. მ-ის – მიერ სასამართლოსათვის მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ქარწყლდება თავად ამ მოწმეთა ჩვენებებითა და ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული აუდიოჩანაწერით. ასევე, რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით ცალსახად დგინდება, რომ ა. გ. ზ- სწორედ ზ. გ-ამ მიიყვანა საავადმყოფოში, რომელშიც მოგვიანებით მივიდნენ ზ. გ-ა და ნ. მ-ი.

5. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ, თითქოსდა, მოწმეები გამოძიების ან დაზარალებულის მხრიდან განიცდიდნენ ზეწოლას და ნ. მ-ს ა-------ისთვის უნდა დაედო ხელი, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ თავად მოწმეებმა: ნ. მ-მა, ზ. და ზ. გ-ებმა – არ დაადასტურეს დაზარალებულის ოჯახის ან ვინმეს მხრიდან ზეწოლა. ასევე, მოწმე ჯ. ჯ-ის ასეთი განაცხადის დროისათვის მითითებულ მოწმეებს გამოკითხვის ოქმებში უკვე მიწოდებული ჰქონდათ ა. ქ-ას მამხილებელი ინფორმაცია. მოწმე ზ. გ-ამ ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ ა. ქ-ას მიერ ა. გ. ზ-სათვის დანის დარტყმას პირადად არ შესწრებია, თუმცა მისი ოჯახის წევრები – ნ. მ-ი და ზ. გ-ა – არიან ამ ფაქტის თვითმხილველნი და სწორედ მათი გადმოცემით გაიგო მომხდარის შესახებ. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მოწმე ჯ. ჯ-ემ კატეგორიულად უარყო თავად ბ. ბ-თან რაიმე ურთიერთობა და ამ ფაქტის შესახებ საუბარი, როდესაც მოწმე ბ. ბ-მა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ამ საქმესთან მიმართებით ისაუბრა ჯ. ჯ-ესთან. ამდენად, დაცვის მხარის არგუმენტი, რომ თითქოს ბრალდების მხარის მოწმეები დაზარალებულის ან გამოძიების მხრიდან იმყოფებოდნენ ზეწოლის ქვეშ, ემსახურება ბრალდების მხარის პირდაპირი ხასიათის მოწმეთა ჩვენებების დისკრედიტაციას და არ დასტურდება რაიმე ფაქტითა თუ მტკიცებულებით.

6. კასატორები საჩივარში ხაზს უსვამენ მოწმეთა მიერ გამოძიების დროს მიწოდებულ ინფორმაციებში (გამოკითხვის ოქმებში) არსებული შესაძლო შეუსაბამობების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება, იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი; პირი მოწმის სტატუსს და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. იმავე მუხლის 24-ე ნაწილის მიხედვით, მოწმის ჩვენება მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაციაა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. შესაბამისად, ის გარემოებები თუ ინფორმაციები რა მოცულობითა და რა თანმიმდევრობით მიაწოდეს მოწმეებმა გამომძიებლებსა და ადვოკატს, არ წარმოადგენს სასამართლოსათვის სახელმძღვანელო მტკიცების საგანს. ყველა ზემოაღნიშნული მოწმე, რომელთა ჩვენებებიც მტკიცებულებითი მნიშვნელობისაა, უშუალოდ წარსდგა სასამართლოს წინაშე. სასამართლოსათვის ის ინფორმაციაა სახელძღვანელო, რომელიც მოწმეებმა, შეჯიბრებითი და თანასწორი პროცესის ფარგლებში, მხარეთა მიერ მრავალმხრივ დასმული კითხვების რეჟიმში მიაწოდეს სასამართლოს. სწორედაც რომ სასამართლოს წინაშე მოწმის უშუალო და ზეპირი დაკითხვა სძენს მოწმის ჩვენებას მტკიცებულებით ძალას, რამეთუ ამ დროს სასამართლო ორივე მხარის ჩართულობით იღებს სრულყოფილ და არაფრაგმენტულ ინფორმაციას იმ ფაქტების შესახებ, რომლებსაც მოწმეები თვითონ შეესწრნენ ან რომელთა გადმოცემაც შეუძლიათ დაადასტურონ.

7. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმეებმა – ნ. მ-მა და ზ. გ-ამ – სრულად აღიდგინეს და დეტალურად გადმოსცეს შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები. მათ ჩვენებებში, ასევე, ამ ჩვენებათა სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერებისას არ გამოკვეთილა არსებითი წინააღმდეგობები, რომელთაც შეეძლოთ სასამართლოს შთაბეჭდილებაზე ზემოქმედება მოწმეთა არასანდოობასთან მიმართებით. ამასთან, ჩვენების უტყუარობის ხარისხს განსაზღვრავს სასამართლოში გადმოცემულ ინფორმაციებსა და სხვა მტკიცებულებებთან მისი შესაბამისობა და არა – სრული თანხვედრა. სწორედ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების შინაარსის გაანალიზებისა და საქმის სხვა მტკიცებულებებთან შეპირისპირების შედეგადაა შესაძლებელი რაიმე ფაქტის უტყუარად მტკიცება ან უარყოფა. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეებმა ცალსახად მიუთითეს, რომ ა. გ. ზ-ს გულმკერდის/მუცლის არეში დანა მოუქნია სწორედ ა. ქ-ამ. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულს მართლაც აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი ორი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი დაზიანება, რომელთაგან ერთ-ერთი მიყენებულია გულმკერდის მიდამოში რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

8. რაც შეეხება განზრახვას, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ: „ორი სამართლებრივი მოცემულობის გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა - განზრახვის ელემენტი, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის №227აპ-16 და 2018 წლის 17 მაისის №680აპ-17 გადაწყვეტილებები). ,,ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის – დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა“ (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს №527აპ-17 გადაწყვეტილება).

9. საკასაციო პალატა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ეთანხმება ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილებას და, მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებათა გასაანალიზებლად, ერთობლივად აფასებს: რა იარაღით არის ჩადენილი დანაშაული; როგორია მიყენებულ დაზიანებათა სიმრავლე, ლოკალიზაცია, მათი სიმძიმის ხარისხი; ქმედების შეწყვეტის მიზეზები.

10. ცალსახად დადგენილია, რომ ა. გ. ზ-ს დაზიანებები მიყენებული აქვს ისეთი საგნით, რომელსაც ნამდვილად გააჩნია მჩხვლეტავ-მჭრელი თვისება და, მოწმეთა (ნ. მ-ისა და ზ. გ-ას) ჩვენებების თანახმად, ეს იარაღია დანა. პირი, რომელიც ცოცხალი ობიექტის – ადამიანის – წინააღმდეგ იყენებს მჩხვლეტავ-მჭრელ საგანს (დანას), ცხადია, აცნობიერებს მისი დაზიანების – დაჭრის – შესაძლებლობას. მოწმეების – ნ. მ-სა და ზ. გ-ას – ჩვენებებით ირკვევა, რომ ა. ქ-ამ, ყოველგვარი წინაღობის გარეშე, პირდაპირ და უშუალოდ მოუქნია დანა ა. გ. ზ-ს მუცლის/გულმკერდის არეში. ფაქტია, რომ, სამედიცინო ექსპერტიზის 2023 წლის 18 აპრილის №---- დასკვნის თანახმად, ა. გ. ზ-ს აღენიშნებოდა: ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის მიდამოში, არხის მიმართულებით – წინიდან უკან, ქვევიდან ზევით, გულის პერანგისა და მარცხენა პლევრის დაზიანებით, მიყენებული რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო; ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის მიდამოში, მიყენებული რაიმე მჩხვლეტავი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან – უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება.

11. სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც ცალსახად დაადასტურეს, რომ ა. ქ-ას ქმედებები უშუალოდ იყო მიმართული ა. გ. ზ-ს სხეულის ისეთი ადგილისაკენ, სადაც დანით დაზიანების მიყენება ნებისმიერი ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩენდა სიცოცხლისათვის საფრთხის გამოწვევის მოლოდინს, მეორე მხრივ, საყურადღებოა თავად დაზიანებების თავისებურება და ის გარემოება, რომ გულმკერდის არეში მიყენებული დაზიანება ზედაპირული კი არ არის, არამედ აზიანებს გულის პერანგსა და პლევრას, რაც, თავის მხრივ, მიანიშნებს ბრალდებულის მიერ დარტყმის მიმართულებასა და სიძლიერეზე. სწორედ ეს დაზიანებები მიანიშნებს მსჯავრდებულის მიზანმიმართულ და გააზრებულ ქმედებაზე. ამასთან, ჭრილობები მიყენებულია გულმკერდისა და მუცლის მიდამოებში, რაც, მათი ლოკალიზაციიდან გამომდინარე, ნათლად მიუთითებს, რომ ა. ქ-ას მოქმედებებით რისკი იმისა, რომ დაზიანებულიყო ადამიანის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები, მაღალი იყო.

12. საგულისხმოა ვითარება, რომელშიც ზემოაღნიშნული დაზიანებები იქნა მიყენებული, კერძოდ: თვითმხილველ მოწმეთა (ზ. გ-ას, ბ. ბ-ის, ნ. მ-ისა და ზ. გ-ას) ჩვენებებით ცალსახად დგინდება, რომ ა. ქ-ა და ა. გ. ზ- ჩაერთნენ ზ. გ-ასა და ბ. ბ-ს შორის წამოწყებულ კონფლიქტში, როგორც ურთიერთდაპირისპირებული მხარეები. ასევე ირკვევა, რომ ა. ქ-ას მხრიდან ა. გ. ზ-ს მიმართ მიზანმიმართულ დანის მოქნევას წინ უსწრებდა ა. გ. ზ-ს მიერ ბ. ბ-ისათვის თავში ბლაგვი საგნის დარტყმა, რაც დაინახა ა. ქ-ამ. სწორედ ეს ფაქტი გახდა კიდეც მისი შურისძიების მოტივის განმსაზღვრელი ფაქტორი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით ასევე დიდი ყურადღება ექცევა დამნაშავის ქცევას უშუალოდ ქმედების განხორციელების შემდეგ და დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზებს. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ა. ქ-ამ დანის გულმკერდისა და მუცლის არეში დარტყმის შემდეგ დატოვა შემთხვევის ადგილი. ბრალდებულმა დაზარალებულს წარმატებით დაარტყა დანა სხეულის ისეთ არეში, რაც, გარდაუვლად თუ არა, შესაძლებლობის მაღალი ხარისხით მოასწავებდა საფრთხეს არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ – მისი სიცოცხლისათვის. გარდა ამისა, დადგენილია, რომ დანაშაულს ჰყავდა არაერთი თვითმხილველი პირი. შესაბამისად, ა. ქ-ა არ ყოფილა მარტო დაზარალებულის პირისპირ, რათა მას დაუბრკოლებლად, იმავე სპონტანურობის ეფექტით, შეძლებოდა დაზარალებულისათვის დამატებითი ჭრილობების მიყენება. ამასთან, იგი დარწმუნებული იყო, რომ ა. გ. ზ-ს უკვე მიაყენა სერიოზული დაზიანებები, შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები კი აღარ მისცემდნენ თავდასხმის გაგრძელების საშუალებას. სწორედ ამიტომ ა. ქ-ა ბ. ბ-თან ერთად გაეცალა იქაურობას და თან წაიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა. საგულისხმოა, რომ, სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა. ქ-ა არ იმყოფებოდა ბრალის გამომრიცხავი გარემოების – შეურაცხაობის – მდგომარეობაში.

13. ამდენად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბრალდებულის სურვილი არის ის

ელემენტი, რომელიც განასხვავებს განზრახვასა და გაუფრთხილებლობას, განზრახ მკვლელობასა და ჯანმრთელობის დაზიანებას. ზემოთ განხილული გარემოებები: ცოცხალი ადამიანის წინააღმდეგ გამოყენებული იარაღის სახე, ჭრილობების რაოდენობა და ლოკალიზაცია, მათი სიმძიმე, მიყენების ვითარება და მოტივაცია, რელევანტურია იმის განსასაზღვრად, თუ რა იყო ბრალდებულის ნება – ადამიანის დაზიანება თუ მისი სიკვდილი. ფაქტობრივი გარემოებები მოწმობს, რომ ა. ქ-ას ქცევა ა. გ. ზ-სთვის უშუალოდ დანით დაზიანებების მიყენების მომენტში არ ყოფილა გაუაზრებელი და მას წინ უსწრებდა კონკრეტული, იმწუთიერად აღძრული მისწრაფება – შურისძიების მოტივი. ამდენად, განზრახვისა და მისი ხარისხის დადგენისათვის განმსაზღვრელი ყველა ზემოჩამოთვლილი გარემოება ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მსჯავრდებულის ქმედების მართლწინააღმდეგობის შეგნებაზე, შედეგის დადგომის შესაძლებლობის შეგნებულად დაშვებასა და მისი დადგომის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაზე.

14. კასატორები საკასაციო საჩივარში უთითებენ, რომ ა. ქ-ასაც ჰქონდა დაზიანებები, რომლებიც მას „ბიტით“ (ან ჯოხით) მიაყენა ა. გ. ზ-მ. აღნიშნული მოსაზრება არ დასტურდება საქმეში არსებული რაიმე, თუნდაც ირიბი, მტკიცებულებით. პირიქით, საქმეში არსებული მასალებით, რომლებიც უშუალოდ დანის დარტყმის ფაქტს შეეხება, დადგენილია, რომ, ა. გ. ზ-მ, დაინახა რა ა. ქ-ა დანით ხელში, შეჩერდა და უკან დაიხია. ის დაზიანებები კი, რომლებიც აღწერილია სამედიცინო ექსპერტიზის 2023 წლის 17 თებერვლის №---- დასკვნაში (ნაჭდევი მარჯვენა ყვრიმალისა და წარბზედა მიდამოებში), სრულიად შესაძლებელია, ა. ქ-ას მიეღო ზ. გ-ასთან მომხდარი კონფლიქტის დროს.

15. კასატორები ყურადღებას ამახვილებენ მოწმეთა ჩვენებების სანდოობაზე. სასამართლომ განმარტა: „მოწმის ჩვენების ფორმირებამ, როგორც წესი, შემდეგი სამი სტადია უნდა გაიაროს: მოწმის მიერ ამა თუ იმ ფაქტის აღქმა, ათვისება; აღქმული ფაქტის დამახსოვრება და დაკითხვისას ამ ფაქტის კვლავ წარმოქმნა (რეპროდუქცია). სხვადასხვა მოწმე ყოველივე იმას, რაც დაინახა, მოისმინა და ასე შემდეგ, ერთნაირი სიზუსტითა და სისრულით როდი აღიქვამს, არამედ განსხვავებულად. შესაბამისად, ხშირია შემთხვევა, როდესაც საქმისათვის მნიშვნელოვანი რომელიმე ერთი ფაქტის შესახებ მისი აღმქმელი მოწმეები ერთმანეთის საწინააღმდეგო ჩვენებას იძლევიან, თუმცა ისინი კეთილსინდისიერნი არიან და ნამდვილად სურთ მხოლოდ სიმართლის ჩვენება. მოწმის მიერ გარკვეული შემთხვევის სწორედ აღქმაზე შეიძლება გავლენა იქონიოს იმ მდგომარეობამ, რომელშიც იმყოფება მოწმე. დადგენილია, რომ აღელვებასა და შიშს შეუძლია მოწმეში გაზვიადებული შთაბეჭდილების გამოწვევა. მოწმის მიერ ამა თუ იმ შემთხვევის აღქმაზე, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ობიექტურმა ფაქტორებმა. ასეთ ობიექტურ ფაქტორებად მიჩნეულია მანძილი მოწმესა და იმ ადგილს შორის, საიდანაც მან აღიქვა ესა თუ ის შემთხვევა, დღისით თუ ღამით დაინახა, როგორ ამინდში და ა.შ.. მოწმის ჩვენების შეფასებისას მხედველობაშია მისაღები ფაქტის აღქმისა და ჩვენების მიცემის მომენტებს შორის განვლილი დროის ხანგრძლივობა. რამდენად ხანგრძლივია ეს დრო, იმდენად მეტია ვარაუდი, რომ მოწმემ ბევრი რამ ვერ შეინარჩუნა მეხსიერებაში, დაავიწყდა. გასათვალისწინებელია მოწმის დაკითხვის გარემო-ვითარებაც. ზოგჯერ მოწმე მისთვის უჩვეულო ვითარებაში დაკითხვისას, განსაკუთრებით სასამართლოში საქმის განხილვისას, ღელავს და შესაძლოა, აღელვებულ მდგომარეობაში მყოფმა, ზოგი რამ აღქმულისა დაამახინჯოს ან კიდევ მეტად გაამახვილოს ყურადღება საქმისათვის უმნიშვნელო დეტალზე, ხოლო მთავარზე და არსებითზე – ნაკლებად. ამასთან, გასათვალისწინებელია შემთხვევის ადგილზე შექმნილი არეულობა, რის გამოც, შესაძლოა, მოწმეს ვერ დაენახა გარკვეული დეტალი, ზოგიერთ მათგანს კი სრული სიზუტით არ ახსოვდეს მომხდარი ფაქტის დეტალები.“ მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებებს შორის გარკვეული შეუსაბამობები, მცირეოდენი განსხვავებანი ცალკეულ დეტალებში მართლაც არსებობს, თუმცა ეს შეუსაბამობები არ ეხება მტკიცების მთავარ საგანს, რომელშიც მოიაზრება: მომხდარი ფაქტის ნამდვილობა, დრო და ადგილი, ინციდენტში მონაწილე პირები, მათი მოქმედებანი და დამდგარი შედეგი, ასევე, ინციდენტის მონაწილეთა ქმედების ობიექტური და სუბიექტური კავშირი დამდგარ შედეგებთან. „ზოგადად, არაარსებით დეტალებთან დაკავშირებით, ყოველთვის შეიძლება არსებობდეს გარკვეული განსხვავებანი ჩვენებებს შორის, რადგან მოწმეთა ჩვენებების შინაარსის ე.წ. „მათემატიკური სიზუსტით“ ურთიერთდამთხვევა შეუძლებელია“. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დგინდება ისეთი არსებითი წინააღმდეგობა, რაც გამოკვეთდა მოწმეთა ჩვენებების სანდოობასა და დამაჯერებლობაში დაეჭვების დასაბუთებულ საფუძველს.

16. დაცვის მხარემ, თავისი პოზიციის გასამყარებლად, მიუთითა არაერთ გადაწყვეტილებაზე, რომელთა გათვალისწინებითაც მოითხოვა ა. ქ-ას ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაკვალიფიცირება. აღნიშნულის საპირწონედ საკასაციო პალატას შეუძლია, მიუთითოს უზენაესი სასამართლოს სხვა, არაერთ გადაწყვეტილებაზე (მაგ., №668აპ-23, №426აპ-22, №213აპ-20, №710აპ-23, №1401აპ-23 და ა.შ.), რომლითაც, მსგავსი გარემოებების არსებობისას, მსჯავრდებულის ქმედება განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირდა, თუმცა, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმესთან მიმართებით ზემოჩამოთვლილი გადაწყვეტილებები არარელევანტურია და, მსჯავრდებულის ქმედების გადაკვალიფიცირების კუთხით, ვერ გახდება განაჩენის შეცვლის საფუძველი.

17. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ა. ქ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ხოლო დანიშნული სასჯელი – საქმის გარემოებებსა და მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლებზე დაყრდნობით, პროპორციული და სამართლიანია. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორთა მოთხოვნა ა. ქ-ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემის თაობაზეც.

18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 მარტის განაჩენით ა. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი და, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

19. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ქ-ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენით შეფარდებულ 12 წლით თავისუფლების აღკვეთაზე დამატებული 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შემცირდეს ერთი მეექვსედით, რადგან საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილზე არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და, ამასთან, დასახელებული მუხლი არ ექცევა ამნისტიის კანონის მე-7 მუხლში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. ქ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ნ-ისა და გ. ბ-ის – საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

3. ა. ქ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი 3 (სამი) წლით;

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

6. ა. ქ-ას, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვროს 13 (ცამეტი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

7. მსჯავრდებულ ა. ქ-ას სასჯელი აეთვალოს დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 16 თებერვლიდან;

8. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ა. ქ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;

9. ნივთიერი მტკიცებულებები:

4 ცალი მოწითალო ფერის ანაწმენდი, ა. ქ-ას ნერწყვის ნიმუში, ა. გ. ზ-ს სისხლის, თმის და ფრჩხილის ნიმუშები – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

ა. გ. ზ-ს ტანსაცმელი, ა. ქ-ას ქურთუკი და შარვალი – დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;

სასამართლოს №-- განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალის ამსახველი დისკი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ზ. გ-ასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა 2 (ორ) ცალ კომპაქტდისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, დარჩეს მასში და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

10. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე