Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №254აპ-25 28 ივლისი, 2025 წელი

კ-ი დ., №254აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. კ-ის ადვოკატის – გ. ძ-ის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. კ-ს ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

1.2. დ. კ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 22 თებერვალს, თ-ში, ს. ც-ის ქუჩაზე, დ. კ-მა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – ალფა-პვპ, წონით – 0,6995 გრამი, უკანონოდ მიასაღა გ. გ-ს, რაც, იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენით:

2.1.1. დ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

2.1.2. დ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;

2.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. კ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, რაც აეთვალა 2023 წლის 29 მარტიდან;

2.1.4. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დ. კ-ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ 2023 წლის 22 თებერვალს, თ-ში, ს. ც-ის ქუჩაზე, დ. კ-მა უკანონოდ შეძენილი და შენახული ალფა-პვპს (α-PVP-ს) შემცველი ნივთიერება, წონით – 0,69 გრამი (საწყისი წონით – 0,6995 გრამი), რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპს (α-PVP-ს), რაოდენობით – 0,57462 გრამს (საწყის წონაზე გადაანგარიშებით – 0,58253 გრამს), უკანონოდ მიასაღა გ. გ-ს, რაც, იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ დ. კ-ის ადვოკატმა – გ. ძ-ემ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა დააზუსტეს სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენის ნაწილობრივ შეცვლა. კერძოდ, დ. კ-ის გამართლება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში და გ. გ-ისთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტის დაკვალიფიცირება ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებად (საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის პირველი ნაწილით).

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენი:

3.1.1. დ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დ. კ-ი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისგან;

3.1.2. დ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, რაც აეთვალა 2023 წლის 29 მარტიდან;

3.1.3. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დ. კ-ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ დ. კ-ის ადვოკატი – გ. ძ-ე – საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილობრივ (გასაღების ნაწილში) გაუქმებას. ადვოკატის პოზიციით: გ. გ-ისთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტი უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის პირველი ნაწილით, როგორც ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარება; დ. კ-ის მსჯავრდება გასაღების ნაწილში ემყარება მხოლოდ ერთ მტკიცებულებას – ვიდეოჩანაწერს; გ. გ-ის ჩვენება, ურთიერთსაწინააღმედეგო ხასიათის გათვალისწინებით, არ არის გასაზიარებელი; გ. გ-ი აგენტ-პროვოკატორია.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი მტკიცებულებებიდან:

4.2. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო გ. გ-ის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმად, დ. კ-ი იყო ნარკომოვაჭრე. კერძოდ, ერთ შეკვრა ნარკოტიკულ საშუალებას – ამფეტამინს – ყიდდა 300 ლარად. აღნიშნული განცხადების საფუძველზე გამოიკითხა გ. გ-ი, რომელმაც დანაშაულებრივი ქმედებისა და დამნაშავის გამოვლენის მიზნით, ნებაყოფლობით გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი. გამოძიების მიმდინარეობისას შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელთაც დაევალა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების – საკონტროლო შესყიდვისა და ვიზუალური კონტროლის – ჩატარება. იმავდროულად, ფარული საგამოძიებო მოქმედების წარმართვის მიზნით, გამოიყო ფულადი თანხა, რომელიც საგამოძიებო მოქმედების წინ გადაეცა გ. გ-ს. ეს უკანასკნელი დ. კ-თან შესახვედრად ფარული ვიდეო-აუდიოჩამწერი მოწყობილობით აღჭურვილი წავიდა.

4.3. გ. გ-მა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას დაადასტურა პოლიციასთან ნებაყოფლობით თანამშრომლობის ფაქტი და განმარტა, რომ 2023 წლის 22 თებერვალს, თ-ში, ს. ც-ის ქუჩაზე შეხვედრისას, დ. კ-მა 270 ლარის სანაცვლოდ გადასცა პოლიეთილენის პარკში შეხვეული ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპს, კერძოდ:

· ქიმიური ექსპერტიზის -- დასკვნითა და ექსპერტ თ. ხ-ას ჩვენებით დადგინდა, რომ გ. გ-ისგან ამოღებული, შავი წებოვანი ლენტის ნაჭრებით გადახვეული, იისფერ პოლიეთილენის პარკის ნაჭერში მოთავსებული მოთეთრო-მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება, წონით – 0,6995 გრამი, შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპს (α-PVP-ს);

· ქიმიური ექსპერტიზის -- დასკვნითა და ექსპერტ თ. ხ-ას ჩვენებით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ალფა-პვპ-ს (α-PVP-ს) შემცველი ნივთიერება, წონით – 0,69 გრამი (საწყისი წონით – 0,6995 გრამი), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპს (α-PVP-ს), რაოდენობით – 0,57462 გრამს (საწყის წონაზე გადაანგარიშებით – 0,58253 გრამს).

4.4. საგულისხმოა, რომ დ. კ-ის მიერ გ. გ-ისთვის ნარკოტიკული ნივთიერების გადაცემას, ოპერატიული-სამძებრო ღონისძიების – ვიზუალური კონტროლის – ფარგლებში, პირადად ადევნებდა თვალს გამომძიებელი ბ. წ-ი. აღნიშნულმა მოწმემ ჩვენების მიცემისას ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ ვიზუალური კონტროლის განხორციელებისას გ. გ-ს დ. კ-ის გარდა, სხვა პირთან კონტაქტი არ ჰქონია.

4.5. დ. კ-ის მიერ გ. გ-ისთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემა დადასტურებულია აღნიშნული პირების შეხვედრისა და საუბრის ფარული აუდიო/ვიდეო ჩანაწერითაც, რომელიც ფონოსკოპიურ, ჰაბიტოსკოპიურ და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებთან ერთობლიობით, უტყუარად ადასტურებს დ. კ-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.

4.6. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მტკიცებულებების სიმწირესთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები კანონის შესაბამისად მოპოვებული, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი და მტკიცების საგანთან მიმართებით რელევანტურია. საკასაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტები ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილებით პასუხგაცემულია, რის გამოც, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ზედმიწევნით გამეორება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციისა, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

4.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41). „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.8. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მტკიცებულებებისა და დაცვის მხარის პოზიციის შეფასების, ასევე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დ. კ-ის დამნაშავედ ცნობის ნაწილში, სწორი და კანონიერია, ხოლო ამ დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების, ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოთხოვნების შესაბამისია.

4.9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენი დ. კ-ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, რის გამოც, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. კ-ის ადვოკატის – გ. ძ-ის – საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე