საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №275აპ-25 28 ივლისი, 2025 წელი
მ-ი ნ., №275აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. მ-ის ადვოკატის – თ. გ-ის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ. მ-ს - ბრალად ედებოდა:
ა) ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (სამი ეპიზოდი, 2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია);
ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
1.2. ნ. მ-ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
1.2.1. ნ. მ-მა უკანონოდ შეიძინა, შეინახა და დ. გ-ს უკანონოდ მიასაღა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით – 0,1038 გრამი, რაც, 2023 წლის 11 მაისს, თ-ში, გ-ის ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შსს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს დ. გ-ისგან.
1.2.2. ნ. მ-მა უკანონოდ შეიძინა, შეინახა და დ. გ-ს უკანონოდ მიასაღა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით – 0,1743 გრამი, რაც, 2023 წლის 16 მაისს, თ-ში, ბ-ას ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შსს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს დ. გ-ისგან.
1.2.3. ნ. მ-მა უკანონოდ შეიძინა, შეინახა და დ. გ-ს უკანონოდ მიასაღა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით – 0,0566 გრამი, რაც, 2023 წლის 19 მაისს, თ-ში, ბ-ას ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შსს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს დ. გ-ისგან.
1.2.4. ნ. მ-მა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით – 1,5919 გრამი, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა თ-ში, ა. კ-ის ქუჩის №---ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში. 2023 წლის 27 ივნისს, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ნ. მ-ის მითითებით ამოიღეს საქართველოს შსს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენით, ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა:
· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 11 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 11 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;
· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 16 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 16 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;
· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 19 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 19 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 6 თვით;
· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;
· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. მ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 6 თვით;
· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 1548.68 ლარი – და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. მ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 6 თვით, რაც აეთვალა 2023 წლის 27 ივნისიდან;
· „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნ. მ-ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულმა – ნ. მ-მა – უკანონობაზე აპელირებით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 თებერვლის განაჩენით, მსჯავრდებულ ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენი:
· ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 11 მაისის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, ნ. მ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან;
· ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 11 მაისის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;
· ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 16 მაისის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, ნ. მ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან;
· ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 16 მაისის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;
· ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 19 მაისის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, ნ. მ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან;
· ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 19 მაისის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 6 თვით;
· ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით და 2 თვით;
· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. მ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 6 თვით;
· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 1548.68 ლარი – და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. მ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 6 თვით, რაც აეთვალა 2023 წლის 27 ივნისიდან.
· „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნ. მ-ს, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ნ. მ-ის ადვოკატი – თ. გ-ე – საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლას, კერძოდ – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ნ. მ-ის უდანაშაულოდ ცნობას და საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მის მსჯავრდებას, აგრეთვე – მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ნ. მ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღებას; სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკითხული მთავარი მოწმე – დ. გ-ი – ცრუობს თვითგადარჩენის მიზნით; ვიდეოჩანაწერით არ ირკვევა, გადასცა თუ არა ნ. მ-მა მას ნარკოტიკული საშუალება; ნ. მ-ი ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დაეხმარა დ. გ-ს, მას ნარკორეალიზაციის განზრახვა არ ჰქონია.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ნ. მ-ის უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში. შესაბამისად, რამდენადაც მხარეთა შორის სადავო არ არის ნ. მ-ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით წარმოდგენილ მტკიცებულებებს შეაფასებს.
4.3. სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა დ. გ-მა განმარტა, რომ ნ. მ-ისგან სისტემატურად იძენდა ნარკოტიკულ საშუალებებს, რის შესახებაც აცნობა სამართალდამცველებს და დამნაშავის გამოვლენის მიზნით, ითანამშრომლა გამოძიებასთან. გამოძიების მიმდინარეობისას შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელთაც დაევალა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების – საკონტროლო შესყიდვის – ჩატარება. იმავდროულად, ფარული საგამოძიებო მოქმედების წარმართვის მიზნით, გამოიყო ფულადი თანხა, რომელიც საგამოძიებო მოქმედების წინ გადაეცა დ. გ-ს. ეს უკანასკნელი ნ. მ-თან შესახვედრად ფარული ვიდეო-აუდიოჩამწერი მოწყობილობით აღჭურვილი მიდიოდა. საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, დ. გ-მა ნ. მ-ისგან სამჯერ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ, 2023 წლის 11 მაისს, 16 მაისსა და 19 მაისს. თითოეულ შემთხვევაში, ნ. მ-ის მითითებით, 200 ლარი ჩარიცხა ნ. მ-ის ანგარიშზე. სამივე შემთხვევაში, მსჯავრდებულის მითითებით მივიდა მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც, 11 მაისს საკუთარი ხელით ჩაყარა პარკში მისთვის განკუთვნილი ნარკოტიკული საშუალება, ხოლო 16 მაისსა და 19 მაისს, ნარკოტიკული საშუალება შეკვრების სახით გადასცა ნ. მ-მა. თავის მხრივ, ნ. მ-ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები დ. გ-მა გადასცა გამომძიებელს.
4.4. ის ფაქტი, რომ ნ. მ-ისგან თანხის სანაცვლოდ გადაცემული შეფუთული ნივთიერებები ნამდვილად ნარკოტიკული საშუალებები იყო, დადასტურდა ქიმიური ექსპერიზის -- დასკვნებით, რომელთა თანახმად:
· შავ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული სპეციფიკური სუნის, მოყავისფრო ნივთიერება, წონით – 0,2342 გრამი, შეიცავს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით – 0,1038 გრამს;
· 2 ცალ, თეთრ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული სპეციფიკური სუნის, მოყავისფრო ნივთიერება, წონით – 0,2337 გრამი და 0,2122 გრამი, შეიცავს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რაოდენობით – 0,0920 გრამს და 0,0805 გრამს; თეთრ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული სპეციფიკური სუნის, მოყავისფრო-მოშავო ნივთიერება, წონით – 0,2760 გრამი, შეიცავს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რაოდენობით – 0,1743 გრამს;
· თეთრ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული სპეციფიკური სუნის, მოყავისფრო ნივთიერება, წონით – 0,1952 გრამი, შეიცავს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რაოდენობით – 0,0566 გრამს; თეთრ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული სპეციფიკური სუნის, ყავისფერი ნივთიერება, წონით – 0,1159 გრამი, არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას;
· 8 ცალ, თეთრ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული სპეციფიკური სუნის, მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით – 3,9798 გრამი (ნოტიო, წონით – 6,11 გრამი), შეიცავს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, საერთო რაოდენობით – 1,5919 გრამს.
4.5. საგულისხმოა, რომ დ. გ-ის ჩვენების არსებითი მნიშვნელობის დეტალები შეესაბამება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს (ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ვიდეოჩანაწერებს, მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ინფორმაციას, „საქართველოს ბანკიდან“ გამოთხოვილ ინფორმაციას და ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელ ქვითრებს), რომლებითაც უტყუარად დასტურდება, რომ დ. გ-ი უკავშირდებოდა ნ. მ-ს, ურიცხავდა 200 ლარს, რის შემდეგაც, ბრალდებულთან შეთანხმებით, მიდიოდა მისივე სახლში, სადაც ეს უკანასკნელი გადასცემდა ჩარიცხული თანხის შესაბამისი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებას.
4.6. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ნ. მ-ს ჰქონდა ფინანსური სარგებლის მიღების სურვილი, რაც რეალიზდა 2023 წლის 11 მაისს, 16 მაისსა და 19 მაისს, დ. გ-ისთვის ნარკოტიკული საშუალება – ჰეროინის – თანხის სანაცვლოდ უკანონოდ გადაცემით.
4.7. მართალია, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში, ნარკოტიკული საშუალების გასაღებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირებულია ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებაზე, თუმცა ამგვარი შემთხვევების საფუძველი მსჯავრდებულის ქმედებაში გასაღების მიზნის დაუდასტურებლობა იყო, განსხვავებით მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისგან, რომელთა ყოველმხრივ და ობიექტურად შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. გ-ისთვის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის დროს მსჯავრდებულს გააჩნდა რეალიზაციის მიზანი.
4.8. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მტკიცებულებებისა და დაცვის მხარის პოზიციის შეფასების, ასევე, წარდგენილ ბრალდებებში ნ. მ-ის დამნაშავედ ცნობის ნაწილში, სწორი და კანონიერია, ხოლო თითოეული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების, ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისი.
4.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 თებერვლის განაჩენი ნ. მ-ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, რის გამოც, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ნ. მ-ის ადვოკატის – თ. გ-ის – საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე