Facebook Twitter

¹ბს-303-288(კ-06) 12 სექტემბერი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნინო ქადაგიძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ფ. ღ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ შინაგან საქმეთა სამინისტრო

დავის საგანი _ ერთდროული დახმარების დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 თებერვლის განჩინება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ფ. ღ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ერთდროული დახმარების გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის /იხ.ს.ფ. 1-2/.

საქმის გარემოებები:

მოსარჩელე მსახურობდა საქართველოს შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განყოფილების ...... 2004 წლის 24 ივნისს წელთა ნამსახურობის, ასაკისა და ინვალიდობის გამო გავიდა პენსიაზე. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 75-ე მუხლის თანახმად, პენსიაში გასულ მუშაკებს ეძლეოდათ ერთდროული დახმარების სახით უკანასკნელი 10 თვის ხელფასი, ხოლო მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 130 ლარს, რაც დასტურდებოდა ხელფასის ყოველთვიური უწყისით და ფულადი ატესტატით. შესაბამისად, მოსარჩელისათვის გასაცემი თანხა ჯამში შეადგენდა 1300 ლარს.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

საქართველოს შს სამინისტროს სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფის მთავარმა სამმართველომ აღნიშნული თანხის _ 1300 ლარის ანაზღაურებაზე განაცხადა უარი იმ მოტივით, რომ «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად სასურსათო ულუფა ხელფასში არ შედის. სასურსათო ულუფა ყოველთვიურად შეადგენდა 59 ლარს. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელეს გადასცეს ზემოაღნიშნულ კანონში 2000 წლის 7 ივლისს შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც სასურსათო ულუფის თანხა ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ხელფასის შემადგენელი კომპონენტების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 55-ე მუხლი, რომლის თანახმად: «პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებს ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას» და ა.შ. მოქმედი კანონმდებლობით პენსიის დაანგარიშება ხდება ხელფასიდან, ხოლო «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-10 მუხლის თანახმად, პენსიის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება ყოველთვიური თანამდებობრივი სამხედრო ან სპეციალური წოდების, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატისა და სასურსათო ულუფის ღირებულების ფულადი სარგო.

რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა არ ცნო ფ. ღ-ის სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 21, სხდომის ოქმი/.

რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ «პოლიციის შესახებ» კანონის 31.2. პუნქტით მოსამსახურე პოლიციაში სამსახურისათვის იღებს ყოველთვიურ ხელფასს, რაშიც არ შედის სასურსათო ულუფის ღირებულება. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილში 2004 წლის 28 ივნისს შევიდა ცვლილება, რომელიც დაკავშირებული იყო ხელფასსა და დანამატებთან.

რაიონული სასამართლოს დასკვნით, მითითებულ ცვლილებაში იყო რედაქციული შეცდომა, რამდენადაც ზემოაღნიშნული კანონის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის ნაცვლად, ცვლილება შევიდა 31-ე მუხლის მე-2 ნაწილში, რადგან «პოლიციის შესახებ» კანონის 31-ე მუხლის მესამე პუნქტი ეხებოდა შვებულებას, ნაცვლად ხელფასისა, რაც ნათლად არის ჩამოყალიბებული ცვლილებაში, შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილს არ განუცდია რედაქციული ცვლილება, სასამართლომ მიიჩნია უსაფუძვლოდ.

რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 55-ე მუხლი ეხება პოლიციაში მოსამსახურე პირს და არა თადარიგში დათხოვნილს, რაც ასევე წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს /იხ.ს.ფ. 26-27/.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. ღ-ემ, რომლითაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 75-ე მუხლის თანახმად, პენსიაში გასულ მუშაკებს ეძლეოდათ ერთდროული დახმარების სახით უკანასკნელი 10 თვის ხელფასი. ამავე დებულების 55-ე მუხლის თანახმად, პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებს ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას, რაიონულ კოეფიციენტს და ა.შ. ხელფასის შემადგენლობა ზუსტად განისაზღვრა «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-10 მუხლით, რომლის თანახმად პენსიის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება ყოველთვიური თანამდებობრივი სამხედრო ან სპეციალური წოდების, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატისა და სასურსათო ულუფის ღირებულების ფულადი სარგო.

აპელანტის განმარტებით, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების საფუძველზე მას, როგორც პენსიაზე გასულ პოლიციის თანამშრომელს, ერთდროული დახმარების სახით უნდა მიეღო 10 თვის ხელფასი, ხელფასის ყველა კომპონენტით, რაც ყოველთვიური ხელფასის გათვალისწინებით შეადგენდა 1339 ლარს, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ «პოლიციის შესახებ» კანონში, 2000 წლის 28 ივლისის ცვლილების თანახმად, პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს ხელფასს, რომელიც მოიცავს მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.

აპელანტის მითითებით, პენსია, როგორც წესი, მოქმედი კანონმდებლობით, პენსიაში გასულებს ენიშებათ ხელფასის მიხედვით, თუ სასურსათო ულუფა და ხელფასის სხვა კომპონენტები ხელფასში არ შედის, ფულად ატესტატში უნდა იყოს მითითებული მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი, შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შს სამინისტრომ ფულად ატესტატში ჩაწერა ხელფასის ყველა კომპონენტი, მათ შორის, სასურსათო ულუფა, ამით მან, ფაქტობრივად, აღიარა, რომ სასურსათო ულუფის ღირებულება ხელფასში შედის. ამასთან, რაიონულმა სასამართლომ «პოლიციის შესახებ» კანონის 31.3. მუხლში შეტანილი ცვლილება მიიჩნია რედაქციულ ცვლილებად, რაც არასწორია, რამდენადაც ყველა გამოცემაში აღნიშნული ცვლილება შეტანილია ზემოაღნიშნული კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტში, რომელიც არ ეხება პოლიციელის ხელფასს /იხ.ს.ფ. 28-31/.

მოწინააღმდეგე მხარემ _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ ცნო ფ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 55, სხდომის ოქმი/.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის განჩინებით ფ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ის გარემოება, თუ რა კომპონენტებისაგან შედგება პოლიციის თანამშრომლის ხელფასი, ცალსახად განისაზღვრა «პოლიციის შესახებ» კანონის 2000 წლის 28 ივნისს შეტანილი ცვლილებით, რომლის თანახმად, ხელფასი არის თანამდებობრივი და სპეციალური წოდებებისათვის სარგოების ჯამი, შესაბამისად, მასში არ შევიდა წელთა ნამსახურობის, დასვენების, უქმე დღეებსა და ღამის საათებში ზეგანაკვეთური მუშაობისა და სხვა სახის დანამატები, მათ შორის, სასურსათო ულუფის ღირებულება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უსაფუძვლო იყო ფ. ღ-ის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ გაზეთში გამოქვეყნებულ ზემომითითებული კანონის ტექსტში დაშვებული იყო უზუსტობა, კერძოდ, კანონის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის ნაცვლად ცვლილება შეტანილია მე-2 ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შეტანილი ცვლილება არსებითად განსაზღვრავდა პოლიციელის ხელფასის შემადგენელ კომპონენტებს, რასაც სწორედ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის ჰქონდა მნიშვნელობა /იხ.ს.ფ. 59-61/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ. ღ-ემ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 65-69/.

კასაციის მოტივი:

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ბრძანებულებით დამტკიცდა დებულება «საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის წესის შესახებ”. აღნიშნული დებულების 75-ე მუხლის თანახმად: “შს ორგანოს თანამშრომელს, რომელიც სამსახურიდან დათხოვნილია პენსიის მიღების უფლებით, ეძლევა ერთდროული დახმარების სახით უკანასკნელი 10 თვის ხელფასი”. ამავე დებულების 55-ე მუხლის თანახმად: “პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებს ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს”. 1993 წლის 27 ივლისს მიღებულ “პოლიციის შესახებ კანონის” 31-ე მუხლის მე-2 პუნქტსა და 1996 წლის 16 ოქტომბრის “სამხედრო და შს ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთაA და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-10 მუხლში პოლიციის ხელფასი განმარტებულია, როგორც ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტში. მიუხედავად აღნიშნულისა, შს სამინისტრომ დახმარება სრულად არ გასცა იმ მოტივით, რომ “პოლიციის შესახებ კანონის” 31-ე მუხლში 2000 წლის 28 ივნისს შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით პოლიციის ხელფასად ჩაითვალა მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია თუ რა კომპონენტებისაგან შედგება პოლიციის თანამშრომლის ხელფასი. “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონით განისაზღვრა ხელფასი, როგორც თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის სარგოების ჯამი. შესაბამისად, მასში არ შესულა წელთა ნამსახურეობის, დასვენების, უქმე დღეებსა და ღამის ზეგანაკვეთური მუშაობისა და სხვა სახის დანამატები, მათ შორის, სასურსათო ულუფის ღირებულება. ზემოაღნიშნული დასკვნა არასწორია, ვინაიდან “პოლიციის შესახებ” 1997 წლის 27 ივლისის კანონის 31-ე მუხლში პოლიციელის ხელფასი განსაზღვრულია მე-2 პუნქტში. 2000 წლის 28 ივლისს ცვლილება განიცადა არა მე-2, არამედ მე-3 პუნქტმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის პენსიაში გასვლის დროისათვის მითითებული კანონის ორივე პუნქტი ძალაში იყო. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ ადგილი ჰქონდა პროცესუალურ დარღვევებს, ვინაიდან საქმე უნდა განხილულიყო სამი მოსამართლის შემადგენლობით, ხოლო მოსამართლემ საქმე განიხილა ერთპიროვნულად.

საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 25 ივლისის განჩინებით ფ. ღ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად (აბსოლუტური კასაცია) /იხ. ს.ფ. 86-88/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ «პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონის პირველი მუხლით ცვლილება შევიდა «პოლიციის შესახებ" კანონის 31-ე მუხლის არა მე-2, არამედ მე-3 პუნქტში, რადგან მითითებული კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავდა პოლიციაში სამსახურისათვის პოლიციის თანამშრომლის მიერ მისაღები ხელფასის ცნებას და სწორედ პოლიციაში სამსახურისათვის პოლიციის თანამშრომლის მიერ მისაღები ხელფასის, სხვადასხვა სახის დანამატებსა თუ კომპენსაციებს განსაზღვრავს 2000 წლის 28 ივნისის კანონის პირველი მუხლი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული კანონის პირველი მუხლით სწორედ «პოლიციის შესახებ" კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტმა განიცადა ცვლილება, რაზეც ცალსახად მიუთითებს კანონთა ზემოაღნიშნული დებულებების შინაარსი. რაც შეეხება 2000 წლის 28 ივნისის კანონის პირველ მუხლში აღნიშნულ მითითებას 31-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული წარმოადგენს კანონის ტექსტის გამოქვეყნების დროს დაშვებულ ბეჭდვით შეცდომას და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ 2000 წლის 28 ივნისის ცვლილებებით კანონმდებელმა არსებითად შეცვალა პოლიციის თანამშრომლებისათვის მისაცემი ხელფასის ცნება. მითითებულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის არგუმენტს, რომ 2000 წლის 28 ივნისის კანონის მიღებამდე არსებული და მიღების შემდეგ ამოქმედებული «პოლიციის შესახებ" კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის რედაქციები იდენტურია და განსხვავდება მხოლოდ ფორმით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2000 წლის 28 ივნისის კანონის მიღებით არსებითად შეიცვალა პოლიციის თანამშრომლებისათვის მისაღები ხელფასის ცნება და კანონის რედაქციის ფორმის შეცვლით არსებითი ცვლილება განიცადა ნორმის შინაარსმა, კერძოდ, 2000 წლის 28 ივნისის კანონის მიღებამდე მოქმედი «პოლიციის შესახებ" კანონის 31.2 მუხლი ხელფასის ცნებას განსაზღვრავდა როგორც თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, დასვენების, უქმე დღეებში, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის დანამატსა და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. ანუ მითითებული ყველა კომპონენტი მოიაზრებოდა ხელფასის ცნებაში და მის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენდნენ. 2000 წლის 28 ივნისის კანონით მითითებულ დებულებაში ცვლილების შეტანით, კანონმდებელმა შეცვალა ხელფასის ცნება და იგი განსაზღვრა როგორც თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი, ხოლო წელთა ნამსახურობის დანამატი, რაიონული კოეფიციენტი, დასვენების, უქმე დღეებში, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის დანამატი, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები და კომპენსაციები, კანონმდებელმა განსაზღვრა პოლიციის თანამშრომლის სოციალური დაცვის გარანტიებად და გამიჯნა ხელფასისაგან.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელფასში არ შედის სასურსათო ულუფის ღირებულება, რის გამოც სწორად ეთქვა უარი ფ. ღ-ეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას დებულების 55-ე მუხლზე, რომელიც ხელფასის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს სასურსათო ულუფის ღირებულებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმა განსაზღვრავს შს ორგანოს თანამშრომლის ფულად ანაზღაურებას, სადაც გათვალისწინებულია შს ორგანოს მოქმედი თანამშრომლის ფულადი ანაზღაურება. გარდა აღნიშნულისა, იმ პირობებშიც კი, თუ მითითებული ნორმა მიჩნეულ იქნება ხელფასის ცნების განმსაზღვრელ დებულებად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს მოცემული დავის გადაწყვეტის შედეგზე, რადგან «ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის მე-4 მუხლის თანახმად, კანონი წარმოადგენს იერარქიულად მაღლა მდგომ ნორმატიულ აქტს და ენიჭება უპირატესი იურიდიული ძალა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტთან შედარებით. შესაბამისად, სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად მართებულად იქნა გამოყენებული «პოლიციის შესახებ" კანონის 31.2 მუხლი, რომელიც ხელფასის ცნებაში არ გულისხმობს სასურსათო ულუფის ღირებულებას.

საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის საკასაციო პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის ერთპიროვნულად განხილვასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მე-5 ნაწილი ანიჭებს უფლებას სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 იანვრამდე შეტანილი სააპელაციო საჩივარი განიხილოს ერთპიროვნულად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზიები დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების მიღებისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» და «გ» ქვეპუნქტები არ დარღვეულა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის მოტივები არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც ფ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 თებერვლის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცველელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.