საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№334აპ-25 თბილისი
ჩ-ი გ., 334აპ-25 30 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის განაჩენით გ. ჩ-ი - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეალურად უნდა მოიხადოს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი 1 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და
გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 1 წელი. მსჯავრდებულს სასჯელი აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 2 ნოემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა: გ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 2 ნოემბრიდან.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჩ-მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· დაუდგენელ დროსა და გარემოებებში გ. ჩ-მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ლ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი – 7,62 მმ კალიბრიანი, „AKM“ მოდელის --- ავტომატი. ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს ლენტეხის რაიონული სამმართველოს მუშაკებმა 2023 წლის 2 ნოემბერს ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე გ. ჩ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი გ. დ-ი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში შეცვლას, გ. ჩ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს რეალურად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი – სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით იმის გათავლისწინებით, რომ გ. ჩ-მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც მაქსიმალურად დაზოგა სახელმწიფოს რესურსი, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად
მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები და გ. ჩ-ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი სანქციის ფარგლებშია.
8. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობის არსებობა, თუმცა, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, მუხლით დაწესებული შეღავათის გამოყენება სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილებაა და სასჯელის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ჩ-ის მიმართ არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და შენახვა დენადი დანაშაულია, რომელიც იწყება მოქმედებით ან უმოქმედობით და შემდეგ უწყვეტად ხორციელდება. ეს დანაშაული დამთავრებულია ქმედების შეწყვეტის მომენტიდან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2023 წლის 2 ნოემბერს. გამოძიების დაწყებას საფუძველად დაედო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გ. ჩ-ი თავის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოში, სავარაუდოდ, ინახავდა ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას. 2023 წლის 2 ნოემბრის გ. ჩ-ი საცხოვრებელ სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის ოქმის თანახმად, გ. ჩ-ის მონაწილეობით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რის შემდეგაც გ. ჩ-ი დააკავეს ბრალდებულის სახით. შესაბამისად, გ. ჩ-ს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, რის გამოც, სასამართლო მოკლებულია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივ შესაძლებლობას (იხ. სუსგ: №371აპ-21, №478აპ-21, №6აპ-21). აღნიშნული გარემოებების, ასევე მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და სასჯელის მიზნების მხედველობაში მიღებით, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. ჩ-ს კანონიერად და სამართლიანად დაუნიშნა სასჯელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების გარეშე.
10. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების სიმძიმის, ასევე – მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, გ. ჩ-ს დანიშნული აქვს სასჯელის კანონიერი და სამართლიანი ღონისძიება, რომლის შემსუბუქების (სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის) საფუძველი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია. რაც შეეხება საჩივარში მითითებულ შემამსუბუქებელ გარემოებებს, სააპელაციო სასამართლომ სწორედ მათზე დაყრდნობით განუსაზღვრა მსჯავრდებულს შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ზომა.
11. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე