Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად

დატოვების შესახებ

საქმე №951-25 16 ივლისი, 2025 წელი

მ. ნ., №951-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ბრალდებულების – ნ. მ-ის, ლ. ბ-ის და ნ. მ-ის – ადვოკატის, ლ. მ-ის, საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის განჩინებაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ნ. მ-ეს - ბრალად ედება გულგრილობა, ესე იგი, საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.1.1. ნ. მ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2019 წლის 25 დეკემბერს, მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირდა შპს “ბ. და კ-ა“ (ს/ნ ----), იურიდიული მისამართად მიეთითა -ი, მ-ის ქუჩა, საქმიანობის საგანად განისაზღვრა ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. კომპანიის 100% წილის მესაკუთრედ და დირექტორად დარეგისტრირდა ლ. ბ-ე. სამეწარმეო საზოგადოებამ ფუნქციონირება დაიწყო ბ-ში, შ----ში მდებარე ფართში, რომელსაც, ფაქტობრივად, ხელმძღვანელობდა ნ. მ-ე. 2021 წლის 14 იანვარს, შპს “ბ. და კ-ას“ (ს/ნ ----) 100% წილის მფლობელად და ერთპიროვნულ დირექტორად მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირდა ნ. მ-ე, რომელიც ხელმძღვანელ პირად რეგისტრირებული იყო 2022 წლის 30 მაისამდე. ნ. მ-ის დირექტორობის პერიოდში, სამეწარმეო საზოგადოებას ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა ნ. მ-ე. შპს “ბ. და კ-ა“ (ს/ნ ----) ნ. მ-ის ხელმძღვანელ პირად რეგისტრაციის პერიოდში იძენდა სხვადასხვა დასახელების საქონელს და ყიდდა მათ სათანადო ფასნამატით. შპს “ბ. და კ-ა“ (ს/ნ ----) ნ. მ-ის ხელმძღვანელ პირად რეგისტრაციის პერიოდში, სრულყოფილად არ ასახავდა საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დეკლარაციებში დასაბეგრ ბრუნვებს და უსაფუძვლოდ იქმნიდა ზედმეტობას დღგ-ში. უსაფუძვლოდ წარმოქმნილ დღგ-ს ზედმეტობის თანხას შპს “ბ. და კ-ას“ (ს/ნ ----) ხელმძღვანელი პირები მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ. პირადად ნ. მ-ემ, 2021 წლის 22 იანვარს, გამოიტანა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხა – 2 350 ლარი, ხოლო 2021 წლის 31 ივლისს – 1 793 ლარი, ჯამში – 4143 ლარი. შპს “ბ. და კ-ის“ (ს/ნ ----) მიერ ნ. მ-ის ხელმძღვანელ პირად რეგისტრაციის პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტში არ გადახდილა 141 948 ლარი. ნ. მ-ეს, როგორც შპს “ბ. და კ-ის“ (ს/ნ ----) რეგისტრირებულ დირექტორს, ევალებოდა საწარმოს მართლზომიერი საქმიანობის უზრუნველყოფა, ბუღალტრული აღრიცხვის მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად წარმოების უზრუნველყოფა, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად შესრულების უზრუნველყოფა და სხვა ფუნქციების განხორციელება. ნ. მ-ემ, როგორც შპს “ბ. და კ-ას“ (ს/ნ ----) რეგისტრირებულმა დირექტორმა, თავისი სამსახურებრივი მოვალეობა არ შეასრულა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, კერძოდ, არ განუხორციელებია თავისი საწარმოს საქმიანობა და არ უზრუნველუყოფია მეწარმე სუბიექტის საქმიანობის კანონის მოთხოვნების შესაბამისად წარმართვა, რის გამოც, დეკლარირებული არ იქნა და სახელმწიფო ბიუჯეტში არ გადახდილა ძირითადი გადასახადი – 141 948 ლარი (დღგ 99 697 ლარი, საშემოსავლო 42 251 ლარი). ნ. მ-ის, როგორც შპს “ბ. და კ-ას“ (ს/ნ ----) რეგისტრირებული დირექტორის აღნიშნული ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები და 141 948 ლარის ზიანი მიადგა სახელმწიფოს (სსიპ შემოსავლების სამსახურს).

1.2. ლ. ბ-ეს - ბრალად ედება გულგრილობა, ესე იგი, საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.2.1. ლ. ბ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2019 წლის 25 დეკემბერს, მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირდა შპს “ბ. და კ-ა“ (ს/ნ ----), იურიდიული მისამართად მიეთითა: -ი, მ-ის ქუჩა (ლ. ბ-ის რეგისტრაციის მისამართი), საქმიანობის საგანად განისაზღვრა ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. სამეწარმეო საზოგადოების 100% წილის მესაკუთრედ და დირექტორად დარეგისტრირდა ლ. ბ-ე. კომპანიამ ფუნქციონირება დაიწყო ბ-ში, შ----ში მდებარე ფართში, რომელსაც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა ნ. მ-ე. შპს “ბ. და კ-ამ“ (ს/ნ ----) 2020 წელს შეიძინა 58 818 ლარის (დღგ-ის გარეშე) ღირებულების საქონელი, რომელთა რეალიზაცია განახორციელა სათანადო ფასნამატით, თუმცა საგადასახადო დეკლარაციებში აისახა მხოლოდ 3 555 (დღგ-ის 7 გარეშე) ლარის რეალიზაცია. შპს “ბ. და კ-ამ“ (ს/ნ ----) ლ. ბ-ის ხელმძღვანელ პირად რეგისტრაციის პერიოდში, 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 14 იანვრამდე პერიოდში, წარადგინა 2 ერთეული დღგ-ის დეკლარაცია -, რომლებშიც შეიტანეს ყალბი მონაცემები შპს “ბ. და კ-ის“ (ს/ნ ----) დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების შესახებ, რითაც უსაფუძვლოდ წარმოექმნა ზედმეტობა დღგ-ში 9 951 ლარი. 2020 წლის 31 დეკემბერს, შპს “ბ. და კ-ას“ (ს/ნ ----) სს „თიბისი ბანკის“ საბანკო ანგარიშზე, ნომრით – - სახელმწიფო ხაზინიდან დანიშნულებით – „შპს “ბ. და კ-ა“ (ს/ნ ----), ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება“ ჩაირიცხა 7 500 ლარი. დასახელებული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხა (7 485 ლარი), ლ. ბ-ემ, როგორც შპს “ბ. და კ-ის“ (ს/ნ ----) დირექტორმა 2021 წლის 5 იანვარს გამოიტანა საბანკო ანგარიშიდან და გამოიყენა პირადი საჭიროებისთვის. ლ. ბ-ეს, როგორც შპს “ბ. და კ-ის“ (ს/ნ ----) რეგისტრირებულ დირექტორს, ევალებოდა საწარმოს მართლზომიერი საქმიანობის უზრუნველყოფა, ბუღალტრული აღრიცხვის მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად წარმოების უზრუნველყოფა, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად შესრულების უზრუნველყოფა და სხვა ფუნქციების განხორციელება. ლ. ბ-ემ, როგორც შპს “ბ. და კ-ას“ (ს/ნ ----) რეგისტრირებულმა დირექტორმა, თავისი სამსახურებრივი მოვალეობა არ შეასრულა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, კერძოდ, არ უკონტროლებია თავისი საწარმოს საქმიანობა და არ უზრუნველუყვია მეწარმე სუბიექტის საქმიანობის კანონის მოთხოვნების შესაბამისად წარმართვა, რის გამოც, არ დეკლარირებულა და სახელმწიფო ბიუჯეტში არ გადახდილა ძირითადი გადასახადი – 13 381 ლარი. ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ თანხას – 7 485 ლარს. ლ. ბ-ის, როგორც შპს “ბ. და კ-ას“ (ს/ნ ----) რეგისტრირებული დირექტორის აღნიშნული ქმედებებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები და 20 866 ლარის, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სახელმწიფოს (სსიპ შემოსავლების სამსახურს).

1.3. ნ. მ-ეს - ბრალად ედება:

ა) ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით;

ბ) თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

გ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

1.3.1. ნ. მ-ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ა) შპს “ბ. და კ-ა“ (ს/ნ ----) მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 2019 წლის 25 დეკემბერს, იურიდიული მისამართია: -ი, მ-ის ქუჩა; ფაქტობრივი მისამართია: ბ-ი, შ----, საქმიანობის საგანს წარმაოდგენდა ვაჭრობა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელებით. სამეწარმეო საზოგადოების ფაქტობრივ ხელმძღვანელობით/მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებდა ნ. მ-ე. შპს “ბ. და კ-ას“ (ს/ნ ----) ფაქტობრივმა მმართველმა ნ. მ-ემ თავისთვის უპირატესობისა და გამორჩენის მიღების მიზნით, 2020 წლის ნოემბრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ბუღალტრული აღრიცხვის განმახორციელებელი პირის მეშვეობით, დაამზადა და საგადასახადო ორგანოში წარადგინა 23 ერთეული დღგ-ის დეკლარაცია შემდეგი ნომრებით: -----, რომლებშიც შეიტანა ყალბი მონაცემები შპს “ბ. და კ-ას“ (ს/ნ ----) მიერ დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების შესახებ, რითაც საწარმოს უსაფუძვლოდ წარმოეშვა ზედმეტობა დღგ-ში. ნ. მ-ის, როგორც შპს “ბ. და კ-ას“ (ს/ნ ----) ხელმძღვანელი პირის აღნიშნული ქმედებებით, შპს “ბ. და კ-ას“ (ს/ნ ----) 2020 წლის ნოემბრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საწარმოს პირადი აღრიცხვის ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოეშვა ზედმეტობა დღგ-ში – 113 697.91 ლარის ოდენობით. ასევე არ დეკლარირებულა და სახელმწიფო ბიუჯეტში არ გადახდილა დღგ-ის თანხა – 68 850 ლარი, რამაც სახელმწიფოსათვის (სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის), ჯამში 182 548 ლარის ოდენობით, მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ბ) შპს “ბ. და კ-ა“ (ს/ნ ----) მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 2019 წლის 25 დეკემბერს, იურიდიული მისამართია: -ი, მ-ის ქუჩა; ფაქტობრივი მისამართია: ბ-ი, შ----, საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ვაჭრობა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელებით. სამეწარმეო საზოგადოების ფაქტობრივ ხელმძღვანელობით/მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებდა ნ. მ-ე. საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ბუღალტრული აღრიცხვის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით, ნ. მ-ეს, როგორც შპს “ბ. და კ-ის“ (ს/ნ ----) ხელმძღვანელ პირს, ევალებოდა, შეესრულებინა საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, უზრუნველეყო კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული, ყველა სამეურნეო ოპერაციის დროული აღრიცხვა, დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე შემოსავლები და ხარჯები, ასევე – სასაქონლო მატერიალური ფასეულობები აღერიცხა სრულად/სწორად და განეხორციელებინათ კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ვალდებულებები და ფუნქციები. ნ. მ-ემ, როგორც შპს “ბ. და კ-ას“ (ს/ნ ----) ხელმძღვანელმა პირმა, განიზრახა სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის პროცესში ფინასური სარგებლის უკანონოდ მიღება. ნ. მ-ემ, 2020 წლის ნოემბრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, სამეწარმეო საზოგადოების სახელით, საგადასახადო დოკუმენტებით შეიძინა, ჯამში, 2 452 970 ლარის თვითღირებულების პროდუქცია და სათანადო ფასნამატით გაყიდა ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო კომპანიის დოკუმენტებში რეალიზებულად აჩვენა მხოლოდ 1 921 097 ლარის ღირებულების საქონელი. ნ. მ-ემ, საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა უგულველყოფით, შპს “ბ. და კ-ას“ (ს/ნ ----) ბუღალტრულ/საგადასახადო დოკუმენტაციაში რეალიზებულად არ აღრიცხა/არ აჩვენა 1 014 264 ლარის პროდუქციის რეალიზაცია. ნ. მ-ეს, როგორც შპს “ბ. და კ-ას“ (ს/ნ ----) ხელმძღვანელი პირის აღნიშნული ქმედებით, შპს “ბ. და კ-ას“ (ს/ნ ----) 2020 წლის ნოემბრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საწარმოს პირადი აღრიცხვის ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოეშვა ზედმეტობა დღგ-ში – 113 697.91 ლარის ოდენობით. ზემოთ დასახელებულის საფუძველზე, შპს “ბ. და კ-ას“ (ს/ნ ----) 2020 წლის ნოემბრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საბანკო ანგარიშზე ავტომატურად ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხა – 113 697.91 ლარი. დასახელებული თანხიდან ნ. მ-ემ, როგორც შპს “ბ. და კ-ას“ (ს/ნ ----) ხელმძღვანელმა პირმა, 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში, საბანკო ანგარიშიდან უშუალოდ გამოიტანა 101 973 ლარი და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ნ. მ-ის, როგორც შპს “ბ. და კ-ას“ (ს/ნ ----) ხელმძღვანელი პირის, ზემოთ დასახელებული ქმედებებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 113 697.91 ლარის, დიდი ოდენობის ზიანი.

გ) შპს “ბ. და კ-ა“ (ს/ნ ----) მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 2019 წლის 25 დეკემბერს, იურიდიული მისამართია: -ი, მ-ის ქუჩა; ფაქტობრივი მისამართია: ბ-ი, შ----, საქმიანობის საგანს წარმაოდგენდა ვაჭრობა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელებით. სამეწარმეო საზოგადოების ფაქტობრივ ხელმძღვანელობით/მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებდა ნ. მ-ე. საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ბუღალტრული აღრიცხვის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით, ნ. მ-ეს, როგორც შპს “ბ. და კ-ის“ (ს/ნ ----) ფაქტობრივ ხელმძღვანელს, ევალებოდა შეესრულებინა საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, უზრუნველეყო კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამეურნეო ოპერაციის დროული აღრიცხვა, დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე შემოსავლები და ხარჯები, ასევე – ფულადი ნაკადების მოძრაობა აღერიცხათ სრულად და სწორად, აგრეთვე უნდა განეხორციელებინა კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ვალდებულებები და ფუნქციები. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შპს “ბ. და კ-აში“ (ს/ნ ----) ჩატარდა კამერალური სრული გეგმიური შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმება დაიწყო 2022 წლის 2 დეკემბერს და დასრულდა 2023 წლის 26 ივნისს. საგადასახადო შემოწმების აქტი შედგა 2023 წლის 26 ივნისს. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ შპს “ბ. და კ-ას“ (ს/ნ ----) ბუღალტრული აღრიცხვა და სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორება არ ჰქონდა წარმოებული მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, სრულად და სწორად არ ჰქონდა დეკლარირებული მიღებული შემოსავლები და დასაბეგრი ბრუნვები, ასევე გადასახადები გადახდილი არ ჰქონდა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტში. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 30 ივნისს გამოიცა N15436 ბრძანება და N081–124 საგადასახადო მოთხოვნა, რის საფუძველზეც, შპს “ბ. და კ-ას“ (ს/ნ ----) სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა 360 770 ლარის ძირითადი გადასახადი (დღგ 182 548 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 178 222 ლარი). შპს “ბ. და კ-ა“ (ს/ნ ----) აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის - ბრძანებას და - საგადასახადო მოთხოვნას გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით, 2023 წლის 5 ივლისს. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შპს “ბ. და კ-ას“ (ს/ნ ----) საგადასახადო დავა არ უწარმოებია. საგადასახადო კოდექსის თანახმად, „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულება სავალდებულო იყო შპს “ბ. და კ-ას“ (ს/ნ ----) ხელმძღვანელი/მმართველი პირის – ნ. მ-ისთვის. მიუხედავად ამისა, საგადასახადო შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა – 360 770 ლარი, „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან/გაცნობიდან 45 სამუშაო დღის ვადაში შპს “ბ. და კ-ას“ (ს/ნ ----) ხელმძღვანელ/დირექტორ ნ. მ-ის მიერ არ გადახდილა, არც გადავადებულა ან კორექტირებულა და, კანონის საფუძველზე, გადახდის ვალდებულება არ შეჩერებულა. ნ. მ-ის აღნიშნულმა ქმედებამ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და სახელმწიფოსათვის (სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის) მძიმე შედეგი – 360 770 ლარის ზიანი გამოიწვია.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 1 მაისის განჩინებით (სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ):

2.1.1. ბრალდებულების – ნ. მ-ის, ნ. მ-ის და ლ. ბ-ის – ადვოკატის, ლ. მ-ის, შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

2.1.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეწყდა სისხლისსამართლისსამართლებრივი დევნა ნ. მ-ის და ლ. ბ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ნ. მ-ის მიმართ – საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

2.1.3. განჩინების გასაჩივრების წესი განისაზღვრა შემდეგნაირად: განჩინება, ამნისტიის გამოყენების ნაწილში, შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 1 მაისის განჩინებით (უზუსტობის გასწორების შესახებ), გასწორდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 1 მაისის განჩინებაში დაშვებული უზუსტობა, კერძოდ, განჩინების გასაჩივრების წესად მიეთითა: „განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.“

2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება (სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ) გაასაჩივრა პროკურორმა – ლევან მურვანიძემ, რომელმაც საჩივრით მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების გაუქმება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინებით:

3.1.1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

3.1.2. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 1 მაისის განჩინება ნ. მ-ის, ლ. ბ-ის და ნ. მ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და მიეთითა, რომ სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის ეტაპიდან უნდა დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულების – ნ. მ-ის, ლ. ბ-ის და ნ. მ-ის – ადვოკატი, ლ. მ-ე, საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმებას.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა ადვოკატ ლ. მ-ის საჩივარი და მიაჩნია, რომ უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ი) ადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების სპეციალურ წესს, რომელიც მიემართება მხოლოდ პროკურორს, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივროს პროკურორმა, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრდება.

4.3. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა წრეს და მკაფიოდ ადგენს, რომ საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. მოცემული ნორმის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილების – განაჩენის – კანონიერება, ასევე – საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლით დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლოს განჩინება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ, საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლის საფუძველზე – სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, აგრეთვე – სპეციალური კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევები (მაგ., ამნისტიის აქტით, როგორც წესი, ამნისტიის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში).

4.4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყდეს, თუ გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. როგორც აღინიშნა, განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივროს მხოლოდ პროკურორმა, საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი განჩინება კი, არ საჩივრდება.

4.5. მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის განჩინება გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მართალია, საქართველოს სსსკ-ის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება, მაგრამ მხოლოდ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საქართველოს სსსკ-ი ადვოკატის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას საკასაციო სასამართლოში არ ითვალისწინებს; შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობაზე, საკასაციო პალატის მიერ კასატორის მოთხოვნის განხილვა უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების მიღმაა.

4.6. საგულისხმოა, რომ საკასაციო პალატის მიერ საკითხის ამგვარად გადაწვეტა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 31 ოქტომბრის N978აპ-22, აგრეთვე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 17 იანვრის N4511-21 განჩინებები).

4.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ადვოკატ ლ. მ-ის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

4.8. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლით, 303-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის განჩინებაზე ადვოკატ ლ. მ-ის საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე