Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№101I-25 თბილისი

ქ-ი ფ., 101I-25 4 აგვისტო, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ფ. ქ-ის (F. K.) ინტერესების დამცველი ადვოკატების – კ. მ-სა და ო. მ-ის – საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 23 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:

2011 წლის 17 მარტს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ადანის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-5 სასამართლოს №2010/178-2011/101 განაჩენით, ფ. ქ-ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის №5464 სისხლის სამართლის კოდექსის 43/1, 52/4 და 53/1-2-3 მუხლებთან ერთობლიობით – 36-ე მუხლით (ყალბი დოკუმენტების შედგენა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 40,000,00 თურქული ლირა (რაც, ადანის სასჯელაღსრულების მე-4 სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის შეკრების გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიცვალა თავისუფლების აღკვეთით – 1095 დღის ვადით). აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს მე-8 სისხლის სამართლის პალატის ------გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 18 მარტს.

2. 2012 წლის 10 მაისს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ადანის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მე-6 სასამართლოს №2012/391-2012/772 განაჩენით, ფ. ქ-ი (F. K.) დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 43/1, 35. 62, 52/2, 53, 63 მუხლებთან ერთობლიობით – 245/2 მუხლით (ბანკის ან პლასტიკური ბარათების ბოროტად გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 7.500,00 თურქული ლირა (აღნიშნული ჯარიმის გადაუხდელი ნაწილი, 5.000,00 თურქული ლირა, ქ. ადანის მთავარი პროკურატურის სასჯელაღსრულების ბიუროს 2014 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიცვალა თავისუფლების აღკვეთით, ჯამურად – 250 დღით). აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს მე-8 სისხლის სამართლის პალატის №------ გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 18 ოქტომბერს.

3. 2012 წლის 18 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ადანის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მე-15 სასამართლოს №2010/467-2012/464 განაჩენით, ფ. ქ-ი (F. K.) დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 62/1, 52/2, 53/1 მუხლებთან ერთობლიობით – 245/1 მუხლით (ბანკის ან პლასტიკური ბარათების ბოროტად გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 80,00 თურქული ლირა (რაც, ადანის სასჯელაღსრულების მე-4 სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის შეკრების გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიცვალა 4 დღით თავისუფლების აღკვეთით). აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს მე-8 სისხლის სამართლის პალატის №-- გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 16 იანვარს.

4. 2013 წლის 2 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ადანის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მე-5 სასამართლოს №-- განაჩენით, ფ. ქ-ი (F. K.) დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 62, 52/2-3, 53/1 მუხლებთან ერთობლიობით – 245/3 მუხლით (ბანკის ან პლასტიკური ბარათების ბოროტად გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 80,00 თურქული ლირა (რაც, ადანის სასჯელაღსრულების მე-4 სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის შეკრების გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიცვალა 4 დღით თავისუფლების აღკვეთით) და იმავე სისხლის სამართლის კოდექსის 62, 52/2-3, 53/1 მუხლებთან ერთობლიობით – 245/2 მუხლით (ბანკის ან პლასტიკური ბარათების ბოროტად გამოყენება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 80,00 თურქული ლირა (რაც, ადანის სასჯელაღსრულების მე-4 სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის შეკრების გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიცვალა 4 დღით თავისუფლების აღკვეთით). აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს მე-8 სისხლის სამართლის პალატის №--- გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 14 იანვარს.

5. 2013 წლის 30 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ადანის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მე-4 სასამართლოს №-- განაჩენით, ფ. ქ-ი (F. K.) დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 52/2, 53/1-2-3 მუხლებთან ერთობლიობით – 241/1 მუხლით (მევახშეობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 5,000,00 თურქული ლირა (რაც, ადანის სასჯელაღსრულების მე-4 სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის შეკრების გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიცვალა 250 დღით თავისუფლების აღკვეთით). აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს მე-5 სისხლის სამართლის პალატის №----- გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 3 ივლისს.

6. 2013 წლის 15 მაისს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ადანის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მე-5 სასამართლოს №2012/129-2013/370 განაჩენით, ფ. ქ-ი (F. K.) დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 43/1, 62, 52/2, 53/1-2-3 მუხლებთან ერთობლიობით – 245/2 მუხლით (ბანკის ან პლასტიკური ბარათების ბოროტად გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 100.00 თურქული ლირა (რაც, ადანის სასჯელაღსრულების მე-4 სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის შეკრების გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიცვალა 5 დღით თავისუფლების აღკვეთით). აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს მე-8 სისხლის სამართლის პალატის №2014/28938-2014/27988 გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 26 ნოემბერს.

7. 2013 წლის 10 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ რიზეს სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მე-2 სასამართლოს №--- განაჩენით, ფ. ქ-ი (F. K.) დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 52/4, 53/1 მუხლებთან ერთობლიობით – 245/1 მუხლით (ბანკის ან პლასტიკური ბარათების ბოროტად გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 1,000,00 თურქული ლირა. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გასაჩივრდა უზენაესი სასამართლოს მე-8 სასამართლოში და 2015 წლის 25 მარტის №---- გადაწყვეტილებით დანიშნული ჯარიმა შეიცვალა 100,00 თურქული ლირით (რაც, ადანის სასჯელაღსრულების მე-4 სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის შეკრების გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიცვალა 5 დღით თავისუფლების აღკვეთით) და ზემოთ აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

8. 2014 წლის 23 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბოლის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის 28-ე სასამართლოს №---- განაჩენით, ფ. ქ-ი (F. K.) დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 52, 53/1-2-3 მუხლებთან ერთობლიობით – 245/1 მუხლით (ბანკის ან პლასტიკური ბარათების ბოროტად გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 100,00 თურქული ლირა (რაც, ადანის სასჯელაღსრულების მე-4 სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის შეკრების გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიცვალა 5 დღით თავისუფლების აღკვეთით). აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 8 აპრილს.

9. 2014 წლის 15 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბოლის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა 21-ე სასამართლოს №---- განაჩენით, ფ. ქ-ი (F. K.) დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 43/1, 62, 52/2, 53/1-2-3 მუხლებთან ერთობლიობით – 158/1-f მუხლით (თაღლითობა, ჩადენილი საინფორმაციო სისტემების, საბანკო სადებეტო და საკრედიტო ბარათებით გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 80,160,00 თურქული ლირა (რაც, ადანის სასჯელაღსრულების მე-4 სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის შეკრების გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიცვალა 1095 დღით თავისუფლების აღკვეთით); აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 11 ივნისს.

10. 2024 წლის 22 ნოემბერს ადანის სასჯელაღსრულების მე-4 სასამართლოს №---- გადაწყვეტილებით შეიკრიბა ზემოთ ჩამოთვლილი სასჯელები და ფ. ქ-ს (F. K.) სასჯელის სახედ და ზომად, 26 წლის, 24 თვისა და 2842 დღის ნაცვლად, განესაზღვრა 26 წლით, 24 თვითა და 1825 დღით თავისუფლების აღკვეთა.

11. 2025 წლის 3 იანვარს ქალაქ ადანის მთავარმა საჯარო პროკურატურამ გასცა ფ. ქ-ის (F. K.) დაპატიმრების ბრძანება ადანის სასჯელაღსრულების მე-4 სასამართლოს №---- გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოხდის მიზნით.

12. 2025 წლის 11 თებერვლიდან ფ. ქ-ი (F. K.) თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

13. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ფ. ქ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2011 წლის 17 მარტის ქალაქ ადანის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-5 სასამართლოს განაჩენის თანახმად:

2009 წლის 16 მარტს ფ. ქ-მა თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქ. ადანაში გახსნა მობილური ტელეფონების მაღაზია და შეიძინა ტერმინალი (სალარო აპარატი). ფ. ქ-მა, უკანონო ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, აღნიშნული ტერმინალის გამოყენებით, 17 სხვადასხვა საკრედიტო ბარათით განახორციელა 176,500,00 თურქული ლირის ტრანზაქცია საქონლის ფაქტობრივი გაყიდვის გარეშე. ამის შემდეგ აღნიშნული თანხა დაუყოვნებლივ გამოიტანა ბანკომატიდან და გააუქმა ყველა ტრანზაქცია, რითიც მან ბანკს მიაყენა 170,750,00 თურქული ლირის ოდენობის ზიანი.

დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2012 წლის 10 მაისის ქალაქ ადანის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მე-6 სასამართლოს განაჩენის თანახმად:

2011 წლის 19 დეკემბერს ქ. ადანაში ფ. ქ-მა ბანკომატზე ფარულად დაამონტაჟა ბარათის სკიმინგის (საბანკო ანგარიშიდან მონაცემების თაღლითურად კოპირების) მოწყობილობა და სათვალთვალო კამერა. ამის შემდეგ იგი იქვე დაელოდა პოტენციურ დაზარალებულს, თუმცა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა ფ. ქ-ი ადგილზე დააკავეს.

დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2012 წლის 18 სექტემბრის ქალაქ ადანის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მე-15 სასამართლოს განაჩენის თანახმად:

2009 წლის 30 სექტემბერს ფ. ქ-ი ქ. ადანაში, საკუთარ მაღაზიაში, დაზარალებულის საკრედიტო ბარათიდან ფარულად დაეუფლა 750,00 თურქული ლირის ოდენობის თანხას.

დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2013 წლის 2 აპრილის ქალაქ ადანის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მე-5 სასამართლოს განაჩენის თანახმად:

2011 წლის 12 ნოემბერს ქ. ადანაში ფ. ქ-მა ბანკომატზე ფარულად დაამონტაჟა ბარათის სკიმინგის (საბანკო ანგარიშიდან მონაცემების თაღლითურად კოპირების) მოწყობილობა და სათვალთვალო კამერა. აღნიშნული მოწყობილობით მან მოახდინა ბანკომატის მომხმარებლის ბარათის ინფორმაციის კოპირება, მოიპოვა დაზარალებულის ბარათის PIN (პინ კოდი) და მოპარული მონაცემები გამოიყენა დაზარალებულის ანგარიშიდან ტრანზაქციების განსახორციელებლად.

დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2013 წლის 30 აპრილის ქალაქ ადანის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მე-4 სასამართლოს განაჩენის თანახმად:

2007 წელს ქ. ადანაში ფ. ქ-მა ქ. ადანაში გამოიყენა სალარო აპარატი, რათა დაემუშავებინა დიდი ოდენობით ტრანზაქცია სხვადასხვა საკრედიტო ბარათის გამოყენებით ფიქტიური გაყიდვების მიზნით, რითიც მან დაარღვია POS მოწყობილობით (სალარო აპარატით) სარგებლობის პირობები, რადგანაც მოწყობილობა გამოიყენა საკრედიტო ბარათების მფლობელებისათვის ფულის გასესხების მიზნით.

დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2013 წლის 15 მაისის ქალაქ ადანის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მე-5 სასამართლოს განაჩენის თანახმად:

2011 წლის 21 ნოემბერს ქ. ადანაში ფ. ქ-მა ბანკომატზე ფარულად დაამონტაჟა ბარათის სკიმინგის (საბანკო ანგარიშიდან მონაცემების თაღლითურად კოპირების) მოწყობილობა და სათვალთვალო კამერა. აღნიშნული მოწყობილობით მან მოახდინა ბანკომატის მომხმარებლის ბარათის ინფორმაციის კოპირება, მოიპოვა დაზარალებულის ბარათის PIN (პინ კოდი), რის შემდეგაც დაზარალებულის ანგარიშიდან დაეუფლა 1,655,00 თურქულ ლირას.

დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2013 წლის 10 ოქტომბერს ქალაქ რიზეს სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მე-2 სასამართლოს განაჩენის თანახმად:

2010 წლის 30 სექტემბერს ქ. ადანაში ფ. ქ-ი დაზარალებულის საკრედიტო ბარათიდან ფარულად დაეუფლა 900,00 თურქული ლირის ოდენობის თანხას.

დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2014 წლის 23 იანვრის ქალაქ სტამბოლის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის 28-ე სასამართლოს განაჩენის თანახმად:

2009 წლის 30 სექტემბერს ქ. ადანაში ფ. ქ-ი დაზარალებულის საკრედიტო ბარათიდან ფარულად დაეუფლა 500,00 თურქული ლირის ოდენობის თანხას.

დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2014 წლის 15 აპრილის ქალაქ სტამბოლის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა 21-ე სასამართლოს განაჩენის თანახმად:

2010 წელს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფ. ქ-მა უკანონოდ მოახდინა იმ 29 სხვადასხვა დაზარალებულის საკრედიტო ბარათებიდან ინფორმაციის კოპირება, რომლებმაც მის მაღაზიაში შეიძინეს საქონელი. მოგვიანებით, ფ. ქ-მა, მოპარული ინფორმაციის საფუძველზე, დაზარალებულების ანგარიშებიდან განახორციელა 35,082,00 თურქული ლირის ოდენობის ტრანზაქცია.

14. ზემოაღნიშნული ქმედებები ისჯება მოცემული შუამდგომლობის მე-7-მე-15 პარაგრაფებში მითითებული მუხლებით და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, სულ მცირე, 1 წლის ვადით. ამასთან, ფ. ქ-ს სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ხნის ვადით. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფ. ქ-მა 12 წლის 11 თვისა და 23 დღის შემდეგ შესაძლოა, მოიპოვოს პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლება.

15. 2025 წლის 28 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ფ. ქ-ი (F. K.).

16. იმავე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინებით, ფ. ქ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

17. 2025 წლის 6 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ფ. ქ-ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.

18. 2025 წლის 1 აპრილს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც მიღებულ იქნა 2025 წლის 28 აპრილს.

19. 2025 წლის 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ფ. ქ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2025 წლის 28 აგვისტომდე.

20. ამჟამად ფ. ქ-ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №-პენიტენციურ დაწესებულებაში.

21. 2025 წლის 21 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორმა პროკურორმა მეგი გურჩიანმა და ითხოვა ფ. ქ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა თურქეთის რესპუბლიკის 2024 წლის 22 ნოემბრის ადანის სასჯელაღსრულების მე-4 სასამართლოს №---- გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით, გარდა აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ადანის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მე-4 სასამართლოს 2013 წლის 30 აპრილის №---- განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 241/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (მევახშეობა) განსაზღვრული სასჯელისა.

22. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 23 ივლისის განჩინებით სტაჟიორ-პროკურორ მეგი გურჩიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: დასაშვებად იქნა ცნობილი ფ. ქ-ის (F. K.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის 2024 წლის 22 ნოემბრის ადანის სასჯელაღსრულების მე-4 სასამართლოს №---- გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით, გარდა აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ადანის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მე-4 სასამართლოს 2013 წლის 30 აპრილის №---- განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 241/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (მევახშეობა) განსაზღვრული სასჯელისა.

23. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ფ. ქ-ის – ინტერესების დამცველი ადვოკატები – კ. მ. და ო. მ-ი – საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 23 ივლისის განჩინების გაუქმებას შემდეგი მოტივებით: ფ. ქ-მა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა მხოლოდ იმის გამო, რომ, ქონებრივი დავიდან გამომდინარე, თურქეთში ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, რაც გარდაუვალი იყო; საქართველოში შემოსვლითანავე, მან მიმართა მიგრაციის დეპარტამენტს და მოიპოვა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; მას, გარდა საზღვრის უკანონო კვეთისა, საქართველოში სხვა დანაშაული არ ჩაუდენია; ფ. ქ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენით შეფარდებული სასჯელი – ჯარიმა – 2000 ლარი – მსჯავრდებულის ახლობელმა გადაიხადა 2025 წლის 10 მარტს; ფ. ქ-მა ბათუმში მეგობარ, პარტნიორ ქალბატონთან – ქ. მ-თან – ერთად დაიწყო წარმატებული ბიზნესი ავტოსერვისის მომსახურების სფეროში; ის საქართველოში არ დამალვია სამართალდამცავ ორგანოებს; სამშობლოში შეიარაღებული პირები მას ემუქრებიან სიცოცხლის მოსპობით; დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევაში, ფ. ქ-ის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე ან/და იგი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას.

24. სტაჟიორმა პროკურორმა მეგი გურჩიანმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა ფ. ქ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 23 ივლისის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. ფ. ქ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2025 წლის 28 თებერვალს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება გარემოებები, რომ ფ. ქ-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატებმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.

5. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ფ. ქ-ი დაექვემდებარება წამებას, დევნას ან არაადამიანურ მოპყრობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს: ექსტრადიციის შემთხვევაში, წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფ. ქ-ის ექსტრადიციის მიზნით დაკავებიდან ამ დრომდე დაცვის მხარეს არცერთი წერილობითი განცხადება ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია მის მიმართ უკანონო ქმედების, ძალადობის ან/და არასათანადო მოპყრობის რაიმე ინციდენტის თაობაზე. ამდენად, დაუსაბუთებელია ადვოკატების მოსაზრება, ექსტრადიციასდაქვემდებარებული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის საფრთხის არსებობის შესახებ.

6. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) № 46827/99 and № 46951/99, § 73, 04.02.2005, შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ (იხ.Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

7. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს საფუძველი რწმენისთვის, რომ პირი, შესაძლოა, დადგეს მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფრთხის წინაშე. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K. v. Russia, no 69235/11, § 66, ECtHR, 23/05/2011; Zarmaev v. Belgium, no 35/10, ECtHR, 27/02/2014). გამონაკლისია „განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევები“ (T.K. and S.R. v. Russia, no28492/15 და 49975/15, § 79, 19/11/2019; Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07, 11449/07, §§ 216, 218, ECtHR, 28/06/2011), რომელთა არსებობა, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

8. გასათვალისწინებელია თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.

9. გარდა ამისა, საექსტრადიციო მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ფ. ქ-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, დაირღვევა მისი ცალკეული უფლებები. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ანდა სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წარსულში თურქეთის რესპუბლიკაში ფ. ქ-ის მიმართ ადგილი ჰქონდა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. ასევე საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ, ფ. ქ-ის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. მეტიც, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

10. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება არ ხორციელდება, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში მის მიმართ დაუსწრებლად გამოიტანეს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და, ამასთანავე, იგი სათანადოდ არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ, ან დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულისთვის უზრუნველყოფილი არ იყო დაცვის მინიმალური უფლებები. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის ექსტრადიცია შეიძლება, განხორციელდეს, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები წარმოადგენენ სასამართლოს მიერ საქმის ხელახალი განხილვის გარანტიას, სადაც ექსტრადირებული პირი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის უფლებით.

11. საქმეშია თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტია, რომ ფ. ქ-ის ექსტრადიცია არ მოითხოვება პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულისათვის; აგრეთვე, ექსტრადიციის შემთხვევაში, იგი ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის – წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v. Belgium, no 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v. Spain, no 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v. Slovakia, no 21022/08; 51946/08, ECtHR, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიები საჯარო და ხელმისაწვდომია; გაცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ; გარანტიები საკმარისად კონკრეტულია და არა – ზოგადი და ბუნდოვანი. ქმედებები, რომელთა არგამოყენების გარანტიას იძლევა ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო, უკანონოდ ითვლება ამ ქვეყანაში (Cipriani v. Italy, no. 221142/07, Decision, ECHR; Youb Saoudi v. Spain, no. 22871/06, Decision, ECHR). აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ თურქეთის რესპუბლიკა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილეა და ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო არასათანადო მოპყრობისგან დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების წევრია (Koktysh v. Ukraine, no. 43707/07, ECHR, 63). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ვარაუდისათვის, რომ, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ფ. ქ-ი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი ჯანმრთელობის, სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი და საეჭვოდ მიიჩნიოს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები.

13. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის რისკთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, შესაძლოა, დადგეს კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საკითხი იმ შემთხვევებში, როდესაც ექსტრადიციის მომთხოვნი ქვეყნის მიერ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ადგილი ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევას (flagrant denial of justice) ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა იმდენად მძიმე შემთხვევებს მოიცავს, რომ იგი ბევრად მეტს გულისხმობს, ვიდრე მარტივი პროცესუალური დარღვევებია ან სასამართლო პროცესის დროს პროცედურული გარანტიების შეზღუდული ფორმით არსებობაა. საპირისპიროდ, სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა გულისხმობს ისეთ ფუნდამენტურ დარღვევებს, რომელთაც კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლება ნულამდე დაჰყავს ან მისი არსის განადგურებას ახდენს.

14. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისათვის არ მოუწვდია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების აშკარა დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებიც ცხადყოფს, რომ ფ. ქ-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, დაირღვეოდა მისი უფლებები. გარდა აღნიშნულისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენთა ნაწილი გამოტანილ იქნა ფ. ქ-ისა და მისი ადვოკატის მონაწილეობით, ამასთან, ფ. ქ-ს, ექსტრადიციის ქვემდებარე ყველა დანაშაულთან დაკავშირებით, მიცემული აქვს თავდაცვითი ჩვენება. ასევე, თურქეთის მხარემ წარმოადგინა გარანტია, რომ, 2014 წლის 23 იანვრის განაჩენთან მიმართებით, ფ. ქ-ს მიეცემა მისი საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ფ. ქ-ის ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკაში შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებს.

15. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ფ. ქ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ, მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

16. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 6 აგვისტოს ფ. ქ-ს უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ისე – ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით ფ. ქ-ის სარჩელი, მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, დარჩა განუხილველად და, შესაბამისად, იგი აღარ ითვლება თავშესაფრის მაძიებელ პირად საქართველოში. ამრიგად, არ არსებობს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.

17. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებისთვისაც მოითხოვება ფ. ქ-ის ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები აწარმოებდნენ საქმეს ან საქართველოს სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ფ. ქ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem-ის დარღვევა.

18. ექსტრადიციის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ დამკვიდრდა in abstracto ორმაგი დასჯადობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს შემდეგს: ორმაგი დასჯადობის არსებობისათვის არ არის სავალდებულო, ექსტრადიციის განმახორციელებელი და მომთხოვნი სახელმწიფოების სამართლით განსაზღვრული დანაშაულის ყველა ელემენტი იდენტური იყოს, არამედ სადავო ქმედება, ცალკე აღებული, უნდა ისჯებოდეს ექსტრადიციის განმახორციელებელი სახელმწიფოს კანონმდებლობით.

19. ფ. ქ-ის მიერ ჩადენილი და მოცემულ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, სულ მცირე, შემდეგი მუხლებით:

პროკურორის შუამდგომლობის 27-ე პარაგრაფში აღწერილი ქმედება დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა;

პროკურორის შუამდგომლობის 28-ე პარაგრაფში აღწერილი ქმედებები დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ქურდობის მცდელობა), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;

პროკურორის შუამდგომლობის 29-ე, 33-ე და 34-ე პარაგრაფებში აღწერილი ქმედებები დაისჯებოდა, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ქურდობა), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;

პროკურორის შუამდგომლობის 30-ე და 32-ე პარაგრაფებში აღწერილი ქმედებები, სულ მცირე, დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2861-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ორიდან ოთხ წლამდე;

პროკურორის შუამდგომლობის 35-ე პარაგრაფში აღწერილი ქმედებები დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (თაღლითობა), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;

რაც შეეხება პროკურორის შუამდგომლობის 31-ე პარაგრაფში აღწერილ ქმედებას, იგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, არ წარმოადგენს დანაშაულს და, აღნიშნულიდან გამომდინარე, ფ. ქ-ის (F. K.) ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 241/1 მუხლით (მევახშეობა) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაუშვებელია.

20. ამრიგად, ფ. ქ-ის მიერ ჩადენილი და შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები, გარდა პროკურორის შუამდგომლობის 31-ე პარაგრაფში მითითებული ქმედებისა, დანაშაულად ითვლება და დასჯადია როგორც საქართველოს, ისე – თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და, ორივე შემთხვევაში, მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ფ. ქ-ს მოსახდელი აქვს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, 4 თვეზე მეტი ხნის ვადით.

21. 1957 წლის ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის

სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.

22. დანაშაული რომლის ჩადენაშიც ფ. ქ-ი ბრალდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს სსკ მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 6 წელში – ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს და 10 წელში – მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული განაჩენების აღსრულება დაიწყო 2014 წლის 5 ივლისს, 2020 წლის 26 ივნისს კი ფ. ქ-ი გაიქცა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, რის შემდეგაც იგი იძებნება თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ. შესაბამისად, განაჩენების აღსრულების ხანდაზმულობის 6 და 10 წლიანი ვადა ამოწურული არ არის და შეჩერებულია. ასევე აღსანიშნავია, რომ, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან მიმართებით ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით და გადის 2030-2031 წლებში.

23. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხესთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს, ექსტრადიციის შემთხვევაში, შესაძლებლობა არ მიეცემა, მოახდინოს ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად, შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში იქცეს.

24. საექსტრადიციო მასალების თანახმად, ფ. ქ-ს არ გააჩნია საქართველოში კანონიერად ცხოვრების საფუძველი და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულია საზღვრის უკანონო კვეთის შედეგად. ამასთან, მისი ექსტრადიცია მოითხოვება კანონიერ ძალაში შესული 9 გამამტყუნებელი განაჩენისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 26 წლით, 24 თვითა და 1825 დღით თავისუფლების აღკვეთა. ასეთ ვითარებაში, ფ. ქ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში, არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.

25. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no140/10, § 11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 23 ივლისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ფ. ქ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის 2024 წლის 22 ნოემბრის ადანის სასჯელაღსრულების მე-4 სასამართლოს №--- გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით, გარდა აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ადანის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მე-4 სასამართლოს 2013 წლის 30 აპრილის №--- განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 241/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (მევახშეობა) განსაზღვრული სასჯელისა, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ფ. ქ-ის – ინტერესების დამცველი ადვოკატების – კ. მ-სა და ო. მ-ის – საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 23 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე