Facebook Twitter

¹ 3კ/564-01 11 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, თ. კობახიძე

დავის საგანი: განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ო. რ-ძე წლების განმავლობაში მუშაობდა სს “ს.-ის” საინჟინრო გეოლოგიის ექსპედიციის უფროსის თანამდებობაზე. ამ ორგანიზაციის ადმინისტრაციის 1998 წლის 23 დეკემბრის ¹ 75-კ ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მანამდე კი მოსარჩელე გაშვებულ იქნა უხელფასო შვებულებაში. ო. რ-ძემ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მიიჩნია უკანონოდ, სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდის თანხის ანაზღაურება.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ო. რ-ძე აღდგენილ იქნა სამუშაოზე და სს “ს.-ს” დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის _ 1999 წლის 11 მარტიდან 1999 წლის 4 ნოემბრამდე, ანაზღაურება. აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია, რომლის საფუძველზეც გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი 7 თვისა და ოცდაოთხი დღის ხელფასის, 775 ლარის ანაზღაურების შესახებ. ო. რ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ერთი წლის ხელფასის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან სააღსრულებო ფურცელში ნაჩვენები ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 775 ლარს, რაც წარმოადგენს 7 თვისა და 24 დღის ხელფასს, მას კიდევ ეკუთვნის განაცდურის ანაზღაურება 1999 წლის 4 ნოემბრიდან 2000 წლის 11 მარტამდე. ე.ი. ოთხი თვისა და ხუთი დღის ხელფასი 425 ლარის ოდენობით, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო. რ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დასაბუთებულია შემდეგი მოტივებით: დადგენილია, რომ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ო. რ-ძის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის სახით _ 775 ლარის ანაზღაურების თაობაზე. გადაწყვეტილება მიქცეულია აღსასრულებლად, აქედან გამომდინარე, მოპასუხის მხრიდან ადგილი არ აქვს მოსარჩელის უფლებების დარღვევას. სასამართლოს აზრით, მოსარჩელემ არასწორად მიუთითა შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების თაობაზე.

ო. რ-ძემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიიჩნია უკანონოდ და გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 21 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო იმ საფუძვლით, რომ ო. რ-ძემ რაიონულ სასამართლოში მოითხოვა 425 ლარის ანაზღაურება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 500 ლარს. ვინაიდან დავის საგნის ღირებულება 500 ლარზე ნაკლებია, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლისა, იგი დარჩა განუხილველი. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ო. რ-ძემ და მიუთითა, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მუშაკს დაყოვნების დროისათვის ეძლევა საშუალო ხელფასი გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან მისი აღსრულების დღემდე.

გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა 1999 წლის 4 ნოემბერს, ნაწილობრივ აღსრულდა 2000 წლის 12 აპრილს, 4 ნოემბრიდან 12 აპრილამდე არის 5 თვე და 8 დღე, შესაბამისად თანხა გამოდის 530 ლარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 10 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ო. რ-ძის კერძო საჩივარი იმ საფუძვლით, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რადგან ო. რ-ძემ სააპელაციო საჩივარში შეცვალა დავის საფუძველი და გაზარდა დავის საგანი.

სააპელაციო პალატამ არ ჩათვალა მიზანშეწონილად დავის საფუძვლის შეცვლა და რადგან სარჩელში დავის საგანი 500 ლარზე ნაკლებია, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ო. რ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ ო. რ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს “ს.-ის” მიმართ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების გამოტანიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე ე. ი. 2000 წლის 12 აპრილამდე საშუალო ხელფასის ანაზღაურება 425 ლარის ოდენობით. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 მარტის სხდომაზე ო. რ-ძემ განმარტა, რომ იგი 425 ლარის ნაცვლად ითხოვს 525 ლარს, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ ჩათვალა დავის საგნის შეცვლა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია ო. რ-ძის მიერ 425 ლარის ნაცვლად 525 ლარის მოთხოვნა დავის საგნის შეცვლად, რადგან მან ჯერ კიდევ სარჩელში მოითხოვა საშუალო ხელფასის ანაზღაურება 1999 წლის 4 ნოემბრიდან 2000 წლის 12 აპრილამდე. მისი საშუალო ხელფასი თვეში შეადგენდა 100 ლარს; მან სარჩელში არასწორად მიუთითა 5 თვისა და 8 დღის ხელფასის ოდენობა _ 425 ლარი, რადგან 5 თვისა და 8 დღის მისაღები ხელფასი თვეში 100 ლარის გაანგარიშებით 500 ლარზე მეტია. ამდენად, ო. რ-ძის სააპელაციო საჩივრის ღირებულება აღემატება 500 ლარს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მისი სააპელაციო საჩივარი დასაშვებია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ო. რ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 მარტისა და 10 მაისის განჩინებები მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ო. რ-ძის სააპელაციო საჩივარი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.