Facebook Twitter

საქმე N 330802225011706087

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№103I-25 6 აგვისტო, 2025 წელი

შ. ს., 103I-25 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. შ.ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 24 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს. შ.ს (S. S.), – დაბადებულის ..., – მიმართ შვედეთის სამეფოში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. 2022 წლის 10 აგვისტოს, შვედეთის სამეფოს ვენერსბორგის რაიონული სასამართლოს №B1921-22 განაჩენით ს. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ შვედეთის სამეფოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 თავის 1-Eლი და მე-3 ნაწილებით (თაღლითობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, საიდანაც ფაქტობრივად უნდა მოიხადოს – 1 წელი, 3 თვე და 6 დღე.

1.2. 2023 წლის 9 თებერვალს, შვედეთის სამეფოს დასავლეთ შვედეთის სააპელაციო სასამართლოს №... განაჩენით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

1.3. 2023 წლის 12 ივნისს, შვედეთის სამეფოს უზენაესი სასამართლოს №... გადაწყვეტილებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საჩივარი ზემოაღნიშნული განაჩენის გაუქმებასთან დაკავშირებით და დასავლეთ შვედეთის სააპელაციო სასამართლოს №... განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

1.4. 2025 წლის 13 იანვრიდან ს. შ. შვედეთის სამეფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის საერთაშორისო არხებით.

2. შვედეთის სამეფოდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

2.1. 2021 წლის 1 დეკემბერს, შვედეთის სამეფოს ტერიტორიაზე, ს. შ-მ, სხვა პირებთან წინასწარი შეთანხმებით, მოტყუებით, ,,...” თანამშრომლებთან გააფორმა ლიზინგის ხელშეკრულება 3 ავტომობილზე, ,,...” სასარგებლოდ, ისე, რომ ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის განზრახვა არ ჰქონია. ს. შ-მ, თანამზრახველებთან ერთად, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა აღნიშნული ავტომობილები და 2022 წლის თებერვალში გაიტანა საზღვარგარეთ.

3. ს. შ.ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

3.1. 2025 წლის 10 მაისს საქართველოს შსს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს შვედეთის სამეფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი – ს. შ..

3.2. 2025 წლის 12 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ს. შ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა – 3 თვით.

3.3. 2025 წლის 16 მაისს ს. შ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის წინაშე განაცხადა უარი შვედეთის სამეფოში გამარტივებული წესით ექსტრადიციაზე.

3.4. 2025 წლის 10 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ს. შ.ს ექსტრადიციის თაობაზე შვედეთის სამეფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.

3.5. ამჟამად ს. შ. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

4. 2025 წლის 21 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორმა მეგი გურჩიანმა და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ს. შ.ს შვედეთის სამეფოში ექსტრადიცია, მის მიმართ შვედეთის სამეფოს დასავლეთ შვედეთის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის №... განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 24 ივლისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორ მეგი გურჩიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი ს. შ.ს შვედეთის სამეფოში ექსტრადიცია, მის მიმართ შვედეთის სამეფოს დასავლეთ შვედეთის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის №... განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 24 ივლისის განჩინება გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. შ.ს – ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – თ. ხ-მა, რომელიც ითხოვს განჩინების გაუქმებასა და ს. შ.ს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ს. შ.ს ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, რამეთუ 2025 წლის 20 ივნისს იგი პენიტენციურ დაწესებულებაში დაქორწინდა დ. ჰ-ზე, რომელიც ყ-ს მოქალაქეა. საქართველოში მათი ბოლო ვიზიტის მიზანი იყო ქორწილის დაგეგმვა, რაც ვერ მოახერხეს ს. შ-ს დაკავების გამო. მეუღლის დაპატიმრების შემდეგ, დ. ჰ. ოთხჯერ იყო ჩამოსული საქართველოში და ხშირად ნახულობს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ს. შ-ს, ზრუნავს მასზე და უზრუნველყოფს მის პირად საჭიროებებს. 2025 წლის 13 აგვისტოს დ. ჰ. ჩამოდის საქართველოში, დაგეგმილი აქვს მეუღლესთან ხანგრძლივი პაემანი და აპირებს აქ მუდმივად დარჩენას. მას არ აქვს ევროკავშირის ვიზა და, შესაბამისად, გამორიცხულია მისი შვედეთში გამგზავრება, სადაც აქამდე არასდროს ყოფილა. ს. შ-ს ექსტრდიციის შემთხვევაში, მოხდება მეუღლეების დაშორება და დაირღვევა მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება.

7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. შ-ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ხ-ს საკასაციო საჩივრის განხილვამდე, მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

8. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორმა – მეგი გურჩიანმა სასამართლოსთვის წარდგენილი პოზიციით, ითხოვა არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, ხოლო ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. შ.ს – ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ხ-მ, დამატებითი საკასაციო საჩივრით კვლავ იშუამდგომლა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ს. შ.ს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, ს. შ-ს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. კასატორის მიერ, საკასაციო საჩივარში გაცხადებულ არგუმენტთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, ECtHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, ECtHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95,ECtHR). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს.

5. მოცემულ შემთხვევაში, საექსტრადიციო მასალების თანახმად, ს. შ. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი ასევე არ ითვლება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, არამედ – არის მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც იტალიაში მინიჭებული აქვს ბინადრობის უფლება. სასამართლო ითვალისწინებს ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათსა და ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ ს. შ.სათვის მსჯავრადშერაცხილი ქმედება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეესაბამება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარში, დაცვის მხარის მიერ გაცხადებული გარემოებების კვალდაკვალ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ს. შ.ს შვედეთის სამეფოში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებებს.

6. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 24 ივლისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ს. შ.ს შვედეთის სამეფოში ექსტრადიცია, მის მიმართ შვედეთის სამეფოს დასავლეთ შვედეთის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის №B5354-22 განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. შ.ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 24 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი