საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №206აპ-25 6 აგვისტო, 2025 წელი
გ-ი კ., №206აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 იანვრის განაჩენზე კ. გ-სა და ე. ბ-ის ადვოკატის – დ. ჯ-ის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. კ. გ-ს - ბრალად ედებოდა:
ა) ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
ბ) განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით;
გ) ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
დ) ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.2. ე. ბ-ს - ბრალად ედებოდა:
ა) ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
ბ) განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით;
გ) ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
1.2. კ. გ-ს და ე. ბ-ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
1.2.1. 2024 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით, 15:00 საათზე, თ-ში, კ-სა და ს-ის ქუჩების კვეთის მიმდებარედ, ე. ბ-მა და მისმა ძმამ – კ. გ-მა – განაწყენების ნიადაგზე, მათი ნაცნობი – ფ. კ-ი – ჯგუფურად, სხვადასხვა საგნების გამოყენებით სცემეს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
1.2.2. 2024 წლის 11 თებერვალს მომხდარი კონფლიქტითა და წარსული უთანხმოებით განაწყენებულმა ძმებმა – ე. ბ-მა და კ. გ-მა – ჯგუფურად, შურისძიების მოტივით, გადაწყვიტეს ფ. კ-ის მკვლელობა. იმავე დღეს, დაახლოებით, 16:00 საათზე, როდესაც ე. ბ-ი და კ. გ-, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი, „შევროლეს“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით – -) გადაადგილდებოდნენ თ-ში, ს-ის ქუჩაზე, ამავე ქუჩის №--თან დაინახეს ფ. კ-ი. კ. გ-მა შეამცირა ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე, ხოლო მის გვერდით ავტომობილში მჯდომმა ე. ბ-მა ცეცხლსასროლი იარაღიდან (გადაჭრილი თოფიდან), განზრახ მოკვლის მიზნით, პირდაპირი დამიზნებით ესროლა ფ. კ-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
1.2.3. ე. ბ-მა და კ. გ-მა ჯგუფურად, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს და ინახავდნენ N- გადაჭრილ თოფს, რომელიც ადრე წარმოადგენდა ქარხნული წესით დამზადებულ, “TOЗ-63” მოდელის 16 კალიბრიან ორლულიან გლუვლულიან სანადირო თოფს, რომელსაც 2024 წლის 11 თებერვალს, თ-ში, ს-ის ქუჩის №--თან, ფ. კ-ის განზრახ მკვლელობის დროს მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდნენ.
1.2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, კ. გ- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მიუხედავად ამისა, 2024 წლის 11 თებერვალს, თბილისში, სხვადასხვა მისამართებზე გადაადგილებისას, კ. გ- მართავდა თავისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ „შევროლეს“ მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით – -).
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენით:
2.1.1. კ. გ- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელად დაენიშნა:
· საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;
· საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;
· საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
· საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;
· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. გ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;
· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, დანიშნული სასჯელი აღუსრულებელი ჯარიმა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. გ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლით, რაც აეთვალა 2024 წლის 12 თებერვლიდან.
2.1.2. ე. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელად დაენიშნა:
· საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;
· საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
· საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;
· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ბ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლით, რაც აეთვალა 2024 წლის 12 თებერვლიდან.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულების ადვოკატმა – მ. მ-მა – მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვისას, მსჯავრდებულებმა – ე. ბ-მა და კ. გ-მა – ასევე, მათი ინტერესების დამცველმა – მ. მ-მა – დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, მსჯავრდებულთა სრულად გამართლების ნაცვლად, მოითხოვეს კ. გ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის და ამ მუხლებით დანიშნული სასჯელების შემსუბუქება. აპელანტმა ე. ბ-თან მიმართებით მოითხოვა მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მ-3 და მე-4 ნაწილებით.
2.3. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, პროკურორმა – გრიგოლ ბიბილაშვილმა – წარადგინა შესაგებელი, რომელშიც უთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 იანვრის განაჩენით, მსჯავრდებულების – ე. ბ-ისა და კ. გ-ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ის სააპელაციო საჩივრის დაზუსტებული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ე. ბ-ისა და კ. გ-ს ადვოკატმა – დ. ჯ-ემ – საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა. დამცველის საკასაციო საჩივრის საპასუხოდ, პროკურორმა – გრიგოლ ბიბილაშვილმა – წარადგინა შესაგებელი, რომელშიც უთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, გარდაცვლილ ფ. კ-ის დედამ – ლ. კ-მა – განმარტა, რომ მის ვაჟს ჰყავდა მხოლოდ ორი მტერი – ე. ბ-ი და კ. გ-. 2024 წლის 11 თებერვალს, მეზობლებისგან შეიტყო, რომ ფ. კ-ი ხელკეტებით სცემეს. მეზობელმა – ე. გ-მა – მისი შვილი გააფრთხილა, რომ იმ დღეს სახლიდან არ გასულიყო, რადგან ე. ბ-ი და კ. გ- მანქანით დადიოდნენ და ეძებდნენ. მიუხედავად ამისა, ფ. კ-ი გავიდა სახლიდან და მივიდა კონფლიქტის ადგილზე. მცირე დროის გასვლის შემდეგ, კ. გ-მა და ე. ბ-მა ჩამოიარეს შავი ავტომანქანით, შეანელეს სვლა და მძღოლის – კ. გ-ს – გვერდით მჯდომმა ე. ბ-მა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ფ. კ-ს.
4.3. მოწმე მ. ფ-ის ჩვენებით დგინდება, რომ ცხოვრობს თ-ში, ს-ის ქუჩის №--ში, ოჯახთან ერთად. 2024 წლის 11 თებერვალს, 16:00 საათისთვის იგი იმყოფებოდა თავისი სახლის მე-2 სართულზე, რა დროსაც ქუჩიდან გაიგო იარაღის გასროლის ხმა. იგი დაუყოვნებლივ მივიდა ფანჯარასთან, რომელიც ქუჩას გადაჰყურებს და დაინახა მიწაზე მწოლიარე მამაკაცი, რომელსაც თავი დასისხლიანებული ჰქონდა. მას თავთან ედგა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დაბნეული იყო. იმ მომენტში შენიშნა ავტომანქანაც, რომელიც ძალიან ნელა მოძრაობდა, რის გამოც, კარგად დაინახა მძღოლის ვიზუალური მახასიათებლები. შესაბამისად, მისი ამოცნობა არ გასჭირვებია. ავტომობილის საჭესთან იჯდა კ. გ-. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მის გვერდით მჯდომს უნდა განეხორციელებინა. მოწმემ თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონით გადაიღო შემთხვევის ადგილზე იარაღით გასროლის შემდეგ განვითარებული მოვლენები.
4.4. მ. ფ-ის მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოჩანაწერის თანახმად, კადრში ჩანს „შევროლე კრუზის“ ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით – -) უკანა ნაწილი, საბარგულის მხარე. ავტომანქანა მოძრაობს სწრაფად და მიემართება ჟ-ის ქუჩის მიმართულებით. ჩანაწერში ჩანს რამდენიმე პირი, რომლებიც სწრაფად მოძრაობენ. ა-ი ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჭიშკრის წინ, ასფალტზე, უგონო მდგომარეობაში წევს ფ. კ-ი, რომელსაც აცვია მუქი ქურთუკი და თავიდან სდის სისხლი. ფ. კ-ის გვერდით არის მისი ძმა – ს. კ-ი, რომელიც მას სახეზე უსვამს ხელს და ცდილობს მის დახმარებას. ვიდეოჩანაწერში ასევე ისმის ხმები, რომ ითხოვენ სასწრაფო დახმარებას.
4.5. მოწმე ს. ა-ის ჩვენების თანახმად, 2024 წლის 11 თებერვალს, ფ. კ-თან ჩხუბის შემდეგ, დაახლოებით, 3-4 წუთში, უცნობმა პირებმა შავი ავტომობილით, ყვირილით, რამდენჯერმე ჩაიარეს ს-ის ქუჩაზე. დაახლოებით, 20 წუთში, ეზოს ჭიშკართან ფ. კ-ი, მისი ძმა და ე. გ-ი შეხვდნენ. წინა კონფლიქტიდან გამომდინარე, მოწმე ხსენებული პირების საუბრით დაინტერესდა, სწორედ ამ დროს გამოჩნდა იგივე შავი ავტომობილი, რომელიც კ-ის ქუჩიდან ამოდიოდა და ფ. კ-ს უახლოვდებოდა. ამ დროს ავტომობილიდან გაისმა ერთი გასროლის ხმა, რის შემდეგაც ავტომობილი სწრაფი სვლით გაეცალა შემთხვევის ადგილს. მოწმემ გამოძიების ეტაპზე ფოტოსურათებით ამოიცნო კ. გ- და ე. ბ-ი – პირები, რომლებიც 2024 წლის 11 თებერვალს, კ-სა და ს-ის ქუჩების კვეთაზე, ფ. კ-თან ჩხუბის შემდეგ, ჩასხდნენ შავ ავტომობილში და დატოვეს კონფლიქტის ტერიტორია. საჭესთან იჯდა კ. გ-, მის გვერდით კი – ე. ბ-ი.
4.6. 2024 წლის 11 თებერვალს, ფ. კ-ის ცემა და შემდგომ მის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა დაადასტურეს ცალკეული ეპიზოდების თვითმხილველმა მოწმეებმა – ი. ა-მა, დ. ქ-მა, ე. გ-მა და გ. მ-მა. კერძოდ, მოწმე ი. ა-მა განმარტა, რომ 2024 წლის 11 თებერვალს, სახლში ყოფნისას მას ქუჩიდან გინებისა და ჩხუბის ხმა შემოესმა. ეზოდან გასულმა, კ-ის ქუჩის კუთხეში ფ. კ-ი დაინახა, რომელიც ხის ფიცარზე იყო დაყრდნობილი და დახმარებას ითხოვდა. იქვე მეზობლები იყვნენ შეკრებილი. მან ასევე დაინახა ნელი სვლით მიმავალი მუქი ავტომანქანა, რომლის მძღოლს ფანჯრიდან თავი ჰქონდა გადმოყოფილი და იგინებოდა ფ. კ-ის მიმართულებით, რა დროსაც ხელში „ბიტა“ ეჭირა. აღნიშნულმა ავტომანქანამ სწრაფად დატოვა ტერიტორია. მოწმე დ. ქ-მა განმარტა, რომ 2024 წლის 11 თებერვალს, იგი უბანში, ს-ისა და კ-ის ქუჩების გზაჯვარედინზე, უბნელებთან – ე. გ-თან და ვ. ა-თან – ერთად ლუდს სვამდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მათთან ფ. კ-ი მივიდა. ამ უკანასკნელის მისვლიდან რამდენიმე წუთში, მათთან შავი „შევროლეტის“ მარკის ავტომანქანა გაჩერდა, საიდანაც ბრალდებულები – კ. გ- და ე. ბ-ი – გადმოვიდნენ და ფ. კ-ს მოულოდნელად სცემეს. აღნიშნულ ჩხუბს, რომელიც ცოტახანს გაგრძელდა, თავად რამდენიმე მეტრიდან უყურებდა. კონფლიქტის დასრულებისთანავე ხსენებული პირები ავტომანქანით წავიდნენ ს-ის ეკლესიის მიმართულებით. ავტომანქანას მართავდა კ. გ-, ე. ბ-ი კი მის გვერდით იჯდა. მოწმე ე. გ-მა განმარტა, რომ 2024 წლის 11 თებერვალს, დღის საათებში, დ. ქ-თან, ვ. ა-თან და ფ. კ-თან ერთად იმყოფებოდა უბანში, ს-ის ქუჩის №--ის მიმდებარედ, რა დროსაც ს-ის და კ-ის ქუჩების კვეთაზე მუქი ავტომანქანა გაჩერდა, საიდანაც ორი პირი გადმოვიდა. ხსენებულ ორ პირსა და ფ. კ-ს შორის მოხდა ჩხუბი. დეტალები არ ახსოვს, თუმცა მოჩხუბრები იქვე მყოფმა პირებმა გააშველეს. მოწმე გ. მ-მა განმარტა, რომ 2024 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით, 15:00 საათზე, იგი იმყოფებოდა თ-ში, კ-ის ქუჩის №--ში, რა დროსაც ს-ისა და კ-ის ქუჩების კვეთიდან ხმამაღალი გინებისა და ჩხუბის ხმა შემოესმა. როდესაც გაიხედა, დაინახა, რომ ორი უცნობი პირი, რომელთაგან ერთ-ერთს დიდი წვერი ჰქონდა და ხელკეტი ეჭირა, მის ნაცნობს – ფ. კ-ს – მისდევდა და ურტყამდა. ფ. კ-ი კი, თავდამსხმელების მოგერიებას ფიცრით ცდილობდა. ჩხუბი მალე შეწყდა. ის ორი პირი, რომლებიც სცემდნენ ფ. კ-ს, ჩასხდნენ მუქ „შევროლეტ კრუზის“ მარკის ავტომანქანაში და დატოვეს ტერიტორია.
4.7. ხსენებულ მოწმეთა ჩვენებები თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმებთან და ა. ი. ს. ა-ის ვიდეო კამერის ჩანაწერებთან, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ 2024 წლის 11 თებერვალს, 15:47:17 საათზე, კ-სა და ს-ის ქუჩების გზაჯვარედინზე გამოდიან ფ. კ-ი, დ. ქ-ი და ე. გ-ი; 15:47:45 საათზე ს-ის ქუჩაზე ჩერდება „შევროლეტ კრუზის“ მარკის ავტომანქანა; 15:48:05 საათზე ავტომანქანის სიახლოვეს იწყება ფიზიკური კონფლიქტი. კ-ის ქუჩაზე სწრაფი სვლით გამოდის ფ. კ-ი, რომელსაც მოსდევენ კ. გ- და ე. ბ-ი. კ. გ-ს ხელში უჭირავს საგანი, სავარაუდოდ ხელკეტი, რომელსაც ურტყამს ფ. კ-ს. ამ დროს ასფალტზე ვარდება ქუდი, რომელიც მოსძვრა კ. გ-ს. ე. ბ-ი იღებს აღნიშნულ ქუდს და ესვრის ფ. კ-ს. აღნიშნულის შემდგომ კონფლიქტი გრძელდება კ-ის ქუჩაზე, „ფორდ ზაფირას“ მარკის ავტომანქანასთან, სადაც კ. გ- და ე. ბ-ი ფ. კ-ის ცემას აგრძელებენ; 15:48:48 საათზე ე. ბ-ი და კ. გ- „შევროლეტ კრუზის“ ავტომანქანისაკენ მიემართებიან, რომელიც იძვრება 15:49:00 საათზე და მიდის კ-ის ქუჩის მიმართულებით.
4.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა – ლ. კ-ემ, ზ. ნ-ემ, ს. ო-მა, გ. ა-მა, ი. თ-მ, გ. ა-მა და ვ. მ-ემ – დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
4.9. ამდენად, შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენების ანალიზით დგინდება, რომ კ. გ-მა და ე. ბ-მა შემთხვევის დღეს სცემეს ფ. კ-ი. შემდეგ კი, მისი სიცოცხლის მოსპობის განზრახვით, იმავე დღეს მიაკითხეს ავტომანქანით, რომელშიც კ. გ- იჯდა საჭესთან, ე. ბ-ი კი – მის გვერდით. მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ფ. კ-ის ცემის შემდეგ, კ. გ-მა და ე. ბ-მა ავტომობილით რამდენჯერმე ჩაიარეს ს-ის ქუჩაზე, რა დროსაც ყვიროდნენ და ეძებდნენ ფ. კ-ს. ამ უკანასკნელის დანახვისას კი, კ. გ-მა შეანელა მანქანით სვლა, ხოლო მისმა ძმამ – ე. ბ-მა – ფანჯრიდან, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მსხვერპლს, რის შემდეგაც, ავტომანქანამ სწრაფად დატოვა შემთხვევის ადგილი, ფ. კ-ი კი, მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. მოწმეთაგან არცერთი მიუთითებს კ. გ-ს მხრიდან რაიმე ფორმით ძმის ქცევის გაპროტესტების თაობაზე. პირიქით, კ. გ-მა ავტომანქანის სვლის შენელებით ე. ბ-ს გაუადვილა ფ. კ-ის სიცოცხლის მოსპობა, რომელიც მათ საერთო განზრახვას წარმოადგენდა.
4.10. ბალისტიკური ექსპერტიზის №- დასკვნითა და ექსპერტ პ. დ-ის ჩვენებით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი №- გადაჭრილი თოფი, რომელიც ადრე წარმოადგენდა ქარხნული წესით დამზადებულ, “TO3-63” მოდელის, 16 კალიბრიან ორლულიან გლუვლულიან სანადირო თოფს, რომელსაც თვითნაკეთი წესით გადაჭრილი აქვს ლულა და კონდახი, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის ორივე ლულიდან. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 16 კალიბრის “TO3-63” მოდელის №- ორლულიანი თოფიდან შემთხვევითი გასროლა (გასროლა დამშვებ კაუჭზე ზემოქმედების გარეშე) არ ხდება.
4.11. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების პარალელურად, ფ. კ-ის მკვლელობის შემდეგ, კ. გ-ს ქმედებები – ავტომანქანის დის სახლის ეზოში დატოვება და ცეცხლსასროლი იარაღის ა. მ-ის დუქანში დამალვა – კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის მისი მხრიდან ჯგუფურ დანაშაულში სრულად ჩართულობას, თუმცა რადგან აღნიშნული ფაქტები ვრცლად მიმოიხილა სააპელაციო სასამართლომ, საკასაციო სასამართლო აღარ განმეორდება.
4.12. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ კ. გ-, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენით 5 წლით აკრძალული ჰქონდა ავტომანქანის მართვა, 2024 წლის 11 თებერვალს, დღის განმავლობაში, თბილისში, სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილებისას მართავდა „შევროლეტის“ მარკის ავტომობილს (სახელმწიფო ნომრით – -).
4.13. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კ. გ-ს და ე. ბ-ის მსჯავრდება მათთვის ბრალადწარდგენილი მუხლებით კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, ხოლო დანიშნული სასჯელი – საქართველოს სსკ-ის 53-ე, 531-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების, ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებისა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისი.
4.14. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 იანვრის განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41). „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.16. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი კ. გ-სა და ე. ბ-ის ადვოკატის – დ. ჯ-ის – საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე