Facebook Twitter

¹ 3კ/568-01 4 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, ბ. კობერიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ბ-ია მუშაობდა აფხაზეთის ა/რ შსს ქ. სოხუმის შს სამმართველოს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ქვეგანყოფილების სავიზო ჯგუფის უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. იგი აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 14 დეკემბრის ¹80/შ ბრძანებით განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა არასრულწლოვანთა მიმღებ-გამანაწილებლის აღმზრდელის თანამდებობაზე. მან უკანონოდ მიიჩნია აფხაზეთის ა/რ შს სამინისტროს ქ. სოხუმის სამმართველოს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ქვეგანყოფილების სავიზო ჯგუფის უფროსი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება, სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ქ. სოხუმის შს სამმართველოს უფროსის მიმართ და მოითხოვა აღნიშნულ თანამდებობაზე აღდგენა.

სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ბ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა აფხაზეთის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 14 დეკემბრის ¹ 80ა/შ ბრძანება მ. ბ-იას არასრულწლოვანთა მიმღებ-გამანაწილებლის აღმზრდელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. მ. ბ-ია აღდგენილ იქნა აფხაზეთის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ქვეგანყოფილების სავიზო ჯგუფის უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. სოხუმის შს სამმართველოს წარმომადგენელმა ო. ბ-შვილმა.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 1 მაისის განჩინებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი; გააუქმა მოცემულ საქმეზე სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყვიტა.

სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

მ. ბ-ია დავობს აფხაზეთის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების კანონიერებაზე, რომელიც ეხება მისი თანხმობის გარეშე, ერთი თანამდებობიდან მეორე თანამდებობაზე გადაყვანას; “პოლიციის შესახებ” კანონის 26-ე მუხლი კი არეგულირებს პოლიციის თანამშრომლის უფლებას სასამართლო დაცვაზე და ამ მუხლში აღნიშნულია, რომ პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს გაასაჩივროს სასამართლოში ბრძანება პოლიციიდან მისი დათხოვნის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1996 წლის 26 ნოემბრის ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების დისციპლინური წესდების” მე-6 თავში მოცემულია შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირთა წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვისა და გადაწყვეტის წესები. ამ წესების 39-ე მუხლში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელს უფლება აქვს გაასაჩივროს თანამდებობის პირთა არამართლზომიერი ქმედება ინსტანციის მიხედვით, ხოლო შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად _ სასამართლო წესით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ნორმატიული აქტების საფუძველზე დაადგინა, რომ, ვინაიდან ეს აქტები განსაზღვრავენ ამ კატეგორის დავის გადაწყვეტას შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტანციის საშუალებით, ამიტომ მ. ბ-იას სარჩელი არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში, რადგან მისი განხილვა შედის სხვა უწყების კომპეტენციაში, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად აღნიშნული საქმის წარმოება შეწყდა. პალატამ განუმარტა მხარეებს, რომ სადავო საკითხის გასარკვევად უნდა მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტანციის მიხედვით.

მ. ბ-იას წარმომადგენელმა ადვოკატმა ნ. ხუბუამ კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე. მან კერძო საჩივარში მიუთითა ის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორი განჩინება გამოიტანა, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ხოლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის თანახმად კი, მუშაკს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე, მოქმედება.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 14 მაისის განჩინებით არ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი დაუსაბუთებლობის და აშკარა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ კერძო საჩივარში არასწორად არის მითითებული “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლი, რადგან იმავე კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტის “დ” ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ კანონის ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება პოლიციის თანამშრომლებზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ აფხაზეთის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 14 დეკემბრის ¹ 80/შ ბრძანებით მ. ბ-ია განთავისუფლებულ იქნა აფხაზეთის ა/რ შსს ქ. სოხუმის შს სამმართველოს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ქვეგანყოფილების სავიზო ჯგუფის უფროსი ინსპექტორის თანამდებობიდან და დაინიშნა არასრულწლოვანთა მიმღებ-გამანაწილებლის აღმზრდელის თანამდებობაზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა “პოლიციის შესახებ” კანონის 26-ე მუხლი და არასწორად გამოიყენა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1996 წლის 26 ნოემბრის ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების დისციპლინური წესდების” მე-6 თავის 39-ე მუხლი და გააკეთა არასწორი დასკვნა, რომ მ. ბ-იას სამუშაოზე აღდგენის საქმე არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში, რადგან მისი განხილვა არ შედის სასამართლოს კომპეტენციაში. მოსარჩელემ უნდა მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარეობის მიხედვით.

სააპელაციო სასამართლოს ეს მითითება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ასევე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ეხება სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამ ნორმის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების ან ნებისმიერი სისხლის სამართლებრივი ბრალდების განსაზღვრისას ყველას აქვს უფლება მისი საქმის სამართლიან და ღია მოსმენაზე კანონის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტრიბუნალის მიერ დროის განსაზღვრულ ვადაში. გარდა ამისა, ,,პოლიციის შესახებ” კანონის 26-ე მუხლის თანახმად პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ბრძანება პოლიციიდან დათხოვნის შესახებ. მაგრამ ამ კანონში არ არის ამკრძალავი ნორმა, რომ პოლიციის მუშაკს, რომელიც ჩვეულებრივ საჯარო მოსამსახურეა, უფლება არა აქვს გაასაჩივროს ბრძანება კონკრეტული თანამდებობიდან გათავისუფლების ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. ამდენად, მ. ბ-იას უფლება ჰქონდა დარღვეული უფლების დასაცავად მიემართა სასამართლოსათვის.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ბ-იას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 1 მაისის და 14 მაისის განჩინებები მოცემულ საქმეზე და საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.