Facebook Twitter

საქმე # 330100124008834161

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№256აპ-25 ქ. თბილისი

მ–ი რ., 256აპ-25 4 აგვისტო, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – თ. ა–სა და დ. ს–ის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით, რ. მ–ი, – დაბადებული ....., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის 1-ელი და მე-4 ნაწილებით და მიესაჯა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა რ. მ–ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 ივნისის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგლობრივი საბჭოს – 2022 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელი და, რ. მ–ს საბოლოოდ განესაზღვრა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ რ. მ–მა ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2024 წლის 27 იანვარს, ქ. თ–ში, ...ის მასივის .. მ/რ-ის, №.. კორპუსის მიმდებარედ, რ. მ–მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 0,0079 გრამი ბუპრენორფინის შემცველი ნივთიერება –უკანონოდ მიასაღა ს. ს–ს, რაც იმავე დღეს ამოიღეს მისგან საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ რ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – თ. ა–მ და დ. ს–ემ, რომლებიც ითხოვდნენ განაჩენის შეცვლასა და რ. მ–ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ რ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – თ. ა–მ და დ. ს–ემ, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლასა და რ. მ–ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას. კასატორების მითითებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა ს. ს–ი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართეს და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს მას შემდეგ, რაც მან ნებაყოფლობით მიმართა სამართალდამცავებს. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით კი, ირკვევა, რომ რ. მ–ი წინასწარ არ ყოფილა განწყობილი დანაშაულის ჩასადენად, არამედ – ნათლად იკვეთება, რომ მას მოსწონდა ს. ს–ი, როგორც ქალი, რომელსაც დაეხმარა ნარკოტიკის შეძენაში, რადგან ქალი ატყუებდა, რომ იყო ნარკომომხმარებელი და ჰქონდა ნარკოტიკული შიმშილი. ფარულ ჩანაწერებში ცხადად ისმინება, რომ რ. მ–ი აფრთხილებს ს. ს–ს, რომ ეს იქნება ბოლო შემთხვევა და ინტერესდება, ნარკოტიკის გამო ხომ არ ურთიერთობს ქალი მასთან. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ს. ს–ის მიერ დანაშაულის პროვოცირება, რამეთუ იგი აქტიურად იყო ჩართული და არსებითად უღვივებდა რ. მ–ს დანაშაულის ჩადენის სურვილს. მის ქცევაში იმთავითვე გამოკვეთილია მახის დაგების განზრახვა, როდესაც ს. ს–ი სხვა სახელითა და გვარით გაეცნო მსჯავრდებულს, სთხოვა ნარკოტიკის შეძენაში დახმარება, თავად კი, მიმართა პოლიციას. რ. მ–ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩრეკის შედეგად, არ აღმოჩენილა არც ფული და არც ნარკოტიკი, რაც მის შესაძლო ნარკორეალიზატორობაზე მიუთითებდა. გარდა ს. ს–ის ჩვენებისა, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი. რ. მ–ი ცდილობდა მოეძიებინა და შეეძინა ნარკოტიკული საშუალებები ს. ს–ისათვის, რომელმაც იმთავითვე იცოდა, რომ მსჯავრდებული არ იყო გამსაღებელი, არამედ – ეხმარეოდა მას ნარკოტიკული საშუალებების მისთვის ხელმისაწვდომი წყაროებიდან შეძენაში.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, რამეთუ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა, რომ 2024 წლის 27 იანვარს, რ. მ–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება, უკანონოდვე მიასაღა ს. ს–ს, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომელიც ქმნის უტყუარ და საკმარის საფუძველს წარდგენილი კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ: მოწმე ს. ს–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისმა ნაცნობმა – რ. მ–მა, თანხის სანაცვლოდ, შესთავაზა ნარკოტიკის შეძენა, რაც მან შეატყობინა სამართალდამცავებს და, დამნაშავის მხილების მიზნით, ნებაყოფლობით ითანამშრომლა გამოძიებასთან. 2024 წლის 26 იანვარს, შეთანხმებისამებრ, გადასცა რ. მ–ს ოპერატიული თანხა – 360 ლარი, ხოლო, მომდევნო დღეს, მსჯავრდებულისვე მითითებით დაუმატა – 200 ლარი, რის სანაცვლოდა, შეიძინა მისგან ნარკოტიკული საშუალება – სუბოქსინი, რომელიც, თავის მხრივ, წარუდგინა გამომძიებელს; მოწმე ს. ს–ის მამხილებელი ჩვენება თანმიმდევრულია და დამაჯერებელი, რამეთუ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა უტყუარი მტკიცებულებებით, მათ შორის, როგორც საკონტროლო შესყიდვისა და ვიზუალური კონტროლის განხორციელების შესახებ ოქმებით, ასევე – ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერებით, რომელთა შინაარსით უტყუარად დგინდება, რომ, ერთი მხრივ, 2024 წლის 26 და 27 იანვარს ს. ს–მა რ. მ–ს გადაუხადა თავდაპირველად – 360, ხოლო მომდევნო დღეს – 200 ლარი, ხოლო, მეორე მხრივ, 2024 წლის 27 იანვარს, შეხვედრისას, მსჯავრდებულმა გადასცა მას პოლიეთილენის პარკებში მოთავსებული აბი; 2024 წლის 27 იანვრის ამოღების ოქმით ირკვევა, რომ რ. მ–თან შეხვედრის შემდეგ, ს. ს–ს გამოძიებელმა დაუყოვნებლივ ამოუღო, რ. მ–ისაგან შეძენილი, გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკებში მოთავსებული, მრგვალი, მოთეთრო აბი, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავდა – 0,0079 გრამ ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინს; ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ფარული ჩანაწერების ფიგურანტი, რომელიც შეხვდა ს. ს–ს და გადასცა ნარკოტიკული საშუალება, ნამდვილად რ. მ–ია. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ უთითებენ და არც საქმის მასალებით დადგენილა რაიმე სარწმუნო მოტივი, რატომ უნდა ემხილა ს. ს–ს ცრუდ ესოდენ მძიმე, არჩადენილ დანაშაულში რ. მ–ი, რაც შესაძლოა მისი ჩვენების სანდოობაში დაეჭვების საფუძველი გამხდარიყო. სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა დაცვის მხარის მითითება, რომ რ. მ–ის ქმედებაში იკვეთება არა – ნარკოტიკული საშუალების გასაღების, არამედ – ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარების შემედგანელობა, რამეთუ საპირისპიროს მტკიცება გამომდინარეობს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებიდან, რომლებსაც ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს და ცხადყოფს მსჯავრდებულის მიერ სწორედ იმ დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც დაედო მას მსჯავრი. შესაბამისად, რ. მ–ის მსჯავრდება წარდგენილი კვალიფიკაციით კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.

9. აღსანიშნავია, რომ კასატორის საკვანძო არგუმენტებს – მათ შორის, ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციისა და დანაშაულის შესაძლო პროვოკაციასთან დაკავშირებით – რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს კი შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – თ. ა–სა და დ. ს–ის – საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი