Facebook Twitter

საქმე N 200100123008017743

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№267აპ-25 ქ. თბილისი

ხ. ბ., 267აპ-25 4 აგვისტო, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ხ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ტ. კ–ისა და ნ. თ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით, ბ. ხ–ი, – დაბადებული ....., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და განესაზღვრა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ ბ. ხ–მა ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. ბ. ხ–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისგან უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება – 0,03817 გრამი ჰეროინი, 0,11881 გრამი მორფინი – რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

2.2. ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები 2023 წლის 25 აგვისტოს, დღისით, ქ. თ–ში, პ. ჯ–ის .. ჩიხის №..-ში, ბ. ხ–მა 200 ლარად უკანონოდ მიასაღა ი. ა–ს.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ხ–ის ინტერესების დამცველმა – ადვოკატმა ნ. თ–ამ, რომელმაც დაზუსტებული მოთხოვნით იშუამდგომლა გადაწყვეტილების შეცვლა და ბ. ხ–ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენი შეიცვალა: ბ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ბ. ხ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ტ. კ–მ და ნ. თ–ამ, რომლებიც ითხოვენ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლასა და ბ. ხ–ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას, რამეთუ მიიჩნევენ, რომ მის ქმედებაში გამკვეთილი დანაშაული – ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებაა. ბ. ხ–ი და ი. ა–ი – ორივე, ნარკოტიკების მომხმარებელია, ისინი კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, ერთობლივად აგროვებდნენ თანხას, ყიდულობდნენ ნარკოტიკებს და შემდეგ იყოფდნენ. განსახილველ შემთხვევაშიც, ისინი შეთანხმდნენ ნარკოტიკული საშუალებების ერთობლივად შეძენასა და მოხმარებაზე, თუმცა ი. ა–მა გადაწყვიტა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან და ემხილა ბ. ხ–ი, რათა გამოძიებისგან მიეღო შეღავათი და თავი აერიდებინა პასუხისმგებლობისათვის. ფარულ ჩანაწერებში, აპარატიდან ფულის გადარიცხვისას არ იკვეთება, თუ რა მიზნით გადაუხადა თანხა ი. ა–მა მსჯავრდებულს, ხოლო, შეხვედრისას ჩანს მხოლოდ, რომ ბ. ხ–ი რაღაც ნივთს გადასცემს ი. ა–ს. აქვე საყურადღებოა, რომ საქმის მასალებით არ დადგენილა, თუ რა შეთანხმება ჰქონდათ მათ შეხვედრამდე. გარდა ი. ა–ის საეჭვო ჩვენებისა, საქმეში არ მოიპოვება სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბ. ხ–ი ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით მოქმედებდა.

6. მეორე მხრივ, კასატორები აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებულს აქვს ისეთი დაავადება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ ეტაპზე მის მიერ დანიშნული სასჯელის მოხდას, რაც საფუძველი შეიძლება გახდეს ბ. ხ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გადავადებისა, თუკი საკასაციო სასამართლო უცვლელად დატოვებს გასაჩივრებულ განაჩენს. მსჯავრდებული დაავადებულია შიდსითა და ქრონიკული ცე ჰეპატიტით, იმყოფება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გაუარესების რისკის ქვეშ, რასაც ადასტურებს პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებული წერილი. დაცვის მხარემ 2025 წლის 16 იანვარს შპს დამოუკიდებელ სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვ–ში“ დანიშნა კომისიური სამედიცინო ექსპერტიზა, რათა დადგინდეს ბ. ხ–ის ამჟამინდელი მდგომარეობა და დიაგნოზი, ასევე – განკურნებადია თუ არა მისი დაავადება, რა სახის მკურნალობა ესაჭიროება და პატიმრობაში ყოფნა უარყოფითად აისახება თუ არა მის ჯანმრთელობაზე.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში 2025 წლის 13 თებერვალს დაცვის მხარემ წარმოადგინა შპს დამოუკიდეველი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვ–ს“ 2025 წლის 30 იანვრის ექსპერტის №...... დასკვნა.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებსსაქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ვერ დაეთანხმება კასატორების მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, რამეთუ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა, რომ 2023 წლის 25 აგვისტოს, ბ. ხ–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება, უკანონოდვე მიასაღა ი. ა–ს, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომელიც ქმნის უტყუარ და საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ:

11. მოწმე ი. ა–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისმა ნაცნობმა – ბ. ხ–მა, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, შესთავაზა თანხის სანაცვლოდ ნარკოტიკის შეძენა, რაც მან შეატყობინა სამართალდამცავებს და, დამნაშავის მხილების მიზნით, ნებაყოფლობით ითანამშრომლა გამოძიებასთან. 2023 წლის 25 აგვისტოს, წინასწარი შეთანხმებისამებრ, ნარკოტიკული საშუალების შესაძენად, ბ. ხ–ის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხა ოპერატიული თანხა – 200 ლარი, რომლის სანაცვლოდ, მსჯავრდებულმა მოგვიანებით გადასცა ნარკოტიკული საშუალება „სირეცი“, რომელიც, თავის მხრივ, წარუდგინა გამომძიებელს; მოწმე ი. ა–ის მამხილებელი ჩვენება თანმიმდევრულია და დამაჯერებელი, რამეთუ, ერთი მხრივ, ვერც დაცვის მხარე უთითებს რაიმე დამაჯერებელ მოტივზე, რატომ უნდა ემხილა ცრუდ ი. ა–ს ესოდენ მძიმე, არჩადენილ დანაშაულში ბ. ხ–ი, ხოლო, მეორე მხრივ, მისი მონათხრობი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა უტყუარი მტკიცებულებებით, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერებით, რომლებსაც ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს. სახელდობრ: დადგენილია, რომ, ერთი მხრივ, ბ. ხ–ს, მის მიერვე მითითებულ, მისივე მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ ანგარიშზე, ი. ა–მა სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ჩაურიცხა – 200 ლარი, ხოლო, მეორე მხრივ, იმავე დღეს, შეხვედრისას, ბ. ხ–მა ი. ა–ს გადაუფუთა და გადასცა პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, სადავო ნივთიერება; ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერების ფუგურანტები არიან სწორედ ი. ა–ი და ბ. ხ–ი; ამოღების ოქმით ირკვევა, რომ ბ. ხ–თან შეხვედრის შემდეგ, ი. ა–ისგან ამოღებულია პოლიეთილენის პარკში შეფუთული ფხვნილისებრი ნივთიერება, რომელიც ი. ა–ის თქმით, არის ბ. ხ–ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება და ასევე – სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ............. ანგარიშზე ჩარიცხვის 200-ლარიანი ქვითარი, დათარიღებული 2023 წლის 25 აგვისტოს 16:15 საათით; ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონშესაბამისაობა დადასტურებულია სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის – გ. დ–ს ჩვენებით; ქიმიური ექსპერტიზის №..... დასკვნის თანახმად, ისაინ აბბასოვისგან ამოღებული, მოყავისფრო-მოშავო ნივთიერება წონით – 1,13862 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: 0,03817 გრამ ჰერონს, 0,11881 გრამ მორფინსა და 0,00824 გრამ კოდეინს; ,,........ს ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით, გ. მ–ს სახელზე არსებულ – .......... – ანგარიშზე, 2023 წლის 25 აგვისტოს, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საშუალებით, ჩარიცხულია – 200 ლარი; მსჯავრდებულის მეუღლის – მოწმის სახით გამოკითხული გულნორა მუსურმონკულოვას ჩვენებით კი დგინდება, რომ „........ ბანკში“ მის სახელზე გახსნილი ანგარიშით სარგებლობდა მისი მეუღლე, რომელსაც ჰქონდა ასევე – საბანკო ბარათი და იცოდა მისი „პინკოდი“. თავად ამ ანგარიშის გამოყენებით, ტრანზაქციები არასდროს შეუსრულებია.

12. დაცვის მხარის მტკიცების კვალდაკვალ, რომ, თითქოსდა, მსჯავრდებულსა და ი. ა–ს, როგორც ნარკოტკების მომხმარებლებს, წარსულში ერთობლივად არაერთხელ შეუძენიათ და მოუხმარიათ ნარკოტიკული საშუალებები და, განსახილველ შემთხვევაშიც, მსჯავრდებული დაეხმარა ი. ა–ს ნარკოტიკული საშუალების შეძენაში, საყურადღებოა, მსგავსი შინაარსი არ გამომდინარეობს მათი შეხვედრის ვიდეოჩანაწერიდან. მეტიც, ბ. ხ–მა შავ პოლიეთილენის პარკში გახვეული ნარკოტიკულ საშუალება, ხელმეორედ გადაფუთა სიგარეტის კოლოფის ცელოფნით, სანთებელით მოუწვა პირი და ასე გადასცა ბ. ხ–ს, შესაბამისად, ცხადია, რომ იგი მოქმედებდა, როგორც ნარკოტკული საშუალების გამსაღებელი, რომელიც საკუთარი მიხედულებით განკარგავდა, თავად აფასოებდა გასაყიდ ნივთიერებას და გადასცემდა მას ი. ა–ს. შესაბამისად, ბ. ხ–ის მსჯავრდება მისთვის წარდგენილი კვალიფიკაციით კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.

13. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორების პოზიციას ბ. ხ–ისათვის დანიშნული სასჯელის გადავადების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე. ამავე მუხლის 12-ელი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხის განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული/შესაძლებელი მკურნალობა, დაავადების მიმდინარეობა, აგრეთვე მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

14. განსახილველ შემთხვევაში, შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვ–ის“ მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №........ დასკვნის მიხედვით, ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის, არსებულ დაავადებათა ხასიათის, მათი თანაარსებობის, მიმდინარეობის დინამიკისა და ჩასატარებელი სამკურნალო-დიაგნოსტიკური ღონისძიებების მხედველობაში მიღებით, ბ. ხ–ის იზოლაციაში (პენიტენციური დაწესებულებაში) ყოფნა ნეგატიურად მოქმედებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და, შესაბამისად, ხელს უშლის საპატიმრო სასჯელის მოხდას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დაწესებულების უფროსის – მ. უ–ის წერილით ირკვევა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტისათვის ცნობილია ბ. ხ–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელსაც დადგენილი აქვს: აივ ინფექცია/შიდსი, სტადია 2 (აღრიცხვაზეა 2018 წლიდან), არტერიული ჰიპერტენზია, ქრონიკული ვენური უკმარისობა C1, ასტიგმატიზმი. სასჯელის მოხდის პერიოდში ჩატარებული აქვს ექიმ სპეციალისტთა კონსულტაციები და მკურნალობა (მათ შორის, აივ-მედიკამენტებით), ყველა საჭირო გამოკვლევა (მაგ. 15.11.2023 წელს ჩატარებული PCR-კვლევით, HCV (-) არაგანსაზღვრადია; 12.09.2024 წლის გამოკვლევით – აივ ვირუსი სისხლში სუპრესირებულია, სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი – არსებითი ცვლილების გარეშეა (11.11.2024 წელი), 26.11.2024 წელს ჩაუტარდა ქვედა კიდურების სისხლძარღვების დუპლექსსკანირება – დასკვნა: არტერიული და ვენური სისტემების ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშეა. ამჟამად პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია (მიეწოდება ჰიპოტენზიური პრეპარატები, ანტიაგრეგანტები და ანგიოპროტექტორები, აივ-მედიკამენტები და სხვა სამკურნალო საშუალებები), ეძლევა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილი სამკურნალო კვება. დაგეგმილია სპირომეტრია და ენდოკრინოლოგის განმეორებითი კონსულტაცია. ამგვარად, მისი დაავადებების მართვა ამბულატორიულ პირობებში (№.. დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით) – დასაშვები და მისაღებია, სტაციონარულ ზედამხედველობას არ საჭიროებს. შემდგომშიც, სამედიცინო მომსახურება გაეწევა საჭიროებისამებრ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც პენიტენციურ დაწესებულებისათვის ცნობილია ბ. ხ–ის დიაგნოზი, სასჯელის აღსრულების პერიოდში ჩატარებული/შესაძლებელი მკურნალობის გათვალისწინებით, მისთვის დანიშნული სასჯელის გადავადების საფუძველი, განსახილველ შემთხვევაში, არ არის გამოკვეთილი.

15. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ხ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ტ. კ–ისა და ნ. თ–ას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე