Facebook Twitter

საქმე # 200100124008460749

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№268აპ-25 ქ. თბილისი

ჯ. ვ., 268აპ-25 4 აგვისტო, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. ჯ–ს, – დაბადებულს ......, – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2022 წლის 28 ოქტომბერს, ქ. თ–ში, ...... ქუჩის 1-ელი ჩიხის №..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ვ. ჯ–მა ფიზიკურად იძალადა ბებიაზე – ნ. ჯ–ზე, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. 2023 წლის 7 დეკემბერს, საღამოს, ქ. თ–ში, ..... ქუჩის, 1-ელი ჩიხის, №..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ვ. ჯ–მა ფიზიკურად იძალადა მამიდაზე – ე. ჯ–ზე, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას და ბებიაზე – ნ. ჯ–ზე, რომლებმაც განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

2. ვ. ჯ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 ივნისის განაჩენით ვ. ჯ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

4. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ვალერი გიორგაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ვ. ჯ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ვალერი გიორგაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ვ. ჯ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით – დაზარალებულების: ნ. და ე. ჯ–ების მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმებით, მიწმე გ. ჩ–ს გამოკითხვის ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმითა და სააპელაციო სასამართლოში დაზარალებულ ე. ჯ–ის მიერ მიცემული ჩვენებით – გონივრულ ეჭვს მიღმა, საკმარისი ერთობლიობით დასტურდება მისი ბრალეულობა.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და, შესაბამისად, ვ. ჯ–ი წარდგენილ ბრალდებებში დაუსაბუთებლად გაამართლა, რამეთუ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადგინდა ვ. ჯ–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულმა ნ. ჯ–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება თავისი შვილიშვილის წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, ისევე, როგორც – საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას მიცემული ჩვენების შინაარსის შემცველია, დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; სხვა მტკიცებულებებიდან კი, რომლებზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში: დაზარალებულმა ე. ჯ–მა, სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემისას, აღნიშნა, რომ 2022 წლის 28 ოქტომბერს, ვ. ჯ–ისა და მამამისის დაპირისპირებისას, მათ შორის ჩამდგარი ნ. ჯ–ი ხელის ოდნავი მიდებით გაწია გვერდით ვ. ჯ–მა, ხოლო 2023 წლის 7 დეკემბერს, მართალია სახის არეში ხელი გაარტყა როგორც მას, ასევე – დედამისს, თუმცა ფიზიკური ტკივილი არ განუცდია, მხოლოდ ფსიქოლოგიურად დაითრგუნა; მოწმე გ. ჯ–ის ჩვენების მიხედვით, რომელიც ვ. ჯ–ისათვის ბრალადშერაცხილი ორივე ქმედებისას, იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, მის ვაჟს – ვ. ჯ–ს – ოჯახის წევრებზე ფიზიკურად არ უძალადია; 2022 წლის 28 ოქტომბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით ირკვევა, რომ ვ. ჯ–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბებიას – ნ. ჯ–ს, მაშინ, როდესაც ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე მას ოჯახის წევრზე ფიზიკურ ძალადობას ედავებოდა; მოწმე გ. ჩ–ს გამოკითხვის ოქმი, რომელიც ოჯახური კონფლიქტის გამო, შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე და გაესაუბრა დაზარალებულებს, ვ. ჯ–ისათვის ბრალადწარდგენილ კონკრეტულ ოჯახურ დანაშაულთან მიმართებით, არის ირიბი და, შესაბამისად, მისი ბრალეულობის უტყუარად დასადასტურებლად ვერ გამოდგება. ამდენად, ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი სამხილებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაადასტურა ვ. ჯ–ისათვის წარდგენილი ბრალდებები.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე