საქმე N 330100124009162441
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№299აპ-25 ქ. თბილისი
ც. ა., 299აპ-25 4 აგვისტო, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა ც–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჩ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა ც–ს, – დაბადებულს ......, – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. 2024 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით, 09:30 საათზე, თ–ში, .....ის ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა ც–მა, არასრულწლოვანი შვილის – ც. ც–ის – თანდასწრებით, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ი. ტ–გან მუდმივი მორჩილების მოთხოვნითა და მუდმივი კონტროლით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წარსულში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი. ტ–ეს. კერძოდ, ხელი დაარტყა მარცხენა ლოყის არეში, ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელში, რის გამოც ი. ტ–ეს გაუძნელდა სუნთქვა და ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი ა ც–ი, 2024 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით, 09:30 საათზე, თ–ში, .....ის ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის – ც. ც–ის – თანდასწრებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ი. ტ–გან მუდმივი მორჩილების მოთხოვნითა და მუდმივი კონტროლით, წარსულში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი. ტ–ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, ფიზიკური ძალადობისას უთხრა, რომ თუ დანაშაულის შესახებ პოლიციას შეატყობინებდა, მოკლავდა, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. 2024 წლის 15 იანვრიდან 2024 წლის მარტის შუა რიცხვებამდე, თ–ში, .....ის ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა ც–ი, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ი. ტ–გან მუდმივი მორჩილების მოთხოვნითა და მუდმივი კონტროლით, წარსულში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი. ტ–ეს სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას. კერძოდ, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდა და აგინებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.
2. ა ც–ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ნოემბრის განაჩენით ა ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ანა ცუცქირიძემ, რომელიც ითხოვდა გადაწყვეტილების შეცვლას სასჯელის გამკაცრების კუთხით, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ა ც–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – რ. ჩ–ემ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა: ა ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) – 2 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ა ც–ს საბოლოოდ განესაზღვრა – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა ც–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – რ. ჩ–მ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან ა. ც–ის მსჯავრდება არ ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს მის ბრალეულობას. როგორც პირველი ინსტანციის, ასევე – სააპელაციო სასამართლოს კვალიფიციურად არ შეუმოწმებია მოწმეების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებების სანდოობა, მიუკერძოებლობა და გულწრფელობა. გადაწყვეტილებების მიღებისას სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ დაზარალებულის წინააღმდეგობრივ მონათხრობს, რომელიც არასარწმუნოა, დაზარალებულისვე მონაწილეობით ნაწარმოებ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც დამოუკიდებელ სამხილებად ვერ განიხილება და ირიბ ჩვენებებს, მაშინ, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა გამამატყუნებელი განაჩენისათვის ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის საქმეებზე. განაჩენში არასრულყოფილად აისახა არასრულწლოვან ა. ტ–ის ჩვენება, რომელსაც არ დაუდასტურებია, რომ ოჯახური ძალადობის შემსწრეა, არამედ – განმარტა, რომ მომხდარის თაობაზე მხოლოდ მაშინ იგებდა, როდესაც მათთან პოლიცია მიდიოდა. დაზარალებულს ტყუილში ამხელს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვით, ი. ტ–ეს სხეულზე დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა. მუქარის რეალურობას კი გამორიცხავს ის ფაქტი, რომ დაზარალებულმა მომხდარიდან მე-18 დღეს მიმართა სამართალდამცავებს.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა ა ც–ის ბრალეულობა. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, დასაბუთებული პასუხები გასცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, რასაც ეთანხმება და იზიარებს საკასაციო სასამართლოც. დაზარალებულ – ი. ტ. მონათხრობი, რომ ა. ც–ი თვეების განმავლობაში, სისტემატურად შეურაცხყოფდა მას, 2024 წლის 24 თებერვალს კი, ფიზიკურად იძალადა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თანმიმდევრულია და დამაჯერებელი, ვინაიდან დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა არაერთი უტყუარი მტკიცებულებით. კერძოდ: ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ი. ტ–ემ ა. ც–ის დანაშაულისშემცველი ქმედებების შედეგად განიცადა მორალური დამცირება და ფსიქოლოგიური ტანჯვა; დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის – ა. ტ–ის – ჩვენებით ირკვევა, რომ 2024 წლის 24 თებერვალს, შინ დაბრუნებულ ბავშვს, მყისიერი შემხებლობა ჰქონდა ძალადობის მსხვერპლ დედასთან, რომელსაც მარცხენა ლოყაზე ჰქონდა სიწითლე და თვალნათლივ აღენიშნებოდა სწორედ იმგვარი ძალადობის – სახეში ხელის გარტყმის – კვალი, როგორშიც ამხელდა ი. ტ–ე ა. ც–ს. ამავდროულად, ხაზგასასმელია, რომ ა. ტ–ისვე თქმით, ა. ც–ი, თითქმის ყოველდღე, მიდიოდა მათთან და ბავშვი არაერთხელ შესწრებია მსჯავრდებულის მიერ დედამისის სიტყვიერ შეურაცხყოფას; გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე ა. ც–ს ედავება, რომ 2024 წლის 24 თებერვლს, არასრულწლოვანი ც. ც–ის თანდასწრებით, მათ შორის, ხელები ძლიერად მოუჭირა ყელში ი. ტ–ეს, მეტად საყურადღებოა მოწმის სახით დაკითხული ფქიქოლოგის – ა. ხ–ს – ჩვენება, რომელიც ჩართული იყო მცირეწლოვანი ც. ც–ის რეაბილიტაციის პროცესში და სასამართლოში დაადასტურა, რომ ც. ც–ი იყო აგრესიული, აღენიშნებოდა ყურადღების დეფიციტი, შიშები და იმპულსური ქცევა. მამის ქმედებებზე საუბრისას, ბავშვმა მოახდინა ნანახის იმიტაცია, ხელი მიიდო ყელზე და ვიზუალურად გამოხატა, თუ რა ქმედებებს სჩადიოდა მამა დედის მიმართ და, ამავდროულად, სიტყვიერადაც დაადასტურა, რომ ა ც–ი ი. ტ–ეს აჩხრობდა.
10. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ორგანოსათვის დაგვიანებით მიმართვასთან დაკავშირებით, დაცვის მხარის მითითების კვალდაკვალ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შენიშნა, რომ ი. ტ–ემ სამართალდამცავებს რეაგირების მიზნით მიმართა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში, რაც ოჯახური ძალადობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცხადია, ვერ გახდება მის ჩვენებაში დაეჭვების საფუძველი. ამავდროულად, ხაზგასასმელია, რომ ა ც–ი ი. ტ–ეს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა რათა მას მომხდარის თაობაზე არ შეეტყობინებინა სამართალდამცავებისათვის. რწმენას მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდასთან დაკავშირებით, ამყარებს ის ფაქტიც, რომ ა. ც–ი არაერთხელ არის ნასამართლევი ი. ტ– მიმართ ჩადენილი ოჯახური დანაშაულებისათვის. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა ა ც–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენა, რისთვისაც მას კანონიერად და სამართლიანად აქვს მსჯავრი დადებული.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა ც–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჩ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე