¹ 3კ/597-01 27 ივნისი 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
გასაჩივრებული განჩინება: თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 22 იანვრის განჩინება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ზ-უამ, ც. მ-ავამ და ზ. ზ-უამ სარჩელით მიმართეს სასამართლოს დ. კ-იანისა და ო. ბ-იას წინააღმდეგ. მოსარჩელეები მოითხოვდნენ ანაბრის თანხის გადახდას იმ საფუძვლით, რომ მათ 1994 წელს კომერციულ ბანკ “მ.-ში” გახსნეს ანგარიში, ხოლო ბანკმა მეანაბრეების მოთხოვნით ანგარიშზე შეტანილი თანხები არ დააბრუნა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ ანაბარი მეანაბრეებს ბანკმა უნდა დაუბრუნოს და არა ფიზიკურმა პირებმა _ ბანკის გამგეობის თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსსკ-ის 85-ე მუხლზე, რადგან სათანადო მოპასუხედ მიიჩნია ბანკი “მ.-ი”. აღნიშნული ნორმით კი, თუ არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე მოსარჩელე უარს განაცხადებს, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ზ-უას, ც. მ-ავასა და ზ. ზ-უას წარმომადგენელმა ხ. მ-იამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის საოლქო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვის დროს აპელანტების წარმომადგენელმა უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე, რის გამოც ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.
აღნიშნული განჩინება ც. მ-ავამ და ზ. ზ-უამ გაასაჩივრეს კერძო საჩივრით და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ წარმომადგენელმა ხ. მ-იამ მოხსნა თ. ზ-უას სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა ც. მ-ავასა და ზ. ზ-უას სააპელაციო საჩივრის განხილვა, მაგრამ სასამართლომ ეს მოთხოვნა უგულებელყო.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივარს, სსსკ-ის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოუსმინა მოწინააღმდეგე მხარეს და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად კერძო საჩივარში მითითებულ გარემოებას პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან სხდომის ოქმით დასტურდება, რომ აპელანტის წარმომადგენელმა, რომელსაც მინდობილობით ჰქონდა სათანადო უფლებამოსილება მინიჭებული, უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე. სსსკ-ის 378-ე მუხლით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. საქმის ზეპირი განხილვისას სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით. მოცემულ შემთხვევაში საპროცესო ნორმის ეს მოთხოვნა სასამართლოს მიერ დაცულია. რაც შეეხება სხდომის ოქმის უსწორობას, კერძოდ, აპელანტის წარმომადგენელმა მხოლოდ თ. ზ-უას სააპელაციო საჩივარზე თქვა უარი და არა ზ. ზ-უას და ც. მ-ავას სააპელაციო საჩივარზე ასეთი საქმის მასალებით დადგენილი არ არის. საქმის მასალებში არ არის შენიშვნები სხდომის ოქმის მიმართ, რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის საფუძველზეც სხდომის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ, სამი დღის განმავლობაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი შენიშვნები ოქმის მიმართ, მიუთითონ უსწორობასა და უსრულობაზე. შენიშვნებს განიხილავს ამ ოქმზე ხელის მომწერი მოსამართლე. თუ იგი ეთანხმება შენიშვნებს, ადასტურებს მათ სისწორეს, ხოლო თუ არ ეთანხმება, გამოაქვს განჩინება ამ შენიშვნების უარყოფის შესახებ. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა უსაფუძვლო, დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა იქნეს გაზიარებული. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ც. მ-ავასა და ზ. ზ-უას წარმომადგენელმა ხ. მ-იამ სააპელაციო საჩივარზე უარი თქვა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ც. მ-ავასა და ზ. ზ-უას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 იანვრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.