საქმე N 060100123007145875
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№304აპ-25 ქ. თბილისი
კ–ი დ., 304აპ-25 5 აგვისტო, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის – დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. კ–ს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. 2023 წლის 4 მარტს, დაახლოებით, 09:30 საათზე, ქ. ხ–ში, რ–ს ქუჩის №..-ში მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „ქ–ს“ ტერიტორიაზე, დ. კ–მა დ. ფ–ეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაუწყო გინება და ძალადობით, კერძოდ, ხელების რამდენჯერმე დარტყმით, მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
2. დ. კ–ს წარედინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.
3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენით დ. კ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მამუკა ნადირაძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, დ. კ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილემ – დარიკო ვადაჭკრიამ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, დ. კ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლომ არაობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაუსაბუთებლად გაამართლა იგი წარდგენილ ბრალდებაში, რამეთუ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სამხილებით – დაზარალებულ დ. ფ–ის, მოწმეების: ი. ძ–ს, ა. ი–ს, ო. ჯ–ს, გ. ბ–სა და ლ. ო–ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით – უტყუარად დასტურდება მისი ბრალეულობა.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის – ბრალდების მხარის – მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რამეთუ არ ემყარება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ და ობიექტურ შეფასებას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადასტურდა დ. კ–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. კერძოდ: სააპელაციო სასამართლომ დ. ფ–ის ჩვენებაში მართებულად შენიშნა ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხველი განმარტებები, კერძოდ, თავდაპირველად დაზარალებულმა უარყო დ. კ–ის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი და მისი სხეულის დაზიანება შემთხვევითობას დაუკავშირა, კერძოდ, მიუთითა, რომ დაზიანებები შესაძლოა, გაწევ-გამოწევის დროს მიეღო ან მანამდეც ჰქონოდა, ხოლო მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ დ. კ–მა მარჯვენა ხელის მტევანზე დაარტყა, რაც მცირედ ეტკინა. ამდენად, დაზარალებულ დ. ფ–ის ჩვენებით, ერთი მხრივ, ცალსახად ვერ დგინდება, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მის სხეულზე დადგენილი დაზიანებები – უსწოროკიდეებიანი ჭრილობებისა და ნაჭდევის სახით, სწორედ დ. კ–მა მიაყენა, მეორე მხრივ კი, მისი მტკიცების საპირისპიროდ, რომ დ. კ–მა მარჯვენა ხელის მტევანზე დაარტყა, რაც მცირედ ეტკინა, საყურადღებოა შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელსაც ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს და რომლის შინაარსი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ დ. კ–ისა და დ. ფ–ის სადავო დაპირისპირებისას, შეუძლებელია იმის თქმა, რომ დ. კ–ი ცალსახად მოძალადეა, ხოლო დ. ფ–ე – მისი მსხვერპლი; შემთხვევის თვითმხილველი მოწმის – ი. ძ–ს ჩვენებით, რომელზეც ასევე აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, დგინდება, რომ ბენზინგასამართ სადგურთან გასაუბრების შემდეგ, დ. კ–ი და დ. ფ–ე შევიდნენ სადგურის გვერდით არსებულ მანქანების ე.წ. „ბოქსში“, საიდანაც ცემა-ცემით გამოვიდნენ, ერთმანეთს სცემდნენ და წაიქცნენ. მან ორივე ააყენა ფეხზე და გააშველა. შესაბამისად, მტკიცებულებების შეფასების დროს, დ. კ–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo - პრინციპიდან გამომდინარე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის –დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი