Facebook Twitter

საქმე N 330100123006781680

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№311აპ-25 ქ. თბილისი

რ. გ., 311აპ-25 4 აგვისტო, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. რ–ს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2016 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით, 15:35 საათზე, გ. რ–მა, რომელიც მართავდა „მერსედეს-ბენცის“ მარკის ავტომობილს, ქ.თ–ში, გ–ს ქუჩაზე მოძრაობისას, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას, გზა არ დაუთმო და დაეჯახა გზაჯვარედინზე შესულ ავტომობილ „ნისან-იქსტრაილს“, რომელსაც მართავდა ბ. ბ–ი. შეჯახების შედეგად ავტომობილი „ნისან-იქსტრაილი“ ინერციით გადაადგილდა და დაეჯახა „ფოლქსვაგენის“ მარკის ავტომობილს, რომელსაც მართავდა ტ. ა–ი. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ავტომობილ „ნისან-იქსტრაილის“ მგზავრმა – გ. ო–მ –მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

2. გ. რ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენით გ. რ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – მარინე ლომიძემ, რომელიც ითხოვდა გადაწყვეტილების შეცვლას, გ. რ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით და, დამატებით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას – 3 წლით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – მარინე ლომიძემ, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების შეცვლას, გ. რ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით და, დამატებით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას – 3 წლით, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდენილი მტკიცებულებებით – ცნობით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და თანდართული სქემით; სასამართლო-სამედიცინო, სატრანსპორტო ტექნიკური, სატრანსპორტო ტრასოლოგიური, სატრანსპორტო-ტექნიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით; ვიდეოჩანაწერებითა და მათი დათვალიერების ოქმებით; მოწმეების: ვ. ო–ს, ე. ჩ–ს, ბ. ბ–ის, ა. ე–ს, თ. ბ–ს, ტ. ა–ის, ჯ. დ–სა და გ. ო–ს გამოკითხვის ოქმებით – უტყუარად დასტურდება მისი ბრალეულობა. სასამართლომ გამამართლებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო ერთადერთი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ სხვა საექსპერტო კვლევის შედეგებს. მითუფრო, როდესაც კომისიური ექსპერტიზის დასკვნითაც დადგინდა, რომ გ. რ–მა დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესები. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებმა ჯეროვნად და დამაჯერებლად ვერ ახსნეს დასკვნაში ასახული ბუნდოვანი და ორაზროვანი დებულებები, ყველა მათგანმა ცალსახად განმარტა, რომ სადავო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ერთადერთი განმსაზღვრელი გარემოება იყო, თუ ვინ შევიდა პირველი გზაჯვარედინზე და, გამომდინარე აქედან, მიენიჭა უპირატესად გავლის უფლება. ექსპერტებმა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს: მიუხედავად იმისა, რომ ბ. ბ–ი დარღვევით შევიდა გზაჯვარედინზე, იგი იყო პირველი და, შესაბმისად, მას ჰქონდა გავლის უპირატესობა. ამდენად, გ. რ–მა, რომელმაც, სხვა სატრანსპორტო საშუალებისგან განსხვავებით, არ დაუთმო გზა ბ. ბ–ს, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რამაც გამოიწვია გ. ო–ს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დაადასტურა გ. რ–ის ბრალეულობა.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

11. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის სადავო არც გამხდარა, რომ 2016 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით, 15:35 საათზე, გ–ს ქუჩაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, გ. ო–მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. მხარეებს შორის დავის საგნად იყო ქცეული, დაარღვია თუ არა გ. რ–მა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი და უკავშირდებოდა თუ არა მიზეზობრივად მისი ქმედება დამდგარ შედეგს – გ. ო–ს ჯანმრთელობის დაზიანებას – და, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, იკვეთება თუ არა მისი ბრალეულობა.

12. აღსანიშნავია, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე გ. რ–ს ედავება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, კერძოდ, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის – შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას – უგულებელყოფას, რასაც, თავის მხრივ, მოჰყვა მძიმე შედეგი. ამდენად, დაარღვია თუ არა გ. რ–მა საქართველოს კანონი „საგზაო მოძარობის შესახებ“ და, შესაბამისად, შეეძლო თუ არა მას თავიდან აეცილებინა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, ასევე – მიიღო თუ არა მძღოლმა საფრთხის შექმნის მომენტიდან ის ზომები, რომელსაც მას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებდა, წარმოადგენს ექსპერტის მიერ შესაფასებელ საკითხს. უსაფრთხოების წესის დარღვევის დამადასტურებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან იმის დასადგენად, წინდახედულობის ნორმის დარღვევამ გამოიწვია თუ არა სისხლისსამართლებრივად დასჯადი შედეგი, საჭიროა სპეციალური ცოდნა. ამიტომ სატრანსპორტო დანაშაულებთან მიმართებით განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ექსპერტიზის დასკვნასა და მის უტყუარ/კატეგორიულ ხასიათს ენიჭება (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეტა პალატის 2017 წლის 10 იანვრის განაჩენი №462აპ-16 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 18).

13. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიაქცია ყურადღება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საექსპერტო კვლევების შედეგებს, კერძოდ:

14. სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №........ და სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №.......... დასკვნების თანახმად, მოცემულ საგზაო სიტუაციაში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „მერსედეს-ბენცის“ (ტრანზიტული ნომრით ........) მძღოლის მოქმედება, ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, მესამე პუნქტის, ,,ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.

15. ანალოგიურად, გ. რ–ის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა გამოიკვეთა სატრანსპორტო ტექნიკური და ვიდეო ექსპერტიზის №......... დასკვნით.

16. ამავდროულად, ზემოაღნიშნული ექსპერტიზების დასკვნების საპირისპიროდ, ავტოტექნიკური ექსპერტიზის №.... დასკვნით დადგინდა, რომ ა) ავტომობილი „ნისან-იქსტრაილი“ (სახელმწიფო ნომრით ........), რომელსაც მართავდა მძღოლი ბ. ბ–ი, გზაჯვარედინის ფარგლებში შევიდა შუქნიშნის წითელ სიგნალზე. ბ) როდესაც ავტომობილ „მერსედეს-ბენცს“, რომელსაც მართავდა გ. რ–ი, აენთო მოძრაობისათვის ნებადამრთველი მწვანე სიგნალი და, ამ მომენტში, ავტომობილი „ნისან-იქსტრაილი“ იმყოფებოდა თავისი სდექ ხაზიდან, დაახლოებით, 40 მეტრში, ხოლო შეჯახების ადგილიდან 40+55=95 მეტრში. გ) ავტომობილი „ნისანიქსტრაილი“ შემთხვევის წინ მოძრაობდა დაახლოებით 66 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო ავტომობილი „მერსედეს-ბენცი“, დაახლოებით, 21 კმ/სთ სიჩქარით. დ) როდესაც ავტომობილი „მერსედეს-ბენცი“ დაიძრა მოძრაობის ნებადამრთველ შუქნიშნის მწვანე სიგნალზე, ავტომობილი „ნისან-იქსტრაილი“ არ იყო შესული გზაჯვარედინის ფარგლებში. ე) მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ბ. ბ–ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც, მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო. ვ) მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ გ. რ–ს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულვებელყოფა, არ აღინიშნება.

17. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტმა ი. ს–ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული №...... ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის კატეგორიულობა, ამომწურავად უპასუხა საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვან საკხებთან დაკავშირებულ შეკითხვებს და ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ მძღოლისა და ვიდეორეგისტრატორის ერთი მიმართულებით ხედვის შემთხვევაში, ვიდეორეგისტრატორის კამერას უფრო ფართო მხედველობის არეალი აქვს, ვინაიდან დამაგრებულია მძღოლიდან წინა მხარეს. თუ მხედველობის არეალში არის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, „მერსედეს-ბენცის“ ავტომანქანის მძღოლს საფრთხე შეექმნა, როდესაც ავტომობილი „ნისან-იქსტრაილი“ გამოჩნდა მისი მხედველობის არეში.

18. ამასთან, საქმის მასალებში გამოკვეთილია კიდევ ერთი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გამორიცხავს გ. რ–ის ქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევას და, შესაბამისად, მის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილების შესაძლებლობას. კერძოდ, ექსპერტების – ლ. ფ–ის და თ. დ–ის – მიერ გაცემული კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზის №.... დასკვნა, რომლის მიხედვით, ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლ გ. რ–ს, მის განკარგულებაში არსებული დროის სიმცირის გამო, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. მძღოლ ბ. ბ–ის მოქმედება კი, არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი მე-2 პუნქტის „ა“ ქვპუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც, მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

19. სასამართლოში მოწმეის სახით დაკითხულმა ექსპერტმა – ლ. ფ–მა –ცალსახად დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, კატეგორიულობა და დამატებით განმარტა, რომ შუქნიშანზე მწვანე სიგნალის ანთების შემდეგაც, მძღოლს აქვს ვალდებულება დაასრულებინოს მანევრი იმ მძღოლს, რომელმაც ვერ მოასწრო გზაჯვარედინის გადაკვეთა, თუმცა, ამ შემთხვევაში, როდესაც „მერსედეს-ბენცის“ ავტომანქანის მძღოლს აენთო მწვანე შუქნიშანი, „ნისან-იქსტრაილის“ ავტომანქანის მძღოლი არ იყო შესული გზაჯვარედინის ფარგლებში, „მერსედეს-ბენცის“ ავტომანქანის მძღოლისთვის, რომელმაც მოძრაობა დაიწყო მწვანე ნიშანზე, უცნობი იყო, რომ „ნისან-იქსტრაილის“ მძღოლი არ გაჩერდებოდა „სდექ“ ხაზთან, შესაბამისად, „მერსედეს-ბენცის“ ავტომანქანის მძღოლისათვის საფრთხე წარმოიქმნებოდა მაშინ, როდესაც მძღოლი დაინახავდა „ნისან-იქსტრაილის“ ავტომანქანას და გზის დათმობის ვალდებულებაც მაშინ წარმოეშობოდა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ „მერსედეს-ბენცის“ ავტომანქანის მძღოლს, მარცხენა მხარეს ედგა მაღალი გამავლობის ავტომობილი, რომელმაც მასთან ერთად დაიწყო მოძრაობა და უფარავდა მხედველობის არეს.

20. ზემოაღნიშნულის კვალდაკვალ, ასევე მეტად მნიშვნელოვანია თავად გ. რ–ის ჩვენება, რომლის თქმით, როდესაც შუქნიშანზე აენთო მწვანე სიგნალი, გზაჯვარედინი იყო თავისუფალი და მოძრაობის დაწყების მომენტში, თვალთახედვის არეალში შეფერხება არ ჰქონია. თეთრი ფერის ჯიპმა, რომელიც ედგა მარცხენა მხარეს, პირველმა დაიწყო მოძრაობა და გადაუფარა მხედველობის არე. დაახლოებით ათი მეტრის გავლის შემდეგ, აღნიშნული ავტომანქანა მკვეთრად გადავიდა მარცხენა მხარეს და მის პირდაპირ აღმოჩნდა ,,ნისან-იქსტაილის“ მარკის ავტომანქანა. მანვე განმარტა, რომ საფრთხის დანახვიდან შეჯახებამდე, იყო, დაახლოებით 1-წამიანი შუალედი, რადგან დამუხრუჭებაც კი ვერ მოასწრო.

21. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება წარდგენილი ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი სამხილებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაადასტურა გ. რ–ის ბრალეულობა, ხოლო მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპიდან გამომდინარე, მართებულად გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

23. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი