Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№316აპ-25 თბილისი

მ-ი მ., 316აპ-25 1 აგვისტო, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. მ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 4 მაისს, დილის საათებში, ა-ის რაიონის სოფელ ქ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. მ-მა სკამი დაარტყა მეუღლეს – მ. ა-ს – ხელებისა და სახის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის 4 მაისს, დილის საათებში, ა-ის რაიონის სოფელ ქ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. მ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – მ. ა-ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2023 წლის 5 მაისს, დაახლოებით, 11:00 საათზე, ა-ის რაიონის სოფელ ქ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. მ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – მ. ა-ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 31 აგვისტოს განაჩენით მ. მ-ი - - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი შოთა სარია ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობას და მისთვის ადეკვატური, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა მ. მ-ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №643აპ-18, №969აპ-20, №1175აპ-22, №451აპ-20).

8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დადასტურდებოდა მ. მ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, კერძოდ: დაზარალებულმა მ. ა-მა (ბრალდებულის მეუღლემ) ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ამასთან, საქმის მასალებიდან არ იკვეთება ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე რაიმე სახის გავლენის ნიშნები, რაც მას აიძულებდა, ესარგებლა ამ პროცესუალური უფლებით. უფრო მეტიც, მ. ა-მა გამოძიების ეტაპზევე დააფიქსირა, რომ მისი დაზარალებულად ცნობის დადგენილებას არ დაეთანხმა, ასევე, უარი განაცხადა სამედიცინო შემოწმებასა და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე. როგორც დაზარალებულმა, მან სასამართლოში განმარტა, რომ ბრალდებულს მისთვის არაფერი დაუშავებია, იყო აღელვებული, მისი დამშვიდების მიზნით დარეკა პოლიციაში; ბრალდებულის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონია და არ აქვს. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მ. მ-მა წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნო დამნაშავედ და საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ დაკავების დღეს იყო ნასვამი, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და ამის გამო იყო განერვიულებული, თუმცა მეუღლეზე არ უძალადია და მას არ დამუქრებია. დაზარალებულის მიერ 112-ის შეტყობინებაში საერთოდ არ არის მითითება მუქარის ანდა ფიზიკური ძალადობის თაობაზე, შეტყობინებაში მითითებულია, რომ, ინიციატორის (მ. ა-ის) გადმოცემით, მ. მ-ი შეურაცხადია და ანგრევს ყველაფერს.

9. გარდა ამისა, პალატა აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (მოცემულ შემთხვევაში) საერთოდ არ წარმოადგენს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებას, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ნანახი ვითარება ნამდვილად შეესაბამება შეტყობინებაში დაფიქსირებულ ინფორმაციას ნივთების დაზიანების თაობაზე (რაშიც არ მოიაზრება და აღნიშნული არ გულისხმობს ბრალდებულის მიერ ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ჩადენის ფაქტებს). მოწმე მ. დ-ის ინფორმაციითაც, მ. ა-ის თქმით, გარდა ნივთების დაზიანებისა, მისთვის არ უთქვამს, რომ სხვა რაიმე სახის ქმედება განახორციელა ბრალდებულმა.

10. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული მტკიცებულება, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ჩვენება არ მისცა სასამართლოს და ვერ მოხერხდა მის მიერ გამოძიებისას მიწოდებული ინფორმაციის სისწორის გადამოწმება, ვერ შეიძენს ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებით მნიშვნელობას, როდესაც ობიექტურად აღქმადი ტესტითაც ვერ ხდება იმის შეფასება, რომ ადგილი ჰქონდა თუ არა დანაშაულებრივ მუქარას, ფიზიკურ ძალადობას და ეს მუქარა დაზარალებულმა აღიქვა თუ არა რეალურად, გაუჩნდა თუ არა მას მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში ანდა ფიზიკურად იძალადეს თუ არა მასზე და რა ვითარებაში (სუსგ: №746აპ-19, №674აპ-20, N627აპ-19, №443აპ-20, №1003აპ-20).

11. 2023 წლის 5 მაისს მ. ა-ის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე გამოცემული №- შემაკავებელი ორდერი და თანდართული ოქმი არასაკმარისად ინფორმატიულია განსახილველ ეპიზოდებთან მიმართებით, რამდენადაც მასში ჩამოთვლილია მხოლოდ მ. მ-ის მხრიდან ამა თუ იმ დღეს მომხდარი სავარაუდო ძალადობის, მუქარის ფაქტები და არ არის დაკონკრეტებული, თუ რით გამოიხატა ფიზიკური ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ასევე, განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი ან შიში დაზარალებულმა.

12. შესაბამისად, ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებები, ასევე – მოწმეთა ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მასალები, დაზარალებულის ჩვენების გარეშე (რომელიც სასამართლოსთვის დასაყრდენია), ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს იმის დასადგენად, რომ მ. მ-მა ნამდვილად ჩაიდინა მის მიმართ ბრალად შერაცხილი ქმედებები.

13. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ. მ-ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ – გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და იგი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2 ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე – საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ ვლინდება სამართლებრივი პრობლემა, რომელიც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

15. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე