საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№336აპ-25 თბილისი
პ-ი დ., 336აპ-25 4 აგვისტო, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. პ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2 ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2 ეპიზოდი).
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2023 წლის 14 მარტს, დღის საათებში, ქ. ბ-ი, თ--ის N-, ბინა --ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, დ. პ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, დედას – ტ. კ-ას, კერძოდ, მარჯვენა ხელი დაარტყა სახეში. ფიზიკური ძალადობის შედეგად ტ. კ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 14 მარტს, დღის საათებში, ქ. ბ-ი, თ--ის N-, ბინა -ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, დ. პ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, დედას – ტ. კ-ას, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2023 წლის 21 მაისს, დღის საათებში, ქ. ბ-ი, თ--ის N-, ბინა -ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დ. პ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, დედას – ტ. კ-ას, კერძოდ, ხელი ძლიერად მოუჭირა მარცხენა ხელზე, მარცხენა ხელი მოუჭირა ყელზე და რამდენჯერმე ჰკრა ხელი გულმკერდის არეში. ფიზიკური ძალადობის შედეგად ტ. კ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 21 მაისს, დღის საათებში, ქ. ბ-ი, თ--ის N-, ბინა -ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, დ. პ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, დედას – ტ. კ-ას, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის განაჩენით დ. პ-ი - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2 ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ლაშა ლოლუა ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, დ. პ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2 ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობას და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა დ. პ-ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №643აპ-18, №969აპ-20, №1175აპ-22, №451აპ-20 №746აპ-19, №674აპ-20, N627აპ-19, №443აპ-20, №1003აპ-20).
8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დადასტურდებოდა დ. პ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2 ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, კერძოდ: დაზარალებულმა ტ. კ-ამ (ბრალდებულის დედამ) ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ამასთან, საქმის მასალებიდან არ იკვეთება ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე რაიმე სახის გავლენის ნიშნები, რაც მას აიძულებდა, ესარგებლა ამ პროცესუალური უფლებით. თავად ბრალდებულმა დ. პ-მა წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნო დამნაშავედ.
9. მოწმე რ. ა-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად (უდავო მტკიცებულება), 2023 წლის 14 მარტის და 21 მაისის ფაქტები, რომლებიც მითითებულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში, მისი თანდასწრებით მოხდა. დ. პ. მისი მეუღლეა, კ. კი – დედამთილი. ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შეკამათებას, არც სიცოცხლის მოსპობის მუქარას და არც ფიზიკურ ძალადობას პ-ის მხრიდან დედის მიმართ ადგილი არ ჰქონია. დედა-შვილის უთანხმოების მიზეზი იყო ტ. კ-ას ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად სიარული, მაშინ, როდესაც პ-ის ოჯახს ეკონომიკურად არ უჭირს და არც ტ. კ-ს სჭირდება მოწყალების თხოვნა, მას ოჯახში ყველაფერი აქვს. ის ასევე აგროვებს გამოუსადეგარ და ძველ ნივთებს და მოაქვს სახლში. დ. ამ ძველმანების გადაყრა სცადა, რასაც შეეწინააღმდეგა დედა, რომელიც კონფლიქტური ადამიანია. დ. ხელი მოჰკიდა და დივანზე დასვა. სხვა მოქმედებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
10. ოჯახში ძალადობა, ისევე, როგორც სიცოცხლის მოსპობის მუქარა, შედეგიანი დელიქტია და მათი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი, ხოლო მუქარის შემთხვევაში – დაზარალებულმა უნდა განიცადოს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. პ-ის მხრიდან ჩადენილი ფიზიკური ძალადობის გამო დაზარალებული ტ. კ-ა განიცდიდა ფიზიკური ტკივილს. როგორც უკვე აღინიშნა, დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, მისი ჩვენების გარეშე რთულია, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდეს დაზარალებულის მხრიდან ფიზიკური ტკივილის შეგრძნების ფაქტი. იგივე უნდა ითქვას მუქარის შედეგად გამოწვეულ შიშზე, რომელიც უტყუარად დადასტურდებოდა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით.
11. რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2023 წლის 24 მაისის №- დასკვნას, რომელშიც, მართალია, მითითებულია დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები ლოკალიზაცია და ხარისხი, მაგრამ ვერც ამ მტკიცებულებას გაიზიარებს სასამართლო ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, რადგან, ისევ და ისევ დაზარალებულის განმარტებების გარეშე მის სხეულზე არსებული დაზიანებების სწორედ დ. პ-ის მიერ მიყენება უტყუარად ვერ დასტურდება.
12. ასევე არ ეთანხმება სასამართლო კასატორის პოზიციას დ. პ-ის მიერ ტ. კ-ას ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ შემაკავებელ ორდერში დაფიქსირებული ინფორმაციის ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად შეფასების თაობაზე, რადგან, ორდერის თანახმად, მისი გაცემის საფუძველი გახდა ტ. კ-ას განმარტება, რომელმაც სასამართლო განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარის თქმით არ დაადასტურა ამ განმარტების სისწორე. გარდა ამისა, ორდერში დაფიქსირებული რამდენიმესიტყვიანი ჩანაწერი, რომელიც არ შეიცავს ქმედების კონკრეტულ აღწერილობას, იმდენად მწირი და არაინფორმატიულია, შეუძლებელია, სასამართლომ საკმარისად მიიჩნიოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
13. კასატორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიიჩნევს, რომ დასახელებული გადაწყვეტილებები განსახილველ საქმესთან მიმართებით არარელევანტურია და ვერ გახდება დ. პ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.
14. შესაბამისად, ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებები, დაზარალებულის ჩვენების გარეშე (რომელიც სასამართლოსთვის დასაყრდენია), ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს იმის დასადგენად, რომ დ. პ-მა ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედებები.
15. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დ. პ-ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ – გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და იგი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2 ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე – საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
16. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ ვლინდება სამართლებრივი პრობლემა, რომელიც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
17. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე