საქმე N 080100122005534112
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №346აპ-25 1 აგვისტო, 2025 წელი
კ–ე ვ., №346აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. კ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ. კ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2021 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით 12:50 საათზე, ქ–ი-წ–ს საავტომობილო გზაზე, ვ. კ–ე მართავდა „ფორდის“ მარკის სანომრე ნიშნით: „.........“ ავტომობილს, ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.8 და 33.1 მუხლების მოთხოვნები და შეეჯახა თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ, დ. თ–ის მართვაში არსებულ „სუზუკის“ მარკის სანომრე ნიშნით: „.........“ ავტომობილს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხევამ გამოიწვია დ. თ–ის სიცოცხლის მოსპობა (გარდაიცვალა სამედიცინო დაწესებულებაში 2021 წლის 2 ნოემბერს), ხოლო მგზავრმა მ. თ–ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 თებერვლის განაჩენით, ვ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 თებერვლის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ. კ–ემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.
2.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 თებერვლის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ვალერი კუჭუხიძემ, რომელმაც მოითხოვა მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ ვ. კ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვალერი კუჭუხიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ვ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლის თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
3.2. 2024 წლის 10 დეკემბერს, მსჯავრდებულ ვ. კ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. კ–ემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ვ. კ–ისთვის დანიშნული სასჯელის სრულად ან ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, ვ. კ–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მკაცრი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს. ვ. კ–ე აღიარებს დანაშაულს, დაზარალებულებს უმკურნალა, მას შემდეგ, რაც თავადაც გამოწერეს საავადმყოფოდან. სააპელაციო სასამართლოს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლით, ვ. კ–ისთვის არ უნდა ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ვინაიდან „მოყვარული მძღოლის“ მიერ ავტოსანტრასპორტო საშუალების მართვა, არ შეიძლება გაიგივდეს თანამდებობასთან ან საქმიანობასთან. ამასთან, მას სურს დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურება, თუმცა უსახსრობის გამო ვერ შეძლო ამ დრომდე.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის სრულად ან/და ნაწილობრივ პირობითად ჩათვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (ვ. კ–მ ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებათა ნაწილი მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), დამდგარი შედეგი (დაზარალებულთაგან, ერთმა პირმა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო, ხოლო მეორე გარდაიცვალა) სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე, მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მოცემულ შემთხვევაში ვ. კ–ისათვის განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, ამასთან, სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას თითქოსდა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის შემამსუბუქებელი გარემოებები და განმარტავს, რომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად, სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია მსჯავრდებულის მისწრაფება და მცდელობა დაზარალებულისათვის აენაზღაურებინა ზიანი. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლით არ უნდა ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ვინაიდან „მოყვარული მძღოლის“ მიერ ავტოსანტრასპორტო საშუალების მართვა, არ შეიძლება გაიგივდეს თანამდებობასთან ან საქმიანობასთან – საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილი (რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ამდენად, დამატებითი სასჯელის განსაზღვრა კანონის იმპერატიული მოთხოვნაა. ამასთან, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა განსხვავებული წინაპირობები არსებობს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებისთვის, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
5.5. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. კ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე