საქმე N 020100123007752114
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№347აპ-25 ქ. თბილისი
ო. თ., 347აპ-25 5 აგვისტო, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. ო–ს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. 2023 წლის 27 ივნისს ქ. ზ–ში, ........ აპლიკაცია „ტ–ზე“ სადაც რეგისტრირებულია სააბონენტო ნომრით – ......., სიმამრმა – თ. ო–მ, სააბონენტო ნომრიდან – .... გაუგზავნა მუქარისშემცველი შინაარსის ტექსტური შეტყობინება, რომ ყელს გამოსჭრიდა, რის გამოც, ჰ. რ.ნ. ფ–სს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თ. ო–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განაჩენით თ. ო– საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მაია ჯაბუამ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, თ. ო–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მაია ჯაბუამ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, თ. ო–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მისი ბრალეულობა. სასამართლომ საეჭვოდ მიიჩნია გამომძიებლის ჩვენება, დაზარალებულისაგან მუქარისშემცველი შეტყობინების ამსახველი ფოტომასალის, ე. წ. „სქრინშოთის“, ამოღებასთან დაკავშირებით, რაც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რამეთუ საგამოძიებო მოქმედების ოქმი დადასტურებულია, როგორც თავად გამომძიებლის, ასევე – დაზარალებულის, მისი ადვოკატისა და თარჯიმნის მიერ, ხოლო ჩვენებებს შორის არსებული უზუსტობები – არაარსებითია. ნაცვლად ამისა, სასამართლოს უნდა შეეფასებინა დაზარალებულ ჰ. რ.ნ. ფ–ს ჩვენება, რომ ყოფილი სიმამრისგან, რომელიც სარგებლობდა სააბონენტო ნომრით ........ და მისი კონტაქტი ტელეფონში დამახსოვრებული ჰქონდა, როგორც „T–o“, მიიღო მუქარისშემცველი შეტყობინება, რომელმაც შეაშინა. დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის რეალურობა კი დადასტურებულია ასევე – მოწმე ნ. ს–ას ჩვენებით, რომელსაც მან აჩვენა თ. ო–სგან მიღებული შეტყობინება და იყო შეშინებული.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა თ. ო–ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად შეფასებული მტკიცებულებების ერთობლიობიდან. კერძოდ: დაზარალებულ ჰ. რ.ნ. ფ–სის მტკიცება, რომ 2023 წლის 27 ივნისს, აპლიკაცია „ტელეგრამზე“, რომელზეც რეგისტრირებულია სააბონენტო ნომრით – ......., მისი სიმამრისგან – თ. ო–სგან, სააბონენტო ნომრიდან – ........, მიიღო მუქარისშემცველი შეტყობინება, არ დასტურდება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არცერთი უტყუარი მტკიცებულებით. საქმეში არსებულ, ე.წ. „სქრინშოთის“ ამონაბეჭდთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შენიშნა, რომ, ერთი მხრივ, დაზარალებულ ჰ. რ.ნ. ფ–ს ჩვენებით, გამომძიებლისათვის არანაირი ამობეჭდილი ფურცელი არ წარუდგენია, არამედ – აჩვენა მობილურ ტელეფონში არსებული შეტყობინება, რომელიც გამომძიებელმა ამობეჭდა და დაიტოვა, ხოლო, მეორე მხრივ, 2023 წლის 29 ივნისის ამოღების ოქმის მიხედვით, საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული ჰ. რ. ნ. ფ–სის განმარტებით, მას თან ჰქონდა აპლიკაცია „ტ–ზე“ სააბონენტო ნოერზე – ...., მომხმარებელი „T–o-საგან“ მიღებული მუქარისშემცველი შეტყობინების ამსახველი ფოტომასალა, ე.წ. „სქრინშოთი“, ამობეჭდილი 1 თაბახის ფურცელზე, რომლის გამოძიებისათვის წარდგენასა და ამოღებაზე, აცხადებდა თანხმობას. შესაბამისად, მტკიცებულებების შეფასების დროს, კონკრეტული საგამამოძიებო მოქმედების შედეგად, სამხილის მოპოვებასთან დაკავშირებული ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo - პრინციპიდან გამომდინარე, ცხადია, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. მეტიც, საქმეში წარმოდგენილ მუქარისშემცველი შეტყობინების ამსახველ ფოტომასალაზე, ე.წ. „სქრინშოთზე“ იკითხება, რომ შეტყობინება გაგზავნილია აბონენტისაგან „T–o“, თუმცა არ არის მითითებული გამომგზავნი აბონენტის ტელეფონის ნომერი; დაზარალებულ ჰ. რ.ნ. ფ–სის მტკიცების კვალდაკვალ, რომ სახელით „T–o“, მისი ყოფილი სიმამრის მობილური ტელეფონი ჰქონდა დამახსოვრებული, საყურადღებოა 2023 წლის 9 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, რომლის მიხედვით, დაზარალებულ ჰ. რ.ნ. ფ–ს მონაწილეობით, მისივე მობილური ტელეფონის დათვალიერებისას, საკომუნიკაციო საშუალება „ტელეგრამის“ საკონტაქტო პირთა სიაში მოიძებნა მომხმარებელი – „T–o“, რომელიც დაზარალებულის თქმით, არის მისი სიმამრი, რომლისგანაც მიღებულია ერთი შეტყობინება, თუმცა ამ მომხმარებლის შესახებ „ტ–ზე“ ინფორმაცია დახურულია („unknown“), ხოლო ფოტოსურათის ადგილას იკითხება მხოლოდ ასო „T“; და ბოლოს, მოწმის სახით დაკითხული ნ. ჩ–ის ჩვენებითა და მის მიერ გაცემული კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ თ. ო–ს კუთვნილ „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონის მეხსიერებაში, 2023 წლის 27 ივნისიდან 2023 წლის 29 ივნისის ჩათვლით, სააბონენტო ნომრებს ...... და ..... შორის განხორცელებული ზარები, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით განხორციელებული მიმოწერები და მოკლეტექსტური შერტობინებები არ აღმოჩნდა. ამავე ტელეფონში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალება „ტელეგრამი“ არ არის დაინსტალირებული. ამავე ტელეფნში მოთავსებული სიმბარათის მეხსიერებაზე მომხმარებლის მიერ შექმნილი ინფორმაცია არ აღმოჩნდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება წარდგენილი ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დაადასტურა თ. ო–ს მიერ მისთვის შერაცხილი დანაშაულის ჩადენა.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი