საქმე N 130100123007543296
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№348აპ-25 4 აგვისტო, 2025 წელი
რ. რ., 348აპ-25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. რ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის განაჩენით, რ. რ–ი, – დაბადებული 1957 წლის 8 მარტს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ხაშურის რაიონულის სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, რ. რ–ს, საბოლოოდ განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ რ. რ–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა რ. რ–მა, 2023 წლის 28 მაისიდან 1 ივნისის მონაკვეთში, უკანონოდ შეაღწია ქ. ხ–ში, ......ის ქუჩის №..-ში მდებარე, ი. ლ–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დაზარალებულის საკუთრებაში არსებულ პერსონალურ კომპიუტერს, კომპიუტერის კლავიატურას, მონიტორს, ბრინჯაოსფერ სურას და მცირე ზომის ლამფას. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ი. ლ–ეს მიადგა – 1600 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. რ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – მ. გ–მა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის განაჩენი შეიცვალა: რ. რ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ხაშურის რაიონულის სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, რ. რ–ს, საბოლოოდ განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. რ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – მ. გ–მა, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დარღვევით და, ამავდროულად, არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი სამხილები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებენ რ. რ–ის ბრალეულობას. სასამართლომ მოწმე რ. ნ–ის ჩვენებასთან მიმართებით, არასწორად მიიჩნია, რომ დაცვის მხარე ცდილობდა მისი შინაარსის ცალმხრივად წარმოჩენას, ხოლო მოწმე მ. ა–ის მონათხრობი არასწორად შეფასდა, როგორც საგამოძიებო მოქმედებაზე დამსწრე ნეიტრალური პირის – ჩვენება, რომელიც აჩენდა გონივრულ ეჭვებს და უკარგავდა მას ნაამბობს; დაზარალებულ ი. ლ–ის ჩვენებით რ. რ–ის ბრალეულობა არ დასტურდება, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისას იკვეთება მთელი რიგი პროცესუალური დარღვევები.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა რ. რ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან. კერძოდ: დაზარალებულ ი. ლ–ის ჩვენებით სარწმუნოდ დგინდება, თუ რა დროს, რა ვითარებაში და რა სახეობის ნივთები მოიპარეს მის საცხოვრებელ სახლში უკანონო შეღწევის გზით; დაზარალებულის ჩვენება სრულად არის თანხვდენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, რომლის თანახმად, ქ. ხ–ში ა–ს ქუჩის №..-ში მდებარე, დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში, ცალსახად გამოიკვეთა დანაშაულის კვალი; დაზარალებულმა ი. ლ–ემ საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოიცნო მისი კუთვნილი ნივთების ნაწილი, რომლებზეც იგი იმთავითვე უთითებდა სამართალდამცავებს, რომ იყო მოპარული მისი საცხოვრებელი სახლიდან და რომლებიც, თავის მხრივ, აღმოჩენილი და ამოღებულია რ. ნ–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სწორედ იმ ოთახიდან, რომლითაც სარგებლობდა რ. რ–ი; გამომდინარე აქედან, მეტად მნიშვნელოვანია მოწმის სახით დაკითხული რ. ნ–ის ჩვენება, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ მისი სახლის 1-ელ სართულზე მდებარე ოთახში, სადაც ცხოვრობდა რ. რ–ი, მსჯავრდებულის საწოლის ქვემოდან ამოიღეს მისთვის უცნობი ნივთები, რომლებიც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ამოიცნო დაზარალებულმა; რ. ნ–ის სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონშესაბამისობა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, ჩხრეკაზე დამსწრე გარეშე პირმა – მ. ა–ემ და ექსპერტ-კრიმინალისტმა – ვ. ღ–მა. აღსანიშნავია, რომ ვერც დაცვის მხარე უთითებს თავის საკასაციო საჩივარში და არც საქმის მასალებით დადგენილა, რაიმე სარწმუნო მოტივი, თუ რატომ უნდა ემხილათ ზემოაღნიშნულ მოწმეებს ცრუდ რ. რ–ი,ესოდენ მძიმე, არჩადენილ დანაშალში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. რ–ის მსჯავრდება კანონიერი და სამართლიანია, ხოლო გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა, განსახილველ შემთხვევაში, არ არის გამოკვეთილი.
9. კასატორის საკვანძო არგუმენტებს, რომლებზეც აპელირებდა დაცვის მხარე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის დროს და რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში. აღსანიშნავია, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. რ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი