საქმე # 010100123007679484
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№421აპ-25 ქ. თბილისი
მ. ნ., №421აპ-25 8 აგვისტო, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულების –ნ. მ–ისა და ლ. მ–ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. პ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მარტის განაჩენით: ნ. მ–ე, – დაბადებული ....,– ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; ლ. მ–ე, – დაბადებული ..., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვრა – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. მ–ემ და ლ. მ–ემ ჩაიდინეს: დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. ზ. ს–ე, ქ. ბ–ს სანაპირო ზოლიდან ზღვაში, შესაბამისი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ექსპლუატაციას უწევდა სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღას და მასზე ბაგირით მიბმულ, საბუქსირე – წყლის ატრაქციონ – ე.წ. „ბანანს“, როგორც გასართობ ობიექტს. აღნიშნულ საქმიანობაში, ზ. ს–ეს, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ასევე ჩართული ჰყავდა – ნ. მ–ე და ლ. მ–ე.
2.2. 2023 წლის 4 ივლისს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ბ–ს სანაპიროზე, ყოფილი „.....ის“ პირსის მიმდებარედ, ზემოხსნებულმა პირებმა საბუქსირე – წყლის ატრაქციონ – ე.წ. „ბანანზე“, გართობის მიზნით, აიყვანეს 15 წლის ს. ჯ–ე, 16 წლის გ. ბ–ე, 13 წლის გ. გ–ი და 16 წლის ლ. ა–ე.
2.3. სწრაფმავალი კატარღის საჭესთან მყოფმა ზ. ს–ემ, იცოდა რა, რომ ზემოხსენებულ არასრულწლოვნებს არ ეცვათ სამაშველო (წყლის) ჟილეტები, ამავდროულად – მისთვის უცნობი იყო, შეეძლოთ თუ არა ხსენებულ არასრულწლოვნებს ცურვა, ყოველგვარი უსაფრთხოების წესებისა და განმარტებების გარეშე დაძრა სწრაფმავალი კატარღა მასზე ბაგირით მიბმული საბუქსირე – წყლის ატრაქციონ – ე.წ. „ბანანით“, რომელზეც ბავშვები ისხდნენ, სწრაფი სვლით გაიყვანა მაფრთხილებელი ნიშნის – ტივტივასაგან – რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით ზღვის სიღრმეში, რის შემდგომაც, წყლის ატრაქციონ ე.წ „ბანანიდან“ ბავშვების გადმოგდების მიზნით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, მკვეთრი მანევრით რამდენჯერმე სცადა წყლის ატრაქციონის – ე.წ. „ბანანის“ ამოტრიალება, ხოლო ბოლო მცდელობისას, კვლავ მკვეთრი მანევრის შედეგად, ამოტრიალებული „ბანანიდან“ უჟილეტო ბავშვები ჩავარდნენ ზღვაში.
2.4. ზღვის სანაპიროდან დაშორებული მანძილის, ზღვაში ჩავარდნილი ბავშვების ასაკის, ცურვის უნარ-ჩვევების არცოდნისა და სამაშველო (წყლის) ჟილეტების არარსებობის პირობებში, ზ. ს–ე ითვალისწინებდა რა, ს. ჯ–ის, გ. ბ–ის, გ. გ–ისა და ლ. ა–ის სიკვდილის შესაძლებლობას, შეგნებულად უშვებდა და გულგრილად ეკიდებოდა სასიკვდილო შედეგის დადგომას. ზ. ს–ემ სამაშველო (წყლის) ჟილეტი წაართვა გ. ბ–ეს, რომელიც მან ჩაიცვა ზღვაში ჩავარდნის შემდგომ. ასევე – ბავშვებისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა არ მისცა მასთან ერთად კატარღაზე მყოფ – ნ. მ–ესა და ლ. მ–ეს და აღნიშნულ პირებთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი.
2.5. ს. ჯ–ემ, გ. ბ–ემ და გ. გ–მა მოახერხეს სანაპიროზე უსაფრთხოდ გასვლა და გადაურჩნენ სიკვდილს, ხოლო ლ. ა–ე ზღვაში დაიხრჩო და მისი გვამი 2023 წლის 7 ივლისს იქნა აღმოჩენილი.
2.6. აღნიშნული დანაშაულის თვითმხილველები გახდნენ – ნ. მ–ი და ლ. მ–ე – რომლებმაც სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს ზ. ს–ის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაცია.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – თორნიკე გოგეშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და მსჯავრდებულებისათვის მაქსიმალურად მკაცრი სასჯელების შეფარდებას, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულების – ნ. მ–ისა და ლ. მ–ის – ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ზ. პ–ემ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების – ნ. მ–ისა და ლ. მ–ის – ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ზ. პ–ემ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, ნ. მ–ისა და ლ. მ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მათი ბრალეულობა არ დასტრდება. კასატორის მითითებით, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, შემთხვევის ადგილზე მყოფი არაერთი პირისაგან, იცოდნენ მომხდარის თაობაზე და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გულგრილად მოეკიდნენ მიღებულ ინფორმაციას და არ მათი კანონისმიერი დაკისრებული ვალდებულება, არ შეიძლება დანაშაულის შეუტყობინებლობა შეერაცხოთ მსჯავრად ნ. მ–ესა და ლ. მ–ეს. ამავდროულად, სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა დაადასტურა, რომ მომხდარი შეატყობინეს პოლიციას, რაც, თავის მხრივ, ცხადყოფს, რომ სამართალდამცავებისათვის ისედაც ცნობილი იყო ფაქტის თაობაზე და დამატებით შეტყობინების ვალდებულების დაკისრება მსჯავრდებულებისათვის, გაუგებარი და დაუსაბუთებელია. ნ. მ–ესა და ლ. მ–ეს ბრალდება ედავება, რომ მათ იცოდნენ ზ. ს–ის მიერ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის თაობაზე და ამის შესახებ არ შეატყობინეს სამართალდამცავებს, მაშინ, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დასჯადია ნამდვილად ჩადენილი დანაშაულის და არა – დანაშაულის მცდელობის შეუტყობინებლობა, მსჯავრდებულებს კი არ შეეძლოთ აღექვათ და გაეცნობიერებინათ, თუ რა განზრახვა ჰქონდა ზ. ს–ეს. მათ არ უნახავთ ბავშვის გვამი, რომელსაც ვერც ნახავდნენ, რამეთუ იქ არ იყო და მომხდარიდან სამი დღის შემდეგ აღმოაჩინეს ზღვის დინების საწინააღმდეგო მხარეს.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, რასაც სრულად იზიარებს და ეთანხმება საკასაციო სასამართლო. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
12. კასატორის მტკიცების საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით და, ამავდროულად, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ნ. მ–ისა და ლ. მ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მათთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან. კერძოდ: თავად დაზარალებული ბავშვების ჩვენებებითა და მათივე მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმებით, ისევე, როგორც – მოწმეების: ქ. ხ–სა და რ. კ–ს ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ზ. ს–ემ, რომელიც მართავდა წყლის კატარღას, 15 წლის ს. ჯ–ე, 16 წლის გ. ბ–ე, 13 წლის გ. გ–ი და 16 წლის ლ. ა–ე, სამაშველო ჟილეტების გარეშე, სანაპიროდან მოშორებით, განზრახ ჩაყარა ზღვაში, მეტიც – სამაშველო ჟილეტი წაართვა მათგან ერთ-ერთს – გ. ბ–ეს, ხოლო გ. გ–ს არ მისცა შესაძლებლობა, ხელი მოეკიდებინა ზღვაში მოტივტივე ე.წ. „ბანანისათვის“ და ისე, რომ სასიკვდილო საფრთხეში მყოფი ბავშვებისათვის დახმარების შესაძლებლობა არ მისცა კატარღაზე მყოფ – ნ. მ–ესა და ლ. მ–ეს, ნაპირზე დაბრუნდა.
13. შესაბამისად, უტყუარად დასტურდება, რომ მსჯავრდებულები შეესწრნენ და, შესაბამისად, ნამდვილად იცოდნენ ზ. ს–ის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის – წინასწარი შეცნობით ორი ან მეტი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის – ჩადენის თაობაზე, რაც მათ არ შეატყობინეს სათანადო ორგანოებს. დაცვის მხარის მტკიცებას, თითქოსდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დასჯადია მხოლოდ დასრულებული დანაშაულის შესახებ შეუტყობინებლობა, თუმცა არა – დანაშაულის მცდელობისა, არ აქვს ფაქტობრივი გამართლება, რამეთუ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობისათვის მნიშვნელოვანია მხოლოდ, რომ ჩადენილი იყოს ან მზადდებოდეს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც, თავის მხრივ, ავალდებულებს ყველა პირს, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია ამგვარი კატეგორიის უმართლობა, შეატყობინოს ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს, მიუხედავად იმისა დამნაშავემ აღასრულა თავისი განზრახვა და ქმედება ბოლომდე მიიყვანა თუ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ეს ვერ შეძლო და დამდგარი შედეგი – ნაკლულია. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ლ. ა–ის გვამი აღმოჩენილია შემთხვევიდან მესამე დღეს, არ ათავისუფლებდა ნ. მ–ესა და ლ. მ–ეს კანონისმიერი ვალდებულებისგან, შეეტყობინებინათ სათანადო ორგანოებისათვის ზ. ს–ის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის – წინასწარი შეცნობით ორი ან მეტი არასრულწლოვნის მკვლელობის მცდელობის – თაობაზე, რასაც ისინი შეესწრნენ და, შესაბამისად, ნამდვილად იცოდნენ. გამომდინარე აქედან, ნ. მ–ისა და ლ. მ–ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით – დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის, იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული – კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.
14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების – ნ. მ–ისა და ლ. მ–ისა – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. პ–ის საკასაციო საჩივარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი